საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 27.11.2025
საქმის ნომერი
2კ-708აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.11.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100124009047802

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№708აპ-25 27 ნოემბერი, 2025 წელი

ზ-ე მ., 708აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 23 იანვრის განჩინებით მ. ზ–ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება: ბრალდებულ მ. ზ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა.

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 23 იანვრის განჩინება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მ. ზ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და სასჯელის განსაზღვრა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 23 იანვრის განჩინება გაუქმდა; მ. ზ–ე (პირადი №..... დაბადებული 1... წელს, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – ძალადობისთვის (ცემისთვის), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· 2024 წლის 16 იანვარს, დაახლოებით, 10:45 საათზე, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ–ში მდებარე შპს „ა–ის“ საწარმოს შენობაში, საწარმოს საკითხებთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას, მ. ზ–ემ, სახისა და თავის არეში ხელის დარტყმებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ. ფ–ეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

· 2024 წლის 16 იანვარს, დაახლოებით, 10:45 საათზე, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ–ში მდებარე შპს „ა–ის“ საწარმოს შენობაში, საწარმოს საკითხებთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას, მ. ზ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დ. ფ–ეს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5. აღნიშნული ქმედებებისათვის მ. ზ–ეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განესაზღვრა 40 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით კი – 40 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა 20 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. გაუქმდა მ. ზ–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.

4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი რამაზ შანიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის განაჩენის გაუქმებას, მსჯავრდებულ მ. ზ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით კანონიერი სასჯელების განსაზღვრას, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონისა და საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ მ. ზ–ისათვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

3. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მხარეებსაც არ გაუხდიათ სადავოდ და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2024 წლის 16 იანვარს, დაახლოებით, 10:45 საათზე, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ–ში მდებარე შპს „ა–ის“ საწარმოს შენობაში, მ. ზ–ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ. ფ–ეს, ასევე – დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ სარწმუნოდ დადგენილად მიიჩნია მ. ზ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: თავად მ. ზ–ის აღიარებით, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №..... დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

5. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის კანონიერებას – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

6. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მცდარი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება №1/6/770 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

7. სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელი მსჯავრდებულისათვის ჩადენილი დანაშაულის გაანალიზების ეფექტურ ბერკეტს უნდა წარმოადგენდეს, ამასთან, უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. მოსამართლე როგორც კონკრეტული სასჯელის სახის, ისე – მისი ზომის შერჩევისას ხელმძღვანელობს იმპერატიულად გაწერილი სამართლებრივი ნორმებითა და განსახილველი საქმის ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებებით. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში.... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

8. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილი, ისე – სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილი – სასჯელის სახედ და ზომად, სხვა, ალტერნატიულ სასჯელებთან ერთად, ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით – ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განაჩენით მ. ზ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს ზემოაღნიშნული მუხლებით დადგენილი მინიმალურ ზომაზე ნაკლები სასჯელები – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 40-40 საათით. საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, რაც, განსახილველ შემთხვევაში, არ მომხდარა. ამდენად, მ. ზ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრული სასჯელები უკანონოა და უნდა შეიცვალოს.

10. საკასაციო სასამართლომ ინდივიდუალურად შეაფასა მოცემული საქმის გარემოებები – ჩადენილ დანაშაულთა ხასიათი და მსჯავრდებულის პიროვნება. ასევე, ის გარემოება, თუ კონკრეტული ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ზ–ე ნასამართლობის არმქონეა, მან აღიარა ჩადენილი დანაშაულები, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობით ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე – დაზარალებულის პოზიცია – და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისათვის თითოეული მუხლით 120 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელია.

11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის 1-ელ პუნქტს, რომლის თანახმად, ამ კანონის 1-ელი-მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

12. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულისა) გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულისა) დანიშნული სასჯელი, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

13. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, „ამ კანონის 1-ელი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) … ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა). ასევე, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

14. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მ. ზ–ე ნასამართლობის არმქონეა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა დ. ფ–ემ თანხმობა განაცხადა მის მიმართ ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული მ. ზ–ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანიშნული სასჯელის – 120 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის – მოხდისაგან, ხოლო სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით შეფარდებული სასჯელი – 120 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – უნდა გაუნახევრდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, 308-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მ. ზ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 120 (ას ოცი) საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდეს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

4. მ. ზ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 120 (ას ოცი) საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გაუნახევრდეს და განესაზღვროს 60 (სამოცი) საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ. ზ–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია;

6. ნივთიერი მტკიცებულება – შპს „ა–ის“ ვიდეოსამეთვალყურეო კამერიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთ) ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე