საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.07.2025
საქმის ნომერი
2კ-212აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.07.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №212აპ-25 7 ივლისი, 2025 წელი

კ. ა., №212აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. კ-ს -- ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).

1.2. ა. კ-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. 2022 წლის დეკემბერში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), საღამოს საათებში, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ში მდებარე ა. კ-ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ა. კ-მა თავის არეში მუშტი რამდენჯერმე დაარტყა მეუღლეს – ა. კ-ს, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.2. 2023 წლის ნოემბერის დასაწყისში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), დაახლოებით, 23:00 საათზე, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ში მდებარე ა. კ-ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ა. კ-მა თავის არეში მუშტი რამდენჯერმე დაარტყა მეუღლეს – ა. კ-ს, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.3. 2023 წლის 26 ნოემბერს, დაახლოებით, 01:00 საათზე, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ში მდებარე ა. კ-ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ა. კ-მა, თავის არეში მუშტი რამდენჯერმე დაარტყა მეუღლეს – ა. კ-ს, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება თავის არეში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 დეკემბრის განაჩენით, ა. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში.

2.2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 დეკემბრის განაჩენი გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – კონსტანტინე ბახუტაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა. კ-ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენით, ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორი – კონსტანტინე ბახუტაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს ა. კ-ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ბრალადწარდგენილ სამივე ეპიზოდთან მიმართებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. კ-ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა – ა. კ-მა – ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის – ა. კ-ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამავე უფლებით ისარგებლეს: ა. კ-ის მამამ (ა. კ-მა) და შვილებმა (ა. და ჰ. კ-მა). შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია აღნიშნულ პირთა მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მათზე განაჩენის დაფუძნება, თუმცა დაზარალებულისა და გამართლებულის ოჯახის წევრების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, მათი მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს ღირებულებით წონას ავტომატურად და უპირობოდ არ უკარგავს. მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

4.4. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო 2023 წლის 26 ნოემბერს, დაზარალებულის ძმის – ა. გ-ის – შეტყობინების საფუძველზე, რომლითაც იუწყებოდა, რომ ოჯახში მეუღლეებს შორის იყო ფიზიკური კონფლიქტი. აღნიშნული შეტყობინება არ შეიცავს ინფორმაციას ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალებულის მიერ განცდილ ტკივილთან დაკავშირებით. ამასთან, მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ა. გ-ის გამოკითხვის ოქმი ადასტურებს, რომ აღნიშნული მოწმე მეუღლეთა კონფლიქტს პირადად არ შესწრებია. მოგვიანებით დისშვილისგან და დისგან შეიტყო, რომ ა. კ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა. კ-ს.

4.5. გარდა ა. გ-ის ირიბი შინაარსის გამოკითხვის ოქმისა, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებებად მიიჩნიეს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში მონაწილე პირთა და ა. კ-ის მეზობლების გამოკითხვის ოქმები. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პირთაგან არცერთი შესწრებია დაზარალებულზე ფიზიკურ ძალადობას და არც ხილული დაზიანება შეუნიშნავთ მის სხეულზე. შესაბამისად, მათ გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია ირიბია და მათი გამოყენებაც, ვინაიდან პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს შეიცავს, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).

4.6. მართალია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა. კ-ს აღენიშნებოდა ნაკაწრი თავის უკანა არეში, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ მას ფიზიკური დაზიანებები ა. კ-მა მიაყენა.

4.7. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს და შემაკავებელი ორდერის ოქმს, რომელშიც მითითებულია 2023 წლის 26 ნოემბერს ა. კ-ის მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ, არასაკმარისია ბრალდების ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

4.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც „მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-41-43).

4.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენი ა. კ-ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.11. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე