საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.07.2025
საქმის ნომერი
2კ-218აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.07.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100124009580241

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №218აპ-25 ქ. თბილისი

ა. ს.218აპ-25 3 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. ა–ის, – პირადი ნომერი: .........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2023 წლის 30 ივნისს, დღის საათებში, ქ. ა–ში, .........ს სახელობის .......ის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბისას, გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ს. ა–ს მარჯვენა ფეხის არეში მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ჭურვით დაზიანდა ასევე ს. ა–ის კუთვნილი „MERSEDES-BENZ ML 430“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ........) მარცხენა წინა კარი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2023 წლის 31 ივლისს მოწმის სახით გამოკითხულმა ს. ა–მა კი გამომიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია და განმარტა, რომ მარჯვენა ფეხის არეში არსებული დაზიანება მიიღო არა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის, არამედ 2023 წლის 30 ივნისს, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში საკისრის ჩაქუჩით გატეხვისას ასხლეტილი ბურთულის მოხვედრის შედეგად, ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანის წინა მარცხენა კარზე არსებული დაზიანება წარმოიშვა არა ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ჭურვის, არამედ მისივე კუთვნილი პნევმატური პისტოლეტიდან შემთხვევით ნასროლი ჭურვის ზემოქმედების შედეგად.

1.1.1. აღნიშნული ქმედებით ს. ა–მა ჩაიდინა – მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 370-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ს. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა –თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი;

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი, შეუმცირდა – ერთი მეექვსედით და საბოლოოდ ს. ა–ს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;

2.2. ს. ა–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2024 წლის 30 აპრილიდან 2024 წლის 02 მაისის ჩათვლით;

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ. აპელანტმა მოითხოვა მსჯავრდებულ ს. ა–ის სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა.

4 . თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განაჩენში ს. ა–ის მიმართ შევიდა ცვლილება:

4.1. ს. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი;

4.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 და მე-9 მუხლის პირველი პუნქტების შესაბამისად, დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და გამოსაცდელი ვადა 3 წელი,- შეუმცირდა ერთი მეექვსედით და საბოლოოდ, ს. ა–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელი ვადად დაუდგინდა 2 წელი და 6 თვე;

4.3. ს. ა–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2024 წლის 30 აპრილიდან, 2024 წლის 2 მაისის ჩათვლით.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ. კასატორი ითხოვს ს. ა–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მოითხოვა ს. ა–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება და თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა.

8. შესაბამისად, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის მსჯავრდებულ ს. ა–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა; მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას გასაჩივრებული განაჩენით სასჯელის საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე დანიშვნის უკანონობის და მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმებისა და თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრის თაობაზე.

9.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ახალციხის რაიონულ სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ს. ა–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის განსაზღვრა და მისი პირობითად ჩათვლა განაპირობა.

9.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას უკავშირებს ალტერნატიული (და არა კუმულაციურად) წინაპირობების არსებობას, რაც მოცემულ შემთხვევაში დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, ამ ნაწილში კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა – პირობითად ჩათვლა, არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში (იხ.: საქართველოს უზენაეის სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის №202აპ-25 განაჩენი).

11. სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

11.1. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი დანაშაულისადმი ( აღიარა, გააცნობიერა), იმ გარემობას, რომ იგი ნასამართლოს არმქონე პირია, მის მიერ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობას, იმ გარემობას, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრება.

11.2. შესაბამისად, გასაჩივრებულ განაჩენით ს. ა–ისთვის განსაზღვრული სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რის გამოც არც ამ ნაწილში არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

12. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

13. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენზე, ს. ა–ის მიმართ, ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე