განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123007724407
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1276აპ-24 ქ. თბილისი
ტ-ი ა-, 1276აპ-24 16 მაისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესებს დამცველის, ადვოკატ თ. დ-ს, მსჯავრდებულ ა. ტ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. პ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 მარტის განაჩენით:
1.1. ა. ტ-ი, - დაბადებული --- წლის .. იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ტ-ს შეეფარდა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ტ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 28 ივნისიდან.
1.3. ა. ტ-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
1.4. მ. გ, - დაბადებული --- წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, მ. გ-ს შეეფარდა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 28 ივნისიდან.
1.6. მ. გ-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ტ-მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ხოლო მ. გ-მა - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ა. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2023 წლის 20 ივნისს, გ-ს რაიონის სოფელ თ-ში, რესტორან „მ-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ა. ტ-მა, მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,52764 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი იისფერი და შავი ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭრებში ერთ შეკვრად დაფასოებული, მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება 600 ლარად უკანონოდ გაასაღა ე. მ-ე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
· 2023 წლის 22 ივნისს, გ-ს რაიონის სოფელ თ-ში მდებარე რესტორან „მ-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მ. გ-მა, მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,6082 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ფოლგის ნაჭერსა და მოვარდისფრო პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის, მოყავისფრო ფერის ნივთიერება 650 ლარად უკანონოდ გაასაღა ე. მ-ე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელი.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. დ--ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და მ. გ-ს გამართლება.
4.1. კასატორებმა - მსჯავრდებულმა ა. ტ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. პ-მ საკასაციო საჩივრებით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და ა. ტ-ის გამართლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: მოწმების - ე. მ-ს, გ. ქ-ს, გ. თ-ს და სხვათა ჩვენებებით, ფორმა №1-ით, ე. მ-ს პატაკით, თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების შესახებ 2023 წლის 15 ივნისის ოქმებით, საკონტროლო შესყიდვისა და ვიზუალური კონტროლის შესახებ 2023 წლის 15 ივნისის ოქმით, ამოღების ოქმებით, ფარული აუდიოვიდეო ჩანაწერითა და აღნიშნული ჩანაწერის გაშიფრული კრებსებით, დაკავების ოქმებით, საქართველოს შს სამნისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №---- და №--- დასკვნებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის №--- დასკვნით, ჰაბიტოსკოპიური და ფოტოვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის №---- დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა. ტ-მა და მ. გ-მა ნამდვილად ჩაიდინეს მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედება, რისი გათვალისწინებითაც, მათი მსჯავრდება წარდგენილი კვალიფიკაციით - კანონიერია.
3. უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება, რომ გასაჩივრებული განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ეჭვებსა და ვარაუდებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები იძლევა შექმნილი ვითარების დეტალურ სურათს, კერძოდ, მოწმეების - ე. მ-ს, გ. ქ-სა და გ. თ-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთები ე. გ--ს გადასცეს ა. ტ-მა და მ. გ-მა, რაც ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზების თანახმად, ნარკოტიკული საშუალებებია; ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების მიხედვითაც, ორივე ეპიზოდში ე. მ-ს მიერ თანხის გადაცემა და ა ტ-ისა და მ. გ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების გადაცემა დროში ემთხვევა ერთმანეთს, რაც გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას. დაცვის მხარის მსჯელობასთან მიმართებით, რომ თითქოსდა საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერებით არ დგინდება ა. ტ-ისა და მ. გ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტები, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული აუდიო-ვიდეოჩანაწერების შინაარსი სრულადაა თანხვდენილი მოწმეთა ჩვენებებთან, ხოლო ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად წარდგენილი ვიდეოგრამების აუდიონაწილში მონტაჟის ნიშნების არარსებობა.
4. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
5. ამასთან, ვინაიდან ა. ტ-მა და მ. გ-მა მსჯავრად შერაცხული დანაშაულები ჩაიდინეს 2024 წლის 1 ივლისამდე, მათ მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
6. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, მასზე ამ მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღებისა, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა ან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა) ჩადენისათვის.
7. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
8. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ა. ტ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედება, კერძოდ:
9. ა. ტ-ს უნდა გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წელსა და 6 თვეს. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.
10. ა. ტ-ს ასევე უნდა გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელს. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ტ-ს შეეფარდოს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ტ-ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
11. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
12. საქმის მასალების თანახმად, მ. გ. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამდე იყო ნასამართლევი.
13. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
14. შესაბამისად, მ. გ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 10 თვეს, ხოლო სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 8 თვე.
15. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, მასზე ამ მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღებისა, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა ან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა) ჩადენისათვის.
16. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
17. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
18. ამდენად, მ. გ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 5 წელს.
19. საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. გ-ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესებს დამცველის, ადვოკატ თ. დ-ს, მსჯავრდებულ ა. ტ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. პ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ა. ტ-ს გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და შეეფარდოს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.
4. ა ტ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
· სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გაუნახევრდეს და მიესაჯოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ტ-ს შეეფარდოს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ტ-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. ა. ტ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
8. ა. ტ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 28 ივნისიდან.
9. ა. ტ-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
10. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მ. გ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და შეეფარდოს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 8 თვე.
11. მ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
· სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და შეეფარდოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
· სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
12. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, მ. გ-ს შეეფარდოს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
13. საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 28 ივნისიდან.
14. მ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
15. მ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 28 ივნისიდან.
16. მ. გ-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
17. ნივთიერი მტკიცებულებები:
· მ. გ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „რედმის“ ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
· 2023 წლის 20 ივნისს და 2023 წლის 22 ივნისს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთი მასალები განადგურდეს;
· 20.06.2023 წელს და 22.06.2023 წელს მოპოვებული ვიდეოჩანაწერები, 2 ცალ ლაზერულ დისკზე და მათი ასლები, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;
· საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი სხვა საგნების (2023 წლის 15 ივნისს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა, ჯ. ა-ს ნერწყვის ნიმუში, ა. ტ-ისა და მ. გ-ს ნერწყვის ნიმუშები) ბედი გადაწყდეს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ №----- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
18. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე