საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.11.2025
საქმის ნომერი
2კ-744აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.11.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100124008634838

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №744აპ-25 თბილისი

შ. ნ., 744აპ-25 25 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულების – ზ. შ–ისა და ნ. შ–ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. პ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. შ–ს ბრალი დაედო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის, სამი ეპიზოდი); სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, სამი ეპიზოდი), ხოლო ნ. შ–ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება); სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ორი ეპიზოდი); სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, ორი ეპიზოდი); სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენაში დახმარება). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ივლისის განაჩენით ზ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. 2023 წლის 25 ნოემბერს თ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში, ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ზ. შ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით – 0,4112 გრამი, უკანონოდ გაასაღა რ. ბ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ივლისის განაჩენით ზ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. 2023 წლის 30 ნოემბერს თ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში, ზ. შ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით – 0,3747 გრამი, უკანონოდ გაასაღა რ. ბ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ივლისის განაჩენით ზ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. 2023 წლის 1 დეკემბერს თ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში, ზ. შ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით – 0,418 გრამი, უკანონოდ გაასაღა რ. ბ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2023 წლის 14 ნოემბერს თ–ში, გ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარედ, ნ. შ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით – 0,00798 გრამი, უკანონოდ გაასაღა რ. ბ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2023 წლის 16 ნოემბერს თ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში, ნ. შ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით – 0,2558 გრამი, უკანონოდ გაასაღა რ. ბ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2023 წლის 17 ნოემბერს თ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში, ნ. შ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით – 0,2312 გრამი, უკანონოდ გაასაღა რ. ბ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· ნ. შ–მა, ანგარების მოტივით, განიზრახა, რ. ბ–ს დახმარებოდა ზ. შ–გან ნარკოტიკული საშუალების შეძენაში. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2023 წლის 1 დეკემბერს თ–ში ნ. შ–ი შეხვდა ზ. შ–ს და რ. ბ–ს, რა დროსაც რ. ბ–მა, ნარკოტიკული საშუალების შეძენის მიზნით, მიმავალ ავტომანქანაში ნ. შ–ს გადააწოდა ოპერატიული თანხა, ხოლო ნ. შ–მა, თავის მხრივ, თანხა გადააწოდა ზ. შ–ს, რომელმაც თ–ში, გ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარედ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით – 0,418 გრამი, უკანონოდ გაასაღა რ. ბ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ზ. შ–ი (პირადი №........), დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 25 ნოემბრისა და 2023 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდები), 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 25 ნოემბრის, 2023 წლის 30 ნოემბრისა და 2023 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდი) და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.07.2020 წლის განაჩენითა და 22.01.2021 წლის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.07.2020 წლის განაჩენითა და 22.01.2021 წლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ზ. შ–ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 20 დეკემბრიდან.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზ. შ–ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3. ამავე განაჩენით ნ. შ–ი (პირადი №..........), დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-4 ნაწილებით (2023 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი) და 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 16 ნოემბრისა და 2023 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდები) – 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 16 ნოემბრისა და 2023 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდები) – 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისთვის (2023 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა ეპიზოდებისთვის დანიშნული სასჯელები და ნ. შ–ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 20 დეკემბრიდან.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ნ. შ–ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

4. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ივლისის განაჩენით ზ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. 2023 წლის 1 დეკემბერს თ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში, ზ. შ–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით – 0,418 გრამი.

· 2023 წლის 16 ნოემბერს თ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში, ნ. შ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით – 0,2558 გრამი, უკანონოდ გაასაღა რ. ბ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2023 წლის 17 ნოემბერს თ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში, ნ. შ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით – 0,2312 გრამი, უკანონოდ გაასაღა რ. ბ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განაჩენით შეიცვალა, კერძოდ:

ზ. შ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 25 ნოემბრისა და 2023 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდები), 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 25 ნოემბრის, 2023 წლის 30 ნოემბრისა და 2023 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდი) და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.07.2020 წლის განაჩენითა და 22.01.2021 წლის განჩინებით განსაზღვრული 3 წლით პირობითი მსჯავრი, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.07.2020 წლის განაჩენითა, 22.01.2021 წლის განჩინებით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ზ. შ–ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 20 დეკემბრიდან.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზ. შ–ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

ნ. შ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-4 ნაწილებით (2023 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი) და 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 16 ნოემბრისა და 2023 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდები) – 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 16 ნოემბრისა და 2023 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდები) – 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისთვის (2023 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა ეპიზოდებისთვის დანიშნული სასჯელები და ნ. შ–ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 20 დეკემბრიდან.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ნ. შ–ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. მსჯავრდებულების ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. პ–ი საკასაციო საჩივრებით ითხოვს ზ. შ–ისა და ნ. შ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული განაჩენის შესახებ წარმოდგენილ მოტივებსა და დასაბუთებას ნ. შ–ისა და ზ. შ–ის გამართლების თაობაზე უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოზე სხდომაზე გამოკვლეული, ასევე – მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მათ შორის, მოწმეების – რ. ბ–ის, მ. მ–ს, ი. გ–ს, გ. ქ–სა და სხვათა – ჩვენებები, ამოღების ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმები, ექსპერტიზების დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ზ. შ–ის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის (2023 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდი), ხოლო ნ. შ–ის მიერ – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და რ. ბ–ზე ასევე უკანონოდ გასაღება (2023 წლის 16 და 17 ნოემბრის ეპიზოდები).

10. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2023 წლის 16 და 17 ნოემბრის ეპიზოდებთან დაკავშირებით, მოწმე რ. ბ–მა თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა 2023 წლის 16 და 17 ნოემბერს განვითარებული მოვლენები. სასამართლოს მისი ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია პირდაპირი ხასიათის სხვა მტკიცებულებები, როგორიცაა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა, ამოღების ოქმები და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები. ნარკოტიკული საშუალების გასაღებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები ასახულია ვიდეო-აუდიოჩანაწერებში. ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერებით, ასევე ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის 2024 წლის 29 აპრილის №..... დასკვნით ერთმნიშვნელოვნად დგინდება 2023 წლის 16 და 17 ნოემბრის ეპიზოდებში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, უტყუარადაა დადგენილი, რომ 2023 წლის 16 ნოემბერს თ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში, ნ. შ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული, დიდი ოდენობით – 0,2558 გრამი – ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ უკანონოდ გაასაღა რ. ბ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. ასევე, 2023 წლის 17 ნოემბერს თ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში, ნ. შ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით – 0,2312 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ უკანონოდ გაასაღა რ. ბ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის

თანამშრომლებმა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის – დიდი

ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. აღნიშნულის საპირისპიროდ, რაიმე წონადი მტკიცებულება ან არგუმენტი, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებდა, დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია.

11. რაც შეეხება 2023 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდს ზ. შ–თან მიმართებით, სასამართლო მიუთითებს, რომ, 2023 წლის 1 დეკემბერს განხორცილებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალის თანახმად, საუბარია საერთო სარგებლობის ნარკოტიკულ საშუალებაზე. აღნიშნული მოცემულობა კი არ იძლევა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების შემადგენლობას და სახეზეა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც ერთმნიშვნელოვნად დგინდება რ. ბ–ის ჩვენების, ამოღების ოქმის, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნისა და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის ანალიზის საფუძველზე. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ 2023 წლის 1 დეკემბერს, თ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში, ზ. შ–მა (რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 0,418 გრამი „ჰეროინი“. შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ჩადენილი არაერთგზის – შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი.

12. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა ნ. შ–ისა და ზ. შ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა შეკრებილი მტკიცებულებები და გაითვალისწინა კანონიერი და სამართლიანი განაჩენის დადგენისათვის სავალდებულო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნები. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ ნ. შ–ისა და ზ. შ–ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები, ინკრიმინირებულ ქმედებებში მათი ბრალეულობის თაობაზე, სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა. დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრებით მიმართა ანალოგიურ (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, გასაჩივრებულ განაჩენში კი მხარის ყველა არგუმენტს დეტალურად და ამომწურავად უპასუხა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია. გარდა ამისა, მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები: №599აპ-21, №215აპ-19, №1164აპ-23), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.

14. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას (სუსგ №817აპ-23); თუმცა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმის მასალებში ასახული ყველა მტკიცებულების დეტალური ანალიზით, ნ. შ–ის ქმედებაში აშკარად გამოკვეთილია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ნიშნები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. შეწირულის მიერ რ. ბ–ისათვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემა უტყუარად დადასტურებულია, რაც უდავოდ ნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედება დანაშაულია. მართალია, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში, ნარკოტიკული საშუალების გასაღებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირებულია ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებაზე, თუმცა ამგვარი შემთხვევების საფუძველი მსჯავრდებულის ქმედებაში გასაღების მიზნის დაუდასტურებლობა იყო, განსხვავებით მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისგან, რომელთა ყოველმხრივ და ობიექტურად შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ბ–ისათვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის დროს მსჯავრდებულ ნ. შ–ს გააჩნდა რეალიზაციის მიზანი.

15. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივრებში ამახვილებს ყურადღებას კასატორი. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

16. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნას ცნობილი მსჯავრდებულების – ზ. შ–ისა და ნ. შ–ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. პ–ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე