საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100123006771476
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №178აპ-25 ქ. თბილისი
ძ. უ. 178აპ-25 10 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ უ. ძ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით უ. ძ–ას, – პირადი ნომერი: ........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2022 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ–ში გამავალ .........ის საავტომობილო გზის მე-.. კილომეტრზე, ს–დან ფ–ს მიმართულებით მოძრავი „ფოლცვაგენ ჯეტას“ მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით ........), რომელსაც მართავდა – ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, საქართველოს შსს .......ის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ფ–ს საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი – უ. ძ–ა, შეეჯახა „სუზუკის“ მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით ...........), რომელსაც მართავდა გ. ბ–ა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია უ. ძ–ას მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევამ. მომხდარმა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამ გ. ბ–ას სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
1.1.1. აღნიშნული ქმედებით უ. ძ–ამ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენით უ. ძ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის, ასევე წესების დაცვის კონტროლთან და წესების დარღვევის გამოვლენასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება;
2.1. უ. ძ–ას სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 11 დეკემბრიდან. დამატებითი სასჯელის ვადა უნდა აეთვალოს სასჯელის მოხდის მომენტიდან და გავრცელდეს ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ უ. ძ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ი. ჯ–ამ. აპელანტმა მოითხოვა მსჯავრდებულსათვის თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ხანგრძლივობით განსაზღვრა.
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – დავით პაპავამ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა უ. ძ–ამ. კასატორი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის მინიმუმამდე შემცირებას ან/და დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
5.1. მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა პროკურორმა – დავით პაპავამ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს, ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
7.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ სასჯელის ნაწილში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა უ. ძ–ამ და მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება, ხოლო ბრალდების მხარე – შესაგებლით – ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7.2. შესაბამისად, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის მსჯავრდებულ უ. ძ–ას მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამრთლოს ევალება შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად.
8.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8.2. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
9. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულისთვის კანონმდებელი სასჯელის სახით ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა, რომ: მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე გაითვალისწინა: მსჯავრდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა (საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა იმ პირის მიერ, ვისაც სხვაზე მეტად ევალება წესრიგისა და კანონის მოთხოვნათა დაცვა – დანაშაულის ჩადენის დროისათვის უ. ძ–ა იყო საქართველოს შსს ფ-ს საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი (ტ. N1; ს.ფ. 62-65; 123)), ქმედების განხორციელების სახე, ხერხი (დაშვებული სიჩქარის გადამეტებით სატრანსპორტო საშუალების მართვა მთვრალ მდგომარეობაში, რასაც მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა), მართლსაწინააღმდეგო შედეგი (ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სასჯელის მინიმალურ ხანგრძლივობასთან მიახლოებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს.
11. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე (ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს იმავე პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას არ აცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის თანხმობის არარსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას უ. ძ–ას მიმართ გაავრცელოს ამნისტიის აქტი.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
14. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ უ. ძ–ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე