საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.05.2025
საქმის ნომერი
2კ-1233აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100124009120581

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1233აპ-24 ქ. თბილისი

ძ. უ. 1233აპ-24 8 მაისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ უ. ძ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. ც–ს და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით უ. ძ–ის, – პირადი ნომერი………., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2024 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. რ–ში, მე-.. მ/რ-ში მდებარე …..ის ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ჭ–ეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ამავე ბარში მყოფ უ. ძ–თან, რის გამოც, ამ უკანასკნელმა, თანნაქონი დანის მსგავსი საგანი, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდის, თავისა და მარცხენა მხრის არეში რამდენჯერმე დაარტყა გ. ჭ–ეს, რითაც მრავლობითი ღია ჭრილობის, მათ შორის, ერთი გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობის სახით, სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე დაზიანება მიაყენა.

1.1. აღნიშნული ქმედებით უ. ძ–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ივნისის განაჩენით უ. ძ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 6 თვით;

2.1. უ. ძ–ს სასჯელის ვადა აეთვალა 2024 წლის 12 იანვრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

3.1. მსჯავრდებულ უ. ძ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატმა – ა. ც–მ მოითხოვა უ. ძ–ის საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლის ნაცვლად, საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით მსჯავრდება.

3.2. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლელა ჭეშმარიტაშვილმა მოითხოვა უ. ძ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

5.1. მსჯავრდებულ უ. ძ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ა. ც. ითხოვს უ. ძ–ის საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით დამნაშავედ ცნობას, ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით მსჯავრდებისა;

5.2. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლელა ჭეშმარიტაშვილი ითხოვს უ. ძ–ის მიმართ სასჯელის გამკაცრებას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს უ. ძ–ის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით, ხოლო ბრალდების მხარე – შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.

8. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ უ. ძ–მა ჭრილობები მიაყენა გ. ჭ–ს. აღნიშნულს აღიარებს მსჯავრდებულიც, თუმცა, სადავოა, ერთი მხრივ, მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის განზრახვა და, მეორე მხრივ – დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ როგორც დაცვის, ისე – ბრალდების მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობა უ. ძ–ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებული უ. ძ–ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რა დროსაც დაზარალებულს მიაყენა დაზიანებები. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: თვითმხილველი მოწმის მ. კ–ის (დაადასტურა, რომ ბარში ყოფნისას უ. ძ–ი და გ. ჭ–ე შეკამათდნენ და გავიდნენ გარეთ. ქუჩაში გასვლისას უ. ძ–მა ხელი დაარტყა გ. ჭ–ეს, რის შედეგადაც გ. ჭ–ე დაეცა მიწაზე ზურგით. ძირს დაგდებულ გ. ჭ–ეს ზემოდან მოექცა უ. ძ–ი, ამ დროს უ. ძ–მა მარჯვენა ჯიბეში ჩაიყო ხელი და ამოიღო დანა, რომელიც გულის მიდამოში რამდენჯერმე დაარტყა გ. ჭ–ეს. მოწმემ განმარტა, რომ იგი ცდილობდა გ. ჭ–ის დახმარებას, თუმცა ვერ შეძლო უ. ძ–ის შეჩერება, ვინაიდან ის ფიზიკურად მასზე დიდი და ძლიერია. უ. ძ–ი დანის დარტყმებთან ერთად იგინებოდა, ხოლო გ. ჭ–ე ვერ უწევდა წინააღმდეგობას. გ. ჭ–ე კვლავ იწევდა გ. ჭ–ისკენ, აგინებდა და იძახდა, რომ უნდა მოეკლა), ასევე მოწმე მ. ბ–ზ–ის (გ. ჭ–ე და უ. ძ–ი ბარიდან გავიდნენ ქუჩაში. მ. კ–ი მხოლოდ მას მერე გავიდა ქუჩაში, რაც გ. ჭ–ე და უ. ძ–ი გავიდნენ. ქუჩიდან ისმოდა მ. კ–ის, გ. ჭ–ის და უ. ძ–ის ყვირილი, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ გაიგო გ. ჭ–ის ყვირილი ,,- ვაიმე, ვაიმე მიშველეთ, უ–მ დამჭრა”. მალევე ბარში შევიდა მ. კ–ი და ითხოვა ბამბა ან რაიმე ნაჭერი, ვინაიდან გ. ჭ–ე დანით დაჭრა უ. ძ–მა და სისხლი მოსდიოდა) ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის 2024 წლის 5 აპრილის №......... დასკვნით (ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, გ. ჭ–ე მკურნალობდა სტაციონარში 2024 წლის 11 იანვრიდან 2024 წლის 21 იანვრამდე, დიაგნოზით: გულმკერდის, თავისა და მარცხენა მხარის მრავლობითი ღია ჭრილობები, გულმკერდის წინა ზედაპირის ჭრილობა შემავალი გულმკერდის ღრუში მარცხენა ფილტვისა და გულის დაზიანებით. დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და ერთობლიობით მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც – სიცოცხლისათვის სახიფათო. ჭრილობების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო მიმყენებელი საგანი ვერ დადგინდა) და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ უ. ძ–მა ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული – დანაშაული.

11. საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან.

11.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის №593აპ-15 განაჩენი).

11.2. ,,აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაც მხოლოდ მაშინ იკვეთება, თუ აუცილებელი მოგერიების ვითარების ყველა პირობა არსებობს, მომგერიებელს არ დაურღვევია დაცვის მართლზომიერების პირობები, თუმცა გადააცილა ფარგლებს“, შესაბამისად, ,,სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაირკვეს, რამ გამოიწვია და რისკენ იყო მიმართული პირის ქმედება: მსჯავრდებული მოქმედებდა სხვისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არარსებობის პირობებში თუ საკუთარი წარმოდგენით მოქმედებდა მართლზომიერად, იცავდა თავს, მისთვის არსებითი არ იყო მიყენებული დაზიანების ხარისხი და მთავარი იყო აღნიშნულით უზრუნველეყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის N770აპ-19 განჩინება).

12. იმ პირობებში, როდესაც არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს (გარდა დაცვის მხარის მტკიცებისა) მხარეთა შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს გ. ჭ–ის ხელში დანის არსებობაზე, დაზარალებულ გ. ჭ–ის მხრიდან დანით თავდასხმაზე, არ ამოღებულა დანა, აღნიშნულს არ ადასტურებს არც დაზარალებული, ასევე არ დასტურდება უ. ძ–ის ხელის ფალანგებზე ჭრილობების შემთხვევის დროს დაზარალებულის მოგერიების ფარგლებში მიღება, – სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას დანაშაულის უცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენის თაობაზე.

12.1. სასამართლო მხედველობაში იღებს მოწმეთა – დ. მ–ს (სადარბაზოში, კიბეებთან დახვდა მთვრალი უ. ძ–ი, რომელსაც ასდიოდა ალკოჰოლის სუნი და სათქმელს ვერ აყალიბებდა, ხან იძახდა, რომ მოკლა, ხან იძახდა რომ დაჭრა), ვ. პ–ს (დაურეკა უ. ძ–მა, უთხრა, რომ კაცი მოკლა თუ დაჭრა და სთხოვა დახმარება; უ. ძ–მა მას უთხრა, რომ კაცი დაჭრა დანით გულში), ო. ო–ს (დაურეკა უ. ძ–მა, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში და შეახსენა (დილის საათებში ოჯახური პირობების გამო სთხოვა სოფელში წაყვანა), რომ სურდა სოფელში წაყვანა. მიზეზად დაუსახელა, რომ იჩხუბა და ადამიანი დაჭრა. მას უ. ძ–ის ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან იფიქრა, რომ ის იყო ნასვამი და ხუმრობდა. უ. ძ–ი დაჯდა მისი ავტომობილის წინა, მარცხენა მხარეს, ხოლო მისი მეგობარი ავტომობილის უკანა მარცხენა მხარეს და გაემართნენ თ–ს მიმართულებით. უ. ძ–ი იყო ძალიან ნასვამ მდგომარეობაში, ძლივს საუბრობდა, მისთვის სხეულის რაიმე დაზიანება არ შეუნიშნავს) ჩვენებებს, რომელთა თანახმად, მსჯავრდებული მომხდარზე საუბრისას არ მიუთითებდა, რომ მას თავს დაესხნენ დანით და ის მხოლოდ თავდამსხმელს იგერიებდა, რა დროსაც დაიზიანა ხელი; მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულ იარაღს; დაზარალებულის მიმართ ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულ, მიყენებული დაზიანებების რაოდენობასა და განლაგებას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, ერთობლივად შეფასებისას, გამორიცხავს მსჯავრდებულის მიერ დანის თავდაცვის მიზნით გამოყენებას, შესაბამისად, – მსჯავრდებულის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნას.

13. მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

13.1. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას ათიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

13.2. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, განსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). ამასთან, სასამართლომ, გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის (დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) მოთხოვნა.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).

15. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ უ. ძ–ის მიმართ უ. ძ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ც–ს და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე