საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.11.2025
საქმის ნომერი
2კ-760აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.11.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100123007568151

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №760აპ-25 ქ. თბილისი

შ–ე ი., 760აპ-25 28 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. შ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. ს–ისა და ვ. გ–ის, ასევე – აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი დონდოლაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. შ–ეს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 მუხლით;

ი. შ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 16 მაისს, დაახლოებით 15:15 საათზე, ქ. ბ–ში, ზ–ს ქუჩის ..-ში მდებარე სს „... ბანკის“ შენობაში, ი. შ–ემ შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი დანის გამოყენებით, ჯ. ა–ეს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ორი შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუში, პანკრეასის, კუჭის და ღვიძლის დაზიანებით და, ასევე – განივი ნაკვეთი ჭრილობა წელის არეში. ჯ. ა–ე, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, გადაურჩა სიკვდილს, რის გამოც, ი. შ–ის მიერ განზრახული დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენით ი. შ–ე, – დაბადებული .... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, ი. შ–ეს 5 (ხუთი) წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, აეკრძალა: იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ- საშტატო იარაღის) შენახვა, ტარება ან/და გამოყენება; აღნიშნული შეზღუდვის ვადის ათვლა ი. შ–ეს უნდა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის დასრულების დღიდან.

გაუქმდა ი. შ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

ი. შ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 16 მაისიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ბრალდების, ასევე – დაცვის მხარემ.

ü მსჯავრდებულ ი. შ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჩ–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ი. შ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

ü აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენის ცვლილება, კერძოდ, ი. შ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანას კვალიფიკაციის ნაწილით, კერძოდ, მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურდებოდა, რომ ი. შ–ე მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით; ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია; მსჯავრდებულს თავისუფლად შეეძლო დაზარალებულისათვის სხვა ადგილებშიც მიეყენებინა დაზიანება და მისთვის სიცოცხლე მოესპო, მაგრამ მან ეს შეგნებულად არ გააკეთა, ვინაიდან არ სურდა მისი მოკვლა. მსჯავრდებულმა თვითონვე მოითხოვა სასწრაფო დახმარების გამოძახება, არ დატოვა ბანკის შენობა და დაჯდა შიდა კიბეებზე; მსჯავრდებულის ჩვენებას ადასტურებს ბანკში არსებული სათვალთვალო კამარების ჩანაწერებიც, რომლის მიხედვით, ი. შ–ე ჯ. ა–ისათვის ჭრილობების მიყენების შემდეგ, გადის ბანკის შენობის სივრცეში და ჯდება კიბეზე, ასევე მოწმე ნ. ქ–ს ჩვენებაც, რომლის განმარტებით, მსჯავრდებულს კვლავ შეეძლო დაზარალებულისათვის დაზიანებების მიყენება; აღნიშნულით, უტყუარად დასტურდება, რომ ი. შ–ე მოქმედებდა ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვით, შესაბამისად, მსჯავრდებულის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დამდგარი შედეგის მიხედვით.

ü ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ი. შ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული განაჩენი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უსამართლო.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

9. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ი. შ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს: დაცვის მხარე სადავო ფაქტობრივ გარემოებად არ მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულმა ი. შ–ემ დაზარალებულ ჯ. ა–ეს დანის გამოყენებით მიაყენა ჭრილობები, მაგრამ ადვოკატის განმარტებით, მსჯავრდებულს არ გააჩნდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა. მას სურდა მისთვის მხოლოდ ფიზიკური დაზიანების მიყენება.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებულ პოზიციას, სრულად ეთანხმება და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მსჯავრდებული მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით, რაც, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, არ დადგა, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა – სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია, აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის ან/და შელაპარაკების ნიადაგზე. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც, თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა, ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 29).

14. საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა: ამ ორი სამართლებრივი მოცემულობის (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილი უნდა იქნას: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ. სწორედ ყველა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ – ჩადენილი უმართლობა გამოწვეული იყო თუ არა პირის მოკვლის სურვილით. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი №680აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8-9).

15. საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ჯ. ა–ის ჩვენებაზე, რომელმაც დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები, კერძოდ: დაზარალებულმა განმარტა, რომ 2023 წლის 16 მაისს, შუადღის საათებში იმყოფებოდა სამსახურში, თავის სამუშაო ოთახში. ამ დროს მასთან მივიდა უცნობი პირი, რომელმაც ჰკითხა, ის იყო თუ არა ჯ. ა–ე. დაზარალებულისგან დასტურის მიღების შემდეგ კი უცნობმა პირმა მას ხელი მოხვია და შებოჭა. ი. შ–ეს მარჯვენა ხელში ეჭირა დანა და ცდილობდა ჯ–სთვის ყელის გამოჭრას. ჯ–მ თავდაცვის მიზნით, მას მარჯვენა ხელი მაჯაზე სტაცა, რომელშიც დანა ეჭირა და კისრიდან დანა ძალის გამოყენებით მოიცილა. მიუხედავად ჯ. ა–ის მიერ გაწეული წინააღმდეგობისა, მსჯავრდებულმა, როგორც კი მიეცა შესაძლებლობა, დაზარალებულს ხელთნაქონი დანა ორჯერ დაარტყა მარცხენა გულმკერდთან, მუცლის არეში, ჯ–ს წაქცევის მომენტში მამაკაცმა მას უკანა მხარეს წელის არეშიც მიაყენა დანით ჭრილობა. დაზარალებულის ჩვენებით, იგი მას ჩეხავდა. შემდეგ ჯ–მ გაიგონა დანის დავარდნის ხმა. დანა იყო გასაშლელი, დიდი ზომის. ჯ–ს განმარტებით, თავიდან მას დანის გახსნის ხმა არ გაუგია, რადგან მისი აზრით მამაკაცი ოთახში შევიდა უკვე გახსნილი დანით. დაზარალებული დაჭრის შემდეგ იატაკზე დავარდა, მას დახმარების მიზნით, გარს შემოეხვივნენ ბანკის თანამშრომლები, რომელთაც გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. მას მიღებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები, სდიოდა სისხლი, გონება არ დაუკარგავს. იგი იწვა ძირს, თანამშრომელმა ჭრილობაზე შემოახვია მაისური, უჭირდა სუნთქვა, რაც უფრო უმძიმდებოდა. ამ დროს მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და გაუწიეს სამედიცინო დახმარება.

16. დაზარალებულ ჯ. ა–ის ჩვენებას სრულად შეესაბამება შემთხვევის უშუალო არაერთი თვითმხილველი პირდაპირი მოწმის, სს ,,..... ბანკის“ თანამშრომლების ჩვენებები, სახელდობრ:

17. მოწმე ნ. ვ–ს ჩვენების მიხედვით, მან დაინახა, რომ მსჯავრდებულს დანა მიტანილი ჰქონდა ჯ. ა–ის ყელთან, ხოლო ჯ– მის მოგერიებას ცდილობდა. მსჯავრდებული კი ცდილობდა ჯ–ს ყელთან დანის მიბჯენას. მოწმე, გამოწვეული შიშისა და პანიკის გამო გაიქცა ოთახიდან.

18. მოწმე ა. მ–ს ჩვენების მიხედვით, დაახლოებით, 3 საათიდან 4 საათამდე პერიოდში, გაიგონა შეკითხვის ხმა: – „ჯ–ა შენ ხარ“?. შეკითხვიდან რამდენიმე წამში ა–ს მოესმა თანამშრომელი გოგოების კივილის ხმა, ამ ხმაურზე მან ასწია თავი და დაინახა უცნობი პირი, რომელიც იდგა ჯ. ა–ის სკამთან. მსჯავრდებულს მარცხენა ხელი გადაეხვია ჯ–სთვის, ხოლო მარჯვენა ჰქონდა – ზევით აწეული, სწორედ მასში ეკავა დანა, რომელსაც ჯ–ს მუცლის არეში ურტყამდა ზევიდან ქვევით. დამნაშავემ დაარტყა 2-ჯერ ან 3-ჯერ. ამ დროს მოწმე წამოხტა სკამიდან და გაემართა ჯ–ს მხარეს. მოწმის მაგიდიდან ჯ–ს მაგიდამდე არის საკმაო მანძილი. როდესაც ა– უახლოვდებოდა დაზარალებულის მაგიდას, მსჯავრდებული უკვე მოდიოდა ა–სკენ. ამ დროს მას დანა ხელში არ ჰქონდა, დანა ეგდო იატაკზე.

19. მოწმე თ. თ–ს ჩვენებით დგინდება, რომ მსჯავრდებული ოთახში შემოსასვლელი კარიდან შევიდა, მივიდა ჯ. ა–ესთან, რომელიც იჯდა და მუშაობდა კომპიუტერში. მსჯავრდებულმა ჰკითხა, იყო თუ არა ის ჯ–ა. ჯ–მ დაუდასტურა, რის შემდეგაც, მსჯავრდებულმა მას მარცხენა ხელი კისერზე მოხვია, ხოლო მარჯვენა ხელით დანით მიაყენა სამი ჭრილობა. ჯ–მ შეძლო ფეხზე წამოდგომა და ეცადა თავის დაღწევას. ამ დროს თ–აც წამოდგა, მოწმემ ხელი მოჰკიდა ჯ–ს და გამოსწია მსჯავრდებულისგან. თ–ა ეუბნებოდა მსჯავრდებულს, რომ დანა ზურგშიც არ დაერტყა, თუმცა მან მაინც დაარტყა. შემდეგ თ. თ–მ გაიგონა დანის დაგდების ხმა.

20. მოწმე ქ. ს–ს ჩვენებით დასტურდება, რომ მან დაინახა, თუ როგორ მიუახლოვდა ჯ. ა–ეს უცნობი მამაკაცი, რომელმაც ჯ. ა–ე დანით დაჭრა მუცლის არეში.

21. მოწმე ნონა ქათამაძის ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს, დაახლოებით დღის სამ საათზე, მათ სამუშაო ოთახში შევიდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც იკითხა ჯ. ა–ე, შემდეგ მივიდა ჯ–ს მაგიდასთან, ჰკითხა, იყო თუ არა ჯ. ა–ე. ჯ–მ დაუდასტურა, რის შემდეგაც მამაკაცმა დანა, რომელიც ხელში ეჭირა, რამდენჯერმე დაარტყა დაზარალებულს.

22. მოწმე ე. დ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ ოთახში ყოფნისას იგი ესაუბრებოდა ჯ. ა–ეს, რომელიც იჯდა თავის სამუშაო მაგიდასთან, ამ დროს ოთახში შევიდა მამაკაცი, რომელმაც ჯ. ა–ეს რამდენჯერმე დაარტყა დანა, დარტყმების დროს ჯ– იჯდა სკამზე, ხოლო მამაკაცი იდგა მის ზურგს უკან.

23. მოწმეების, ასევე, სს ,,..... ბანკის“ თანამშრომლების: ი. თ–ს, ლ. კ–ს, ზ. შ–ს, გ. ა–ს, მ.ა ზ–ს ჩვენებების მიხედვით, მათ ნახეს იატაკზე მწოლიარე ჯ. ა–ე, რომელიც იყო მძიმე მდგომარეობაში, მას ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში, სდიოდა სისხლი. გ. ა–მ გაიხადა მაისური და ჯ–ს დაადო ჭრილობაზე. მოწმეთა ჩვენებებით ასევე ირკვევა, რომ მათ, დაზარალებულის დაჭრისთანავე, დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

24. სასამართლო ზემომითითებული მოწმეების ჩვენებების გარდა, ასევე ითვალისწინებს დაზარალებულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დადგენილია შემდეგი: ჯ. ა–ეს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში წინა კედელზე ზედა მესამედში მარცხენა მხარეს ნეკნთა რკალის მიმდებარედ 4.5x2.5 და 4.0x2.5 სმ-მდე ზომებით, პანკრეასის, კუჭის და ღვიძლის დაზიანებებით, სისხლის ჩაღვრით მუცლის ღრუში დანით მიყენებული, ორი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა და ასევე, წელის არეში მარცხნივ განივი მიმართულების ნაკვეთი ჭრილობა, დაახლოებით ზომით – 10.0x3.5 სმ-მდე, რომლებიც მიზეზობრივ კავშირშია ჯ. ა–ის სხეულის შემდეგ დაზიანებებთან – პანკრეასის ტრავმა, კუჭის ტრავმა, ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის ტრავმა, მუცლის კედლის ღია ჭრილობა, ტორსის ღია ჭრილობა დაუზუსტებელ დონეზე. მითითებული დასკვნის ავტორმა, ექსპერტმა ღუღუნი უჩანეიშვილმა მოწმის სახით დაკითხვისას, დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ჯ. ა–ის მუცლის ღრუში შემავალი ორი ჭრილობის შედეგად არსებული დაზიანებები, ერთობლივად და ცალ-ცალკე აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

25. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალები ნათლად ცხადყოფს, რომ მსჯავრდებული ი. შ–ე მოქმედებდა ჯ. ა–ის მკვლელობის განზრახვით, კერძოდ: წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსჯავრდებული მოქმედებდა შურისძიების მოტივით, დაზარალებულზე პირადი განაწყენებიდან გამომდინარე; დაზარალებულ ჯ. ა–ისა და აგრეთვე შემთხვევის თვითმხილველი მოწმის ჩვენებებით, დასტურდება ის ფაქტიც, რომ ი. შ–ე თავდაპირველად ცდილობდა დაზარალებულისათვის დანის ყელის არეში დარტყმას, რა დროსაც, ჯ. ა–ე, ი–ს აქტიურ ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა და იცავდა თავს; მიუხედავად დაზარალებულის მიერ გაწეული აქტიური წინააღმდეგობისა, ი. შ–ემ მაინც მოახერხა, თავდაპირველად დანის მუცლის არეში ორჯერ დარტყმით მისთვის სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებების მიყენება, ხოლო შემდეგ დაზიანება ისევ დანის გამოყენებით, უკვე ზურგის არეში მიაყენა; გარდა დაზარალებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობისა, მისთვის დაზიანებების მიყენებისას, შემთხვევის ადგილზე მყოფი ბანკის თანამშრომლებიც აქტიური ქმედებებით შეეცადნენ თავდამსხმელის შეჩერებას; ამასთან, როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილას, ჯ. ა–ის სამუშაო ოთახში, ისე – სხვა ოთახებში იმყოფებოდნენ ბანკის სხვა მრავალი თანამშრომლებიც, რომლებიც, ფაქტობრივად თავდასხმისთანავე, იმწუთიერად, ხმაურისა და ყვირილის ფონზე შევიდნენ ოთახში სიტუაციის გასარკვევად.

26. ყოველივე აღნიშნული ფაქტორი კი, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ი. შ–ემ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების – პირველ რიგში დაზარალებულის მიერ გაწეული აქტიური ფიზიკური წინააღმდეგობის გამო, შემდეგ ბანკის თანამშრომელთა ჩარევის შედეგად, ვეღარ შეძლო მკვლელობის განზრახვის ბოლომდე მიყვანა და დაზარალებული დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად, გადაურჩა სიკვდილს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ი. შ–ემ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, არ დატოვა ბანკის შენობა და დერეფნის კიბეებზე ჩამოჯდა, არ გამორიცხავს მის ქმედებაში მკვლელობის განზრახვას, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულის დაჭრის შემდეგ, მას მეთვალყურეობდა და მის გარშემო შეიკრიბა ბანკის არაერთი თანამშრომელი, რაც დადასტურებულია სს ,,..... ბანკიდან“ ამოღებული სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერებით.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. შ–ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – კანონიერია და, ქმედების სამართლებრივი შეფასების ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის რაიმე საფუძველი, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება.

28. ბრალდების მხარის მიერ სადავო სასჯელთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ი. შ–ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

29. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

31. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. შ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. ს–ისა და ვ. გ–ის, ასევე – აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი დონდოლაძის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე