საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 100100124009884078
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №332აპ-25 12 ივნისი, 2025 წელი
ფ–ე რ., №332აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ფ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ო–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. ფ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 6 ივლისს, 13:13 საათზე, ქალაქ ს–ში, .....ის ქ. №..-ში მდებარე სს „გ–ს“ კუთვნილ აფთიაქ „...–ში“, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რ. ფ–ე თავს დაესხა აფთიაქის ფარმაცევტს – ნ. ბ–ს და მოსთხოვა თანხის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ თანხა მიეცა, თორემ მოკლავდა. ამის შემდეგ, შევიდა აფთიაქის საწყობში, თავს დაესხა იქ მყოფ აფთიაქის მენეჯერს – ნ. ც–ეს და სიცოცხლის მოსპობით მოსთხოვა ფულადი თანხა, კერძოდ, დანის დემონსტრირებით დაემუქრა, რომ თუ თანხას არ მისცემდა მოკლავდა. ვინაიდან, ნ. ც–ესა და ნ. ბ–ს შეეშინდათ სიცოცხლის მოსპობის და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მათ ფარმაცევტის სალაროში არსებული 100 ლარი გადასცეს რ. ფ–ეს, თუმცა რ. ფ–ემ სალაროდან დამატებით ამოიღო სხვა თანხაც. თავდასხმის შედეგად რ. ფ–ემ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ჯამში 520 ლარი და აფთიაქი დატოვა 13:15 საათზე. ჩადენილი ქმედებით ნ. ც–ესა და ნ. ბ–ს მიადგათ მორალური, ხოლო სს „გ–ს“ – 520 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით, რ. ფ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
2.2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ. ფ–მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ო–მ და მოითხოვეს რ. ფ–ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 20 იანვარს, მსჯავრდებულ რ. ფ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ო–მ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რ. ფ–ის მიმართ სასჯელის დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან არსებობდა ყველა პირობა, რათა რ. ფ–ს დანიშვნოდა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოებმა ირიბად იხელმძღვანელეს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც არასწორია.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას რ. ფ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია საფუძვლები, რომელთა გათვალისწინებითაც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელი დატოვა რ. ფ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ: რ. ფ–მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მას კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.
5.4. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაკმაყოფილებულია ზემოხსნებული მუხლის იმპერატიული კუმულაციური მოთხოვნები. თუმცა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ ზემოხსენებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, რაც მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.5. საკასაციო პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვის დროს იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, ისე რომ არ მიუთითა განაჩენში, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნებიდან.
5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ფ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ო–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე