საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100124009253400
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №279აპ-25 ქ. თბილისი
ა. ზ. 279აპ-25 23 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 იანვრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ანახანუმ შამილოვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ზ. ა–ს, – პირადი ნომერი: .........., – ბრალად ედებოდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით.
ზ. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის ივნისში, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ს მიმდებარედ, საზაფხულო საძოვრებზე, მწყემსმა - ზ. ა–მა, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, მოსავლელად ჩაბარებული ე. ე–ის კუთვნილი 27 სული ცხვარი, კერძოდ მიჰყიდა სხვადასხვა პირებს და მიღებული ფულადი თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც ე. ე–ს მიადგა 8700 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის განაჩენით:
2.1. ზ. ა–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. ზ. ა–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადა აეთვლება ფაქტობრივი დაკავებიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თინათინ სტურუამ. აპელანტმა მოითხოვა მსჯავრდებულ ზ. ა–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ზ. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. ი–მა და მოითხოვა პროკურორ თინათინ სტურუას სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
4 . თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 იანვრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ანახანუმ შამილოვამ. კასატორი ითხოვს ზ. ა–ისათვის საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
6. სასამართლო ითვალისწინებს, ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მოითხოვა ზ. ა–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება და თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა.
7.1. იმავდროულად, კასატორი საჩივარში უთითებს, რომ სასამართლომ არასწორად დააკორექტირა ზ. ა–ის ქმედებით გამოწვეული ზიანის ოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით ცალსახად დგინდებოდა ზ. ა–ის მიერ მითვისებული ცხვრების ღირებულება – 8700 ლარი, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. ა–ის ქმედებით ე. ე–ს მიადგა 3300 ლარის ოდენობის ზიანი. ამასთან, საკასაციო საჩივარში ასევე მითითებულია, რომ სასამართლომ შეაფასა უდავო მტკიცებულებები და გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება, ზ. ა–ი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.
7.2. შესაბამისად, მართალია საკასაციო საჩივარში კასატორი მსჯელობს მსჯავრდებულის ქმედებით გამოწვეული ზიანის ოდენობაზე, უთითებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება 8700 ლარის ოდენობით ზიანის მიყენება (გასაჩივრებული განაჩენით დადგენილი 3300 ლარის ნაცვლად), თუმცა ამ ნაწილში (ზიანის ოდენობის ნაწილში) არ ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 იანვრის განაჩენის გადასინჯვას (აღნიშნული არ წარმოადგენდა არც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის საგანს).
7.2.1. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს რამდენად სწორად დაადგინა პირველი ინსტანციის სასამართლომ ზ. ა–ის ქმედებით გამოწვეული ზიანის ოდენობა (სააპელაციო სასამართლოსაც არ უმსჯელია ზიანის ოდენობაზე მოთხოვნის არარსებობის გამო). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო შეაფასებს მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერებას.
7.2.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზ. ა–ის ქმედებით გამოწვეული ზიანის ოდენობა მოცემულ შემთხვევაში ქმედების კვალიფიკაციისათვის არარელევანტურია.
8. ბრალდების მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ზ. ა–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის განსაზღვრა (მინიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთა) განაპირობა.
9. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
10.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ზ. ა–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ზ. ა–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა.
10.2. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ზ. ა–ი არ არის ნასამართლევი, უდავოდ ცნო სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და შეუფარდა მინიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრება.
10.3. იმავდროულად, საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის ანაზღაურება (რაზეც ასევე უთითებს კასატორი ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში) წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება; 2024 წლის 10 ივლისის 36აპ-24 განჩინება, 2024 წლის 17 ივლისის N500აპ-22 განჩინება). ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მა-ს №51აპ-19 განჩინება; 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21 განჩინება; 2024 წლის 16 ივლისის 504აპ-24 განჩინება; 2024 წლის 1 აგვისტოს 854აპ-24 განჩინება; 2024 წლის 14 ნოემბრის 845აპ-24 განაჩენი).
11. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
12. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 იანვრის განაჩენზე, ზ. ა–ის მიმართ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ანახანუმ შამილოვას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე