საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121004549961
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №778აპ-25 ქ. თბილისი
ხ-ი მ, 778აპ-25 20 იანვარი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენით:
1.1. მ. ხ-ი, - დაბადებული .. წლის .. ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 11 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ” 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულების მიერ 75 დღით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ხ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2023 წლის 2 ნოემბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ხ-მა ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენით მ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11,108-ე მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის - განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2020 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათსა და 35 წუთზე, №...-ე პენიტენციური დაწესებულების მე-2 საცხოვრებელი კორპუსის №...-ე საკანთან მსჯავრდებულმა მ. ხ-მა მუცლის არეში იდაყვი ჩაარტყა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორ ბ. დ-ს, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ მ. ხ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განაჩენის გაუქმება და მ. ხ-ის გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ. ხ-ის მიერ დანაშაულის ჩადენა. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი, მ. ხ-ის საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას, კერძოდ:
7. დაზარალებულ ბ. დ-ის ჩვენება სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, აკმაყოფილებს მტკიცებულების შეფასების ყველა სტანდარტს და თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ: დაზარალებულის განმარტებით, 2020 წლის 14 ნოემბერს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას, ყვირილის, გინებისა და კარზე ბრახუნის ხმა შემოესმათ საკნიდან, რომელშიც განწესებული იყო მ. ხ-ი. მას მოუწოდეს სიმშვიდისაკენ, რაზეც პატიმარი გახდა აგრესიული, იგინებოდა ხმამაღლა. დაზარალებულის ჩვენებით, მ. ხ-ი იმუქრებოდა როგორც თვითდაზიანებით, ასევე თანამშრომლებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფით. ბ. დ-მ აღნიშნა, რომ პატიმრის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით, მისივე უსაფრთხოებისთვის, გადაწყდა დროებით დეესკალაციის ოთახში მისი გადაყვანა. მ. ხ-ი სიტყვიერად აპროტესტებდა ამ გადაწყვეტილებას. იგი გამოვიდა საკნიდან და დერეფანში კვლავ განაგრძობდა გინებას, სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგრესიას. ბ. დ-მ მხარზე ხელის დადებით კვლავ მოუწოდა სიმშვიდისკენ; მის ამ ჟესტზე მ. ხ-ი გახდა უმართავი, შემობრუნდა მისი მიმართულებით და მუცლის არეში ჩაარტყა იდაყვი. ბ. დ-მ განმარტა, რომ ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, დარტყმით გამოწვეული ტკივილისგან შეირხა და ოდნავ უკან გაიწია.
8. დაზარალებულის ჩვენება დადასტურებულია ფაქტის თვითმხილველი მოწმეების, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების - გ. ქ-ის, ლ. ხ-ის, ბ კ-ისა და ლ. ქ-ის ჩვენებებით, რომლებშიც მოწმეებმა დეტალურად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერეს განვითარებული მოვლენები. სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც მოწმეთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა, მათ შორის, არ იკვეთება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა პირადი დაინტერესება კონკრეტული მსჯავრდებულის მიმართ. მოწმე ლ. ქ-ის განმარტებით, ბ. დ-ან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ გამოცხადდა №..-ე საკანთან, სადაც დახვდა ბ. დ-ძე სხვა თანამშრომელთან ერთად. საკანში მოთავსებული პატიმარი - მ. ხ-ი იგინებოდა უმისამართოდ, ხმაურობდა, ყვიროდა; მოწოდების მიუხედავად, არ მშვიდდებოდა, აგრძელებდა გინებას, იმუქრებოდა თვითდაზიანებით, ინვენტარის დამტვრევითა და ფიზიკური შეურაცხყოფით. პატიმრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილზევე გადაწყდა დროებით, დამშვიდებამდე, მისი დეესკალაციის ოთახში გადაყვანა. საკნიდან გამოსვლის დროს, მ. ხ-ი ბრაზობდა და მოულოდნელად, ბ. დ-ს მუცელში იდაყვი ჩაარტყა.
9. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა - გ. ქ-მა, ლ. ხ-მა და ბ. კ-მა, რომლებმაც მიუთითეს მ. ხ-ის მიერ როგორც წესრიგის დარღვევა, რაც გამოიხატა ხმამაღლა გინებით, საკნის კარებზე ფეხებისა და ხელების დარტყმით, თვითდაზიანებისა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისათვის დაზიანების მიყენების მუქარით, ასევე - ბ. დ-ზე ფიზიკური ძალადობით.
10. ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ისეთი უტყუარი მტკიცებულებით, როგორიცაა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..-ე დაწესებულების, მე-2 სარეჟიმო კორპუსის №..-ე საკანსა და მიმდებარე დერეფანში განთავსებული ჩამწერი კამერის დაარქივებული ვიდეოჩანაწერი. ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს, რომ 2020 წლის 14 ნოემბერს, 15:14:52 საათზე №23-ე საკანში მყოფი მ. ხ-ი მიდის საკნის კართან და 15:15:11 საათამდე გადის კამერის თვალთახედვიდან, ამის შემდგომ მიდის ფანჯარასთან, 15:15:23 საათზე მ. ხ-ი კვლავ კართან მიდის. 15:15:25 საათზე კვლავ ჩნდება კადრში და 15:15:36 საათზე კვლავ კართან არის. 15:29 საათზე, კადრში ჩანს წამოწოლილი მ. ხ-ი, რომელიც სახის მიმიკის გათვალისწინებით ხმამაღლა საუბრობს ან ყვირის. 15:34:34 საათზე, №..-ე საკანთან მიდიან დაწესებულების თანამშრომლები - ბ. დ-ძე, ლ. ქ-ძე, გ. ქ-ი, ლ. ხ-ი და ბ. კ-ნი. 15:35 საათზე იღება №..-ე საკნის კარი და საკანში შედიან დასახელებული პირები, რა დროსაც მ. ხ-ი დაძაბულად ესაუბრება დაწესებულების თანაშრომლებს, 15:35:46 საათზე თანამშრომლებთან ერთად საკნიდან გამოდის მ. ხ-ი. ვიდეოჩანაწერი ნათლად ასახავს მ. ხ-ის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებთან დაძაბულ, ვერბალურ კომუნიკაციას, მისი მხრიდან ხელის მოძრაობებით გამოხატულ აგრესიულ ჟესტებს. ვიდეოჩანაწერის აღნიშნული ეპიზოდი ცხადად მიუთითებს, რომ მ. ხ-ი აფერხებდა დეესკალაციის ოთახში ეტაპირების პროცესს. 15:36:01 საათზე, ბ. დ-მ მ. ხ-ს მხარზე დაადო ხელი, რა დროსაც მ. ხ-ი მიტრიალდა და 15:36:04 საათზე მიზანმიმართულად იდაყვი ჩაარტყა ბ. დ-ს მუცლის არეში; ბ. დ-ძე დარტყმის შედეგად დაიხარა და ინერციით უკან გადადგა ნაბიჯი. აღნიშნული ძალადობის შემდგომ, დაწესებულების თანამშრომლებმა შებოჭეს მ. ხ-ი და გავიდნენ სამეთვალყურეო კამერის არეალიდან. ვიდეოჩანაწერზე ასახული მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია ადასტურებს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა თანმიმდევრულ ჩვენებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მ. ხ-ის მხრიდან დანაშაულს ჩადენას წინ უსწრებდა წესრიგის დარღვევა (საკანში ხმაური, გინება და საკნის კარზე ბრახუნი; საკნიდან გამოყვანისა და მისი დეესკალაციის ოთახში გადაყვანის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ კი ბრაზის გამოხატვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, თვითდაზიანებისა და თანამშრომელთა ფიზიკური დაზიანების მუქარა) იმავდროულად, ჩანაწერში ცხადად ჩანს მ. ხ-ის მიერ ბ. დ-ის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
11. უსაფუძვლოა ადვოკატ ი. ი-ის მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბ. დ-ის მხრიდან პროვოკაციის მიზნით, მ. ხ-ის მკლავზე ხელის ჩამოსმისა და იმავე ხელის მკლავის ქვეშ შეცურების კვალდაკვალ, მსჯავრდებულმა მართლაც მოუქნია მას ხელი, რაც არ შეხებია ბ. დ-ის ქურთუკით შემოსილ სხეულს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ საფუძველს მ. ხ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ვიდეოჩანაწერით (ჩანაწერის დროით 15:36:01 საათი) ცალსახად დასტურდება, რომ ბ. დ-მ, როგორც ჩვენებაში განმარტა, მართლაც ხელი დაადო მხარზე. მ. ხ-ი მიტრიალდა ოდნავ მარჯვნივ, ამის გამო კი, დაზარალებულის ხელი დარჩა მსჯავრდებულის მარჯვენა გვერდთან; იმავდროულად, მ. ხ-ი გაიწია ოდნავ წინ, მიტრიალდა ბ. დ-ნ და 15:36:04 საათზე გამიზნულად მოუქნია ხელი მუცლის არის მიმართულებით, მეორედ მოქნევა კი აღარ დააცალეს დაზარალებულმა და იქვე მყოფმა სხვა მოწმეებმა. დარტყმას, მოწმეთა ჩვენებების გარდა, ადასტურებს ვიდეოჩანაწერში დაზარალებულის ქცევაც, რომელიც დარტყმამდე სტატიკურ პოზაში დგას, დარტყმის პროცესში კი ტკივილისგან ინსტიქტურად იცვლის სხეულის მდგომარეობას, ოდნავ იხრება წელში და უკან იხევს.
12. დაცვის მხარე აპელირებს იმაზე, რომ მ. ხ-ის ქმედება შეიცავს დისციპლინური დარღვევის ნიშნებს, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კანონი - პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „დ“ ქ/პუნქტი. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის მსგავსად, აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის” მე-80 მუხლის ჩამონათვალი, რომელზეც აპელირებს აპელანტი, არ მიემართება დანაშაულებრივ საქმიანობას სისხლის სამართლებრივ ჭრილში, არამედ წარმოადგენს დისციპლინურ დარღვევას. მასში აღნიშნულია, რომ: დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მათ შორისაა განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, „პატიმრობის კოდექსის” მე-80 მუხლის „დ” პუნქტში აღწერილი ქმედება არსებითად განსხვავდება მ. ხ-ის მიერ ჩადენილი ქმედებისაგან, რაც უპირობოდ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და, შესაბამისად, იწვევს განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ. ხ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა კონკრეტული საქმის გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მისი საშიშროება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მ. ხ-ს შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი, მუხლის სანქციის შესაბამისი სასჯელი, რომელიც აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე