საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100122006355437
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №94აპ-25 7 მაისი, 2025 წელი
ც–ა კ., №94აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ს–ას, ასევე მსჯავრდებულების – გ. ნ–ის და კ. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ტ. კ–ისა და ა. გ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. კ. ც. (პირადი ნომერი: ...........), გ. ნ–ი (პირადი ნომერი: ..........), გ. კ–ე (პირადი ნომერი: ............), ნ. მ–ე (პირადი ნომერი: ...........) და ზ. მ–ე (ძებნილი, პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნენ ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით, 20:00 საათზე, თ–ში, ......ას გამზირზე N.., ბინა N..-ში, უკანონოდ შეაღწიეს – კ. ც–მ, ნ. მ–ემ, გ. კ–ემ, გ. ნ–მა და ზ. მ–ემ – ცეცხლსასროლი პისტოლეტის მსგავსი საგნის და ცივი იარაღის – დანების დემონსტრირებით, თავს დაესხნენ ბინაში მყოფ – ნ. ბ–ს, ს.ა. კ. ა–ს, ს. თ–ს და ვ. პ. ჩ–ას – დაყარეს ისინი მისაღები ოთახის იატაკზე, ხელების და ფეხების დარტყმით სცემეს, სთხოვდნენ ფულს და ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ქმედებების შედეგად დაეუფლნენ დიდი ოდენობით ფულს, სხვადასხვა ტექნიკას, ძვირფას ნივთებს და დატოვეს ბინა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის განაჩენით:
კ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. მ–ე (დასწრების გარეშე) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 ივლისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 2000 ლარი და 1 წლით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. მ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – მ. ს–მ და ა. შ–მა, მსჯავრდებულების – გ. ნ–ის და კ. ც–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ტ. კ–ემ და ა. გ–მა, მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ღ–მა და მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად კი – გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2.3. განაჩენი, ასევე გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი ნადირაძემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულების – ნ. მ–ის, კ. ც–ს, გ. კ–ის, გ. ნ–ისა და ზ. მ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დაცვის და ბრალდების მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ს–ამ, რომელმაც საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.3. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების გ. ნ–ისა და კ. ც–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა ტ. კ–ემ და ა. გ–მა და მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გ. ნ–ისა და კ. ც–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორის, მსჯავრდებულ ნ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ს–ას პოზიციით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპი და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ვარაუდები, რადგან საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულება, რაც ამხელს ნ. მ–ეს. მხოლოდ იმის გამო, რომ ნ. მ–ე სხვა პირებთან ერთად გადაადგილდებოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა დანაშაული და მოხვდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში არ ადასტურებს მის ბრალეულობას, მაშინ, როდესაც ვერცერთმა დაზარალებულმა ვერ დაასახელა მისი განმასხვავებელი ნიშანი და ასევე ვერ მიუთითა, თუ რა მოქმედებებს ახორციელებდა იგი შემთხვევის ადგილზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ნ. მ–ის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ აღმოჩნდა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საკვლევ ობიექტებზე. კასატორს მიაჩნია, რომ საქმე მოიცავს ისეთ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.
4.2. მსჯავრდებულების – გ. ნ–ისა და კ. ც–ს ინტერესების დამცველებს – ტ. კ–ეს და ა. გ–ს – მიაჩნიათ, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობილობა, რაც აკმაყოფილებს გამამტყუნებლი განაჩენის დადგენის სტანდარტს. საუძველსაა მოკლებული სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ აპელანტებს (ამ შემთხვევაში დაცვის მხარეს) არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, რაც დამაჯერებელს გახდიდა მათ პოზიციას მსჯავრდებულ პირთა უდანაშაულობის შესახებ, რადგან მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს. კასატორებს მიაჩნიათ, რომ მოწმეთა ჩვენებები, ამოცნობის ოქმები, ჩხრეკა-ამოღების შედეგად ამოღებული ნივთები – წინააღმდეგობრივია ერთმანეთთან და არ ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს გ. ნ–ისა და კ. ც–ს მსჯავრდებისათვის. ასევე საპროცესო კანონმდებლობის დარღვევითაა წარმართული სრი აა. კ– აკოსანის მონაწილებით ჩატარებული ამოცნობა, რადგან იგი დაკოპირებულია სხვა ამოცნობის ოქმებიდან. გამომძიებელთა ჩვენებები, კი ეწინააღმდეგება დაზარალებულის ჩვენებას. შესაბამისად, სახეზეა, რომ დაზარალებულთა ჩვენებები არაა სანდო, მათი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობებით დასტურდება გამომძიებელთა სუბიექტური მიდგომა და ჩნდება ეჭვი მტკიცებულებათა გაყალბების თაობაზე. ასეთ მოცემულობაში, კი გ. ნ–ისა და კ. ც–ს მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. მ–ის, გ. ნ–ისა და კ. ც–ს მსჯავრდების შესახებ. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულების მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას. ვინაიდან, კასატორები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებენ საპროცესო ნორმათა დარღვევაზე, გამოკვლეულ მტკიცებულებათა არასათანადო და არასწორი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობაზე, ასევე მიუთითებენ, რომ სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს მოქმედი კანონმდებლობის იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებითაც დგინდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტები.
5.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა მოიცავს საპროცესო კოდექსის ისეთ დარღვევას, რაც არსებით გავლენას ახდენს საქმის შედეგსა და მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე. ამასთან, არსებითი დარღვევა, შესაძლოა, ვლინდებოდეს ისეთი საპროცესო დანაწესის დარღვევით, რასაც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს ინსტრუმენტული უფლება, მათ შორის: გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობა, მტკიცებულებათა შეფასებისას ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის („in dubio pro reo“) პრინციპის, მტკიცებულებათა უტყუარობისა და დასაშვებობის სტანდარტების დარღვევა და სხვა.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განმარტავს „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის“ ცნების მნიშვნელობას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად: ,,გონივრულ ეჭვს მიღმაა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში“.
5.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
5.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ხოლო მესამე ნაწილის შესაბამისად, კი: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.9. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, სასამართლოში საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა რელევანტური ფაქტების დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარით დაადგინა, რომ ნ. მ–ემ, გ. ნ–მა და კ. ც–მ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
5.10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზარალებულების ნ. ბ–ს, ს.ა. კ. ა–ის, ს. თ–ის და ვ. პ. ჩ–ას ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათ დაწვრილებით, დეტალურად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად გადმოსცეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც სრულად თანხვდენილია, ნეიტრალურ მოწმე ე. გ-ს ჩვენებასთან და სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა ნეიტრალურ მტკიცებულებებთან. საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს დაზარალებულების მიკერძოებასა და დაინტერესებაში დაარწმუნებდა.
5.11. დაზარალებულების ჩვენებები გამყარებულია მოწმე ე. ა. ვ. ა. კ–ს ჩვენებით, რომელიც, მართალია, არ არის ფაქტის თვითმხილველი, თუმცა ბინაში არსებულ არეულობასა და ს. ა. კ. ა–ის სხეულზე არსებულ დაზიანებებსა და სხვა დაზარალებულების ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას და თანხვდება დაზარალებულთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.
5.12. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების ნ. ბ–ს, ს.ა. კ. ა–ის, ს. თ–ის და ვ. პ. ჩ–ას ჩვენებებით, ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ 2022 წლის 4 აგვისტოს, საღამოს საათებში იმყოფებოდნენ თ–ში, ......ას გამზირზე N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც გაისმა კარზე კაკუნი, ა. კ–მა გააღო კარი და მისთვის უცნობი ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა ბინაში. ისინი ქართულად საუბრობდნენ, თუმცა ცალკეულ სიტყვებს ამბობდნენ ინგლისურად. მამაკაცები ემუქრებოდნენ დანითა და იარაღის მაგვარი საგნით და მათგან მოითხოვდნენ მარიხუანასა და ფულს. დაზარალებულებმა დეტალურად აღწერეს ნ. მ–ე, გ. ნ–ი, კ. ც–, გ. კ–ე და ზ. მ–ე, ასევე დამაჯერებლად მიუთითეს თითოეული მათგანის როლი დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში და დაწვრილებით ისაუბრეს მათ მიმართ დანისა და იარაღისმაგვარი საგნის გამოყენებით ფიზიკური ძალადობისა და მუქარის თაობაზე, ასევე ფულადი თანხის და სხვადასხვა ნივთების წართმევის დეტალებზე. ამასთან, მათ მიუთითეს, რომ თავდამსხმელთაგან ერთ-ერთს სახეზე ეკეთა ე.წ. ბენდენა (ნიღაბი) და ხელზე ჰქონდა ტატუ, ერთს ხელში ეჭირა ,,პლასტმასის“ ბოთლი, რაც დარჩა შემთხვევის ადგილზე, ხოლო ერთმა წაიღო შავი ფერის ზურჩანთა.
5.13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კ. ც–ს, ნ. მ–ისა და გ. ნ–ის შემთხვევის ადგილზე ყოფნა და მათი უშუალო მონაწილეობა დანაშაულებრივ ქმედებებში დადასტურებულია ოდოროლოგიური ექსპერტიზის N......... დასკვნით, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია კ. ც–საგან (დაბადებული ....... წელს, პ/ნ. ..........), ნ. მ–ისაგან (დაბადებული ....... წელს, პ/ნ. ..........), გ. კ–ისაგან (დაბადებული ......... წელს, პ/ნ. ......) და გ. ნ–ისაგან (დაბადებული ....... წელს, პ/ნ. ......) აღებული სუნის ნიმუშების და ბიოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნით, რომლის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები პოლიეთილენის ბოთლიდან...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის: ობ. N3-ის (კოლოფი, წარწერით: „...პოლიეთილენის ბოთლის პირიდან") შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ. ნ–ს (ობ. N70; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში 1 (ერთ) ცალ სტერილურ ჩხირზე აღებული ბრალდებულ გ. ნ-ს დაბადებული 0....წ. პირის ღრუდან...“); პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები პოლიეთილენის პარკის ფრაგმენტიდან...“, მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალა (ობ. N5) ეკუთვნის გ. ნ–ს (ობ. N70);
პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები თოფიდან (....... პისტოლეტიდან (.......), პისტოლეტიდან, მჭიდიდან, ლითონის საგნებიდან (.......), პოლიეთილენის პარკიდან, ორი ვაზნიდან (......)...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის: ობ. N11-ის (კოლოფი, წარწერით: „........ ანაწმენდები თოფის კონდახიდან“) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის გ. ნ–ს (ობ. N70). ობ. N11-ის გენეტიკურ პროფილში სხვა შესადარებელ პირთა (ობ. .......) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება; ობ. N14-ის (კოლოფი, წარწერით: „........ ანაწმენდები პისტოლეტის სახელურიდან") შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ნ. მ–ეს (ობ. N68; პაკეტი, წარეწრით: „..ნერწყვის ნიმუში 1 (ერთ) ც. სტ. ჩხირზე აღებული ბრალდებულ ნ. ა–ს ძე მ–ის დაბ. 02.01.1998 წ. პირის ღრუდან...“). ობ. N14-ში სხვა შესადარებელ პირთა (ობ. N67,69-74) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ც. მოლურჯო ფერის მაისური ლაქებით, ამოღებულია მისაღებ ოთახში ტახტი...ბ-ს ქ. კორპ. N46, ბ.4 ბინის ჩხრეკა (ყაჩაღობის ფაქტზე)“, მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N40,41) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ს.ა. კ. ა–ს (ობ. N72). ამავე მაისურის არსებული ბიომასალის (ობ. N42) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ. ნ–ს (ობ. N70);
პაკეტში, წარწერით: „...1 ცალი მუქი ფერის ჯინსის შარვალი და 1 ცალი მოლურჯო-მოწითალო ფერის პერანგი, ამოღებული მე-4 სართულზე, გ. კ–ის საძინებელ ოთახში მდებარე საწოლიდან...“, მოთავსებული პერანგის სახელოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N43) შეიცავს სისხლს. ობ. N43-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ს.ა. კ. ა–ს (ობ. N72). ამავე პერანგის სახელოებზე (ობ. 44), შიდა ზედაპირზე (ობ. N46), შარვლის წინა ზედაპირზე (ობ. N47) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და პერანგის წინა ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N45) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის გ. კ–ეს (ობ. N69).
პაკეტში, წარწერით: „...გ. კ–ის მოკლე შარვალი (შორტი), მოკლემკლავიანი შავი მაისური და სპორტული ფეხსაცმელი...“, მოთავსებულ მაისურსა და შარვალზე არსებული ბიომასალის (ობ. N50,51) შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი ეკუთვნის გ. კ–ეს (ობ. N69), მინორული წილი – იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
პაკეტში, წარწერით: „...თმისმაგვარი ღერები (ამოღებული პოლიეთილენის პარკის ფრაგმენტიდან)...“, მოთავსებული თმისმაგვარი ბეწვები (ობ. N66) წარმოადგენს ადამიანის თმას. ობ N66-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ. ნ–ს (ობ. N70).
5.14. დაზარალებულების ნ. ბ–ს, ს. თ–ისა და ვ. პ. ჩ–ას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად მათ სხეულზე დაზიანებების არსებობა დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N.........., N......... და N....... დასკვნებით, რომლებითაც დგინდება, რომ ნიშად ბ-ს, ს. თ–ის და ვ. პ. ჩ–ას სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდათ დაზიანებები ნაჭდევის და სისხლნაჟღენთის სახით, განვითარებულნი რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნით დადგენილია, რომ ა. კ–ს (ს.ა. კ. ა–ი) დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ღია ჭრილობა, დაუზუსტებელი, ცხვირის ღია ჭრილობა, თითების ღია ჭრილობა ფრჩხილების ტრავმის გარეშე, აღენიშნებოდა ნახეთქი ჭრილობა და ექსკორიაციები. პირადი შემოწმებით, ....... წელს, ს.ა. კ. ა–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, სწორკიდეებიანი ჭრილობების და ქირურგიულად დამუშავებული გაკერილი ჭრილობის სახით. დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნახეთქი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ქირურგიულად დამუშავებული კვანძოვანი ნაკერებით გაკერილი ჭრილობა და მარცხენა მტევნის მე-3 თითზე არსებული ჭრილობა მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
5.15. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი თბილისში, ტ–ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ვიდეო-კამერების ჩანაწერით, თ–ში, ტ–ს ქუჩა №..-ში მდებარე მაღაზიაში არსებული ჩანაწერითა და თ–ში, ......ს ქუჩა №..-ში მდებარე მაღაზია „ე–ს“ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერით დასტურდება, რომ 2022 წლის 4 აგვისტოს 18:44:25 საათზე, ტ–ს ქუჩაზე ჩნდება ხუთი ახალგზარდა მამაკაცი, მათ შორის 30-35 წლამდე ასაკის საშუალო აგებულების მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მოწითალო ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ფერის შარვალი, შავ და თეთრ ფერებში გაწყობილი სპორტული ფეხსაცმელი (კ. ც.), მის გვერდით მოძრაობს 35-40 წლამდე ასაკის საშუალო აგებულების მამაკაცი, ტანთ აცვია მუქი ფერის მაისური და მუქი ფერის შარვალი, რომელსაც აცვია შავ და თეთრ ფერებში გაწყობილი სპორტული ფეხსაცმელი (გ. ნ–ი). მათ უკან მოდის 28-33 წლამდე ასაკის საშუალო აგებულების მამაკაცი, ტანთ აცვია მუქი ყავისფერი მოკლემკლავიანი მაისური, შავი ფერის შარვალი, შავ და თეთრ ფერებში გაწყობილი სპორტული ფეხსაცმელი (ზ. მ–ე). მის უკან კი არის 25-30 წლამდე ასაკის სრული აგებულების მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მოლურჯო ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ფერის შარვალი და თეთრ ფერებში გაწყობილი სპორტული ფეხსაცმელი (ნ. მ–ე), რომელსაც ფეხდაფეხ მისდევს 30-35 წლამდე ასაკის, საშუალო აგებულების მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია რუხი ფერის მოკლემკლავიანი პერანგი, შავი ფერის შარვალი, თეთრ და შავ ფერებში გაწყობილი ფეხსაცმელი (გ. კ–ე). ისინი გადიან ტ–ს ქუჩის საავტომობილო გზაზე უხვევენ კორპუსთან მარცხენა მხარეს და 18:44:52 საათზე ეფარებიან კამერების თვალთახედვის არეალს. 19:48:53 საათზე, ისევ ჩნდება ზემოაღნიშნული ხუთივე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელებიც ისევ მიემართებიან ტ–ს ქუჩის საავტომობილო გზის მიმართულებით, მათგან გ. ნ–ს მარჯვენა ხელში უჭირავს პოლიეთილენის ბოთლი, რომლებიც 19:49:27 საათზე ეფარებიან კამერების თვალთახედვის არეალს. 20:17:49 საათზე, ტ–ს ქუჩის საავტომობილო გზის მხრიდან მეორეხარისხოვან გზაზე გადმოდიან ზემოაღნიშნული პირები – კ. ც–, გ. კ–ე, გ. ნ–ი, ზ. მ–ე და ნ. მ–ე. კ. ც–ს სახეზე აფარებული აქვს ბენდენა (ყელსახვევი), ხოლო ზ. მ–ეს ზურგზე მოკიდებული აქვს ზურგჩანთა, რომლებიც ჩქარი ნაბიჯებით გაივლიან ტ–ს ქუჩაზე N..-ე კორპუსის გვერდით და 20:18:09 საათზე ეფარებიან კამერის თვალთახედვის არეალს.
5.16. ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის N.......დასკვნით კი დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ N4 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „.............“ ამოღებულ ფოტოგამოსახულებაზე (ფოტო N..) დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულება იდენტურია ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ, კ.ე თ–ს ძე ც–ს (პ/ნ ..........) ფოტოგამოსახულებაზე (ფოტო N..) დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულების. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ N2 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „record-............-...........“ ამოღებულ ფოტოგამოსახულებაზე (ფოტო N34) დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულება იდენტურია ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ, ნ. ა–ს ძე მ–ს (პ/ნ ...........) ფოტოგამოსახულებაზე (ფოტო 84) დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულების. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ N4 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „..........“ ამოღებულ ფოტოგამოსახულებაზე (ფოტო N56) დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულება იდენტურია ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ, გ. დ–ს ძე ნ–ს (პ/ნ ........) ფოტოგამოსახულებაზე (ფოტო N86) დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულების.
5.17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებები აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოება, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივარში არ უთითებენ. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.18. რაც შეეხება მსჯავრდებულების გ. ნ–ისა და კ. ც–ს ადვოკატების – ტ. კ–ისა და ა. გ–ის მითითებას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით, რაც გ. ნ–ისა და კ. ც–ს გამართლების საფუძველია არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ზემოხსნებულ მტკიცებულებებთან ერთად დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებითა და ნივთის ამოცნობის ოქმებით. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ექსპერტიზის დასკვნების აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ ყველა საკვლევი ობიექტი, რომელიც გადაცემული იყო ექსპერტიზისთვის, იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ამასთან, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირთა ხელმოწერებით, ხოლო ოქმებს ხელმოწერის არარსებობის შესახებ ახლავს შესაბამისი შენიშვნები. ასევე საყურადღებოა, რომ ს. ა. კ– ა–ს მონაწილებით ჩატარებული ამოცნობა წარიმართა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
5.19. დაცვის მხარის მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომ დაზარალებულთა და სამართლდამცავთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია - საკასაციო პალატა კვლავაც მიუთითებს, რომ ჩვენებებს შორის წინააღმდეგობის არსებობაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც მათი შინაარსი ურთიერთგამომრიცხავია მტკიცების საგანთან მიმართებით, აგრეთვე, როდესაც რომელიმე მათგანში აღნიშნულია რაიმე ისეთი გარემოების თაობაზე რომლის არსებობა მოცემულ შემთხვევასა და პირობებში ბუნებრივად იქნებოდა შეუძლებელი ანდა რომელიც უარყოფილია უტყუარი ალიბით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს N117აპ-18 განაჩენი). შეუძლებელია, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში მათი აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა ვიგულისხმოთ, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს (მაგ. ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების შემთხვევაში). მოწმეთა ჩვენებების შინაარსზე კი გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე – საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე. ამიტომ ასეთი მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენენ, და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს N763აპ-19 განაჩენი).
5.20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყველა მოწმის ჩვენება იდენტური ვერ იქნება და გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, შესაძლოა, არსებობდეს მცირე წინააღმდეგობები, თუმცა ისინი არ უნდა იყოს არსებითი, რაც, გონივრულ კითხვებს გააჩენს მტკიცების საგანთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, კი მსგავსი სახის წინააღმდეგობები, რაც, მტკიცების საგანთან მიმართებით გააჩენდა კითხვებს, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
5.21. რაც შეეხება ნ. მ–ის დამცველი ადვოკატის მ. ს–ას საკასაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას, რომ ნ. მ–ე არ მონაწილეობდა მსჯავრდებულთა მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ რაიმე სახის ძალადობაში და საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს მის ბრალეულობაზე - საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვბად დგინდება, ნ. მ–ის სხვა მსჯავრდებულებთან ერთად შემთხვევის ადგილზე ყოფნა, ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას, კერძოდ: ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
5.22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულის ჩადენამდე დროის ხანგრძლივი პერიოდი, მთავარია შეთანხმება არსებობდეს ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე, რაც უნდა დადასტურდეს საქმეში არსებული შესაბამისი მტკიცებულებებით. შეთანხმება შესაძლოა განხორციელდეს, როგორც სიტყვიერი ფორმით ასევე არავერბალური ფორმითაც, კერძოდ, გამოიხატოს ჟესტებით და მიმიკებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩენი საქმეზე №618აპ-15).
5.23. საკასაციო სასამართლომ საქმეზე №1399აპ-23 განმარტა, რომ დანაშაულში თანაამსრულებლობის ბუნებიდან გამომდინარე, აუცილებელია, დანაშაულის ამსრულებლები ერთობლივად და უშუალოდ მონაწილეობდნენ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელებაში. ამასთან, შესაძლებელია განსხვავებული იყოს ამსრულებელთა როლი და მონაწილეობის ხარისხი დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის რომელიმე ელემენტის რეალიზებისას, თუმცა გადამწყვეტია, რომ თითოეული სუბიექტის მიერ შესრულებული ქმედება (მოქმედება თუ უმოქმედობა) განაპირობებდეს დამნაშავეთა ერთიანი განზრახვის აღსრულებას.
5.24. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით კი, დგინდება, რომ ნ. მ–ემ, გ. ნ–მა და კ. ც–მ, გ. კ–ესა და ზ. მ–ესთან ერთად, ერთდროულად და უშუალოდ დაიწყეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ნიშნების განხორციელება, რა დროსაც მათ აშკარად გამოიყენეს ყაჩაღობისათვის დამახასიათებელი ხერხი, ასევე აქტიურად მოქმედებდნენ დაზარალებულების წინააღმდეგობისა და ნების იმწუთიერი დათრგუნვის მიზნით. ამდენად, ისინი მოქმედებდნენ საერთო მიზნითა და განზრახვით, თითოეულმა მათგანმა თავისი ქმედებით ხელი შეუწყო დანაშაულის განხორციელებას, რითიც ისინი გახდნენ ამ დანაშაულების თანაამსრულებლები.
5.25. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.26. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.27. შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ს–ას, ასევე მსჯავრდებულების გ. ნ–ისა და კ. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ტ. კ–ისა და ა. გ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე