შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100121005194976
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №72აპ.-25 7 ივლისი, 2025 წელი
გ-ი კ., №72აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. კ. გ–ი (პირადი ნომერი: .....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში: საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ესე იგი ცემა და სხვაგვარი ძალადობა, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯგუფურად, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2020 წლის 27 ოქტომბერს დაახლოებით 11:00 საათზე, ზ–ში მდებარე მ–ას საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან კ. გ–მა, ურთერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ვ. გ–თან და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენ პირთან ერთად ცემა გ. ს–ა მუშტი დაარტყა ცხვირის არეში, სახეზე და ტანზე. ასევე იძალადა მასზე ლითონის მილი ჩაარტყა თავის არეში. გარდა ამისა იძალადა გ. ს–ას დედა რ. ე–ე ლითონის მილი დაარტყა მარცხენა ხელის მტევანზე და მარცხენა მხარზე. ასევე ცემა გ. ს–ას მამა მ–ა მუშტი დაარტყა ზურგის არეში და იძალადა ლითონის მილი დაარტყა ზურგის არეში. კ. გ–ის მხრიდან განხორციელებული ცემისა და ძალადობის შედეგად, გ. ს–ამ, რ. ე– და მ–ამ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2020 წლის 27 ოქტომბერს დაახლოებით 11:00 საათზე, ზ–ში მდებარე მ–ას საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან კ. გ–მა, ურთერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ვ. გ–თან და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად გ. ს–ას მუშტი დაარტყა ცხვირის არეში, სახეზე და ტანზე, ასევე ლითონის მილი ჩაარტყა თავის არეში, რის შედეგად გ. ს–ას მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
1.2. ვ. გ–ი (პირადი ნომერი: .....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ესე იგი ცემა, ჯგუფურად, ორი პირის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯგუფურად, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2020 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე ზ–ში მდებარე მ–ას საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან ვ. გ–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, კ. გ–თან და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად ცემა გ. ს–ა – ფეხებს და მუშტებს ურტყამდა თავზე და მთელ სხეულზე. ასევე ცემა გ. ს–ას მამა მ–ა – თავში ურტყამდა ხელს. ვ. გ–ის მხრიდან განხორციელებული ცემის შედეგად გ. ს–ამ და მ–ამ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2020 წლის 27 ოქტომბერს დაახლოებით 11:00 საათზე, ზ–ში მდებარე მ–ას საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან ვ. გ–მა, ურთერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, კ. გ–თან და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენ პირთან ერთად გ. ს–ას ფეხები და მუშტები დაარტყა თავზე და მთელ სხეულზე, რის შედეგად გ. ს–ას მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ვ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩაიდინა. ვ. გ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგით:
2020 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე ზ–ში, წ–ში მდებარე მ–ას საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან ვ. გ–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, კ. გ–თან და სხვა პირთან ერთად ცემა გ. ს–ა, ფეხებს და მუშტებს ურტყამდა თავზე და მთელ სხეულზე, მ–ა, რომელსაც თავში ურტყამდა ხელს. ვ. გ–ის მხრიდან განხორციელებული ცემის შედეგად გ. და მ–ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სხდომაზე გამოკლვეული მტკიცებულბებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდა, რომ კ. გ–მა სხვებისგან დამოუკიდებლად, რამდენიმე დარტყმით გ. ს–ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგით:
2020 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე ზ–, წ–ში მდებარე მ–ას საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან კ. გ–მა, ურთერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ. ს–ას მუშტი დაარტყა ცხვირის არეში, ლითონის მილი ჩაარტყა თავის არეში, რის შედეგად გ. ს–ას მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ კ. გ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგით:
2020 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე ზ–ში, წ–ში მდებარე მ–ას საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან კ. გ–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ვ. გ–თან და სხვა პირთან ერთად ცემა მ–ა – მუშტი დაარტყა ზურგის არეში, ასევე იძალადა რ. ე–ე – ლითონის მილი დაარტყა მარცხენა ხელის მტევანზე. კ. გ–ის მხრიდან განხორციელებული ცემის შედეგად რ. ე– და მ–ამ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენით, ვ. გ–ი საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ვ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი.
კ. გ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
კ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების აკრძალვა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – შინაპატიმრობა 2 წლით, რომლის ფარგლებშიც დაეკისრა დღე-ღამის 09:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება; მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების აკრძალვა 5 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი.
2.4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა დავით პაპავამ, რომელმაც მოითხოვა კ. გ–ის და ვ. გ–ის ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობა.
2.5. განაჩენი, ასევე გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა კ. გ–ისა და ვ. გ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოტანა.
2.6. დაცვის მხარემ მსჯავრდებულმა კ. გ–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ჯ–მ სასამართლო სხდომაზე დააზუსტეს საჩივარი და მოითხოვეს კ. გ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის – შინაპატიმრობის – ჩათვლა პირობით.
2.7. მსჯავრდებულ ვ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ჯ–მ ვ. გ–ის გარდაცვალების გამო, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რაც დაკმაყოფილებული იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის საოქმო განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება.
ვ. გ–ი საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ვ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.
კ. გ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
კ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების აკრძალვა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – შინაპატიმრობა 2 წლით, რომლის ფარგლებშიც დაეკისრა დღე-ღამის 09:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება; მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების აკრძალვა 5 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, კ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 2 წლით, რომლის ფარგლებშიც დაეკისრა დღე-ღამის 09:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება; მასვე დამატებითი სასჯელის სახით – 5 წლით აეკრძალა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა და ტარება.
3.2. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა დავით პაპავამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, კ. გ–ის და ვ. გ–ის ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კ. გ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცრების შესახებ, ხოლო ვ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლების თაობაზე უკანონოა, რადგან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უტყუარად ადასტურებენ რომ ვ. გ–მა და კ. გ–მა ჯგუფურად მიაყენეს გ. ს–ას ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით. ბრალდების მხარე ასევე ითხოვს კ. გ–ის მიმართ სანქციით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. უპირველეს ყოვლისა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს კ. გ–ისა და ვ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ სადავოა კ. გ–ის და ვ. გ–ის მიერ გ. ს–ას მიმართ განხორციელებული ქმედების კვალიფიკაცია და სამართლებრივი შეფასება.
5.3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამართლების, ხოლო კ. გ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით: დაზარალებულების – გ. ს–ას, რ. ე– და მ–ას, ასევე მოწმე – ი. ს–ას ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ გ. ს–ას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა კ. გ–მა.
5.4. მოწმე მ–ას ჩვენების თანახმად, 2020 წლის 26 ოქტომბერს, მასთან მისული იყო ვ. გ–ი. მათ შორის წარიმართა უსიამოვნო საუბარი მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებით. მომდევნო დილას მასთან კვლავ მივიდა ვ. გ–ი, რომელსაც ახლდა კ. გ–ი და კიდევ ორი პირი. კ-მ მას დაუწყო ყვირილით საუბარი და ითხოვდა ავტომანქანის ძრავის თანხის დაბრუნებას. ხმაურზე მათ მიუახლოვდა მისი შვილი – გ. ს–ა, რომელმაც კ–ს მოუწოდა შეეწყვიტა ყვირილი. კ–მ გ–ს ცხვირში ჩაარტყა მუშტი, რის გამოც გ– დაეცა. ამ დროს ვ. გ–ი და უცნობი პირი ფეხებს ურტყამდნენ გ–ს. შემდეგ ვ. გ–ი და უცნობი პირი გაეკიდნენ მას (მ–ას) და მუშტებს ურტყამდნენ, რაც მას ეტკინა, ხოლო კ. გ–მა რკინის ნაჭერი ჩაარტყა. მოწმემ მიუთითა, რომ მას შემდეგ, რაც წაქცეული გ. ს–ა ფეხზე წამოდგა, კ. გ–მა ჩაარტყა რკინის ნაჭერი. კ–მ რკინის ნაჭერი დაარტყა ასევე მის მეუღლეს.
5.5. მოწმე გ. ს–ას ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს ვ. გ–ი ეჯიკავებოდა მამამისს. მან ვ–ს და კ–ს მოუწოდა შეეწყვიტათ ჩხუბი, რა დროსაც ვ–მ კ–ს უთხრა, რომ იგი მ–ას შვილი იყო. ჩხუბში აქტიურობდა კ. გ–ი. კ–მ მას ცხვირში დაარტყა მუშტი, რის გამოც იგრძნო ტკივილი, წამოუვიდა სისხლი, დაეცა, დაარტყა თავი და დაკარგა გონება. გონზე მოსულმა იგრძნო, რომ კეფის არეში ჰქონდა დაზიანება და მოსდიოდა სისხლი. ამ დროს რამოდენიმე პირი ურტყამდა, რაც სტკიოდა, თუმცა ეს პირები ვინ იყვნენ ვერ დააკონკრეტა. იგი წამოდგა და დაინახა, რომ ჩხუბი გრძელდებოდა, კერძოდ, კ– და ვ– ეჩხუბებოდნენ მამამისს. მან კვლავ სცადა გაშველება, რა დროსაც კ. გ–მა რკინის ხელკეტი ჩაარტყა თავში, რის გამოც იგრძნო ძლიერი ტკივილი, წამოუვიდა სისხლი და დაკარგა ორიენტაცია.
5.6. მოწმე ი. ს–ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2020 წლის 27 ოქტომბერს, დილით, გამოაღვიძა ხმაურმა, რის გამოც გავიდა ეზოში და დაინახა, რომ კ. გ–მა ზურგში მუშტი ჩაარტყა მამამისს – მ–ას. მისი ძმა გ. ს–ა შეეცადა მათ გაშველებას, რა დროსაც კ–მ ცხვირში მუშტი დაარტყა გ–ს, რის გამოც იგი დაეცა. რამოდენიმე წუთში მისი ძმა მოვიდა გონს და წამოდგა, რა დროსაც კ. გ–მა რკინის მილი დაარტყა თავში. რკინის მილის დარტყმის შემდეგ მის ძმას - გ. ს–ას ფეხებს ურტყამდნენ ვ. გ–ი და უცხო პირი.
5.7. მოწმე რ. ე– ჩვენებით დასტურდება, რომ 2020 წლის 27 ოქტომბერს, მისი მეუღლე მ–ა ეზოს ჭიშკართან ავტომანქანას არემონტებდა. ის და მისი შვილი გ. ს–ა იმყოფებოდნენ ეზოში, რა დროსაც შემოესმათ ხმამაღალი საუბარი. მისი შვილი გაემართა მათი მიმართულებით, რა დროსაც კ. გ–მა მუშტი დაარტყა გ. ს–ას, რის გამოც იგი ზურგით წაიქცა ასფალტზე, თავი დაარტყა და დაკარგა გონება. მას ცხვირიდან და თავიდან წამოუვიდა სისხლი. წაქცეულს ვ. გ–ი უცხო პირთან ერთად ურტყამდა. რ. ე– წამოაყენა მისი შვილი, რის შემდეგაც კ. გ–მა რკინის მილი ჯერ გ–ს ჩაარტყა თავში, შემდეგ მას მარცხენა მხარეს ხელზე და ბოლოს მის მეუღლეს.
5.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N......... და N........... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, სს ევექსის ჰოსპიტალების ზ–ს რ... ჰ–სის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N........ის ჩანაწერებით გ. ს–ას დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მარცხენა ფირფიტის ხაზოვანი მოტეხილობა, ჩანაწერებში ასევე აღნიშნულია – ორი ნახეთქი ნაფლეთი ჭრილობა შუბლის არეში და „სისხლნაჟენთი ექსკორიაცია“ კეფის არეში. თავზე არსებული დაზიანებები (თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლის მარცხენა ფირფიტის მოტეხილობა და ორი ნახეთქი (ნაფლეთოვანი ჭრილობა შუბლის არეში) ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზინებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს – 27.10.20წ. ზ–ს კლინიკის სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნული „სისხლნაჟღენთი ექსკორიაცია“ კეფის არეში იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და მისი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, დანარჩენი დაზიანებები (ორი ნაჭდევი გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ შუა მესამედში, სისხლნაჟღენთი მარცხენა მხრის შიგნითა ზედაპირზე ქვედა მესამედში, სისხლნაჟღენთი მარცხენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე, სისხლნაჟღენთი მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე ქვედა მესამედში და სამი სისხლნაჟღენთი მარცხენა წინამხრის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში) იზოლირებულად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
5.9. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია მოწმეების – მ–ას, ი. ს–ასა და რ. ე–ს ჩვენებებით მსჯავრდებულები ურტყავდნენ გ. ს–ას, თუმცა მიუხედავად ამისა სახეზე არ არის ქმედების (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების) განხორციელება ჩადენილი ჯგუფურად. საგულისხმოა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა კონკრეტულად რომელი მსჯავრდებულის დარტყმის შედეგად, რა დაზიანება მიიღო დაზარალებულმა. უტყუარად დადასტურდა კ. გ–ის მიერ განხორციელებული ქმედებების ხასიათი და ფორმა, მათ შორის რკინის მილის დარტყმის ფაქტი და ის, რომ გ. ს–ა დაეცა კ. გ–ის მიერ ცხვირში მუშტის დარტყმის შედეგად და დაარტყა თავი, რის შემდეგაც ცხვირიდან და თავიდან წამოუვიდა სისხლი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი, ცალსახად დასტურდება, რომ გ. ს–ას თავზე არსებული დაზიანებები: თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლის მარცხენა ფირფიტის მოტეხილობა და ორი ნახეთქი (ნაფლეთოვანი ჭრილობა შუბლის არეში) ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზინებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ამდენად, ნათელია, რომ შედეგის დადგომისათვის – ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისთვის, ცალკე აღებული, საკმარისი იყო კ. გ–ის მიერ განხორციელებული მოქმედებები და მიუხედავად იმისა, რომ სხვებიც მონაწილეობდნენ ჩხუბში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა, სხვა პირთა მხრიდან განხორციელებული მოქმედებების ხასიათი, ფორმა, ინტენსივობა და საშიშროება, შესაბამისად, ვერ დადასტურდა, რომ თითოეული მათგანი მოქმედებდა მსხვერპლისთვის სხეულის დაზიანების მიყენების განზრახვით, ისე, როგორც აღნიშნულს ადგილი ჰქონდა კ. გ–ის მხრიდან.
5.10. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თვითმხილველი მოწმეები დაზარალებულის ძმა და დედ-მამა – ი. ს–ა, რ. ე. და მ–ა სხვადასხვა დროს უთითებენ ვ. გ–ის ქმედებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ი. ს-ას ჩვენებით, ვ. გ–მა სხვა პირთან ერთად გ. ს–ას მიმართ იძალადა მას შემდეგ, რაც კ. გ–მა რკინის ხელკეტი დაარტყა გ. ს–ას. ხოლო რ. ე–ა და მ–ას განმარტებით, ვ. გ–მა სხვა პირთან ერთად მათი შვილის მიმართ ძალადობა განახორციელა, მას შემდეგ რაც კ. გ–მა მუშტი დაარტყა მას და წაიქცა. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ვ. გ–ის მიერ განხორციელებული ქმედებები წარმოადგენდა ხელშემწყობ ფაქტორს კ. გ–ის მოქმედებისათვის, რის გამოც მათი მხრიდან დამოუკიდებლად განხორციელებული ქმედებები ვერ განიხილება, როგორც დამდგარი შედეგის აუცილებელი პირობა. თითოეული მათგანის მოქმედება ობიექტურად და მიზეზობრივად ერთმანეთისგან განსხვავდება, რისი გათვალისწინებითაც ვ. გ–ს გ. ს–ას მიმართ მსჯავრად უნდა შეერაცხოს არა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების ჩადენა, არამედ - ძალადობა.
5.11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ვ. გ–ისა და კ. გ–ის შეკავშირებაზე გ. ს–ასთვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების განზრახვით. განზრახვა შესაძლოა დადასტურდეს, როგორც თითოეულის მიერ განხორციელებული ცალკეული ქმედებით, ასევე ერთად ჩადენილი მოქმედებების ხასიათით, ინტენსივობითა და ფორმით, რაც უტყუარად დაადასტურებს, რომ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე და მიმდინარეობისას, თითოეული მათგანი თავისი მოქმედებებით ხელს უწყობდნენ ერთმანეთს.
5.12. აღნიშნული დასკვნა თანხვდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, კერძოდ: წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულის ჩადენამდე დროის ხანგრძლივი პერიოდი, მთავარია შეთანხმება არსებობდეს ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე, რაც უნდა დადასტურდეს საქმეში არსებული შესაბამისი მტკიცებულებებით. შეთანხმება შესაძლოა განხორციელდეს, როგორც სიტყვიერი ფორმით ასევე არავერბალური ფორმითაც, კერძოდ, გამოიხატოს ჟესტებით და მიმიკებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის №618აპ-15 განაჩენი).
5.13. ამდენად, კ. გ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილზე. ხოლო ვ. გ–ი საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
6. სასჯელის დასაბუთება:
6.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
6.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
6.3. ამასთან, ვ. გ–ის გარდაცვალების გამო, საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის დანაწესის მხედველობაში მიღებით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა იქნეს დადგენილი სასჯელის დაუნიშნავად.
6.4. რაც შეეხება კ. გ–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, თუმცა საკასაციო პალატის მოსაზრებით არ დაუნიშნა თანაზომიერი სასჯელი, კერძოდ, ქმედებაში გამოვლენილი მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის (მას როგორც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს ევალებოდა წესრიგისა და სხვათა უფლებების დაცვა და მიუხედავად ამისა, მან ჩაიდინა დანაშაული და მის ქმედებები იყო მეტად ინტენსიური და სახიფათო) გათვალისიწინებით, მას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით, რაც იქნება კანონიერი და სამართლიანი სასჯელი და სრულად შეესაბამება, საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას). ამასთან, ვინაიდან, კ. გ–ი არის ნასამართლობის არ მქონე პირი, მის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით – სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
6.5. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მართალია, საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა მხოლოდ ბრალდების მხარემ, თუმცა საკასაციო პალატა არ ივიწყებს სასამართლოს თავისთავად ვალდებულებას – სწორად გამოიყენოს კანონი და მიუთითებს, რომ ვინაიდან კ. გ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
6.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
6.7. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის საააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ჯ– განაცხადა, რომ დაზარალებულების პოზიციის გათვალისიწნებით, სასამართლოს წინაშე მათი თანხმობები ვერ იქნებოდა წარმოდეგნილი.
6.8. ამასთან, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
6.9. შესაბამისად, კ. გ–ს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული ძირითადი სასჯელები.
6.10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კ. გ–ს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს მოხდილი შინაპატიმრობა (2023 წლის 6 ნოემბრიდან დღემდე), საქართველოს სსკ-ის 471-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დადგენილი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის ერთი დღე თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
6.11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, ამავე კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ვ. გ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით;
ვ. გ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად;
4. კ. გ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
კ. გ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათი, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 166 საათი;
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით – 2 წლით აეკრძალოს ნებისმიერი სახის იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა და ტარება;
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით;
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით – 5 წლით აეკრძალოს ნებისმიერი სახის იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა და ტარება;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით – 5 წლით აეკრძალოს ნებისმიერი სახის იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა და ტარება;
5. კ. გ–ს ძირითადი სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა) მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოხდილი შინაპატიმრობა (2023 წლის 6 ნოემბრიდან დღემდე), შემდეგი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის ერთი დღე თავისუფლების აღკვეთის ერთ დღე და დანიშნული ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით ჩაეთვალოს მოხდილად, ხოლო დამატებითი სასჯელის (5 წლით ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების აკრძალვა) ვადის ათვლა დაეწყოს ძირითადი სასჯელის მოხდის დღიდან - 2025 წლის 6 ივლისიდან. მასვე, დამატებითი სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2023 წლის 6 ნოემბრიდან დღემდე პერიოდი (დრო, რომლის განმავლობაშიც კ. გ–ი ძირითად სასჯელთან ერთად იხდიდა დამატებით სასჯელს).
6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ კ. გ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის №0----------------- (12/1884-21) განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი – 4-----------);
7. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ქურთუკი, მაისური, სამედიცინო დოკუმენტაცია, თავის ტვინის კვლევის ელექტრონული ვერსია დისკზე, გ. ს–ას კვლევის ელექტრონული ვერსია დისკზე – დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს;
სისხლის ლაქები, ლითონის მილი – განადგურდეს;
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე