საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.07.2025
საქმის ნომერი
2კ-258აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.07.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190100124008727946

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №258აპ-25 17 ივლისი, 2025 წელი

თ–ა რ., №258აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. თ–ა (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 225-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება, იარაღის გამოყენებით და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება იარაღის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1.1 2024 წლის 3 იანვარს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ქ. რ–ში, მე-.. მიკრო რაიონში მდებარე, შპს „ლ–რ ბ–ს“ კუთვნილ ....კლუბში - „...“, რ. თ–ას, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა კლუბის დაცვის თანამშრომლებთან - გ. ჭ–თან და ლ. ო–თან, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ფიზიკურად იძალადა რ. თ–აზე. აღნიშნულის გამო, შურისძიების მოტივით, რ. თ–ამ გადაწყვიტა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ....კლუბი „...“-ის დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგ. ამ მიზნით, შეკრიბა პირთა ჯგუფი, მათ შორის, მ. ფ–ე და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირები, რომლებთან ერთადაც, ინცინდენტიდან, დაახლოებით ერთ საათში, დაბრუნდა .....-კლუბში. შენობაში თავდაპირველად შევიდა მხოლოდ რ. თ–ა, რომელმაც გარეთ გამოიყვანა დაცვის თანამშრომელი, ხოლო ჯგუფის დანარჩენი წევრები იცდიდნენ .....-კლუბის მიმდებარედ. ჯგუფის წევრებმა, როგორც ხელჯოხის მსგავსი საგნის, ასევე ფიზიკური ძალის გამოყენებით, იძალადეს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებზე – გ. ჭ–ზე, ლ. ს–სა და ლ. ო–ზე, ასევე, დააზიანეს .....კლუბის შენობის კარი და გარე ფასადი, რის შემდეგაც, გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან.

1.1.2 2024 წლის 03 იანვარს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ქ. რ–ში, მე-.. მიკრორაიონში მდებარე, შპს “ლ–რ ბ–ს“ კუთვნილ ... კლუბში – „...“, რ. თ–ას, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა კლუბის დაცვის თანამშრომლებთან - გ. ჭ–თან და ლ. ო–თან, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ფიზიკურად იძალადა რ. თ–აზე. ზემოაღნიშნულის გამო, შურისძიების მოტივით, რ. თ–ამ გადაწყვიტა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგ. ამ მიზნით, შეკრიბა პირთა ჯგუფი, მათ შორის, მ. ფ–ე და ასევე, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირები, რომლებთან ერთადაც, ინცინდენტიდან, დაახლოებით ერთ საათში, დაბრუნდა .....-კლუბში. შენობაში თავდაპირველად შევიდა მხოლოდ რ. თ–ა, რომელმაც გარეთ გამოიყვანა დაცვის თანამშრომელი. მალევე, კართან მივიდნენ იქვე მყოფი ჯგუფის დანარჩენი წევრები, რომლებიც იგინებოდნენ და ერთობლივად, ძალის გამოყენებით, ცდილობდნენ გაეღოთ .....-კლუბის შესასვლელი კარი, რათა შეძლებოდათ შიგნით შეღწევა. კარის გაღებისთანავე, მ. ფ–ემ თანნაქონი, ჯოხის მსგავსი საგანი, ჯერ ლ. ს–ს დაარტყა მარცხენა ხელის მტევანზე, შემდეგ გ. ჭ–ს, ასევე გამიზნულად მოუქნია და დაარტყა ჯერ მარცხენა მხარზე, შემდეგ მარცხენა ხელის მაჯაზე. რ. თ–ამ, რომელიც უკვე იმყოფებოდა .....-კლუბის შენობაში, მარჯვენა ხელის ცერა თითი გადაუწია ლ. ო–ს, მანვე, ჯოხი რამდენჯერმე დაარტყა .....-კლუბის შენობის შესასვლელ მინის კარს, რომელსაც ასევე ძლიერად ურტყამდა წიხლებს. რამდენიმე წამში, უკვე ეზოში მყოფმა რ. თ–ამ შენობის გარე ფასადის მიმართულებით ისროლა ქვები და დააზიანა იგი. ჯგუფურად განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, .....-კლუბი „.....“-ის დაცვის თანამშრომელბმა – ლ. ო–მა, გ. ჭ–მა და ლ. ს–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი, ასევე, დაზიანდა შენობის შესასვლელი კარი და გარე ფასადი, რითაც კომპანია „ლ–რ ბ–სს“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

1.2 მ. ფ–ე (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება იარაღის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2.1 2024 წლის 03 იანვარს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ქ. რ–ში, მე–.. მიკრო რაიონში მდებარე, შპს “ლ–რ ბ–ს“ კუთვნილ .....-კლუბში – „.....“, რ. თ–ას, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა კლუბის დაცვის თანამშრონლებთან – გ. ჭ–თან და ლ. ო–თან, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ფიზიკურად იძალადა რ. თ–აზე. ზემოაღნიშნულის გამო, შურისძიების მოტივით, რ. თ–ამ გადაწყვიტა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, .....-კლუბი „.....“-ის დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგ. ამ მიზნით, შეკრიბა პირთა ჯგუფი, მათ შორის, მ. ფ–ე და ასევე, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირები, რომლებთან ერთადაც, ინცინდენტიდან, დაახლოებით ერთ საათში, დაბრუნდა .....-კლუბში. შენობაში თავდაპირველად შევიდა მხოლოდ რ. თ–ა, რომელმაც გარეთ გამოყვანა დაცვის თანამშრომელი. მალევე, კართან მივიდნენ იქვე მყოფი ჯგუფის დანარჩენი წევრები, რომლებიც იგინებოდნენ და ერთობლივად, ძალის გამოყენებით, ცდილობდნენ გაეღოთ .....-კლუბის შესასვლელი კარი, რათა შეძლებოდათ შიგნით შეღწევა. კარის გაღებისთანავე, მ. ფ–ემ თანნაქონი, ჯოხის მსგავსი საგანი, ჯერ ლ. ს–ს დაარტყა მარცხენა ხელის მტევანზე, შემდეგ გ. ჭ–ს, ასევე გამიზნულად მოუქნია და დაარტყა ჯერ მარცხენა მხარზე, შემდეგ მარცხენა ხელის მაჯაზე. რ. თ–ამ, რომელიც უკვე იმყოფებოდა .....-კლუბის შენობაში, მარჯვენა ხელის ცერა თითი გადაუწია ლ. ო–ს, მანვე, ჯოხი რამდენჯერმე დაარტყა .....-კლუბის შენობის შესასვლელ მინის კარს, რომელსაც ასევე ძლიერად ურტყამდა წიხლებს. რამდენიმე წამში, უკვე ეზოში მყოფმა რ. თ–ამ შენობის გარე ფასადის მიმართულებით ისროლა ქვები და დააზიანა იგი. ჯგუფურად განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, .....-კლუბი „.....“-ის დაცვის თანამშრომელბმა - ლ. ო–მა, გ. ჭ–მა და ლ. ს–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი, ასევე, დაზიანდა შენობის შესასვლელი კარი და გარე ფასადი, რითაც კომპანია „ლ–რ ბ–სს“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დაადგინა, რომ რ. თ–ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები – ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად და სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ხოლო მ. ფ–ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული – ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 ივლისის განაჩენით: მ. ფ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. მ. ფ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.

რ. თ–ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

რ. თ–ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.

რ. თ–ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. თ–ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი.

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ლელა ჭეშმარიტაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რ. თ–ას და მ. ფ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 ივლისის განაჩენში, კერძოდ:

მ. ფ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. მ. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.

ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მ. ფ–ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან - პირობითი მსჯავრისგან და გამოსაცდელი ვადისგან.

რ. თ–ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

რ. თ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.

ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რ. თ–ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან - პირობითი მსჯავრისგან და გამოსაცდელი ვადისგან.

რ. თ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი.

ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რ. თ–ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან - პირობითი მსჯავრისგან და გამოსაცდელი ვადისგან.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ლელა ჭეშმარიტაშვილმა, რომელმაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა რ. თ–ას და მ. ფ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით და მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა მსჯავრდებულების მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენას. მოწმის სახით დაიკითხნენ .....-კლუბი „.....“-ის დაცვის თანამშრომლები - ლ. ო–ი, ლ. ს–ი და გ. ჭ–ი, რომლებმაც გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს 2023 წლის 03 ინვარს, კლუბში განვითარებული მოვლენების შესახებ. დაზარალებულების ჩვენებები თანხვედრაშია როგორც ერთმანეთთან, ისე მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციასთან და საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან. მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით და ვიდეო-კამერის ჩანაწერებით დადასტურდა, რომ რ. თ–ა, მ. ფ–ე და მათთან ერთად მყოფი პირები მოქმედებდნენ ერთობლივად, მათი ქმედება არ ყოფილა სპონტანური და ორგანიზებული იყო წინასწარ. ჯგუფის წევრები ერთობლივად ცდილობდნენ .....-კლუბის კარის გაღებას, მათ მოახერხეს წინააღმდეგობის გადალახვა და შეიჭრნენ კლუბის შენობაში, სადაც ფიზიკურად იძალადეს გ. ჭ–ის, ლ. ს–ის და ლ. ო–ის მიმართ, ასევე, დააზიანეს შენობის კარი და გარე ფასადი. გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადასტურდა რ. თ–ას მოტივი, შეეკრიბა ჯგუფი და შაურისძიების მიზნით, დაბრუნებულიყო .....-კლუბ „.....“-ის შენობაში. კერძოდ, იგი არაფთხიზელ მდგომარეობაში მივიდა .....-კლუბში, უარის მიუხედავად ცდილობდა სათამაშო დარბაზში შესვლას, რის შემდეგაც, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაცვის თანამშრომლებს. აღნიშნულზე ლ. ო–ი წამოეწია მას და რამდენჯერმე დაარტყა ხელები და ფეხები სხეულის სხვადასხვა არეში. სწორედ მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება გახდა რ. თ–ასთვის მოტივი, შეეკრიბა პირთა ჯგუფი და ერთობლივი ძალით გასწორებოდნენ დაზარალებულებს. არადამაჯერებელია რ. თ–ას განმარტება, თითქოს იგი .....-კლუბში დაბრუნდა, იმისთვის, რათა დაცვის თანამშრომლებისთვის ეკითხა მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის მიზეზი. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ აღნიშნული დანაშაული არ ყოფილა ჩვეულებრივი ჯგუფური ძალადობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულთა მიერ ჯგუფში ორგანიზებული ფორმით მონაწილეობას, ასევე, წინასწარ შეკავშირებასა და ერთმანეთის განზრახვის ცოდნის ფაქტს. გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ მსჯავრდებულები სხვა პირებთან ერთად მოქმედებდნენ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად და ორგანიზებულად. ისინი ერთად მივიდნენ .....-კლუბში, წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული, თუ ვის მიმართ უნდა ეძალადათ, რ. თ–ამ გარეთ გამოიყვანა დაცვის თანამშრომლები, რომლებსაც შემდგომ ჯგუფის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასევე, დააზიანეს შენობის გარე ფასადი და მისი ინვენტარი. განსახილველ საქმეში როგორც მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, დაახლოებით რამდენიმე მამაკაცი, მათ შორის ერთი ხის ჯოხით ხელში, მოქმედებდა შურისძიების მოტივით, ჯგუფის წევრები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ შეთანხმებულად, ორგანიზებულად, დაზარალებულთა დასასჯელად. ძალადობის დროს, ისინი იყენებდნენ როგორც ხელებსა და ფეხებს, ასევე, ხის ხელკეტს. ამდენად, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ჩადენილი დანაშაულის ორგანიზებული ხასიათი, შურისძიების მიზნით დამატებითი ძალის მობილიზება, თავდასხმაში მონაწილე პირთა რაოდენობა და დამდგარი შედეგები. მხოლოდ ის გარემოება, რომ მსჯავრდებულებმა იძალადეს მარტო დაზარალებულებზე და არა .....-კლუბში მყოფი პირების მიმართ, არ გულისხმობს, რომ ქმედება იყო ძალადობა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემული განაჩენი დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია, ხოლო ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია კვალიფიკაციის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რ. თ–ას და მ. ფ–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად. პროკურორი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებს გამოკვლეულ მტკიცებულებათა არასათანადო და არასწორი შეფასების შედეგად მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაციის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობაზე.

5.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა მოიცავს საპროცესო კოდექსის იმგვარ დარღვევას, როგორიც არსებით გავლენას ახდენს საქმის შედეგსა და მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე. ამასთან, არსებითი დარღვევა შესაძლოა ვლინდებოდეს ისეთი საპროცესო დანაწესის დარღვევით, რომელიც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს ინსტრუმენტულ უფლებას, მათ შორის: გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობა, მტკიცებულებათა შეფასებისას ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის („In dubio pro reo“) პრინციპის, მტკიცებულებათა უტყუარობისა და დასაშვებობის სტანდარტების დარღვევა და სხვა.

5.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

5.5. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა რ. თ–ასა და მ. ფ–ის მსჯავრდებისთვის რელევანტური ფაქტების დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა რ. თ–ას მიერ ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება, იარაღის გამოყენებით და მასში მონაწილეობა, ხოლო მ. ფ–ის მიერ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება იარაღის გამოყენებით.

5.6. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით მსჯავრდებულთა ქცევაში ქმედებების განხორციელებისას - კონფლიქტის დაწყებიდან დანაშაულის დამთავრებამდე, უტყუარად ვერ დადგინდა მსჯავრდებულთა მხრიდან განზრახვის არსებობა, დაეორგანიზებინათ ჯგუფი, განეხორციელებინათ ძალადობა და დაეზიანებინათ სხვისი ქონება. დაზარალებულების – ლ. ს–ის, გ. ჭ–ის და ლ. ო–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ კონფლიქტი ორ ეტაპად იყო. პირველი - როდესაც რ. თ–ასა და .....-კლუბ - „.....“-ის დაცვის თანამშრომლებს შორის კონფლიქტი დაიწყო, მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულს უარი განუცხადეს პირადობის მოწმობის გარეშე .....-კლუბის შენობაში შესვლაზე, რის შემდეგაც რ. თ–ა, ლ. ო–მა და გ. ჭ–მა გაიყვანეს შენობიდან და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ლ. ო–სა და მსჯავრდებულს შორის და მეორე - როდესაც ერთ საათში რ. თ–ა საკითხის გასარკვევად დაბრუნდა .....-კლუბში და ხელახლა დაიწყო დაპირისპირება, მას შემდეგ, რაც იგი დაცვის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით შეიყვანეს .....-კლუბში, მისი დახმარების მიზნით მისულმა მ. ფ–ემ კი, მიაყენა სხეულის დაზიანება დაცვის თანამშრომლებს. რ. თ–ასა და მ. ფ–ის ქმედებები მიმართული იყო დაცვის თანამშრომლებისთვის სხეულის დაზიანების მიყენებისკენ და არა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დარღვევისკენ, მათ შორის, .....-კლუბის მუშაობის შეფერხებისკენ, სათამაშო აპარატების დაზიანებისკენ ან .....-კლუბში მომუშავე სხვა პერსონალის ან მოთამაშეების მიმართ აგრესიის გამოხატვისკენ. დაზარალებულთა ჩვენებებით, ასევე დასტურდება, რომ მსჯავრდებულებს ამოძრავებდათ პირადი მოტივი, კონკრეტული პირების მიმართ.

5.7. საგულისხმოა, გამომძიებელ ი. ზ-ს ჩვენება, რომ გამოძიებით ვერ დადგინდა, თუ როგორ აღმოჩნდნენ .....-კლუბთან სხვა პირები რ. თ–ასთან ერთად, ასევე ის, რომ მ. ფ–ის გარდა, სხვა პირების ვინაობა დაუდგენელია. ვიდეოჩანაწერებითა და მათი დათვალიერების ოქმებით დადასტურებულია, რომ .....-კლუბის ქონება დააზიანა რ. თ–ამ და აღნიშნულ ქმედებაში მონაწილეობა სხვას არ მიუღია. ამდენად, საკასაციო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ რ. თ–ა და მ. ფ–ე წინასწარ შეკავშირდნენ ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების ან მასში მონაწილეობის განსახორციელებლად, რაც საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.8. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე