შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100123007829478
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №633აპ-25 25 ნოემბერი, 2025 წელი
გ-ე ქ., №633აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას და მსჯავრდებულ ქ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ფ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ქ. გ–ე (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში: საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2011 წლის 16 მარტს, ერთის მხრივ, ტ. ვ–ეს, მ. კ–სა და ლ. ყ–ს, ხოლო, მეორეს მხრივ, ა. მ–ს, ვ. მ–სა და ს. მ–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ამ უკანასკნელებმა ისესხეს 23000 აშშ დოლარი, საიდანაც ლ. ყ–მა და ტ. ვ–ემ ასესხეს 10000-10000 აშშ დოლარი, ხოლო მ. კ–მ 3000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თ....., საკადასტრო კოდით (...........), რომელიც შეფასდა 60000 აშშ დოლარად. თანხის გადაუხდელობის გამო, დღის წესრიგში დადგა ბინაზე იძულებითი სააღსრულებო წარმოების დაწყების საკითხი. 2013 წლის 29 იანვარს, კრედიტორებმა ბინა გაიტანეს აუქციონზე გასაყიდად. ლ. ყ–მა და ტ. ვ–მ მოილაპარაკეს, რომ აუქციონზე ბინა ფიქტიურად შეეძინა ლ. ყ–ის მეუღლეს – ქ. გ–ეს, როგორც ნეიტრალურ მხარეს, ხოლო ბინის საფასურს ქ. გ–ეს თავად გადასცემდნენ. ბინის ფასად დასახელდა 46700 ლარი, საიდანაც 23350 ლარი გადაიხადა ლ. ყ–მა, მერე ნახევარი კი – ტ. ვ–მ. 2013 წლის 22 ნოემბერს ჩატარებული აუქციონით ბინის ფიქტიური მესაკუთრე გახდა ქ. გ–ე და მისი საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, თუმცა ბინის ნამდვილი მესაკუთრეები იყვნენ ტ. ვ–ე და ლ. ყ–ი, რადგანაც მათ უზრუნველყვეს ბინის საფასურის სრული დაფარვა. აღნიშნულის შემდგომ, ქ. გ–ემ ისარგებლა რა იმ ფაქტით, რომ ქ. თ.....ში (საკადასტრო კოდით ...........) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში თავად იყო რეგისტრირებული, მოატყუა ლ. ყ–ი და ტ. ვ–ე და მათგან დამოუკიდებლად და მათი ნებართვის გარეშე, 2015 წლის 2 ნოემბერს ბინა გადააფორმა მისი მეგობრის – თ. კ–ის სახელზე, ხოლო 2016 წლის 29 იანვარს ბინა 55000 აშშ დოლარად გაყიდა ხ. ფ–ზე, მიღებულ ფულად თანხას კი, დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ქ. გ–ის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ გამოიწვია 55000 აშშ დოლარის, დაახლოებით 145000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ნოემბრის განაჩენით, ქ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 15000 ლარი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ჟვანიამ და მოითხოვა ქ. გ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
2.3. განაჩენი, ასევე გაასაჩივრა დაცვის მხარემ – მსჯავრდებულ ქ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ფ–მა და მოითხოვა ქ. გ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოტანა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ქ. გ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ქ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10000 ლარი.
3.2. 2025 წლის 22 მაისს, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ჟვანიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, ქ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. განაჩენი, 2025 წლის 2 ივნისს, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ქ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ფ–მა, რომელმაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქ. გ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან სასამართლომ მართალია, გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, თუმცა სამართლებრივად არასწორად შეაფასა ქ. გ–ის ქმედება. ბრალდების მხარის პოზიციით ქ. გ–ის მიერ განხორციელებულია თაღლითობა. ქ. გ–ის მიერ მოტყუბა გამოხატულია პასიური ფორმით, როცა მან ნადვილ მესაკუთრეებს არ მიაწოდა სწორი ინფორმაცია ქონების თაობაზე და ბინის გასხვისებასთან დაკავშირებული ქმედებები (იპოთეკის მოხსნა და გაყიდვა) განახორციელა დაჩქარებული წესით. ამასთან, თაღლითობის დროს მოტყუება შეიძლება გამოიხატოს არა მხოლოდ ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებაში, არამედ ქონების მესაკუთრის ან მფლობელის შეცდომაში შეყვანის მიზნით, გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვაშიც. მოცემულ შემთხვევაში, ქ. გ–ემ ისარგებლა ლ. ყ–ისა და ტ. ვ–ის ნდობით და ისინი შეცდომაში შეიყვანა. შესაბამისად, სახეზეა მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლება მისი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
4.2. დაცვის მხარის პოზიციით, ქ. გ–ე უნდა გამართლდეს, რადგან ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ქ. გ–ის მიერ დანაშაულის ჩადენას. მოცემულ შემთხევევაში, მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები არსებითად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. თუმცა, მტკიცებულებათა გაზიარების შემთხვევაშიც კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ მოიპოვება მუხლი, რომლითაც შეიძლება დაისაჯოს ქ. გ–ე. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი კავლიფიკაცია მისცა ქ. გ–ის ქმედებას, რადგან საკუთარი ქონების გასხვისება არ წარმოადგენს დანაშაულს. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას და სააპელაციო პალატის მიერ თვითნებობის განმარტება არ შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მანამდე დადგენილ პრაქტიკას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შემდეგ საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. გ–ემ ჩაიდინა თვითნებობა, ე.ი. ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
5.3. სასამართლო თავდაპირველად განმარტავს, რომ დანაშაულებრივი ქმედების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია და ფაქტების სწორად დადგენა სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ბრალდების უცვლელობის პრინციპი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარ განჭვრეტადია, როდესაც ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია (დე სალვადორ ტორესი ესპანეთის წინააღმდეგ (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 33; იუჰა ნუუტინენი ფინეთის წინააღმდეგ (Juha Nuutinen v. Finland), განაცხადი no. 45830/99, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
5.4. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდგომ შესაძლოა სასამართლომ სრულად ვერ დაადგინოს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ან ბრალადწარდგენილი დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშნები, რის საფუძველზეც შესაძლოა შეიცვალოს კვალიფიკაცია, რაც არ წარმოადგენს ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევას.
5.5. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას საკასაციო პალატა ყუარდღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2025 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებაზე „ღლონტი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის დაშვებითა და საქმის არსებითად განხილვით კასატორს (დაცვის მხარეს) მიეცა საშუალება/შესაძლებლობა, დაცვა ახალ ბრალდებაზე (მსჯავრდებაზე) მოერგო.
5.6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის არსებითად განხილვისას, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში წარმოედგინა და გამოეკვლია თავისი მტკიცებულებები, ასევე თანაბარ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი.
5.7. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნას, რომ „საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“, აგრეთვე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ „კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს“ „შეჯიბრებითობის პრინციპი ... არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე; „შესაძლოა არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება).
5.8. ამდენად, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხარეების საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობაზე, დადგენილ კვალიფიკაციასა და დანიშნული სასჯელის კანონიერებაზე.
5.9. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია, რომ დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, არის ურთიერთგამომრიცხავი, რის გამოც, ისინი არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, პალატას არ გააჩნია მათში ეჭვის შეტანის საფუძველი, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. ამასთან, მათ მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, თანხვდება ერთმანეთს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
5.10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ქ. გ–ის გამართლების შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: ტ. ვ–ის, ლ. ყ–ის, მ. კ–ს, თ-ს, მ. ყ-ის, ე. დ-ის, გ. შ-ის ჩვენებებით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით, სანოტარო აქტით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულებით, დათვალიერების ოქმით, შპს „მ-ს“ დირექტორის 2018 წლის 2 აპრილის გამომძიებლისადმი მიმართვით, შპს „ს-“-ს დირექტორის 2018 წლის 3 აპრილის გამომძიებლისადმი მიმართვით, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, 2015 წლის 26 ნოემბრის მინდობილობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის 2021 წლის 10 მარტის გამომძიებლისადმი მიმართვით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
5.11. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ ლ. ყ–მა, ტ. ვ–ემ, მ. კ–იამ და თ-მ ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ მ. კ–იამ, ტ. ვ–ემ და ლ. ყ–მა, ა. მ–ნს, ვ-ა მ-ს და ს. მ–ს სესხის სახით გადასცეს თანხა, კერძოდ: ტ. ვ–ემ და ლ. ყ–მა 10000-10000 აშშ დოლარი, ხოლო მ. კ–მ 3000 აშშ დოლარი. რის სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა ქ. თ-ში მდებარე ბინა. მსესხებლები ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხი თვის მანძილზე სარგებელს იხდიდნენ, თუმცა შემდეგ შეწყვიტეს თანხის გადახდა. რის გამოც, 2013 წელს მიმართეს კერძო აღმასრულებელს, რომელმაც მოამზადა საბუთები და გადააგზავნა სააღსრულებო ბიუროში, რის შემდეგ დაინიშნა აუქციონი. ვინაიდან ტ. ვ–ეს არ სურდა აუქციონში მონაწილება, ლ. ყ–ის ინიციატივით ბინის შესაძენად აუქციონში მონაწილეობა მიიღო მისმა მეუღლემ – ქ. გ–ემ და ბინა ფორმალურად აღირიცხა მის სახელზე. აღნიშნულ მოლაპარაკებას ტ. ვ–ესა და ლ. ყ–თან ერთად ესწრებოდნენ მ. კ–ა, თ-ია და ქ. გ–ე. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო საგარანტიო თანხის 5750 ლარის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე შეტანა. საგარანტიო თანხა თანაბრად გაინაწილეს ლ. ყ–მა და ტ. ვ–ემ. ამ უკანასკნელმა კი, მ. კ–იას და თ-ს თანდასწრებით გადასცა მისი წილი ქ. გ–ეს. აუქციონზე შეძენილი ბინის თანხიდან 23350 ლარის გადახდა უზრუნველყო ლ. ყ–მა, ხოლო თანხის მეორე ნაწილი – 23350 ლარი ტ. ვ–მ. თ-ს განმარტებით, მან პირადად ნახა თუ როგორ გადასცა ტ. ვ–ემ აუქციონზე შესყიდული ბინის თანხა ქ. გ–ეს, საიდანაც თანხის ნაწილი 2000 ლარი თავად ასესხა.
5.12. სადავო უძრავ ქონებაზე ტ. ვ–ის ინტერესს ადასტურებს ის გარემოებებიც, რომ ქ. გ–ესთან ერთად აუქციონში ამ უკანასკნელის ე.წ. „იუზერით“ მონაწილეობდნენ თეა გადელია და ტ. ვ–ეც. მართალია, ძირითად მოქმედებებს ახორციელებდა ქ. გ–ე მისი კომპიუტერიდან, თუმცა პარალელურად ტ. ვ–ეც ადევნებდა თვალს აუქციონის მიმდინარეობას და იღებდა მასში მონაწილეობას.
5.13. მოწმეების გ. შ-სა და ე. დ-ის ჩვენებებით, შპს „მ-“-ს დირექტორის 2018 წლის 2 აპრილის და შპს „ს....“-ს დირექტორის 2018 წლის 3 აპრილის წერილებით დასტურდება, რომ აუქციონის გამართვის შემდეგ, უძრავი ქონებიდან ყოფილი მესაკუთრეების გამოსახლებისა და ბინის გაყიდვის პროცედურებში აქტიურად მონაწილებდა ტ. ვ–ე.
5.14. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. გ–ესა და ლ. ყ–თან ერთად, თ.....ში მდებარე ბინაზე საკუთრების უფლება გააჩნდა ტ. ვ–ესაც, რაც აუქციონში მონაწილეობის მიღებისა და გამარჯვებისთანავე ცნობილი იყო ქ. გ–ისათვის. აუქციონზე ბინის სანდო პირის მიერ შესყიდვით, შემდგომში, კი ბინის გასხვისებითა და სარგებლის მიღებით ისევე იყო დაინტერესებული ტ. ვ–ე, როგორც ლ. ყ–ი და მისი მეუღლე. მიუხედავად ამისა, ქ. გ–ემ სადავო ქონება, თვითნებურად, ტ. ვ–ესთან შეუთანხმებლად ჯერ გაასხვისა თ. კ–ეზე, შემდეგ კი ხ. ფ–ეზე.
5.15. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მტკიცება, რომ თითქოს აუქციონზე ბინის შესაძენი თანხა სრულად იქნა მობილიზებული ქ. გ-ის მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული უსაფუძვლობის გამო. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, ქ. გ–ის მიერ მხოლოდ თანხის გარკვეული ნაწილის მოგროვება. ამასთან, ფაქტობრივი გარემოებების დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კონკურენტუნარიანი ვერ იქნება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.
5.16. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოტყუება, როგორც თაღლითობის ჩადენის ხერხი, წინ უნდა უსწრებდეს აღნიშნულ დანაშაულს, დაზარალებულის მიერ ქონების გადაცემამდე უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის რეალობის დამახინჯება და ამ გზით დანაშაულის ჩადენის გამარტივება, რაც ნიშნავს, რომ მოტყუებასა და სხვისი ნივთის დაუფლების ფაქტებს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. განსახილველ შემთხვევაში, ქ. გ–ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა მასში, რომ მან, მის სახელზე რიცხული თ.....ში მდებარე უძრავი ქონება გაასხვისა ლ. ყ–ისა და ტ. ვ–ის ინფორმირების გარეშე და ამასთან, არც ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა გადასცა მათ (პირებს ვინც რეალურად უზრუნველყვეს ბინის საფასურის სრული დაფარვა აუქციონზე). ამასთან, გასათვალისწინებულია, რომ აუქციონში ქ. გ–ის მონაწილეობა და ამ უკანასკნელის მიერ ბინის შეძენა არ ყოფილა მსჯავრდებულის ინიციატივა. ტ. ვ–ემ და ლ. ყ–მა თავად შესთავაზეს ქ. გ–ეს აუქციონზე შეეძინა მათივე სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული მ-ების ოჯახის კუთვნილი უძრავი ქონება.
5.17. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს, რომ აუქციონის გამართვამდე და მის მოგებამდე, ქ. გ–ის განზრახვაზე, რომ ლ. ყ–ისა და ტ. ვ–ის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა უძრავ ქონებას, რომელიც მხოლოდ ფიქტიურად უნდა გადასულიყო მის საკუთრებაში, ირიბადაც კი არ მიუთითებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება. ამასთან, არც ბრალდების მხარე ედავება ქ. გ–ეს მსგავსი განზრახვის წარმოშობას მის სახელზე ბინის საკუთრებაში დარეგისტრირებამდე. პირის ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის კი, აუცილებელია ნივთი, რომელსაც ეუფლება სავარაუდო დამნაშავე იყოს სხვისი, ან ქონებრივი უფლება ეკუთვნოდეს სხვას. იმ პირობებში კი, როდესაც ქონების მის საკუთრებაში გადასასვლელად პირს რაიმე მართლსაწინაღმდეგო, არამართლზომიერი ქმედება არ განუხორციელებია, ტ. ვ–ემ და ლ. ყ–მა საკუთარი სურვილით და ფაქტების რეალური შეცნობის საფუძველზე, სთხოვეს მონაწილეობა მიეღო აუქციონში, რის შედეგადაც ქ. გ–ეზე დარეგისტრირდა სადავო ქონება, რომელიც ამ უკანასკნელმა განკარგა რეალური მესაკუთრეების ნებისაგან დამოუკიდებლად, სახეზე არაა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
5.18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია თვითნებობა – ე.ი. ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის N7აპ-15 განაჩენის თანახმად: ,,თვითნებობა ობიექტური შემადგენლობის ნიშნებით გარეგნულად ზოგჯერ ძალიან ჰგავს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემადგენლობას, მაგრამ ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე და თავად მსჯავრდებულის ქცევის, მოტივის მხედველობაში მიღებით დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის შემდეგ, უნდა მოხდეს პირის მიერ ჩადენილი ქმედების გამიჯვნა, რასთან გვაქვს საქმე – საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან, თუ – თვითნებობასთან“.
5.19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის N173აპ-21 განჩინების თანახმად: „თვითნებობისას, პირი, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, ახორციელებს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როდესაც პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას უფლება აქვს, ისარგებლოს ან არ ისარგებლოს კონკრეტული უფლებით და იმავდროულად, აცნობიერებს, რომ თავის/თავისად დაგულებულ უფლებას კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ ახორციელებს.“ საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განმარტებები შეესაბამება განსახილველ საქმეს, რამდენადაც ქ. გ–ის ქმედებაში მოტყუების ელემენტი ვერ დადგინდა, ხოლო ტ. ვ–ის საკუთრების უფლების შელახვა გამოწვეულია მსჯავრდებულის მიერ უფლების არასწორი აღქმით.
5.20. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეების საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. სასჯელის დასაბუთება:
6.1. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
6.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
6.3. საკასაციო სასამართლო აფასებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, პირად და ეკონომიკურ პირობებს და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ ქ. გ–ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა – 10000 ლარი.
6.4. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს, რომ ქ. გ–ემ დანაშაული ჩაიდინა 2015 წლის 2 ნოემბერს, ხოლო ბრალდება წარედგინა 2023 წლის 31 ივლისს.
6.5. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების წინაპირობებს. კერძოდ, ზემოხსენებული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ორი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას.
6.6. ქ. გ–ის მიმართ მსჯავრადშერაცხილი ქმედება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
6.7. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გასულია ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა.
6.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონის იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ქ. გ–ე უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან.
6.9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, ამავე კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ქ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ფ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. ქ. გ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
5. ქ. გ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10000 ლარი. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქ. გ–ე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან;
6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქ. გ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძება გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს;
7. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 13 დისკზე – შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან მიღებული პასუხი 1 ცალ დისკზე – შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე