დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100123008241982
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№610აპ-25 ქ. თბილისი
ბ. თ., 610აპ-25 4 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით: თ. ბ., – დაბადებულს ..., – და თ. ლ., – დაბადებულს ..., – ბრალად დაედოთ: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. თ. ბ. და თ. ლ. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინეს და უკანონოდვე ინახავდნენ – 26,149 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (α-PVP) შემცველ ფხვნილს, საიდანაც – 2,305 გრამი ამოღებულია 2023 წლის 14 ოქტომბერს, ... მუნიციპალიტეტის სოფელ .. ჩატარებული, თ. ბ. პირადი ჩხრეკის შედეგად; 3,699 გრამი – 2023 წლის 14 ოქტომბერს, ... მუნიციპალიტეტის სოფელ ..., კაფე-ბარ „...“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ხუთი ლოკაციიდან), თ. ბ. მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხოლო 20,145 გრამი – ხ. მუნიციპალიტეტის დაბა ..., ... ქუჩის №.... მდებარე, თ. ბ. და თ. ლ. დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
1.2. თ. ბ-მ და თ. ლ–მ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ნარკოტიკული საშაუალებების დაუდგენელ პირებზე შემდგომი უკანონო გასაღების მიზნით, დააფასოვეს, გაანაწილეს და 2023 წლის 14 ოქტომბერს, ქ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში, კაფე-ბარ „ს-ს“ მიმდებარედ (ხუთ ლოკაციაზე), თ. ბ-მ განათავსა 3,699 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (α-PVP) შემცველი ფხვნილი. მიუხედავად იმისა, რომ თ. ბ-სა და თ. ლ-ს დანაშაულებრივი ქმედება მიმართული იყო უშუალოდ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისაკენ, 2023 წლის 14 ოქტომბერს, პოლიციის თანამშრომლებმა, გატარებული დროული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოიღეს მათ მიერ სარეალიზაციოდ დატოვებული, დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, რის გამოც თ. ლ–მ და თ. ბ-მ განზრახვა ვერ აღსრულეს და დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანეს.
2. თ. ლ–ს და თ. ბ-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილით „ბ“ ქვეპუნქტით.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 ივლისის განაჩენით:
3.1. თ. ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილით „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3.1. თ. ლ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ თ. ბ-მ და თ. ლ-მ ჩაიდინეს: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგით:
4.1. თ. ბ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდვე ინახავდა 26,149 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (α-PVP) შემცველ ფხვნილს, საიდანაც – 2,305 გრამი ამოღებულია 2023 წლის 14 ოქტომბერს, ქ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში ჩატარებული, თ. ბ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ხოლო 3,699 გრამი – 2023 წლის 14 ოქტომბერს, ქ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში, კაფე-ბარ „ს-ს“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ხუთი ლოკაციიდან), თ. ბ-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.
4.1. თ. ლ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდვე ინახავდა – 20,145 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (α-PVP) შემცველ ფხვნილს, რომელიც ამოიღეს ხ-ს მუნიციპალიტეტის დაბა მ-ში, ა-ს ქუჩის №..ში მდებარე, თ. ბ-სა და თ. ლ-ს დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც – ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოლღა მერებაშვილმა, რომელიც ითხოვდა გადაწყვეტილების შეცვლასა და თ. ბ-ა და თ. ლ-ს დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალადშერაცხილი კვალიფიაციით და მკაცრი სასჯელების განსაზღვრას, ასევე – მსჯავრდებულების: თ. ბ-სა და თ. ლ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა – გ. შ-მ და ლ. რ-მ, რომლებიც ითხოვდნენ, ერთი მხრივ, თ. ბ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო, მეორე მხრივ, თ. ლ-ს მიმართ, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებით, სასჯელის შემსუბუქებას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 ივლისის განაჩენი შეიცვალა:
6.1. თ. ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილით „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები; ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, იგი გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან და ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
6.2. თ. ლ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილით „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები; ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, იგი გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან და ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოლღა მერებაშვილმა, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების შეცვლასა და თ. ბ-სა და თ. ლ-ს დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მათთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელების განსაზღვრას – თავისუფლების აღკვეთის სახით, რამეთუ მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები – თ. ბ-ს პირადი ჩხრეკის ოქმი, მისივე მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღების ოქმები, თ. ლ-ს პირადი ჩხრეკის ოქმი, მსჯავრდებულების დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ქიმიური და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზების დასკვნები, საგამოძიებო მოქმედებების მონაწილე/ჩამტარებელი მოწმეების ჩვენებები – უტყუარად ადასტურებენ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას. სასამართლომ წარმოდგენილი სამხილები ცალმხრივად, უკანონოდ და დაუსაბუთებლად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულების ქმედებებს არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა. ამავდროულად, კასატორი მიიჩნევს, რომ გამოყენებულია შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. თავდაპირველად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ბსა და თ. ლ-ს მსჯავრდების კანონიერების ან/და სამართლიანობის კუთხით, დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განაჩენი სადავოდ გახადა ბრალდების მხარემ, როგორც კვალიფიკაციის შეცვლის, ასევე – სასჯელების კანონიერების კუთხით და ითხოვს, თ. ბ-სა და თ. ლ-ს დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელების შეფარდებას.
3. ბრალდების მხარის მტკიცებით, განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გამოძიების მიერ 2023 წლის 14 ოქტომბერს, სულ ამოღებულია 26,149 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (α-PVP) შემცველი ფხვნილი, აქედან: 2,305 გრამი – თ. ბ-ს პირადი ჩხრეკისას; 3,699 გრამი – ქ.-ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ.-ში, კაფე-ბარ „ს-ს“ მიმდებარედ, სულ – 5 ლოკაციიდან და 20,145 გრამი – ხ-ს მუნიციპალიტეტის დაბა -ში, ა-ს ქუჩის №... არსებული, თ. ბ-სა და თ. ლ-ს დროებითი საცხოვრებელ სახლიდან. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, თ. ბ-მ და თ. ლ-მ, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, წინასწარ შეთანხმებულად შეიძინეს, შეინახეს და ცდილობდნენ მათი ნაწილის უკანონოდ გასაღებას, თუმცა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, განზრახვა ვერ აღასრულეს.
4. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის – ბრალდების მხარის – მტკიცებას, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება თ. ლ-ს თ. ბ-თან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მცდელობის ფაქტი და მიიჩნევს, რომ თ. ლ-ს ქმედებაში გამოკვეთილია ის დანაშაული, რომლისთვისაც მას დაედო მსჯავრი – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა – შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ თ. ლ.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში მართებულად ცნო უდანაშაულოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება სწორად გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი კანონიერად ცნობილ იქნა დამნაშავედ.
5. საყურადღებოა, რომ თ. ლ. სასამართლოში მიცემული ჩვენებისას არ უარყოფდა, რომ 2023 წლის 14 ოქტომბერს, მისი და თ. ბ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული 20,145 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ-ს“ (α-PVP) შემცველი ფხვნილი, ეკუთვნოდა მას, რომელიც სწორედ ამ ფორმით – წებოვან ლენტებში შეფუთული – შეიძინა პირადი მოხმარებისათვის და ინახავდა თავის საძინებელში ისე, რომ თ. ბ-მ ამის შესახებ არაფერი იცოდა. პირადი მოხმარებისთვისვე ჰქონდა მცირე სასწორი, რომლითაც ზედოზირების პრევენციისათვის აკონტროლებდა მოსახმარი ნარკოტიკის წონას. შესაბამისად, თ. ლ. აღიარებდა მისი სახლიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის ფაქტს, თუმცა უარყოფდა თ. ბ-თან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად რაიმე დანაშაულის ჩადენას.
6. ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2023 წლის 14 ოქტომბერს, 23:02 საათიდან – 23:40 საათამდე, ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში, ა-ს ქუჩის №... არსებულ, თ. ბ-სა და თ. ლ-ს №.. დრობით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, თ. ლ-ს მითითებით, ერთ-ერთი საძინებლის კარადის უჯრიდან ამოღებულია ლურჯი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც იყო რუხ ქაღალდში გახვეული 27 ფუთა, ყოველი მათგანი შეხვეული იყო ყვითელი მწებავი ლენტით, რომლებიც თ. ლ-ს განმარტებით, იყო ნარკoტიკული საშუალებები და ეკუთვნოდა მას. ისევე, როგორც იმავე უჯრაში აღმოჩენილი მცირე ელექტროსასწორი. თავის მხრივ, ამ საგამოძიებო მოქმედების მსვლელობისას, თ. ბ-მ განმარტა, რომ ბინიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მას არ ეკუთვნოდა და არც არაფერი იცოდა მათზე. ბინის ჩხრეკის შედეგად, თ. ბ-ს საძინებლიდან ამოღებულია მხოლოდ შავი ხელჩანთა, 17 ცალი 100-ლარიანი კუპიურით, რომლებიც, თ. ბ-ს განმარტებით, ეკუთვნოდა მას.
7. სასამართლოში მოწმეების სახით დაკითხულმა გ. ბ-მ, ჯ. წ-მ, ბ. ვ-მ, ა. ე-მ, გ. გ-მ და დ. მ-მ, რომელთა მიერ/მონაწილეობით გაიჩხრიკა ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში, ა-ს ქუჩის №... არსებული, თ. ბ-სა და თ. ლ-ს №... დრობითი საცხოვრებელი ბინა, დაადასტურეს ამ საგამოძიებო მოქმედების ოქმში მითითებული გარემოებების სისწორე და კანონიერება.
8. ქიმიური ექსპერტიზის N. დასკვნით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული სახლის ჩხრეკისას ამოღებულ, 27 პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული: მოთეთრო ფხვნილი, საერთო წონით – 20,137 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას – „α-PVP-ს“ (ალფა-პვპ-ს) და ელექტრო საწორის ზედაპირზე აღმოჩენილი მოთეთრო ფხვნილი, წონით – 0,008 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას – „α-PVP-ს“ (ალფა-პვპ-ს).
9. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „პოლიეთილენის პარკი, ქაღალდის ნაჭერი, ელექტრო სასწორი, პოლიეთილენის პაკეტები და მწებავი ლენტის ნაჭრები...“, მოთავსებულ სასწორზე (ობ. №1, 2), მოლურჯო შეფუთვაზე (ობ. №3), ქაღალდის ფრაგმენტსა (ობ. №4) და 8 გამჭვირვალე პოლიეთილენის ფრაგმენტზე (ობ. №10) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №2-ის პროფილის ერთი წილი ეკუთვნის თ. ლ-ს (ობ. №19; პაკეტი, წარწერით: „...აღებული ნერწყვის ნიმუში ...თ. ლ....“).
10. ამდენად, არც მსჯავრდებულ თ. ლ-ს უარუყვია და სასამართლოში წარმოდგენილი სამხილებითაც დასტურდება, რომ ხ-ს მუნიციპალიტეტის, სოფელ მ-ში, ა-ს ქუჩის №... არსებულ, თ. ბ-სა და თ. ლ-ს №.. დრობით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, თ. ლ-ს საძინებლიდან ამოღებული 20,145 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (α-PVP) შემცველი ფხვნილი ეკუთვნოდა თ. ლ-ს. იმავდროულად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არცერთი სამხილით არ დგინდება, თ. ბ-ს კავშირი ზემოაღნიშნულ – დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ – ნარკოტიკულ საშუალებებთან: ამაზე არ მიუთითებია სასამართლოში დაკითხულ არცერთი მოწმეს, მათ შორის – არც ირიბად; თ. ბ-ს ბიოლოგიური კვალი არ აღმოჩენილა თ. ლ-ს საძინებლიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთ მასალასა და სასწორზე, ხოლო დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი ცხადყოფს, რომ თ. ბ., გამოძიების საწყის ეტაპზევე, იმთავითვე, უარყოფდა ამ ნარკოტიკულ საშუალებებთან რაიმე კავშირს, მაშინ, როდესაც, იმ დროისათვის, სრულად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და სამართალდამცავებს მიუთითებდა იმ სამალავ ადგილებზე, საიდანაც, მოგვიანებით ამოიღეს კიდეც ნარკოტიკული საშუალებები.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება წარდგენილი ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა ვერცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა თ. ლ.ს ჩვენებას, რომ მსჯავრდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნოდა მხოლოდ მას და თ. ბ-ს არანაირი კავშირი არ ჰქონდა მათთან. მხოლოდ ის ფაქტი, რომ თ. ბ-ს პირადი, ასევე – მის მიერ მითითებული ადგილებიდან და დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ჰქონდათ მსგავსი შეფუთვები, ვერ გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ თ. ბ-მ და თ. ლ-მ მათთვის შერაცხილი ნარკოტიკული დანაშაულები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩაიდინეს.
12. იმავდროულად, ყურადსაღებია, რომ ბრალდების მხარე თ. ლ-სა თ. ბ-ს ედავებოდა მხოლოდ ქ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში, კაფე-ბარ „ს-ს“ მიმდებარედ, სულ ხუთი ლოკაციიდან ამოღებული, 3,699 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (α-PVP) გასაღების მცდელობას და არა – თ. ლ-ს საძინებლიდან, 27 შეკვრად დაფასოებული, 20,145 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (α-PVP) გასაღების მცდელობას. ხაზგასასმელია, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს უტყუარად ქ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში, კაფე-ბარ „ს-ს“ მიმდებარედ, თ. ბ- მითითებით, ხუთი ლოკაციიდან და თ. ბ-ს პირადი ჩხრეკისას, ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან თ. ლ-ს რაიმე კავშირზე. შესაბამისად, დანაშაულების ჯგუფურად ჩადენასთან დაკავშირებული ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულების/მსჯავრდებულების სასარგებლოდ.
13. გამომდინარე აქედან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ლ-ს მართებულად შეერაცხა მსჯავრად მხოლოდ ხ-ს მუნიციპალიტეტის დაბა მ-ში, ა-ს ქუჩის №... მდებარე, №-- ბინიდან ამოღებული 20,145 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (α-PVP) უკანონოდ შეძენა და შენახვა, ხოლო თ. ბ-თან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებებში იგი მართებულად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლდა.
14. ამდენად, თ. ლ-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით კანონიერია, ხოლო შეფარდებული სასჯელი – სამართლიანი და, შესაბამისად, თ. ლ-ს მსჯავრდებისა და საჯელის ნაწილში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება.
15. რაც შეეხება თ. ბ-ს ბრალეულობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მის ქმედებაში გამოკვეთილია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და უკანონო გასაღების მომზადების შემადგენლობა და, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილით „ბ“ ქვეპუნქტით მისთვის წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომელთა ჩადენისთვისაც უნდა დაედოს მას მსჯავრი, შემდეგ გარემოებათა გამო:
16. ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2023 წლის 14 ოქტომბერს, 15:30 საათიდან – 16:15 საათამდე, ქ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში, შიდა საავტომობილო გზაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, თ. ბ-ს შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულია მოყვითალო მწებავ ლენტში შეხვეული 3 ფუთა, რომლებიც თ. ბ-ს განმარტებით, იყო ნარკოტიკული საშუალებები და გამზადებული ჰქონდა გასასაღებლად, ხოლო მისი ქურთუკის წინა, მარჯვენა ჯიბიდან – შავი ,,რედმის“ ფირმის მობილური ტელეფონი.
17. 2023 წლის 14 ოქტომბერს, 18:02 საათიდან - 20:20 საათამდე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, თ ბ-ს მითითებით, სამართალდამცავები მივიდნენ სოფელ კ-ში არსებული, ყოფილი კაფე-ბარ ,,ს-ს“ მიმდებარედ, სადაც, შენობის შესასვლელთან, მან მიუთითა კიბეზე ჩასასვლელის მარცხნივ, ხის გვერდით არსებულ მიწის ღრმულზე, რომელზეც გადაფარებული იყო ფოთლები და განმარტა, რომ შემდგომი გასაღების მიზნით, იქ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. მითითებულ ადგილას აღმოჩნდა მწებავი ლენტით შეფუთული მასა, რომელიც, გადაუდებელი აუცილელობიდან გამომდინარე, ამოიღეს სამართალდამცველებმა. აქედან, დაახლოებით, 8 მეტრში, თ. ბ-მ მიუთითა მარცხენა მხარეს არსებულ ქვაზე და განმარტა, რომ მის ქვეშ, შემდგომი რეაგირების მიზნით, ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. მითითებულ ადგილას აღმოჩნდა მწებავი ლენტით შეფუთული მასა, რომელიც, გადაუდებელი აუცილელობიდან გამომდინარე, ამოიღეს სამართალდამცველებმა. აქედან, გვერდით, დაახლოებით, 2 მეტრში, მან მიუთითა ქვაზე და განმარტა, რომ მის ქვეშ, შემდგომი რეაგირების მიზნით, ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. მითითებულ ადგილას აღმოჩნდა მწებავი ლენტით შეფუთული მასა, რომელიც, გადაუდებელი აუცილელობიდან გამომდინარე, ამოიღეს სამართალდამცველებმა. პირველი ამოღებული ობიექტიდან, დაახლოებით, 10 მეტრში, ქვემოთ, მარცხენა მხარეს, ფერდობზე, თ. ბ-მ მიუთითა ქვაზე და განმარტა, რომ მის ქვეშ, შემდგომი რეაგირების მიზნით, ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. მითითებულ ადგილას აღმოჩნდა მწებავი ლენტით შეფუთული მასა, რომელიც, გადაუდებელი აუცილელობიდან გამომდინარე, ამოიღეს სამართალდამცველებმა. აქედან, დაახლოებით, 10 მეტრში, კიბეზე ჩასასვლელის მარჯვნივ არსებულ მიწის ღრმულზე და განმარტა, რომ იქ, შემდგომი რეაგირების მიზნით, ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. მითითებულ ადგილას აღმოჩნდა მწებავი ლენტით შეფუთული მასა, რომელიც გადაუდებელი აუცილელობიდან გამომდინარე ამოიღეს სამართალდამცველებმა. თ. ბ-ს თქმით, შემდგომი გასაღების მიზნით, სხვა ადგილას ნარკოტიკული საშუალება არ შეუნახავს.
17. ამოღების ოქმებით დგინდება, რომ 2023 წლის 14 ოქტომბერს, 18:25-18:44; 18:50-19:10; 19:13-19:33; 19:35-19:55 და 20:00-20:18 საათების შუალედში, თ. ბ-ს მონაწილეობით ჩატარებული, ზემოაღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის კვალდაკვალ, თ. ბ-ს მითითებების შესაბამისად, სულ – 5 ადგილიდან, ამოღებულია წებოვანი ლენტით თითო-თითოდ შეფუთული მასა, რაც თ. ბ-ს განმარტებით, იყო ნარკოტიკული საშუალება.
18. ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნით დადგენილია, რომ თ. ბ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული, 3 პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული, მოთეთრო ფხვნილი, საერთო წონით – 2,305 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას „α-PVP-ს“ (ალფა-პვპ-ს), ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ამოღებული: 1 პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული, მოთეთრო ფერის ფხვნილი, წონით – 0,887გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას „α-PVP-ს“ (ალფა-პვპ-ს); 1 პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული, მოთეთრო ფერის ფხვნილი, წონით – 0,737 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას „α-PVP-ს“ (ალფა-პვპ-ს); 1 პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული, მოთეთრო ფერის ფხვნილი, წონით – 0,553 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას „α-PVP-ს“ (ალფა-პვპ-ს); 1 პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული, მოთეთრო ფერის ფხვნილი, წონით – 0,731 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას „α-PVP-ს“ (ალფა-პვპ-ს); 1 პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული, მოთეთრო ფერის ფხვნილი, წონით – 0,791 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას „α-PVP-ს“ (ალფა-პვპ-ს).
19. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „...ობ. №1 – პოლიეთილენის პაკეტები და მწებავი ლენტის ნაჭრები...“, მოთავსებულ, მწებავი ლენტების ფრაგმენტებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. №17) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის – თ. ბ-ს (ობ. №20).
20. იმავდროულად, თ. ბ-ს პირად ჩხრეკაში მონაწილე პირებმა – გ. ბ-მ, ჯ. წ-მ, მ. გ-მ და გ. კ-მ, ისევე, როგორც საგამოძიებო მოქმედებაზე მიწვეულმა გარეშე პირმა – ზ. ლ-მ – სასამართლოში ჩვენებების მიცემისას დაადასტურეს, რომ თ. ბ-სგან, პირადი ჩხრეკისას ამოიღეს მწებავ ლენტში გახვეული 3 ფუთა, რომლებშიც, მსჯავრდებულის თქმით, იყო ნარკოტიკული საშუალებები, ხოლო მოწმეების სახით დაკითხულმა – ო. გ-მ, ჯ. წ-მ, მ. გ-მ, გ. კ-მ, ისევე, როგორც – საგამოძიებო მოქმედებაზე მიწვეულმა დამსწრე, სოფლის გამგებლის მოადგილემ – ბ. შ-მ – დაადასტურეს, რომ თ. ბ-ს განმარტების კვალდაკვალ, რომ ქ-ს რაიონის სოფელ კ-ში არსებულ, მიტოვებულ კაფესთან ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს, სწორედ მსჯავრდებულის მიერ უშუალოდ მითითებული 5 ლოკაციიდან ამოიღეს მწებავ ლენტებში, თითო-თითოდ გახვეული, სულ 5 ფუთა. თ. ბ-ს თქმით, მითითებულ ადგილებში ნარკოტიკული საშუალებები დალაგებული ჰქონდა მათი შემდგომი გასაღების მიზნით.
21. ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ თ. ბ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „რედმის“ ფირმის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა შემთხვევის დღეს – 2023 წლის 14 ოქტომბერს, 10:20, 10:06, 10:01, 09:47 და 09:41 საათზე გადაღებული, ადგილმდებარეობის ფოტოსურათები, თითოეულზე გამოსახული მისამართით – საქართველო, კ.... და შესაბამისი კოორდინატებით.
22. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია: მიუხედავად იმისა, რომ თ. ბ-ს მითითებით, სამართალდამცავებმა 5 ლოკაციიდან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, მის ქმედებაში არ იყო გამოკვეთილი ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზანი, მათ შორის, არც იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მსჯავრდებულმა სხვადასხვა ადგილას განათავსა ნარკოტიკული საშუალებები, რამეთუ შესაძლოა, ისინი პირადი მოხმარების მიზნით შეენახა ასე და არც მის ტელეფონში აღმოჩენილი ადგილმდებარეობის ფოტოები მიანიშნებდა ამგვარ სურვილზე, რამეთუ არ დადგენილა, რომ ეს ფოტოები სწორედ იმ ლოკაციებზე იყო გადაღებული, საიდანაც ნარკოტიკები ამოიღეს და, ამავდროულად, არ გამოვლენილა, რომ თ. ბ-მ ეს ფოტოები ვინმეს გადაუგზავნა.
23. აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გარკვეულ შემთხვევებში გააჩნია პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებითი მნიშვნელობა. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 44). გარდა ზემოაღნიშნულისა (საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების კუთხით), პირობითად სხვა შემთხვევა შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩნდება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის №682აპ-21 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.1.).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან ერთობლივად, ითვალისწინებს საგამოძიებო ექსპერიმეტში მონაწილე პირების – ჯ. წ-ს, ო. -ს, მ. გ-ს, გ.კ-სა და ბ. შ-ს – ჩვენებებს, რომლებმაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ თ. ბ-მ ნებაყოფლობით მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც, მისივე თქმით, გასაღების მიზნით ჰქონდა შენახული ნარკოტიკული საშუალებები. ამას ობიექტურადაც ცხადყოფს სულ რამდენიმე მეტრის რადიუსში, ხუთ სხვადასხვა ადგილას გადამალული ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა ამგვარად პირადი მოხმარებისათვის შენახვის ვერსია მეტად არასარწმუნო და არადამაჯერებელია.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევისას გამოკვეთილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივად შეფასებისას, ასევე გაუმართლებელია მსჯელობა, თითქოსდა, ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზანზე არ მიუთითებს თ. ბ-ს ტელეფონში აღმოჩენილი, შემთხვევის დღეს გადაღებული, ადგილმდებარეობის ხუთი ფოტოსურათი, ლოკაციების აღწერით, რამეთუ არ დადასტურებულა მსჯავრდებულის მიერ ამ ფოტოსურატების სხვა პირ(ებ)ისათვის გადაგზავნის ფაქტი. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფოტოსურათების სხვა პირ(ებ)ისათვის გადაგზავნა მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთდა სწორედ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მცდელობას, რასაც ბრალდების მხარე ედავებოდა მას, ხოლო ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს ტელეფონში შენახული ჰქონდა ეს ფოტოსურათები, თუმცა არავისთვის გაუგზავნია, ადასტურებს, რომ თ. ბ. ამზადებდა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, თუმცა მისი ქმედება დანაშაულის მცდელობაში არ გადაზრდილა, რაც ცხადია, არ გამორიცხავს ნარკოტიკული დანაშაულის მომზადებისათვის მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის №1146აპ-24 განაჩენი, 2025 წლის 16 აპრილის №1214აპ-24 განაჩენი, 2025 წლის 26 ივნისის №1331აპ-24 განაჩენი).
26. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: გამომდინარე იქიდან, რომ უტყუარად ვერ დგინდება თ. ბ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, შეძენის, შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტი, თუმცა სარწმუნოდ დასტურდება, რომ მან უკანონოდ შეიძინა და შეინახა 6,004 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (α-PVP) შემცველი ფხვნილი, საიდანაც 2,305 გრამს ინახავდა პირადად, ხოლო 3,699 გრამს ამზადებდა გასასაღებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მისთვის წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რისთვისაც ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ და შეეფარდოს შესაბამისი სასჯელი.
27. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.
28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
29. საკასაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მოთხოვნათა გათვალისწინებითა და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ თ. ბ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილიით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა მიესაჯოს – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან უნდა გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ თ. ბ-ს მიმართ დამძიმების კუთხით, ხოლო მსჯავრდებულ თ. ლ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილითა და 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შეიცვალოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განაჩენი:
3. თ. ბ-ს (დაბადებულის ....) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად;
4. თ. ბ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. თ. ბ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი აეთვალოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 2025 წლის 10 მარტის ჩათვლით;
5. თ. ბ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება – 15 წლით;
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
· ნარკოტიკული საშუალებები, პაკეტები, ნერწყვის ნიმუშები, პოლიეთილენის პარკი და ქაღალდი – განადგურდეს;
· სასწორი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თ. ლ-ს ჩამოერთვას უსასყიდლოდ;
· მობილური ტელეფონები, საფულე, მასში არსებული ფულითა და პირადი დოკუმენტაციით და 1700 ლარი – დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;
· საქმეზე დართული 1 დისკი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
7. სხვა, მათ შორის თ. ლ-ს მსჯავრდების ნაწილში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი