დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142225702233154
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №17აგ-25 20 ნოემბერი, 2025 წელი
პ-ი მ, 17აგ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. პ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის განაჩენით:
მ. პ-ი (დაბადებული ... წლის ... სექტემბერს) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „დ“, ,,ვ“, ,,თ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა;
მ. პ-ს სასჯელი აეთვალა 2005 წლის 16 აპრილიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მაისის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის განაჩენში, კერძოდ:
მ. პ-ს მოეხსნა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით);
მ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „დ“, ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა;
მ. პ-ს სასჯელი აეთვალა 2005 წლის 16 აპრილიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინებით:
მ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განაჩენით:
მ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მ. პ-ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენითა და 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. პ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა;
მ. პ-ს დანიშნული სასჯელი აეთვალა განაჩენის გამოტანის დღიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით:
უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განაჩენი მ. პ-ის მიმართ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 აპრილს, შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ. პ-მა, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მაისის განაჩენის გადასინჯვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებით:
მსჯავრდებულ მ. პ-ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. კასატორი – მ. პ-ი – ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინების გაუქმებასა და სასამართლოსათვის მითითებას, რომ განსახილველად დაუშვას მსჯავრდებულ მ. პ-ის შუამდგომლობა. საკასაციო საჩივრის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს N2937 კანონით შეიცვალა პუნქტები, რომლებითაც იგი გასამართლებულია და მოექცა სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილში, რომელიც სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებს; რაც შეეხება, ,,ვ“ ქვეპუნქტს, იგი მოექცა ამავე მუხლის მე-3 ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს როგორც ვადიან, ისე უვადო თავისუფლების აღკვეთას. მ. პ-ის შემთხვევაში, ,,განსაკუთრებული სისასტიკე“ გამოიხატა იმით, რომ მან პიროვნებას დანა ორჯერ დაარტყა. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ იგი ნანობს ჩადენილ ქმედებას. უკვე 20 წელია, იხდის სასჯელს და სასამართლოსაგან ითხოვს საზოგადოებაში დაბრუნების შანსს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის არგუმენტები, გააანალიზა კასატორის მოსაზრებები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საჩივარში მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით განსაზღვრულ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს/წინაპირობას, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მაისის განაჩენი უნდა გადაისინჯოს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით. მოცემული მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
2. საკასაციო სასამართლო პირველყოვლისა მიუთითებს, რომ მ. პ-ს გადასასინჯი, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მაისის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „დ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში: დამნაშავისათვის, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკითა და ჯგუფურად (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
3. ზემოაღნიშნული მუხლი იმ დროისათვის სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა ალტერნატიული სახის სასჯელს, კერძოდ, როგორც ვადიან, ისე უვადო თავისუფლების აღკვეთას.
4. აღნიშნულის შემდგომ, საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის №2937 კანონით (სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლში შევიდა ცვლილებები, რომლებიც ამოქმედდა 2006 წლის 31 მაისიდან. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლი დაიყო სამ ნაწილად, კერძოდ, მ. პ-ის ქმედება, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ჯგუფურად, მოექცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებში, რომლებიც სასჯელის სახით ითვალისწინებდა მხოლოდ ვადიან თავისუფლების აღკვეთას, თუმცა, აღნიშნულთან ერთად, სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ მ. პ-ს დანაშაული ჩადენილი აქვს, აგრეთვე, განსაკუთრებული სისასტიკით, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლში შესული ზემოხსენებული ცვლილებების თანახმად, მოექცა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებდა როგორც ვადიან, ისე უვადო თავისუფლების აღკვეთას.
5. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ მ. პ-ის ქმედებით გამოკვეთილია დანაშაულთა იდეალური ერთობლიობა (ერთი მოქმედების საშუალებით მუხლის ნაწილ(ებ)ით გათვალისწინებული რამდენიმე სხვადასხვა დანაშაულის შემადგენლობის ჩადენა), რა დროსაც ინიშნება ერთი, ყველაზე მძიმე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი. შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. პ-ის დანიშნული სასჯელი, უვადო თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის №2937 კანონის საფუძველზეც, სსკ-ის 109-ე მუხლში შესული ცვლილებების მიხედვით, სანქციის ფარგლებშია, ვინაიდან, მ. პ-მა განზრახ მკვლელობა სხვა დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად, აგრეთვე განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მ. პ-ის საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ მიესადაგება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას და შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება – მსჯავრდებულ მ. პ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ – კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე