საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100123008338307
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №162აპ-25 13 ივნისი, 2025 წელი
კ–ნ ი., №162აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. ტ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. კ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენით, ი. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
2.2. სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:
2023 წლის 26 სექტემბერს, ქ. ბ–ში, ა–ს №..-ში, დაახლოებით, 03:00 საათზე, ნ. კ–ისა და მისი შვილების საცხოვრებელი ნაქირავები ბინის მისაღებ ოთახში განთავსებულ საწოლში ი. კ–მა თავისი, როგორც მამაკაცის, უპირატესი როლის დამტკიცების უშედეგო მცდელობისას, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილების – 12 წლის რ. კ–ისა და 14 წლის მ. კ–ის – თანდასწრებით, ნ. კ–ს გულ-მკერდის არეში, დანის გამოყენებით, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანება, რის შედეგად ნ. კ–ი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა ი. კ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება. ალტერნატივის სახით კი, უვადო თავისუფლების აღკვეთის შეცვლა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 31 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. კ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ტ–ემ, რომელმაც მოითხოვა ი. კ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება. ალტერნატივის სახით კი – უვადო თავისუფლების აღკვეთის შეცვლა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან განაჩენი არ გამომდინარეობს გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეზიარებინა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა, რომ ი. კ–ი იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო დაზარალებულის წინარე მოქმედებებით. ასევე, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ი. კ–ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული უვადო თავისუფლების აღკვეთა არარელევანტურია, არაჰუმანურია და არ გამომდინარეობს მსჯავრდებულის პიროვნებიდან. სასჯელის ეს სახე მიმართულია მხოლოდ მსჯავრდებულის დასჯისკენ და არა მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისაკენ. სასამართლომ არ გაითვალისწინა ი. კ–ის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ ივან იგი არ არის ნასამართლევი, მან აღიარა მეუღლის მკვლელობა და მტკიცებულებების დიდი ნაწილი მიიჩნია უდავოდ, შესაბამისად აღნიშნული სასჯელის განსაზღვრა არ შეესაბამება, სასამართლოს პრაქტიკას მკვლელობის საქმეებზე. უვადო თავისუფლების აღკვეთა გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულს ქმედება ჩადენილი აქვს განსაკუთრებული სისასტიკით, ორი ან მეტი პირის მიმართ, არ აღიარებს ბრალს და მისი პიროვნული მახასიათებელი არ იძლევა საფუძველს, განისაზღვროს მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კონკრეტული ვადა. დაცვის მხარის განმარტებით, ი. კ–ს ქმედება არ განუხორციელებია გენდერული ნიშნით და წინასწარ განსაზღვრული სისატიკით. სასამართლოში გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ი. კ–მა გენდერული ნიშნით მოკლა მისი მეუღლე, ან მასზე წარსულში აღნიშნული ნიშნით ძალადობდა. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ ნიშანს, განსაკუთრებულ სისასტიკეს – რომელიც გარდაცვლილის სხეულზე მრავლობითი ჭრილობის გამო შეერაცხა მსჯავრდებულს, გამოწვეული იყო იმით, რომ ი. კ–ს ქმედების ჩადენის მომენტში საკუთარი ნებელობა შეზღუდული ჰქონდა და მხოლოდ მას შემდეგ გაჩერდა, რაც მისი ქალიშვილის ფეხზე სისხლი შეამჩნია.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი. კ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
5.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, ი. კ–ის მიერ ნ. კ–ისათვის დანით მრავლობითი ჭრილობების მიყენების ფაქტი. აღნიშნული სადავოდ დაცვის მხარის მიერ სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე გამხდარა. დაცვის მხარის პოზიციით, ი. კ–ი იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო დაზარალებულის მიერ, მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებული ქმედებებით – დამამცირებელი მოპყრობით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით, ეკონომიკური ძალადობითა და მისი, როგორც მამაკაცის, ღირსების შელახვით.
5.4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის პროცესში მხარეები აღჭურვილნი არიან შეჯიბრებითობის უფლებით, რა დროსაც დაცვის მხარე ბრალდების მხარესთან თანასწორად უფლებამოსილია, მოიპოვოს და წარადგინოს სასამართლოში მისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება. ზემოაღნიშნული პრინციპის იმპერატიული მოთხოვნები დაირღვევა, თუ არ იარსებებს რეალური შესაძლებლობა, ბრალდებულმა გავლენა მოახდინოს პროცესზე – მისი ხმა/პოზიცია მოსმენილი და შეპირისპირებული იყოს სხვა მტკიცებულებებთან. ამასთან, სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვევა, თუკი ბრალდებულს არ მიეცემა ეფექტური შესაძლებლობა, შეეწინააღმდეგოს სადავო მტკიცებულებების გამოყენებას მის წინააღმდეგ და გაასაჩივროს ის გარემოებები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი მსჯავრდება საეჭვო მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა ამგვარი უფლებით აღჭურვა არ გულისხმობს იმას, რომ დაცვის მხრიდან დაცული არ იქნას ის ფორმალური საფუძვლები, რაც აუცილებელია მტკიცებულების გამოძიების პროცესში მოპოვებისა და სასამართლოში საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით წარდგენისათვის.
5.5. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო განყენებულად არ აფასებს რომელიმე მტკიცებულებას. პირიქით, ერთობლივი ანალიზის შედეგად ადგენს ფაქტობრივ გარემოებებს და შესაბამისად, მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი თითოეული მნიშვნელოვანი გარემოება დასტურდება სხვადასხვა მტკიცებულების შინაარსობრივი ანალიზით.
5.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხია, იმყოფებოდა თუ არა ქმედებებისას ი. კ–ი აფექტის მდგომარეობაში და რატომ არ გაიზიარა სასამართლომ დაცვის მხარის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდა ი. კ–ის ფიზიოლოგიურ აფექტში ყოფნის ფაქტი.
5.7. დაცვის მხარის მცდელობა, სხვაგვარად წარმოეჩინა განვითარებული მოვლენები, დადასტურებულია დაცვის მხარის მიერ სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტისათვის დასმული კითხვებით. მართალია, ბრალდების მხარის სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას უპირისპირდება დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N.... დასკვნა, რომლის თანახმადაც, ი. კ–ი იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარებაში, თუმცა საგულისხმოა დაცვის მხარის მიერ დასმული შეკითხვა: „მეუღლის, ნ. კ–ის მხრიდან პირადად ი. კ–ის მიმართ პერმანენტულ სიტყვიერ მძიმე შეურაცხყოფას, მომხმარებლურ დამოკიდებულებას, დამცირებას, ღირსების შელახვას და სხვა ამორალურ ქმედებებს შეეძლო თუ არა ი. კ–ი ჩაეგდო მწვავე სტრესში, რომლის დროსაც კონტროლი დაკარგა საკუთარი ქმედებზე და რაში გამოხატება აღნიშნული?“. ასევე, ექსპერტის მიერ გაცემული პასუხი: „ფსიქოლოგიური კვლევით დგინდება, რომ ი. კ–ი წარმოაგენს ადვილად აგზნებად ფსიქოტიპს, დესტრუქციულად აგზნებადი ქცევითი მიდრეკილებებით. ემოციების კონტროლი მისთვის საკმაოდ ძნელი იყო და უკიდურესად გაბრაზებული მიდრეკილი იყო თვითდაზიანებებისკენ. ამასთანავე პიროვნულად იყო მოწესრიგებული, მშრომელი, ოჯახზე მზრუნველი ადამიანი. ჰქონდა ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. თავს ვალდებულად თვლიდა, ყოფილიყო დათმენის ფორმატში და ოჯახი არ დაანგრია, ითმენდა ცოლის მხრიდან შეურახყოფას, დამცირებას, საჯაროდ შერცხევენას, რადგან უყვარდა მეუღლე. აღნიშნული იკვეთება, როგორც ი. კ–ის ფსიქოლოგიური კვლევისას, ასევე მოწმეების ჩვენებებშიც“.
5.8. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან და თავად ექსპერტ ნ. წ–ის ჩვენებიდან გამომდინარე, თვალსაჩინოა, რომ დაცვის მხარის ექსპერტი დასკვნის გაცემისას დაეყრდნო დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება, როგორც მ. კ–ის უდავოდ ცნობილ გამოკითხვის ოქმს და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებას, ასევე ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებს, რომლებშიც ასახულია გარდაცვლილის და მსჯავრდებულის მიმოწერა. დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები მიზნად ისახავდა ი. კ–ისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქებას, გარდაცვლილის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის გზით.
5.9. დაცვის მხარის მოწმეების მიერ გაჟღერებული ფრაზები, როგორიცაა: „ვინც დაბლა ცხოვრობს, ყველამ იცის, რომ ნ–ი ცუდ გზაზე დადიოდა“, „ი–ი ფულს გზავნიდა რ–დან, ნ–ი „ჩაცმულ-დახურული“ დადიოდა“ და „ნ–ი მოკვლის ღირსი კიარა დასახვრეტი იყო და ქალი, რომელიც ბოზობს, მოსაკლავია; მუშა კაცის ღალატი არ შეიძლება“, მიუთითებს დაცვის მხარის მოწმეების სტერეოტიპულ მიდგომაზე, რომელიც უწესებს სტანდარტებს, თუ როგორი უნდა იყოს ქალი, როგორ უნდა იცვამდეს ანდა როგორ უნდა იქცეოდეს საზოგადოებაში, რაც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით, არაინფორმაციულია და წარმოადგენს მათ შეხედულებებს, რომელიც ეფუძნება მხოლოდ წინასწარ შექმნილ აზრებს და სტერეოტიპებს. აღნიშნული კი, სასამართლოს მხრიდან ვერ იქნება გაზიარებული, მით უფრო, მაშინ, როდესაც დაცვის მხარის მოწმეთა უმეტესობა არ შესწრებია ი. კ–სა და ნ. კ–ს შორის არსებულ კონფლიქტურ სიტუაციას და განმარტავენ, რომ ამის შესახებ უბრალოდ იციან.
5.10. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნა რეალურად არ ეფუძნება მისი ჩატარების დროს საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობას, უგულვებელყოფილია მტკიცებულებებით რეალურად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არ აღწერს რეალურად განვითარებულ მოვლენებს, რაც სანდოობას, დამაჯერებლობასა და უტყუარობას უკარგავს მას. საპირისპირო გარემოებები კი დგინდება ბრალდების მხარის მტკიცებულებებით. დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს რაიმე მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ გაიზიარა მხოლოდ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დაზარალებულის დისკრედიტაციას ემსახურება და არა – მ. კ–ის ჩვენება, ი. კ–ის მხრიდან დედამისისადმი განხორციელებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. ასევე, ურთიერთგამომრიცხავია ი. კ–ის მიერ ექსპერტებთან კლინიკური საუბრებისას დასახელებული აფექტის გამომწვევი მიზეზი, კერძოდ:
5.11. ექსპერტ მ. ბ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულმა აფექტის პირველი ფაზის დადგომა გაიზიარა ი. კ–თან ინტერვიურებისას დასახელებული გარემოების გათვალისწინებით, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ ნ. კ–მა მას უარი უთხრა სექსუალურ კავშირზე და ამ ფაქტის გადაზრდა აფექტის მეორე ფაზაში დროის მცირე მონაკვეთში მოხდა. ექსპერტ ნ. წ–ლის ჩვენებით კი ირკვევა, რომ ი. კ–მა მიუთითა, რომ პომიდვრის წვენის დაწუწების გამო მეუღლის მიერ მისი მისამართით ნათქვამმა შეურაცხმყოფელმა სიტყვამ და სიძულვილით გამოხედვამ მიიყვანა აფექტურ მდგომარეობამდე. ი. კ–ის მიერ ორი განსხვავებული მიზეზის დასახელება და ექსპერტთათვის რადიკალურად განსხვავებული ინფორმაციის მიწოდება, ეჭვქვეშ აყენებს მისი მხრიდან განმარტებულ გარემოებებს და მიუთითებს მის მცდელობაზე თავიდან აირიდოს მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
5.12. ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ აფექტი შეიძლება გამოწვეულ იქნას სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის – სოციალური ურთიერთობის მართლსაწინააღმდეგო ან ზნეობრივი ნორმების დარღვევით, მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დაზარალებულის მხრიდან აღნიშნული არ დასტურდება. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეთა მიერ დასახელებულ ფაქტებს ნ. კ–ის მიერ ფულის მოთხოვნის თაობაზე, არ შეიძლება შეფასდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებად და ეკონომიკურ ძალადობად, რამეთუ მეუღლეებს გააჩნიათ ერთმანეთისა და შვილების რჩენის ვალდებულება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ი. კ–ი არცერთი საექსპერტო კვლევის ფარგლებში არ მიუთითებდა ეკონომიკურ ძალადობაზე. პირიქით, აღნიშნავდა, რომ ნ. კ–ს მისგან „არც ფული უნდოდა და არაფერი“. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ი. კ–ი არ აღნიშნავდა, რომ ოჯახის რჩენა და მის მიერ გამომუშავებული ფულის გამოგზავნა მის ნებას არ შეესაბამებოდა და უფრო მეტიც, ექსპერტის წინაშე აცხადებდა, რომ მომავალშიც ცხოვრების მთავარ მიზნად მუშაობა და სწორედ შვილების რჩენა ესახება. ამდენად, დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით დასახელებული ფულის მოთხოვნის ფაქტი, ცალკე აღებული, ვერ მიიჩნევა სოციალური ურთიერთობის მართლსაწინააღმდეგო ან ზნეობრივი ნორმების დარღვევად და მით უფრო ვერ მოხდება მისი მიზეზობრივი დაკავშირება აფექტთან.
5.13. ამდენად, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის, დაცვის მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ი. კ–ი ქმედებების განხორციელების დროს იმყოფებოდა ძლიერი სულიერი აღელვების (აფექტის) მდგომარეობაში. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სამართალწარმოების პროცესში მიუთითებდა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა კი, თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტეს ყველა ის გარემოება, რომელთა გამოც, მიიჩნიეს, რომ არ არსებობდა ი. კ–ისადმი ბრალადწარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების საფუძველი.
5.14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედებების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას. შესაბამისად, არ არსებობს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
5.15. რაც შეეხება ი. კ–ისთვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ი. კ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, ი. კ–ის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხარისხი (იგი იყო დაზარალებულების ოჯახის წევრი – მეუღლე და მამა, ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ეზრუნა ოჯახზე, მათ შორის, შვილების ნორმალურ ზნეობრივ და ფიზიკურ განვითარებაზე, მიუხედავად ამისა, მან არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ჩაიდინა განზრახი ქმედება, მეუღლის (შვილების დედის) მიმართ, რამაც არამხოლოდ გარდაცვლილის სიცოცხლის უფლება ხელყო, არამედ დამანგრევებელი გავლენა იქონია არასრულწლოვანთა ფსიქიკასა და შემდგომში ნორმალურ განვითარებაზე), ი. კ–ის ქმედებით დამდგარი შედეგი (დაზარალებულის სიკვდილის ფაქტი და არასრულწლოვან მსხვერპლთათვის მიყენებულ ზიანი), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ი. კ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება როგორც საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს, ისე – ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.
5.17. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.19. ამასთან, მართალია ი. კ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, თუმცა საკასაციო სასამართლო ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენება/არ გამოყენების თაობაზე არ იმსჯელებს, ვინაიდან ზემოხსენებული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით.
5.20. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. ტ–ის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე