საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.11.2025
საქმის ნომერი
2კ-679აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.11.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100123007328673

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №679აპ-25 28 ნოემბერი, 2025 წელი

ქ–ი ი., №679აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოსსისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ქ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. ქ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც სამჯერ არის ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 7 აპრილს, დაახლოებით, 13:50 საათზე, ქ. თ–ი, ა–ს ქუჩა №-ში მდებარე სს „ნ. ტ–ის“ კუთვნილ მაღაზია „ლ–ს“ №...-ე მაღაზიაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი ი. ქ–ი დანის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა ზემოაღნიშნული მაღაზიის თანამშრომლებს ა. ბ–ეს და ი. ბ–ეს და სალაროში უკანონო შეღწევის გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სს „ნ. ტ–ის“ კუთვნილ თანხას – 100 ლარს. ი. ქ–ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ა. ბ–ეს და ი. ბ–ეს მიადგათ მორალური სახის ზიანი, ხოლო სს „ნ. ტ–ს“ მიადგა 100 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მაისის განაჩენით, ი. ქ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაუქმდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

ასევე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მსჯავრდებულ ი. ქ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით შპს „........ ცენტრში“ იძულებითი მკურნალობის მიზნით მოთავსების პერიოდი.

საბოლოოდ, მსჯავრდებულ ი. ქ–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ი. ქ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2023 წლის 7 აპრილიდან – 2023 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით.

ასევე, სასჯელში ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით შპს „........ ცენტრში“, იძულებითი მკურნალობის პერიოდი.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ქ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ–მა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განაჩენით, მსჯავრდებულ ი. ქ–ის ინტერესების დამცველის ადვოკატ ლ. მ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ი. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაუქმდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობით ვადამდე გათავისუფლება და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ი. ქ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ი. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2023 წლის 7 აპრილიდან - 2023 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან - 2024 წლის 13 მაისიდან.

3.2. 2025 წლის 4 ივლისს, მსჯავრდებულ ი. ქ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ი. ქ–ის ქმედებას არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა. დაზარალებულმა ი. ბ–ემ სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ ი. ქ–ი არ დამუქრებია მას, ხმა არ გაუცია, ის მსჯავრდებულს ზურგიდან აწვებოდა და ცდილობდა გარეთ გაეყვანა. ასევე, დაიკითხა დაზარალებული ა. ბ–ე, რომელმაც განმარტა, რომ მაღაზიაში დაინახა ადამიანი, რომელსაც ხელში ეკავა დანა, ხოლო ი. ბ–ე ზურგიდან აწვებოდა და ცდილობდა მის გარეთ გაყვანას. დაზარალებულთა განმარტებით, მსჯავრდებულს მათთვის არაფერი მოუთხოვია. შესაბამისად, დაზარალებულების ი. ბ–ისა და ა. ბ–ის ჩვენებიდან არ იკვეთება, დანაშაულის შემადგენლობა. დაცვის მხარის პოზიციით, ი. ქ–ის ქმედებაში არ არის ყაჩაღობის შემადგენლობის აუცილებელი ნიშნები – „თავდასხმა ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით“. კასატორის პოზიციით, ასევე საეჭვოა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ი. ქ–ს ჩაუტარდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი. ქ–ი ქმედების ჩადენის დროს იყო შეზღუდული შერაცხადი, რაც მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ იქნება დამაჯერებელი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ი. ქ–ი ექსპერტიზაზე სტაციონარში გადაყვანილი ჰყავდათ ერთი დღით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო, არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ი. ქ–ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ ი. ქ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

5.3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. ქ–ის მსჯავრდების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.

5.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, ი. ქ–ის წარსულში ნასამართლობა, კერძოდ: იგი სამჯერ არის ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. ამასთან, მხარეებს შორის სადავო გარემოება არაა, რომ 2023 წლის 7 აპრილს, დაახლოებით, 13:50 საათზე, ი. ქ–ი იმყოფებოდა ქ. თ–ი, ა–ს ქუჩა №..-ში მდებარე სს „ნ. ტ–ის“ კუთვნილ „ლ–ს“ №...-ე მაღაზიაში.

5.5. საკასაციო საჩივარი ი. ქ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ეყრდნობა დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებული იყო შეურაცხადი და მის მიერ განხორციელებულ ქმედებებში არ არის ყაჩაღობის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნები, კერძოდ, ადგილი არ ჰქონია სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარას, თავდასხმასა და თანხის მოთხოვნას.

5.6. საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ი. ქ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნას ი. ქ–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.7. საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებულია ყაჩაღობისთვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმისთვის. აღნიშნული დანაშაული გამოიხატება, როგორც ქონების ხელყოფაში, ისე თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. თავდასხმა ეს არის დაზარალებულისთვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან ან/და ძალადობის მუქარასთან. ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია და იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლებს თუ არა დამნაშავე სხვისი ქონების დაუფლებას. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გათვითცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს, თუმცა სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ძალადობის მუქარა სახეზეა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი გამოხატვა ხდება ვერბალური კომუნიკაციის გზით, არამედ მუქარას ადგილი აქვს მაშინაც, როდესაც გამოხატვის ფორმა, მიუთითებს შესაძლო ძალადობაზე, მაგალითად დანის მოღერება, მოქნევა ან/და მომართვა.

5.8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებითა და დაზარალებულთა ი. ბ–ისა და ა. ბ–ის ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ 2023 წლის 7 აპრილს, შუადღის საათებში, დაახლოებით 13:10 საათზე, ქ. თ–ი, ა–ს ქუჩა №..-ში მდებარე მაღაზია „ლ–ში“ ი. ბ–ე იმყოფებოდა რძის პროდუქტების სექციაში, რა დროსაც ძეხვეულის სექციაში დახლის შიდა მხარეს შევიდა ი. ქ–ი. მსჯავრდებულს ი. ბ–ემ მოუწოდა გამოსულიყო დახლიდან, რაზედაც პასუხი ვერ მიიღო და ი. ქ–მა გააგრძელა ფურცლების ქექვა. აღნიშნულის შემდეგ, ი. ქ–ი გამოვიდა დახლიდან, რა დროსაც ი. ბ–მ დაინახა, რომ მსჯავრდებულს ხელში ეჭირა ძეხვეულის დასაჭრელი დანა, რომელიც მას მოუღერა. ი. ქ–ი მოუწოდებდა მას, რომ სექცია დაეტოვებინა და არაფერს დაუშავებდა. ა. ბ–ე იმყოფებოდა სალაროსთან და როდესაც მან გაიგო ი. ბ–ის ხმა, სალაროს გასაღები დადო თაროზე და გაიხედა ი. ბ–ის მიმართულებით. დაინახა, რომ ი. ბ–ე ცდილობდა ი. ქ–ის სექციიდან გამოყვანას, რის გამოც ა. ბ–ემ გადაწყვიტა ისევ მისულიყო სალაროსთან და აეღო გასაღები. ამ დროს მას მიუახლოვდა ი. ქ–ი, რომელსაც ხელში დანა ეკავა, მოუღერა დანა და უთხრა, რომ გაწეულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაარტყამდა. მას შეეშინდა და შევიდა მენეჯერის ოთახში; ხოლო ი. ქ–მა აიღო გასაღები, გააღო უჯრა და ამოიღო თანხა. დაზარალებულების ჩვენებებით დგინდება, რომ ი. ქ–ი სალაროდან გამოსვლის შემდეგაც აგრესიული იყო და კვლავ გაიწია მათკენ, რაზეც ი. ბ–ემ უთხრა, რომ აეღო, რაც სურდა და წასულიყო. მოგვიანებით, როგორც ნახეს ი. ქ–ს სალაროდან წაღებული ჰქონდა ორი ცალი ორმოცდაათლარიანი. დაზარალებულთა ჩვენებები სრულად თანხვდება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებს, რაც დამაჯერებლობის და სანდოობის ხარისხს სძენს მათ მიერ სასამართლოში განმარტებულ გარემოებებს.

5.9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით, განსაკუთრებით კი, დაზარალებულთა მიერ განმარტებული გარემოებებით, დადგენილად მიაჩნია, რომ ი. ქ–მა 2023 წლის 7 აპრილს, ქ. თ–ი, ა–ს ქუჩა N..-ში მდებარე მაღაზია „ლ–ში“ ჩაიდინა ყაჩაღობა, რამდენადაც სახეზეა ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი, კერძოდ, დანის დემონსტრირებით თავდასხმა, დანის დაზარალებულთათვის მოღერება და მათკენ მიმართვა სწორედაც, რომ ძალადობის მუქარად უნდა შეფასდეს, რაც გამოყენებული საგნის გათვალისწინებით ობიექტურად საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ერთობლიობაში ქმედებათა ანალიზი, კი ქმნის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის შემადგენლობას.

5.10. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისას იყო შეურაცხადი და რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ – ნ. დ–ს ჩვენება.

5.11. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არ უნდა იქნეს გაზიარებული ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ ნ. დ–ის ჩვენება დანაშაულის ჩადენის მომენტში მსჯავრდებულის შეზღუდულ შერაცხადობასთან დაკავშირებით. მხოლოდ ის გარემოება, რომ წარსულში მსჯავრდებული მკურნალობდა შპს „......... ცენტრში“ (....) და მის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა სისხლისსმართლებრივი დევნა ვერ იქნება მიჩნეული არგუმენტად.

5.12. სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N......... დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ი. ქ–ს აღენიშნება თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა (კოდი – F06; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით - ფსიქიკის მხრივ; ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს (2023 წლის 07 აპრილს) მას აღენიშნებოდა თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა).

5.13. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მათში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, დაცვის მხარეს არგუმენტებული და ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რომელიც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ მიუთითებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ქ–ის ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.

5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.16. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ქ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე