დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.06.2025
საქმის ნომერი
2კ-84-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802225011522784

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №84I-25 ქ. თბილისი

ა.ა., 84I-25 5 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ა-ს, – დაბადებულის 2002 წლის 15 აგვისტოს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 21 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული ა. ა-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მთავარი პროკურატურა ითხოვს ა. ა-ს ექსტრადიციას, რათა აღსრულდეს ქ-ს აღმასრულებელი სასამართლოს 2023 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 23 წლის, 57 თვისა და 100 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის მთავარი პროკურატურა ითხოვს ა. ა-ს ექსტრადიციას (2023 წლის 30 ნოემბრის შუამდგომლობით), რათა მის მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლის პროცედურები სტამბოლის მე-9 სისხლის სამართლის სასამართლოს 2023 წლის 21 ნოემბრის დაკავების განჩინებებში მითითებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია თურქეთის რესპუბლიკის №5237 კოდექსის 220/2 მუხლით (კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა) და ამავე კოდექსის 81/1 მუხლით (განზრახ მკვლელობა).

1.3. 2023 წლის 17 იანვარს ქ-ს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის 1-ლი სასამართლოს განაჩენით, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 10 ნოემბერს, ა. ა.ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142/2-h, 143/1 და 62-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (შენობაში დაცული ნივთების ქურდობა) და მიესაჯა – 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.4. ამავე განაჩენით ა. ა.ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 116/1-4, 119/1-c და 62/1-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ხელყოფა) და მიესაჯა – 1 წლითა და 8თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.5. 2022 წლის 19 აპრილს ქ-ს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის 1-ელი სასამართლოს განაჩენით, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 27 დეკემბერს, ა. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142/2-h, 143/1 და 168/2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (შენობაში დაცული ნივთების ქურდობა) და მიესაჯა – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.6. ამავე განაჩენით ა. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 116/1-4, 119/1-c და 62/1-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ხელყოფა) და მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.7. 2021 წლის 2 თებერვლის ქ-ს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის 1-ელი სასამართლოს განაჩენით, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 20 სექტემბერს, ა. ა.ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის 13-1 მუხლით და თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 31/3 და 62/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და ტარება) და მიესაჯა – 6 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა.

1.8. 2023 წლის 4 მაისს ოსმანელის პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის 1-ლი სასამართლოს განაჩენით, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 8 სექტემბერს, ა. ა.ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142/2-h, 145, 31/3 და 62/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (შენობაში დაცული ნივთების ქურდობა) და მიესაჯა – 1 წლით, 4 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა.

1.9. ამავე განაჩენით ა. ა.ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 116/1, 31/3 და 62/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ხელყოფა) და მიესაჯა – 3 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა.

1.10. 2021 წლის 4 აპრილის ბ-ს არასრულწლოვანთა მეორე სასამართლოს განაჩენით, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 18 მარტს, ა. ა.ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142/2-h, და 31/3 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობა) და მიესაჯა – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.11. 2021 წლის 11 თებერვლის ბ-ს არასრულწლოვანთა პირველი სასამართლოს განაჩენით, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 28 თებერვალს, ა. ა.ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142/2-h, 143/1, 35/2, 31/3 და 62/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (შენობაში დაცული ნივთების ქურდობა) და მიესაჯა – 2 წლით, 9 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა.

1.12. ამავე განაჩენით ა. ა.ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 116/1-4, 119/1-c, 31/3 და 62/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ხელყოფა) და მიესაჯა – 1 წლით, 1 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა.

1.13. ამავე განაჩენით ა. ა.ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142/2-h, 31/3, 168/12 და 62/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (შენობაში დაცული ნივთების ქურდობა) და მიესაჯა –1 წლით, 4 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა.

1.14. ამავე განაჩენით ა. ა.ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142/2-h, 31/3 და 62/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (შენობაში დაცული ნივთების ქურდობა) და მიესაჯა – 2 წლით, 9 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა.

1.15. 2023 წლის 24 ნოემბერს ქ-ს აღსრულების სასამართლოს განაჩენით ზემოაღნიშნული სასჯელები შეჯამდა და საბოლოოდ, ა. ა-ს მოსახდელად განესაზღვრა – 23 წლით, 57 თვითა და 100 დღით თავისუფლების აღკვეთა.

1.16. 2023 წლის 28 ნოემბერს ქ-ს აღსრულების სასამართლოს 2023 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით გამოცხადდა ა. ა-ს ძებნა.

1.17. 2023 წლის 21 ნოემბერს სტამბოლის მშვიდობის სისხლის სამართლის მე-9 სასამართლომ გასცა დაკავების ორდერები თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 220/2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (დანაშაულის ჩადენის მიზნით დაარსებული ორგანიზაციის წევრობა) და ამავე კოდექსის 81/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობა) ჩადენაში ბრალდებული ა. ა-ს მიმართ და გამოცხადდა ძებნა.

1.18. 2024 წლის 5 იანვრიდან ა. ა-ს იძებნება ინტერპოლის არხებით.

2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2021 წლის 18 სექტემბერს ა. ა.უკანონოდ შევიდა დაზარალებულ ო. ო-ს საცხოვრებელ სახლში და მოიპარა ორი ცალი მობილური ტელეფონი.

2.2. 2022 წლის 21 თებერვალს ა. ა.უკანონოდ შევიდა დაზარალებულ ა. ა-ს საცხოვრებელ სახლში და მოიპარა 1000 თურქული ლირა და ავტომანქანის გასაღები.

2.3. 2020 წლის 25 აპრილს ა. ა-სთან ჩატარდა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 9 მმ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი და 34 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც ა. ა-ს უკანონოდ ჰქონდა შეძენილი და უკანონოდ ინახავდა.

2.4. 2017 წლის 5 ნოემბერს ა. ა. უკანონოდ შევიდა დაზარალებულ ს. კ-ს სახლში და მოიპარა 4 ცალი სამაჯური, ღირებული 100 თურქულ ლირად.

2.5. 2019 წლის 29 ივლისს ა. ა. უკანონოდ შევიდა დაზარალებულ ე. ნ. ქ-ს საცხოვრებელ სახლში და მოიპარა 9700 თურქული ლირა.

2.6. 2018 წლის 21 ოქტომბერს ა. ა. უკანონოდ შევიდა ა. ქ-ს, გ. გ-სა და რ. ა-ს საცხოვრებელ სახლში და მოიპარა ლეპტოპები, მობილური ტელეფონები და ძვირფასი ლითონის სამკაულები.

2.7. 2022 წლის 14 ოქტომბრიდან 2023 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში ა. ა. მონაწილეობდა ბ. ბ-ს ხელმძღვანელობით მოქმედი შეიარაღებული კრიმინალური ორგანიზაციის საქმიანობაში, ავრცელებდა მუქარის შემცველ განცხადებებს, გეგმავდა და მონაწილეობდა ორგანიზაციის მიერ ჩადენილ თავდასხმებში, მათ შორისაა: შეიარაღებული თავდასხმა თურქეთში, ბ-ში მდებარე რესტორანზე, რომლის შედეგად დაიღუპა ერთი პირი. ასევე – ორგანიზაციის სახელით, ა. ა-ს მონაწილეობით დაიგეგმა სხვადასხვა პირზე ძალადობრივი თავდასხმები, როგორიცაა: მ. ი. ა-ს, ს. ა-ს, ა. ა-ს, ა. ა-სა და ფ. ა-ს წინააღმდეგ 2023 წელს განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმები.

2.8. 2022 წლის 14 ოქტომბერს ა. ა.მონაწილეობდა ჰ. გ-ზე თავდასხმაში, რა დროსაც ბ. ბ-ს დაჯგუფების წევრებმა მოკლეს ჰ. გ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

3. ა. ა-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

3.1. 2024 წლის 21 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ა. ა-ს ექსტრადიციის მიზნით დაკავების თაობაზე.

3.2. 2024 წლის 18 ნოემბერს ა. ა.ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

3.3. 2024 წლის 19 ნოემბერს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. ა-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა – 3 თვით.

3.4. 2024 წლის 23 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ა. ა-ს ექსტრადიციის თაობაზე და დანართი მასალა.

3.5. 2025 წლის 13 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. ა-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა – 3 თვით, 6 თვემდე – 2025 წლის 18 მაისამდე.

3.6. 2025 წლის 14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. ა-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე – 2025 წლის 18 აგვისტომდე.

3.7. ამჟამად ა. ა.მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

4. 2025 წლის 19 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – ქეთევან ვაშაკიძემ – და ითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. ა-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, რათა: აღსრულდეს ქ-ს აღმასრულებელი სასამართლოს 2023 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის – 23 წლით, 57 თვითა და 100 დღით თავისუფლების აღკვეთის – მოუხდელი ნაწილი; განხორციელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა 2023 წლის 21 ნოემბერს სტამბოლის მშვიდობის სისხლის სამართლის მე-9 სასამართლოს მიერ გაცემულ დაკავების ორდერებში მითითებული დანაშაულებისთვის, რაც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 220/2 მუხლით (დანაშაულის ჩადენის მიზნით დაარსებული ორგანიზაციის წევრობა) და ამავე კოდექსის 81/1 მუხლით (განზრახ მკვლელობა).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 21 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. ა-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, რათა: აღსრულდეს ქ-ს აღმასრულებელი სასამართლოს 2023 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის – 23 წლით, 57 თვითა და 100 დღით თავისუფლების აღკვეთა – მოუხდელი ნაწილი; განხორციელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა 2023 წლის 21 ნოემბერს სტამბოლის მშვიდობის სისხლის სამართლის მე-9 სასამართლოს მიერ გაცემულ დაკავების ორდერებში მითითებული დანაშაულებისთვის, რაც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 220/2 მუხლით (დანაშაულის ჩადენის მიზნით დაარსებული ორგანიზაციის წევრობა) და ამავე კოდექსის 81/1 მუხლით (განზრახ მკვლელობა).

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 21 მაისის განჩინება გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ა-ს – ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. კ-მ, რომელიც ითხოვს საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შედეგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ იგი უკანონოა, რადგან ა. ა-ს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. იმ საქმესთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც, იგი იძებნება, თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებულ ყველა დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ეჭვმიტანილი და არა – ბრალდებული, სხვა საქმეებზე კი, ინტერპოლის არხებით არ იძებნებოდა. თურქული სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით ა. ა-სათვის არ შეუფარდებია დაპატიმრება, არამედ – მიღებულია დაკავების გადაწყვეტილება, შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის, მისი ვადის გაგრძელებისა და ექსტრადიციის დასაშვებობის განჩინებები უკანონოა; „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წინასწარი პატიმრობა არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადასცდეს 40 დღეს ამგვარი პატიმრობის თარიღიდან, მაშინ, როდესაც ა. ა.დაპატიმრობულია 2024 წლის 19 ნოემბრიდან, ევროპული კონვენციის განსაზღვრული 40-დღიანი საექსტრადიციო საპატიმრო ვადის დარღვევით და, შესაბამისად, უკანონო პატიმარია; არსებითი და საყურადღებოა, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში ა. ა-ს ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსებისსემლახველ მოპყრობას, მეტიც – არსებობს მისი სიკვდილის საფრთხე, რასაც ადასტურებს მის სახლზე, დაუდგენელი პირების მიერ, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის ფაქტი, სადაც იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები; სასიკვდილო საფრთხის არსებობის გამო, ა. აიდინმა მიმართა შსს მიგრაციის დეპარტამენტს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თხოვნით და, ამ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიმდინარეობს ადმინისტრაციული პროცესი, რომელიც არ დასრულებულა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა და ექსტრადიცია კანონით დაუშვებელია.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ა-ს – ინტერესების დამცველის, ა. ვ. კვანტალიანის საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

8. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა თავისი პოზიცია და ითხოვა, არ დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე სახის ახალი მტკიცებულება, ინფორმაცია ან მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, რამეთუ საკასაციო საჩივარში გაცხადებული საკითხები არ საჭიროებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევას, მით უფრო, როდესაც საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტლების მიღებამდე, საკასაციო სასამართლომ მხარეებს მისცა შესაძლებლობა, წარმოედგინათ დამატებითი არგუმენტები მათი პოზიციების დასადასტურებლად თუ საპროცესო მოწინააღმდეგის მტკიცების გასაბათილებლად, რის კვალდაკვალ, საკასაციო სასამართლოში, დაცვის მხარეს დამატებითი მოსაზრებები აღარ წარმოუდგენია.

2. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილის – ა. ა-ს – დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

5. კასატორის მტკიცებაზე, რომ ა. ა-ს ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა უკანონოა, რამეთუ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის განხილვისას, სასამართლო არ აფასებს პირის ბრალეულობის საკითხს, არამედ ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები საქმეებზე: №402I-21; №453I-21).

6. კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-16 მუხლის (წინასწარი დაპატიმრება) მე-4 პუნქტის შესაბამისად, წინასწარი პატიმრობა შეიძლება შეწყდეს, დაპატიმრებიდან 18 დღის ვადაში, თუკი თხოვნის მიმღები მხარე, არ მიიღებს თხოვნას ექსტრადიციის შესახებ და მე-12 მუხლში მოხსენიებულ დოკუმენტებს. წინასწარი პატიმრობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადასცდეს 40 დღეს ამგვარი დაპატიმრების თარიღიდან. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული, უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადაა – 3 თვე, რომელიც საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, ექსტრადიციის განხორციელებით გამოწვეული საჭიროების გამო, შეიძლება გაგრძელდეს 3 თვით, მაგრამ არაუმეტეს ორჯერ. განსახილველ შემთხვევაში, ხაზგასასმელია, რომ 2024 წლის 21 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ა. ა-ს ექსტრადიციის მიზნით დაკავების თაობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ა. აიდინი, ექსტრადიციის მიზნით, დააკავეს 2024 წლის 18 ნოემბერს, ხოლო 2024 წლის 19 ნოემბერს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით მას შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა – 3 თვით. ამავდროულად, 2024 წლის 23 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ა. ა-ს ექსტრადიციის თაობაზე და კონვენციის მე-12 მუხლში მითითებული დოკუმენტები. შესაბამისად, კასატორის მტკიცება „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-16 მუხლის დარღვევასა და ა. ა-ს შესაძლო უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

7. აქვე აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მთავარი პროკურატურა ითხოვს ა. ა-ს ექსტრადიციას, რათა აღსრულდეს ქ-ს აღმასრულებელი სასამართლოს 2023 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 23 წლის, 57 თვისა და 100 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის მთავარი პროკურატურა ითხოვს ა. ა-ს ექსტრადიციას (2023 წლის 30 ნოემბრის შუამდგომლობით), რათა მის მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლის პროცედურები სტამბოლის მე-9 სისხლის სამართლის სასამართლოს 2023 წლის 21 ნოემბრის დაკავების განჩინებებში მითითებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია თურქეთის რესპუბლიკის №5237 კოდექსის 220/2 მუხლით (კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა) და ამავე კოდექსის 81/1 მუხლით (განზრახ მკვლელობა).

8. კასატორის მტკიცების საპირისპიროდ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ა. ა-სათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მიმდინარე ადმინისტრაციული პროცესის კვალდაკვალ, მისი ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა კანონით დაუშვებელია, გასათვალისწინებელია, რომ ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, მაგრამ არ განიხილავს არც პირის გადაცემის საკითხს და არც პირის გადაცემის კონკრეტულ პერიოდს, ხოლო ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს მიერ პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ექსტრადიციის დაკმაყოფილების ან ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებას; გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, ასევე – ითვალისწინებს, მათ შორის, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან ექსტრადიციის შესაბამისობას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.

9. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005).

10. საყურადღებოა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში მითითებულია, ექსტრადიციის შემთხვევაში, ა. ა-ს მიმართ არასათანადო მოპყრობისა და სიცოცხლის მოსპობის შესაძლო საფრთხეებზე, თუმცა გაცხადებულის არსებობა ან/და რეალურობა არ არის გამყარებული კონკრეტული დამადასტურებელი მტკიცებულებებით, რისი მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ა. ა-ს სიცოცხლის მოსპობის ან მის მიმართ არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე და ვერც ის დგინდება, რომ ასეთი საფრთხის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას.

11. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები, ერთობლივ, მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 21 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ა-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 21 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი