საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.07.2025
საქმის ნომერი
2კ-167აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.07.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100124009450052

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №167აპ-25 ქ. თბილისი

ხ–ი გ., 167აპ-25 9 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ხ–ის, – პირადი ნომერი: ........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2024 წლის იანვრის მეორე ნახევარში, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. ხ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ქ. გ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.1.1. აღნიშნული ქმედებით გ. ხ–მა ჩაიდინა – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;

1.2. 2024 წლის 13 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. ხ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვან შვილს – თ. ხ–სს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

1.2.1. აღნიშნული ქმედებით გ. ხ–მა ჩაიდინა – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ოჯახის წევრის მიმართ., – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და „დ“ ქვეპუნქტით;

1.3. 2024 წლის 5 მაისიდან 13 მაისამდე დროის პერიოდში, თ-ს მ-ს სოფელ ნ–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. ხ–ი სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს – ქ. გ–ს, მისივე არასრულწლოვანი შვილის – თ. ხ–სის თანდასწრებით, რის შედეგადაც ქ. გ–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა;

1.3.1. აღნიშნული ქმედებით გ. ხ–მა ჩაიდინა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის განაჩენით:

2.1. გ. ხ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

2.2. გ. ხ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და ,,დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

2.3. გ. ხ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

2.4. გაუქმდა გ. ხ–ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 მაისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და გ. ხ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან (სასამართლო სხდომის დარბაზიდან).

2.5. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, გ. ხ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა გ. ხ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4 . თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის განაჩენი, გ. ხ–ის მიმართ, დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ვალერი გიორგაშვილმა. კასატორი ითხოვს გ. ხ–ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ" ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებული გ. ხ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ. ხ–ის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დამნაშავედ ცნობისათვის და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ხ–ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობა.

9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულებმა – ქ. გ–მა (გამართლებულის მეუღლე) და თ. ხ–სმა (გამართლებულის შვილი) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (მეუღლის/მამის) – გ. ხ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა არცერთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, – საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: მოწმეთა ჩვენებიბ, ასევე, დანაშაულის შესახებ 2024 წლის 13 მასიის შეტყობინება, საგამოძიებო ექსპერიმენტის 2024 წლის 13 მაისის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2024 წლის 13 მაისის ოქმი, შემაკავებელი ორდერის 2024 წლის 13 მაისის ოქმები) საკმარისია გ. ხ–ის მიმართ მისთვის ბრალადწარდგენილ ქმედებებში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად და კვლავაც აღნიშნავს, რომ:

11.1. არ შეიძლება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების – მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ, ორივე შემთხვევაში, ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).

11.2. იმავდროულად, მართალია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერები და შეტყობინება უთითებს გამართლებულზე, როგორც დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყარო არის მხოლოდ ერთი პირი – დაზარალებული, რომლის დაკითხვის და შესაბამისად – მტკიცებულებაში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობისა და ინფორმაციის მიმწოდებლის სანდოობის გამოკვლევის შესაძლებლობა არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს (დაზარალებულებმა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) არ მიეცა (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №1098აპ-24, №1099აპ-24).

11.3. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა – გამომძიებლის/დეტექტივის – ჩვენებები/გამოკითხვის ოქმები, – არის ირიბი, რადგან ისინი ინციდენტის/ების – გ. ხ–ის მიერ მეუღლს – ქ. გ–ის ან/და შვილის – თ. ხ–სის მიმართ მუქარის, ასევე ქ. გ–ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ტანჯვა – შემსწრენი არ არიან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და მომხდარის შესახებ ინფორმაციას გადმოცემით ფლობენ დაზარალებულებისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52).

11.4. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს პირის მიერ დაზარალებულის მიმართ, როგორც სისტემატიური შეურაცხყოფა ან დამცირება, ასევე აღნიშნულით დაზარალებულისათვის ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით ქმედების დაკვალიფირებისათვის – დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურობის აღქმა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

11.4.1. დაზარალებულების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის ფარგლებში ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, შეტყობინებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და მოწმეთა ჩვენებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება მითითებული დანაშაულების აუცილებელი კომპონენტი – დაზარალებულების მიერ შიშის განცდა.

11.4.2. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სისტემატურობა სახეზეა როდესაც არსებობს ფსიქოლოგიური ძალადობის მინიმუმ სამი ფაქტი და ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ არაერთხელ განიცდის დაზარალებული (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 6 დეკემბრის №788აპ-24 განჩინება).

11.4.2.1. იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის N770აპ-22 განჩინება).

11.4.2.2. მოცემულ შემთხვევაში, პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე გ. ხ–ს ედავება: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანასაულის ჩადენას (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), რაც, იმავე დადგენილების თანახმად, გამოიხატა შემდეგში: 2024 წლის 5 მაისიდან 13 მაისამდე დროის პერიოდში, თ-ს მ-ს სოფელ ნ–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. ხ–ი სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს – ქ. გ–ს, მისივე არასრულწლოვანი შვილის – თ. ხ–სის თანდასწრებით, რის შედეგადაც ქ. გ–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

11.4.2.3. ამდენად, პირის ბრალდების შესახებ დადგენილება არ შეიცავს დანაშაულებრივი ქმედების აღწერას იმის შესახებ, თუ, კონკრეტულად, როდის, რა სახით, რა ვითარებაში და რა ინტენსივობით განხორციელდა გ. ხ–ის მიერ, ქ. გ–ის სისტემატიური შეურაცხყოფის ფაქტები. იმავდროულად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება, თუ როდის და რა პერიოდულობით ჩაიდინა გ. ხ–მა სიტყვიერი შეურაცხყოფისა ან/და დამცირების ფაქტები. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2024 წლის 26 ივლისის №.......... დასკვნის თანახმადაც, ქ. გ–ის (ანუ, იმ პირის, რომლის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და ტანჯვის მიყენებას ედავება ბრალდების მხარე გამართლებულს) სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით არ დადგინდა ფსიქოლოგიური ტანჯვის მდგომარეობა.

12. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულებმა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (მეუღლის/მამის) – გ. ხ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; გ. ხ–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან გ. ხ–ის მიმართ ბრალადშერაცხილ რომელიმე ფაქტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); მოწმეთა გამოკითხვის ოქმები/ჩვენებები და წერილობითი მამხილებელი მტკიცებულებები სადავო ფაქტებთან დაკავშირებით, ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო დაცვის მხარეს არსებით სასამართლო სხდომაზე არ ჰქონდა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყაროს/ების დაკითხვის და მათ მიერ შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის შემოწმების/შედავების შესაძლებლობა, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

13. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება გ. ხ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ" ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

14. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესს, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად.

16. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, §41, §76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე, გ. ხ–ის მიმართ, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე