საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.12.2025
საქმის ნომერი
2კ-687აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100123007815857

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №687აპ-25 ქ. თბილისი

დ-ე თ. 687აპ-25 23 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს, მსჯავრდებულ ს. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ღ-სა და მსჯავრდებულ გ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 აპრილის განაჩენით:

1.1. თ. დ-ე, - დაბადებული ... წლის ... მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. თ. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 19 ივლისიდან. მასვე საბოლოო სასჯელის ვადაში ჩაეთვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2018 წლის 12 მაისიდან იმავე წლის 17 მაისის ჩათვლით და 2019 წლის 7 თებერვლიდან იმავე წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.

1.2. ს. ა-ე, - დაბადებული ... წლის ... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 19 ივლისიდან.

1.3. გ. ქ-ე, - დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 19 ივლისიდან.

1.4. მ. ა-ი, - დაბადებული ... წლის ... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან და დაკავდეს სასამართლო სხდომის დარბაზში. მასვე, სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2023 წლის 19 ივლისიდან იმავე წლის 26 ივლისის ჩათვლით.

1.5. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე და ყადაღა უნდა მოეხსნას მ. ა-ის მიმართ გირაოს უზრუნველსაყოფად ნ. ა-ის (პირადი N...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ს-ის რაიონი, სოფელ ტ-ში, საკადასტრო კოდი ... .

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. დ-მ და ს. ა-მ ჩაიდინეს თაღლითობის ორგანიზება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ორგანიზება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ხოლო გ. ქ-მ და მ. ა-მა - თაღლითობაში დახმარება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში დახმარება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· თ. დ-მ, ს. ა-მ, მ. ა-მა და გ. ქ-მ სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი. ჯგუფის ორგანიზატორები იყვნენ თ. დ-ე და ს. ა-ე, ხოლო დამხმარეები - მ. ა-ი და გ. ქ-ე. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გაყალბებული საკადასტრო ნახაზების საფუძველზე, საცხოვრებლად უვარგის მიწის ნაკვეთებს საჯარო რეესტრში არეგისტრირებდნენ ისე, თითქოს ხსენებულ მიწის ნაკვეთებზე შენობა-ნაგებობები იყო განთავსებული. აღნიშნულით ხელოვნურად ზრდიდნენ მიწის ნაკვეთების ფასს და უძრავ ქონებაში თანხის ინვესტიციით დაინტერესებულ პირებს მცდარ წარმოდგენას უქმნიდნენ ქონების რეალურ ფასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, დაზარალებულებს აჩვენებდნენ სხვა მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც რეალურად განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლები, მათთან აფორმებდნენ გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებს და მოტყუებით ეუფლებოდნენ მათ კუთვნილ თანხებს, კერძოდ:

· 2018 წლის 16 მარტს, ქ. თ-ში, დ. გ-ის გამზირის №...-ში მდებარე ნ. ს-ის სანოტარო ბიუროში გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, მოტყუებით დაეუფლნენ ლ. ი-ის კუთვნილ ფულად თანხას - 5925 ლარს.

· 2018 წლის 8 ივნისს, ქ. თ-ში, დ. გ-ს გამზირის №...-ში მდებარე ნ. ს-ს სანოტარო ბიუროში გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, მოტყუებით დაეუფლნენ მ. ჯ-ის კუთვნილ ფულად თანხას 18 600 ლარის ოდენობით.

· 2018 წლის 11 ივნისს, ქ. თ-ში, კ. ლ-ის ქუჩის №...-ში მდებარე ე. შ-ის სანოტარო ბიუროში გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოტყუებით დაეუფლნენ მ. ჯ-ის კუთვნილ ფულად თანხას 15901 ლარის ოდენობით.

· 2018 წლის 16 ოქტომბერს, ქ. თ-ში, კ. ლ-ის ქუჩის №...-ში მდებარე ე. შ-ის სანოტარო ბიუროში გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოტყუებით დაეუფლნენ თ. ბ-ის კუთვნილ ფულად თანხას 25597 ლარის ოდენობით.

· წლის 7 სექტემბერს, ქ. თ-ში, ა. ყ-ს გამზირის №...-ში მდებარე მ. ლ-ს სანოტარო ბიუროში გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოტყუებით დაეუფლნენ დ. პ-ი-ქ-ის კუთვნილ ფულად თანხას 47091 ლარის ოდენობით.

· 2019 წლის 6 თებერვალს ქ. თ-ში, ა. ყ-ის გამზირის №...-ში მდებარე მ. ლ-ის სანოტარო ბიუროში გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოტყუებით დაეუფლნენ ა. ჯ-ს კუთვნილ ფულად თანხას 45580 ლარის ოდენობით.

· 2019 წლის 8 თებერვალს, ქ. თ-ში, ა. ყ-ის გამზირის №...-ში მდებარე მ. ლ-ს სანოტარო ბიუროში გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაეუფლნენ ა. ჯ-ს კუთვნილ ფულად თანხას 47520 ლარის ოდენობით.

· 2019 წლის 29 ივლისს ქ. ბ-ში, შ. ხ-ის ქუჩის №...-ში მდებარე სსიპ - საჯარო რეესტრი ეროვნულ სააგენტოში გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოტყუებით დაეუფლნენ ქ. კ-ს კუთვნილ ფულად თანხას 40012,7 ლარის ოდენობით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. თ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.4. თ. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 19 ივლისიდან. მასვე საბოლოო სასჯელის ვადაში ჩაეთვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2018 წლის 12 მაისიდან იმავე წლის 17 მაისის ჩათვლით და 2019 წლის 7 თებერვლიდან იმავე წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.

3.5. ს. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 19 ივლისიდან.

3.6. გ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 19 ივლისიდან.

3.7. მ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/5-ით და განესაზღვრა 5 წლით, 7 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა.

3.8. მ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 17 აპრილიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2023 წლის 19 ივლისიდან იმავე წლის 26 ივლისის ჩათვლით.

3.9. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე და ყადაღა უნდა მოეხსნას მ. ა-ის მიმართ გირაოს უზრუნველსაყოფად ნ. ა-ის (პირადი N...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ს-ის რაიონი, სოფელ ტ-ში, საკადასტრო კოდი ... .

4. კასატორმა - მსჯავრდებულ თ. დ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: თ. დ-ს ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებიდან სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და მისი ქმედებიდან ორგანიზებული ჯგუფის ამორიცხვა.

4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ ს. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ღ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განაჩენის გაუქმება და ს. ა-ს გამართლება.

4.2. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ქ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ც-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განაჩენის გაუქმება და გ. ქ-ს გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულების ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა თ. დ-ს, ს. ა-სა და გ. ქ-ის მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს მტკიცებულებების ერთობლიობიდან - დაზარალებულების - ა. ჯ-ს, დ. პ-ი-ქ-ის, თ. ბ-ის, მ. ჯ-ის, ქ. კ-ის, ლ. ი-ს ჩვენებებიდან, მოწმეების - დ. პ-ის, ზ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ა. მ-ის, გ. ე-ის, ზ. ა-სა და სხვათა ჩვენებებიდან, ამოღების ოქმებიდან, გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმებიდან, გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან, საჯარო რეესტრის წერილისა და გამოთხოვილი დოკუმენტაციით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნებიდან და სხვა სამხილებიდან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილია, რომ თ. დ-მ, ს. ა-მ, მ. ა-მა (რომელიც განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებს) და გ. ქ-მ დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს. ჯგუფის ორგანიზატორები იყვნენ თ. დ-ე და ს. ა-ე, ხოლო დამხმარეები - მ. ა-ი და გ. ქ-ე. გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გაყალბებული საკადასტრო ნახაზების საფუძველზე, საცხოვრებლად უვარგის მიწის ნაკვეთებს, საჯარო რეესტრში არეგისტრირებდნენ ისე, თითქოს ხსენებულ მიწის ნაკვეთებზე შენობა-ნაგებობები იყო განთავსებული. აღნიშნულით, ხელოვნურად ზრდიდნენ მიწის ნაკვეთების ფასს და უძრავ ქონებაში თანხის ინვესტიციით დაინტერესებულ პირებს, მცდარ წარმოდგენას უქმნიდნენ ქონების რეალურ ფასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, დაზარალებულებს აჩვენებდნენ სხვა მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც რეალურად განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლები, მათთან აფორმებდნენ გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებს და მოტყუებით ეუფლებოდნენ მათ კუთვნილ თანხებს.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, თითქოსდა ის ქმედებები, რაც ბრალდების დადგენილებაში აისახა, ჩაიდინა მხოლოდ თ. დ-მ ისე, რომ სხვა მსჯავრდებულებისათვის რომელიმე დოკუმენტის სიყალბის ან რაიმე დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ცნობილი არ იყო. შესაბამისად, დაცვის მხარის განმარტებით, ადგილი არ ჰქონია დანაშაულის ჩადენას ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

9. საკასაციო სასამართლოს, გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის მსგავსად, მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ ხსენებული დანაშაულები ჩადენილ იქნა სწორედ დროის განსაზღვრულ პერიოდში შეთანხმებულად მოქმედი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, შესაბამისი როლების განაწილებით, კერძოდ: ჯერ ხდებოდა თ. დ-სა და ს. ა-ის მიერ უძრავი ქონების მოძიება და მისი დარეგისტრირება სანდო პირებზე; შემდეგ - უძრავი ქონების დაყოფა რამდენიმე ნაკვეთად (არცერთ მათგანზე არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა); მერე ერთვებოდა გ. ქ-ე, რომელიც ადგენდა საკადასტრო აზომვით ნახაზებს, რომელზეც დაჰქონდა შენობა-ნაგებობები; შემდეგ - აღნიშნული ყალბი დოკუმენტაციის წარდგენა საჯარო რეესტრში და უძრავი ქონების რეგისტრაცია, რის შემდეგაც თ. დ-ე ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი - უძრავი ქონების ვითომდა ,,მესაკუთრე“, სანდო პიროვნებასთან აფორმებდა ნასყიდობის ხელშეკრულებას. თაღლითურ სქემაში ერთვებოდა შუამავალი მ. ა-ი, რომელიც თანხის დაბანდების მსურველ პირებს არწმუნებდა, რომ თ. დ-ე იყო წარმატებული ბიზნესმენი, დაბანდებული თანხა იქნებოდა გარანტირებული ძვირადღირებული უძრავი ქონებით და ხელშეკრულების გაფორმება რაიმე საფრთხეს არ შეიცავდა, დაინტერესების შემთხვევაში კი აჩვენებდნენ სხვა უძრავ ქონებას, სადაც მართლაც იდგა შენობა-ნაგებობები, რის შემდგომაც ფორმდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. თუმცა, თაღლითური ჯგუფის წევრები, პირველივე თვის გასვლისთანავე წყვეტდნენ ურთიერთობას დაზარალებულ პირებთან და არ უხდიდნენ მათ სარგებელს. სწორედ აღნიშნულის შემდეგ ხდებოდა დაზარალებულთა მიერ იმის გარკვევა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ მიწის ნაკვეთებზე შენობა-ნაგებობა არ იდგა და იყვნენ მოტყუებულები. ზემოაღწერილი დასკვნის თვალსაჩინოებისათვის საკასაციო სასამართლო დეტალურად გააანალიზებს ერთ-ერთი დაზარალებულის - ა. ჯ-ის ეპიზოდში განვითარებულ მოვლენებს:

10. საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტაციის თანახმად, 2018 წლის 22 ივნისს ქ-ს რაიონის სოფელ კ-ში თ. დ-ის სახელზე დარეგისტრირდა 2650მ2 მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... . აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2018 წლის 25 ივნისს დაიყო სამ ნაწილად: პირველი - 825,59მ2; მეორე - 902,91მ2 და მესამე - 827,23მ2. ორი დღის შემდეგ, 2018 წლის 27 ივნისს თ. დ-მ 825,59მ2 მიწის ნაკვეთი მიჰყიდა გ. ე-ს. გ. ე-ის დაკვეთით, ი/მ გ. ქ-ს სახელით შედგა აღნიშნული ნაკვეთის ახალი აზომვითი ნახაზი. აღნიშნულ ნახაზზე დაიტანეს ორსართულიანი სახლი (343,25მ2) და დამოწმდა კომპანია ,,ტ-ის“ ბეჭდით. 2018 წლის 5 ივლისს გ. ე-მ მიწის ნაკვეთი, ზედ არსებული შენობა-ნაგებობით 1000 ლარად მიყიდა მ. ს-ს. 2018 წლის 11 ივლისს მ. ს-მა მიწის ნაკვეთი 20000 ლარად მიყიდა კვლავ თ. დ-ს. 2018 წლის 13 სექტემბერს თ. დ-მ მინდობილობა გასცა მ. ა-ის სახელზე, რომლითაც მიანიჭა ყველანაირი უფლებამოსილება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე მ. ა-მა მიწის ნაკვეთი 50000 ლარად მიჰყიდა თავის შვილიშვილს - დ. პ-ს. 2019 წლის 6 თებერვალს კი დ. პ-მა ა. ჯ-სთან გააფორმა სანოტარო აქტი - ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით, ნასყიდობის ფასი - 17200 აშშ დოლარი.

11. ამდენად, თაღლითური ჯგუფის წევრებმა დროის მცირე მონაკვეთში განახორციელეს არაერთი ქმედება და მანიპულაცია, გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირეს ისე, რომ თითქოს მასზე იდგა შენობა-ნაგებობა და ა. ჯ-ის შეცდომაში შეყვანის გზით, დაეუფლნენ მის ფულად თანხას. თითქმის ანალოგიური მეთოდით ეუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს სხვა დაზარალებულების შემთხვევაშიც. შესაბამისად, აღნიშნული სურათი ერთმნიშვნელოვნად გვაძლევს დასკვნის შესაძლებლობას, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საქმიანობას ჰქონდა ორგანიზებული სახე, მათ გაინაწილეს ფუნქციები და იცოდნენ, თუ ვის რა უნდა გაეკეთებინა სასურველი მიზნის მისაღწევად.

12. სწორედ დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებულად მოქმედებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ 2018 წლიდან თ. დ-ს სახელზე ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა შემდეგი უძრავი ქონები/მიწის ნაკვეთები:

· ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მდებარე სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ... , აღნიშნული მიწის ნაკეთს ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდი მიენიჭა საჯარო რეესტრში საკადასტრო კოდის მქონე ... ნაკვეთის დაყოფის შედეგად, რომელიც 20.06.18 წელს თ. დ-მ მ. ვ-სგან შეიძინა. 27/06/2018 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში თ. დ-მ აღნიშნული ნაკვეთი ფიქტიურად გადაუფორმა გ. ე-ს, 29/06/2018 წელს უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში აისახა ცვლილება და მიწის ნაკვეთზე გ. ქ-ის მიერ შედენილი ყალბი ნახაზის საფუძველზე აისახა შენობა-ნაგებობა: საერთო ფართით 640.63კვ.მ. (ამის შემდეგ 05/07/2018 წელს უძრავი ნივთის მესაკუთრე ფიქტიურად გახდა მ. ს-ი, 11/07/2018 წელს თ. დ-მ ისევ თავის სახელზე გადმოიფორმა, ხოლო 29/08/2018 წელს ისევ ფიქტიურად გადააფორმა ბ. ხ-ზე) რამაც გაცილებით გაზარდა უძრავი ქონების ფასი და შეცდომაში შეიყვანა დ. პ-ი-ქ-ე, რომელიც 2018 წლის 7 სექტემბერს არ გააფორმებდა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებას მიწის ნაკვეთებზე გათავსებული სახლის გარეშე.

· ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მდებარე სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ... . აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდი მიენიჭა საჯარო რეესტრში საკადასტრო კოდის მქონე ... ნაკვეთის დაყოფის შედეგად, რომელიც 20.06.18 წელს თ. დ-მ მ. ვ-სგან შეიძინა. 2018 წლის 16 ოქტომბერს ნ. ბ-ის მიერ უძრავ ქონებაზე ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების გაფორმებამდე ნაკვეთზე თ. დ-ის დაკვეთით გ. ქ-ის სახელით შერულებული ყალბი აზომვითი ნახაზით საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია შენობა-ნაგებობა საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 337.4 კვ.მ. რამაც გაცილებით გაზარდა უძრავი ქონების ფასი, ამით მოტყუვდა ნ. ბ-ე, რომელიც 2018 წლის 16 ოქტომბერს არ გააფორმებდა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებას მიწის ნაკვეთზე გათავსებული სახლის გარეშე;

· 2018 წლის 28 მარტს თ. დ-მ ე. ვ-სგან შეიძინა ქ-ის სოფელ კ-ში მდებარე მიწის ნაკვეთი , საკადასტრო კოდით ... . 2018 წლის 2 აპრილს ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი დაიყო ორ უძრავ ნივთად და მიენიჭა საკადასტრო კოდები: ... და ... . საკადასტრო კოდით: ... მიწის ნაკვეთზე თ. დ-ის დაკვეთით გ. ქ-ს სახელით შერულებული ყალბი აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაფიქსირდა შენობა-ნაგებობა საერთო ფართით; 640.63 კვ.მ საკადასტრო კოდით: ... . მიწის ნაკვეთზე ვ. ს-ის (რომელზეც თ. დ-მ ფიქტიურად გააფორმა მიწის ნაკვეთი) დაკვეთით გ. ქ-ის სახელით შერულებული ყალბი აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაფიქსირდა შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 377.76 კვ.მ; მიწის ნაკვეთებზე ყალბი ნახაზით ასახულმა შენობა-ნაგებობამ გაცილებით გაზარდა უძრავი ქონების ფასი და ამით მოტყუვდა მ. ჯ-ი, რომელიც 2018 წლის 8 და 11 ივნისს არ გააფორმებდა ხსენებულ უძრავ ქონებებზე ხელშეკრულებებს, ერთ შემთხვევაში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, მეორე შემთხვევაში გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებას მიწის ნაკვეთებზე გათავსებული სახლების გარეშე;

· ვ. დ-ს ჩუქების საფუძველზე 05.03.2018 წელს თ. დ-ის საკთრებაში გადავიდა ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდი: ... . 06.03.2018 წელს უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება შეიცვალა, კერძოდ, თ. დ-ის დაკვეთით გ. ქ-ის სახელით შერულებული ყალბი აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაფიქსირდა შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 332.03 კვ.მ, რამაც გაცილებით გაზარდა უძრავი ქონების ფასი და შეცდომაში შეიყვანა ლ. ი-ე, რომელიც 2018 წლის 16 მარტს არ გააფორმებდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას უძრავ ქონებზე გათავსებული სახლის გარეშე;

· რაც შეეხება ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მდებარე, № ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2311,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც 29.07.2020 წელს ქ. კ-თან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებამდე ეკუთნოდა ა. ღ-ს, ნაკვეთზე საჯარო რეესტრში 14/07/2017 წელს ს. ა-ის მიერ შესრულებული ყალბი აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაფიქსირებულია შენობა-ნაგებობა (საერთო ფართი: 362.96 კვ.მ ) რამაც გაცილებით გაზარდა უძრავი ქონების ფასი და შეცდომაში შეიყვანა ქ. კ-ი, რომელმაც განაცხადა, რომ 2020 წლის 7 ივლისს არ გააფორმებდა ნასყიდობის ხელშეკრულებას უძრავ ქონებზე გათავსებული სახლის გარეშე;

· ასევე, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ში მდებარე, № ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 700,00 კვ.მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გ. ქ-ის სახელით შედგენილი ყალბი აზომვითი ნახაზის საფუზველზე საჯარო რეესტრში დაფიქსირებულია შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 337.4.კვ.მ, რამაც გაცილებით გაზარდა უძრავი ქონების ფასი და შეცდომაში შეიყვანა ა. ჯ-ე რომელიც 2019 წლის 8 თებერვალს არ გააფორმებდა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებას მიწის ნაკვეთებზე გათავსებული სახლის გარეშე.

13. უსაფუძვლოა მსჯავრდებულ გ. ქ-ს ადვოკატის პოზიცია მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე გამოკველული მტკიცებულებებით აშკარად დგინდება გ. ქ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ, გარდა იმისა, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დასტურდება გ. ქ-ს, როგორც ამზომველის ჩართულობა საკადასტრო-აზომვითი ნახაზების მომზადების პროცესში, საქმეზე წარმოდგენილია საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტაცია, ასევე 2022 წლის 30 მაისის კომპლექსური (გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური) ექსპერტიზის N... , ... დასკვნა და 2023 წლის 29 მაისის კომპლექსური (გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური) ექსპერტიზის N... , ... დასკვნა, რომელთა ანალიზის საფუძველზე უტყუარად დადასტურებულია გ. ქ-ის მიერ ყალბი ნახაზების შედგენის ფაქტი. გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ აზომვითი ნახაზების სისწორეს ხელისმოწერით პირადად ადასტურებს გ. ქ-ე. მსჯავრდებულის განმარტებები იმის თაობაზე, თითქოსდა მან დაკარგა (თუ მოპარეს) ბეჭედი; რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, აწერდა ხელს დოკუმენტებს, თუმცა არ იცოდა მასში არსებული სიყალბეების შესახებ, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი რაიმე ხელჩასაჭიდი მტკიცებულება საქმის მასალებში არ არსებობს. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-111 მუხლიდან გამომდინარე, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის სრულყოფილად შესრულებისა და მასში დაფიქსირებული მონაცემების სისწორისათვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირი. სწორედ გ. ქ-ე წარმოადგენს იმ აზომვითი ნახაზების შემსრულებელ პირს, რომელ ნახაზებშიც ყალბად იქნა შეტანილი შენობა-ნაგებობები და რამაც შეცდომაში შეიყვანა დაზარალებული პირები.

14. საფუძველსმოკლებულია დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზეც, რომ თითქოს საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა სათანადოდ არ გადაამოწმეს მათთვის წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორე და ნამდვილობა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდებოდა აღნიშნული ცრუ ინფორმაციის დარეგისტრირება და დაზარალებულების შეცდომაში შეყვანა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: თუკი უძრავი ქონების რეგისტრაციისას გამოიკვეთებოდა დოკუმენტების სიყალბე, აღნიშნულით არ გამოირიცხებოდა მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი, ვინაიდან სულ მცირე, გამოიკვეთებოდა დანაშაულის მცდელობა; გარდა ამისა, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ,,მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე“. შესაბამისად, მოქმედი კანომდებლობიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელ ორგანოს და მის თანამშრომელს არ გააჩნდათ ვალდებულება, შეემოწმებინათ რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების სისწორე და ნამდვილობა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმის სახით დაიკითხა საჯარო რეესტრის თანამშრომელი ზ. ა-ე, რომელმაც განმარტა, რომ აზომვით ნახაზებზე პასუხისმგებელია ამზომველი და დაინტერესებული პირი. მიწის ნაკვეთზე დგას თუ არა შენობა-ნაგებობა, ამ საკითხზეც პასუხისმგებელია ამზომველი. გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად, გ. ქ-ე იყო პასუხისმგებელი მის მიერ გაცემულ ნახაზის ნამდვილობაზე, ხოლო ყალბი ნახაზის წარდგენით მიწის ნაკვეთებზე სახლების დარეგისტრირებით დაინტერესებული პირები იყვნენ თ. დ-ე და ს. ა-ე. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სწორედაც რომ იკვეთება არა საჯარო რეესტრის წარმომადგენლების, არამედ გ. ქ-ს, თ. დ-სა და ს. ა-ის პასუხისმგებლობა.

15. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე), საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა და კანონიერად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულთა ქმედებები საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34), კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს, მსჯავრდებულ ს. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ღ-სა და მსჯავრდებულ გ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ც-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე

საქმე # 330100123007815857

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №687აპ-25 ქ. თბილისი

დ-ძე თ, 687აპ-25 13 იანვარი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2025 წლის 23 დეკემბერს თ. დ-ისა და სხვათა მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2025 წლის 23 დეკემბერს თ. დ-ისა და სხვათა მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ: განჩინების აღწერილობითი ნაწილის მე-3 პუნქტის 3.3. ქვეპუნქტში მითითებულია ,,საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა“, რაც წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას და უნდა აღმოიფხვრას, კერძოდ:

1.1. განჩინების აღწერილობითი ნაწილის მე-3 პუნქტის 3.3. ქვეპუნქტში უნდა მიეთითოს: ,,საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა“.

2. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 დეკემბრის განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

2. განჩინების აღწერილობითი ნაწილის მე-3 პუნქტის 3.3. ქვეპუნქტში მიეთითოს: ,,საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა“. განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე