საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.05.2025
საქმის ნომერი
2კ-33აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100123007443706

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №33აპ-25 16 მაისი, 2025 წელი

რ–ი ვ., №33აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. რ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. რ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ვ. რ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 19 აპრილს, გ–ს რაიონი, ვ–ს დასახლება, კორპუსი N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. რ–მა, მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0,2635 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ (aPVP)-ს შემცველი, შავი ფერის საიზოლაციო ლენტით გადაწებებული, უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული თეთრი ფხვნილისებური ნივთიერება, 250 ლარად უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ დ. ბ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენით, ვ. რ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქარველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქთა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ვ. რ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად – ვ. რ–ს 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. რ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. რ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ნარკოტიკული საშუალების გასაღების ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა და შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შევიდა ცვლილება, კერძოდ:

2024 წლის 17 სექტემბრის 4435-XVIმს-Xმპ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვ. რ–ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2024 წლის 25 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. რ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. რ–მა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაღების ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ასევე მტკიცებულების სახით ჯ. ა–ის გამოკითხვის ოქმის დასაშვებად ცნობა და მისი დაკითხვა სასამართლოზე.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ვ. რ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტი. სახეზეა დანაშაულის პროვოკაცია. მოწმე დ. ბ–ი არის აგენტ-პროვოკატორი და მისი ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე გამოკვლეულ ყველა მტკიცებულებასთან. არ დასტურდება, რომ მსჯავრებულმა დ. ბ–ზე ნარკოტიკული საშუალება გაასაღა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერით დასტურდება, რომ სახეზეა არა რეალიზება, არამედ პირადი მოხმარებისთვის შეძენაში დახმარება. ვ. რ–მა ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ გადასცა დ. ბ–ს, თუმცა მხოლოდ დ. ბ–თან ერთად მოხმარებისა და საკუთარი მოხმარების მიზნით შეიძინა. საქმეში წარმოდგენილია გაურკვეველი ქვითარი, რომლითაც არ დასტურდება, რომ თანხა მსჯავრდებულს ჩაერიცხა. დაცვის მხარის მოწმის – კ. ო–ს ჩვენებით კატეგორიულად დადასტურდა, რომ დ. ბ–ი არაერთ საქმეში ფიგურირებს როგორც მოწმე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ უგულებელყო დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები და ასევე უკანონოდ გაიზიარა დ. ბ–ის ჩვენება, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგოა. ვიდეოჩანაწერით დასტურდება დ. ბ–ის მიერ მტკიცებულების გახსნა და განცალკევება მისი შემადგენელი ნაწილებისგან. კასატორი ასევე უთითებს, რომ მოწმე ჯ. ა–ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია, ადასტურებს დ. ბ–ის აგენტ-პროვოკატორობას. ასევე იმას, რომ სწორედ, დ. ბ–ის მხრიდან ფაბრიკაციის შედეგად მოხდა ვ. რ–ის დაკავება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ბრალდებით. დაცვის მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. რ–ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ვ. რ–ის უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას მიაქცევს ბრალდების მხარის მოწმეების – დ. ბ–ის, ბ. ბ–სა და გ. ქ–ს ჩვენებებს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ვიდეო-აუდიოჩანაწერებს, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას, 2023 წლის 20 ივნისის ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის №....... დასკვნასა და 2023 წლის 11 დეკემბრის ბიოლოგიურიო (გენეტიკური) ექსპერტიზის №........ დასკვნას, რომლებიც ურთიერთთანხვდენილია და არ შეიცავს საეჭვო გარემოებებს. ექსპერტიზის დასკვნები და ექსპერტთა ჩვენებები კიდევ უფრო მეტი სანდოობის ხარისხს სძენს მოწმე დ. ბ–ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას.

5.5. აღსანიშნავია, რომ რამდენადაც დ. ბ–ი და ვ. რ–ი ურთიერთობენ ნარკოტიკული საშუალების შეძენასთან დაკავშირებით, უშუალო კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთთან, შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე მოწმე მსჯავრდებულს ურიცხავს ფულს, ხოლო შეხვედრისას მსჯავრდებული მანქანიდან ოსტატურად გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას, ნარკოტიკული საშუალების ხარისხთან დაკავშირებით მცირე კომუნიკაციას ამყარებს მოწმესთან და ეუბნება, რომ „ამჯერად ცოტა იყო“ და მზაობას გამოთქვამს იმავე დღეს კომუნიკაციაზე, რის შემდეგაც ტოვებს შემთხვევის ადგილს. შესაბამისად ნათელია, რომ ვ. რ–ის ერთადერთი ინტერესია, გაასაღოს ნარკოტიკული საშუალება და არა – დ. ბ–თან ერთად ნარკოტიკული საშუალების ერთიანი მიზნითა თუ განზრახვით შეძენა/შენახვა და შემდგომში მოხმარება. დ. ბ–ის მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობის მიუხედავად, ნათელია, რომ მოცემულ შემთხვევაში ინიციატივა თავად ვ. რ–ისგან მოდიოდა. აღნიშნულს ხაზს უსვამს მისი მხრიდან სამომავლოდ მზაობა, რაც გარდა ფინანსური სარგებლის მიღების სურვილისა, რაიმე სხვა განზრახვის არსებობას გამორიცხავს.

5.6. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩართული დ. ბ–ის ჩვენება არ არის სანდო, ვინაიდან ის ცრუობს და არ უთითებს რეალურ ფაქტებზე; ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერებიდან არ დგინდება ვ. რ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი და სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა; სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვაში მონაწილის სუბიექტურ ჩვენებას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მცირე წინააღმდეგობები, რაც ჩვენებების შინაარსიდან შეიძლება გამომდინარეობდეს, არ არის არსებითი ხასიათის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ნარკოტიკული საშუალების გასაღებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები ასახულია აუდიო-ვიდეოჩანაწერებში. საგულისხმოა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს, ასევე ვიზუალურად აკვირდებოდა ბ. ბ–ი, რომელიც შემთხვევის ადგილის შორიახლოს იდგა. ამოღების ოქმის თანახმად კი, დადასტურებულია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, დ. ბ–ისგან ამოღებული იქნა ნივთიერება სწორედ იმ მდგომარეობასა და ისეთი შეფუთვით, როგორიც მას ვიდეოჩანაწერების თანახმად გადაეცა.

5.7. საკასაციო სასამართლო, ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ დ. ბ–ი არის აგენტ-პროვოკატორი, რასაც ადასტურებს დაცვის მხარის მოწმე – კ. ო–ე. საკასაციო პალატა მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად, მიუთითებს, რომ ვ. რ–ი არ მოქმედებდა არსებითად პასიურად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კი, არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში თავისთავად არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მთავარია, რომ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა/კონფიდენტებმა არ წააქეზონ სხვა პირთა მიერ დანაშაულის ჩადენა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არაა. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ვ. რ–ს არ სურდა ნარკოტიკული საშუალების გასაღება და მის მიერ დანაშაულის ჩადენა განპირობებული იყო დ. ბ–ის წაქეზებით.

5.8. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ვ. რ–ის მიმართ მსჯავრდების დასადასტურებლად სასამართლოში წარმოდგენილია არაერთი პირდაპირ ხასიათის მტკიცებულება. ამასთან, განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ იქნა მიჩნეული ვ. რ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტი, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, დამაჯერებელი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან.

5.9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. რ–ის ქმედებების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას, ხოლო დაცვის მხარის მიერ მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახული გარემოებები განსხვავდება მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისგან.

5.11. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნაზე დასაშვებად იქნეს ცნობილი ჯ. ა–იას გამოკითხვის ოქმი და დაკითხულ იქნეს სასამართლოზე, როგორც დაცვის მხარის მოწმე, მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების დაშვებისა და გამოკვლევის სამართლებრივ საფუძველს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი, ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე. ხოლო ამავე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი მტკიცებულება, შესაძლოა, გამოკვლეულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო.

5.12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის პროცესში მხარეები აღჭურვილნი არიან შეჯიბრებითობის უფლებით, რა დროსაც დაცვის მხარე ბრალდების მხარესთან თანასწორად უფლებამოსილია, მოიპოვოს და წარადგინოს სასამართლოში მისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება. ზემოაღნიშნული პრინციპის იმპერატიული მოთხოვნები დაირღვევა, თუ არ იარსებებს რეალური შესაძლებლობა, ბრალდებულმა გავლენა მოახდინოს პროცესზე – მისი ხმა/პოზიცია მოსმენილი და შეპირისპირებული იყოს სხვა მტკიცებულებებთან. ამასთან, სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვევა თუკი ბრალდებულს არ მიეცემა ეფექტური შესაძლებლობა შეეწინააღმდეგოს სადავო მტკიცებულებების გამოყენებას მის წინააღმდეგ და გაასაჩივროს ის გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი მსჯავრდება საეჭვო მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა ამგვარი უფლებით აღჭურვა არ გულისხმობს იმას, რომ დაცვის მხარის მიერ დაცულ არ იქნეს ის ფორმალური საფუძვლები, რაც აუცილებელია მტკიცებულების მოპოვებისა და სასამართლოში საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით წარდგენისათვის. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარეს საფუძვლიანად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

5.13. საკასაციო სასამართლო კვალავ განმარტავს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელია ახალი მტკიცებულების წარდგენა, მისი გამოკვლევა და სასამართლოს მიერ გამოყენება, აგრეთვე – მოწმეთა დაკითხვა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს: 2022 წლის 24 თებერვლის N1053აპ-21, 2021 წლის 18 ნოემბრის N484აპ-21, 2021 წლის 18 ოქტომბრის №326აპ-21, 2015 წლის 7 ივლისის №95აპ-15 გადაწყვეტილებები).

5.14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. რ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. რ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე