საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100124010276890
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №277აპ-25 ქ. თბილისი
ი-ი ვ, 277აპ-25 11 ივნისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის - ანახანუმ შამილოვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენით:
1.1. ვ. ი-ი, - დაბადებული ... წლის .... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
1.2. გაუქმდა ვ. ი-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ი-მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2024 წლის 10 ივლისს, თ-სი-წ-ი ხიდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრზე „ოპელის“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით ..., მოძრავმა ვ. ი-მა, გასწრების მოტივით მანევრირებისას, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რის გამოც მის სამოძრაო ზოლში მიმავალი გ. ლ-ის მართვის ქვეშ მყოფი, „ტოიოტა პრიუსის“ მარკის, ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ..., გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა გ. კ-ი. შეჯახების შედეგად „ფორდის“ მარკის ავტომობილის მგზავრებმა - ზ. ლ-მა, პ. ქ-მ და გ. ს-მ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ანახანუმ შამილოვამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით; ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულებისა და მოწმეების - გ. ლ-ის, პ. ქ-ის, ზ. ლ-ის, გ. კ-ის, ტ. ლ-ას, ნ. ქ-ის, ა. ჩ-ისა და გ. ს-ის გამოკითხვის ოქმები, შეტყობინება დანაშაულის შესახებ N…, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ავტომანქანის ამოღების ოქმი და ამოღებული ავტომანქანა, საავტომობილო გზის დათვალიერების ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N…. და N… დასკვნები, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები და გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, სამედიცინო ექსპერტიზის N…, N…., N…, N…, N… დასკვნები და სხვა მტკიცებულბები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ ვ. ი-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, რასაც არც კასატორი ხდის სადავოდ.
7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ანახანუმ შამილოვა ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ ვ. ი-ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებას.
8. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), N21447/11, N35839/11, 27/02/2020, §66).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე - შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ ანახანუმ შამილოვას საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ. ი-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.
12. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ვ. ი-ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის აღიარება და სინანული ჩადენილი ქმედების გამო; მისი კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს; ის გარემოება, რომ ვ. ი-მა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ), იგი პირველადაა სამართალში, მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობითი დანაშაული), დაზარალებულების პოზიცია, რაზე დაყრდნობითაც, შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე თავისუფლების აღკვეთა (სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი სანქციის სახით ითვალისწინებს ალტერნატიულ სასჯელებს - ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავებისა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ), რომელიც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
13. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება). ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 და 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21; ასევე - 2022 წლის 10 ივნისის განჩინება N432აპ-22 განჩინებები).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის - ანახანუმ შამილოვას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე