საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.01.2026
საქმის ნომერი
2კ-765აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.01.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №765აპ-25 14 იანვარი, 2026 წელი

კ-ი შ., №765აპ-25 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. შ. კ-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა (სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და საქართველოს სსკ-ის 111, 19, 109-ე მუხლის „ბ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ-ის რაიონის სოფელ ლ-ში, შ. კ-მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, კერძოდ, შ. კ-მა აღნიშნული სოფლის საუბნო გზაზე, ე. გ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული კ. კ-ის ავტომანქანიდან აიღო, ამ უკანასკნელის კუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული „CKC“ მოდელის, 7,62 მმ კალიბრიანი, სიმონოვის კონსტრუქციის, თვითდამმუხტავი კარაბინი და მის მჭიდში მოთავსებული, მათ შორის, სანადირო დანიშნულების ხუთი ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუმის, 7,62 მმ კალიბრიანი ვაზნა. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ვარგისია გამოსაყენებლად.

2024 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ-ის რაიონის სოფელ ლ-ში, შ. კ-ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა სანადირო ცეცხლსასროლ იარაღსა და ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალას. კერძოდ, შ. კ-მა ამავე სოფლის საუბნო გზაზე, ე. ჟ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული კ. კ-ის ავტომანქანიდან აიღო ამ უკანასკნელის კუთვნილი ქარხნული წესით დამზადებული, „CKC“ მოდელის, 7.62 მმ კალიბრიანი, სიმონოვის კონსტრუქციის, თვითდამმუხტავი კარაბინი და მის მჭიდში მოთავსებული, მათ შორის, სანადირო დანიშნულების ხუთი ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიანი ვაზნა, რის შემდგომაც, გადაადგილდა საუბნო გზაზე და აღნიშნული იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა კ. კ-ის, ვ. პ-ის, მ. პ-ის, ხ. ბ-ის, დ. თ-ის, გ. ჯ-ის, ქ. ქ-ის, გ. თ-ის, ზ. ბ-ისა და მ. კ-ის მიმართულებით. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია გამოსაყენებლად.

2024 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ-ის რაიონის სოფელ ლ-ში, საუბნო გზაზე, ე. ჟ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. ბ-ეს, შ. და კ. კ-ებს შორის მომხდარი კონფლიქტის მოგვარების მიზნით, შეიკრიბნენ შ. კ-ი, კ. კ-ი, ვ. პ-ი, მ. პ-ი, ხ. ბ-ი, დ. თ-ი, გ. ჯ-ი, ქ. ქ-ი, გ. თ-ი, ზ. ბ-ე და მ. კ-ი, რა დროსაც, მათ შორის კვლავ წარმოიშვა კონფლიქტი, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო, შ. კ-მა, შურისძიების მოტივით, ამავე საუბნო გზაზე გაჩერებული კ. კ-ის კუთვნილი ავტომანქანიდან აიღო ამ უკანასკნელის კუთვნილი „CKC“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, მის მჭიდში მოთავსებული ვაზნებით და ადგილზე შეკრებილი პირების მოკვლის განზრახვით, რამდენჯერმე გაისროლა კ. კ-ის, ვ. პ-ის, მ. პ-ის, ხ. ბ-ის, დ. თ-ის, გ. ჯ-ის, ქ. ქ-ის, გ. თ-ის, ზ. ბ-ისა და თავისი ძმის – მ. კ-ის მიმართულებით, რის შედეგადაც, სხეულის დაზიანებები მიაყენა გ. ჯ-ს, ქ. ქ-სა და გ. თ-ს. შ. კ-ის ქმედებით ასევე საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი ზემოაღნიშნული სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შ. კ-მა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, კერძოდ, ზ. ბ-ემ დაუჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და აღარ მისცა სროლის გაგრძელების საშუალება, მ. კ-მა კი წაართვა იარაღი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით:

შ. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 19, 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

შ. კ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გ. ჯ-ისა და გ. თ-ის ეპიზოდში გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებების არსებობისას – ორი პირის მიმართ და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას), ხოლო ქ. ქ-ის ეპიზოდში – საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას).

შ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულის ჩადენის იარაღი – „CKC“ მოდელის N --- კარაბინი და მჭიდი – უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს.

შ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით შ. კ-ს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულის ჩადენის იარაღი – „CKC“ მოდელის N --- კარაბინი და მჭიდი, უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს.

2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა: შ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 19,109-ე მუხლის „ბ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და მისთვის სამართლიანი სასჯელის – ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. მსჯავრდებულ შ. კ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ნ. ჯ-მა და დ. ხ-ემ მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაციიდან დამამძიმებელი გარემოების – ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას – ამორიცხვა, ასევე, დანიშნული სასჯელის შემცირება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განაჩენით დაცვის მხარისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

შ. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 19, 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

შ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შ. კ-ი გათავისუფლდა აღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელისაგან.

შ. კ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება (გ. ჯ-ისა და გ. თ-ის ეპიზოდში) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებების არსებობისას – ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას), ხოლო ქ. ქ-ის ეპიზოდში – საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას – ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას).

შ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/6-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 7 თვით. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულის ჩადენის იარაღი – „CKC“ მოდელის N --- კარაბინი და მჭიდი – უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს.

შ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/6-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით შ. კ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 7 თვით. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულის ჩადენის იარაღი – „CKC“ მოდელის N --- კარაბინი და მჭიდი – უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა. პროკურორმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა: შ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 19, 109-ე მუხლის „ბ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და მისთვის სამართლიანი სასჯელის – უფრო ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. ბრალდების მხარის განმარტებით, შ. კ-ის მიერ კ. კ-ის კუთვნილი ავტომანქანიდან დაუფლებული ცეცხლსასროლი იარაღითა და მასში მოთავსებული ვაზნებით გადაადგილება წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას, მიუხედავად იმისა, რა მანძილი გაიარა მან და რა მოტივი და მიზანი ამოძრავებდა. გარდა ამისა, პროკურორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაზარალებულთა დაჭრის შემდეგ, შ. კ-ი კვლავ აგრძელებდა სროლას იარაღიდან, თუმცა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა. პროკურორის მტკიცებით, ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, მსჯავრდებულს მკვლელობის პირდაპირი განზრახვა გააჩნდა შემთხვევის ადგილზე მყოფი/კონფლიქტში მონაწილე ყველა პირის მიმართ.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს შ. კ-ის ქმედების ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენით კვალიფიკაცია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო შეაფასებს, ერთი მხრივ, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით შ. კ-ის უდანაშაულოდ ცნობის, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისი მსჯავრდების სისწორეს.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას შ. კ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 19, 109-ე მუხლის „ბ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირების შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად, ობიექტურად, სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის გამოც, არ არსებობს მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი.

5.4. განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2024 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ-ის რაიონის სოფელ ლ-ში, საუბნო გზაზე, ე. ჟ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. ბ-ეს, შ. და კ. კ-ებს შორის მომხდარი კონფლიქტის მოგვარების მიზნით, შეიკრიბნენ შ. კ-ი, კ. კ-ი, ვ. პ-ი, მ. პ-ი, ხ. ბ-ი, დ. თ-ი, გ. ჯ-ი, ქ. ქ-ი, გ. თ-ი, ზ. ბ-ე და მ. კ-ი, რა დროსაც, მათ შორის კვლავ წარმოიშვა კონფლიქტი, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. შ. კ-მა სოფლის საუბნო გზაზე, ე. გ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული კ. კ-ის ავტომანქანიდან აიღო ამ უკანასკნელის კუთვნილი, გამოსაყენებლად ვარგისი, ქარხნული წესით დამზადებული „CKC“ მოდელის, 7,62 მმ კალიბრიანი, სიმონოვის კონსტრუქციის, თვითდამმუხტავი კარაბინი და მის მჭიდში მოთავსებული, მათ შორის, სანადირო დანიშნულების ხუთი ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუმის, 7,62 მმ კალიბრიანი ვაზნა და აღნიშნული იარაღიდან გაისროლა რამდენჯერმე, რის შედეგადაც, სხეულის დაზიანებები მიაყენა გ. ჯ-ს, ქ. ქ-სა და გ. თ-ს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს შ. კ-ის სუბიექტური დამოკიდებულების დადგენა, კერძოდ, მოქმედებდა თუ არა იგი მკვლელობის განზრახვით. ამასთან, ჩაიდინა თუ არა მან ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

5.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გამოკვეთილი არ არის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ვინაიდან მსჯავრდებული ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას დაეუფლა იმავე ადგილზე მათი დაუყოვნებლივ, იმწუთიერად გამოყენების მიზნით, რაც ვერ შეფასდება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებად, ამ უკანასკნელის სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით.

5.6. რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობით ბრალად წარდგენილ კვალიფიკაციას, უზენაესი სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის №142აპ-13 განაჩენი). ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნების კომპონენტები. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 განაჩენი; 2024 წლის 4 ივლისის №152აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 4 ივლისის №152აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 21 ოქტომბრის №1118აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 29 ნოემბრის №820აპ-24 განაჩენი). განზრახვის დასადგენად შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 განაჩენი).

5.7. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც აღადგენს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის სურათს და დაზიანებების მიყენების ვითარებას, რასაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ნიშნის – განზრახვის დასადგენად.

5.8. ქ. ქ-ის ჩვენებით, ჩხუბის დროს გასროლის ხმა გაიგო და განათდა ყველაფერი. მან დაინახა გ. ჯ-ი დაბლა იყო, უგონო მდგომარეობაში. გ. ჯ-ი შ. კ-ისგან 4-5 მეტრში იმყოფებოდა, თავად კი შ.სგან დაახლოებით 20 მეტრში იყო. შ. კ-მა კიდევ გაისროლა. მან გ. თ-ის ხმა გაიგო, ხელი აღარ მაქვს, მომტყდა მიშველეთო. გ. მისკენ მიდიოდა და მისგან 5 მეტრში იმყოფებოდა, რომ შ.მ კიდევ გაისროლა და მას ტყვია ფეხში, ბარძაყის არეში მოხვდა, გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. ეტკინა და ძირს დაეცა, გული მისდიოდა. ამის მერე რა მოხდა არ იცის, გონება დაკარგა. შ. კ-ს იარაღი ყველასკენ ჰქონდა მიმართული, ის დამიზნებით არ ისროდა. შ. კ-მა სამჯერ ან ოთხჯერ გაისროლა, თუმცა, ზუსტად არ ახსოვს. შ. კ-თან წარსულში ცუდი ურთიერთობა არ ჰქონდა. შ. კ-ს რომ სდომოდა მისი მოკვლა, მოკლავდა.

5.9. გ. თ-ის ჩვენებით, მან სამი გასროლა გაიგონა. დაინახა გ. ჯ-ი წაქცეული, დაჭრილი იყო. ამ დროს გაიგონა მეოთხე გასროლა და ტყვია მას მარჯვენა ხელში, იდავყთან მოხვდა. კიდევ იყო გასროლა და ქ. ქ-ი წაიქცა. მან დაინახა, რომ ისროდა შ. კ-ი, რომელიც მისგან 15 მეტრში იდგა. დაჭრილი გ. ჯ-ი შ.სგან 5 მეტრში იყო. სულ 5 გასროლა გაიგონა. თვითონ სიბნელეში იდგა. შ. მას ვერ დაინახავდა. შ. კ-ს ის რომ დაენახა, არ ესროდა. შ.ს კიდევ შეეძლო მისთვის ესროლა, ხელს არაფერი და არავინ უშლიდა.

5.10. გ. ჯ-ის ჩვენებით, ჩხუბის მიმდინარეობისას თოფის გადატენის ხმა გაიგო. დაახლოებით 5 მეტრში დაინახა შ. კ-ი, უთხრა, რომ არ ესროლა და მისკენ წავიდა. შ. კ-თან ახლოს, დაახლოებით, ნახევარ მეტრში იყო, უნდოდა, თოფზე ხელი მოეკიდა და სროლის საშუალება არ მიეცა. შ. კ-ს თოფი მხარზე მიბჯენილი და მოჩხუბრებისკენ მიმართული ჰქონდა, თუმცა, შეტრიალდა მისკენ და ესროლა. ტყვია ხელში მოხვდა და ძლიერ ეტკინა. დავარდა ძირს, დაკარგა გონება. მას სამი ნატყვიარი ჰქონდა, ის ორი ტყვია როდის ესროლა არ ახსოვს. ორი ტყვია ხელში, ხოლო ერთი ფეხში მოარტყა შ. კ-მა. სროლის დროს შ. კ-ი მას არ დამუქრებია და არც უცენზურო სიტყვებით მიუმართავს.

5.11. მ. კ-ის ჩვენებით, შ. კ-ს თოფის ლულა დახრილი ჰქონდა. დამიზნებით არავისთვის უსვრია. შ.მ 2-3-ჯერ გაისროლა და თოფით ხელში მასთან მივიდა. ამ დროს მასთან მ. პ-ი და ზ. ბ-ე იდგნენ. შ. კ-ს მოკვლა რომ სდომოდა, შეეძლო, მაშინვე, იქვე ესროლა, რაც არ გაუკეთებია. საუბრისას ბ-ემ იარაღს მოკიდა ხელი და სცადა წართმევა, რა დროსაც, ძიძგილაობისას, თოფმა რამდენჯერმე გაისროლა. შემდეგ, თვითონაც მოკიდა თოფს ხელი და თავის ძმას უთხრა, თოფი მიეცა. შ.მ მოუსმინა და თოფი მის ხელში აღმოჩნდა, რომელიც იქვე მდგომ მ. პ-ს მისცა.

5.12. კ. კ-ის ჩვენებით, ცემის შემდეგ, სახლის კართან მიხოხდა, რა დროსაც, გაიგო 2-3 გასროლის ხმა. შემდეგ სახლში შევიდა შევიდა და ისევ გაიგონა გასროლის ხმები. მეორედ 8 ან 10 გასროლა იყო.

5.13. მ. პ-ის ჩვენებით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგო, მსროლელს ვერ ხედადვდა. დაინახა მისგან მარცხნივ ქ. ქ-ი წამომჯდარი იყო, ამბობდა დავიჭერიო, გ. თ-ი მისგან მარცხნივ იჯდა სკამზე, ხელზე იკიდებდა ხელს, ჯ-ი კი მისგან მარჯვნივ იყო, ისიც – დაჭრილი. დაჭრილები მისგან 5-10 მერტში იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ, დაინახა, რომ შ. კ-ს ხელში იარაღი ეკავა. ის გზის მხარეს იდგა. შ. კ-ს იარაღი ეჭირა ზ. ბ-ის მიმართულებით და ორჯერ გაისროლა, თუმცა, არავის მოხვედრია. ვერ იტყვის დამიზნებით ესროლა თუ არა ზ. ბ-ეს ან საერთოდ, ბ-ის მიმართ ისროდა თუ არა. ზ. ბ-ემ იარაღი გამოართვა შ. კ-ს და მ. კ-ს გადასცა, მან კი მ. კ-ს გამოართვა იარაღი და იქვე, ეზოში გადააგდო. სროლის დროს, მანძილი შ. კ-სა და მოჩხუბრებს შორის შემცირდა. ქ. ქ-სა და შ. კ-ს შორის მანძილი, დაახლოებით, 15-20 მეტრი იყო, ჯ-ი კ-ისგან, დაახლოებით, 10 მეტრში იმყოფებოდა.

5.14. ზ. ბ-ის ჩვენებით, მას შემდეგ რაც ქ-ი, თ-ი და ჯ-ი დაიჭრნენ, დაჭრილი ჯ-ისაგან 5 მეტრში დაინახა შ. კ-ი, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა და იარაღის ლულა დაბლა, მიწისკენ ჰქონდა დაშვერილი. ის მივიდა შ.სთან და იარაღის გამორთმევა სცადა, რა დროსაც, წაძიძგილავდნენ. როდესაც მისკენ წავიდა, შ.ს ლულა არ აუწევია, მისკენ არ მიუშვერია. მ. კ-იც მივიდა და მან იარაღი წაართვა შ. კ-ს. ბოლოს, იარაღი მ. პ-ის ხელში დაინახა. შ.მ 5-6-ჯერ გაისროლა. შ. კ-ი მან 5 მეტრში დაინახა.

5.15. ვ. პ-ის ჩვენებით, მან მცირე ინტერვალებით, მიყოლებით, 5 გასროლა გაიგონა, დაინახა რამდენიმე დაჭრილი. მისგან მარცხნივ, დაახლოებით, 5 მეტრში ქ. ქ-ი იყო, ასევე 5 მეტრში – გ. თ-ი, გ. ჯ-ი კი მისგან, დაახლოებით, 10 მეტრში იმყოფებოდა. ის ახლოს იყო შ. კ-თან. დაინახა, რომ ზ. ბ-ე, დაახლოებით, 7 მეტრიდან წავიდა შ. კ-ის მიმართულებით. მანძილი ბ-ესა და კ-ს შორის მცირდებოდა, ვინაიდან ზ. მისკენ მიდიოდა. შ. კ-ს ხელში იარაღი პირდაპირ ეჭირა და 2-3-ჯერ გაისროლა. რატომ არ მოარტყა ზ. ბ-ეს არ იცის. ბ-ემ სცადა იარაღის წართმევა, თუმცა, ვერ შეძლო. მას მიეხმარა მ. კ-ი და წაართვა იარაღი, რომელიც მ. პ-მა გამოართვა და გადააგდო. მან არ იცის შ. კ-ი დამიზნებით ისროდა, თუ არა.

5.16. ხ. ბ-ის ჩვენებით, დაინახა, რომ იარაღი შ. კ-ს ეჭირა და მათკენ ჰქონდა მიშვერილი. სროლის გამო ის ჩიხში შევიდა. გაიგო სამი გასროლის ხმა. ჩიხიდან რომ გამოვიდა, დაინახა, რომ მ. კ-მა და ზ. ბ-ემ იარაღი წაართვეს შ. კ-ს. იარაღის წართმევის დროს სროლა არ ყოფილა. შ. კ-ი მისგან 20-25 მეტრში იდგა, ქ. ქ-ისგან – 15-20 მეტრში, გ. თ-ისგან – 10-15 მეტრში, ხოლო შ.სგან ყველაზე ახლოს – 5 მეტრში, ჯ-ი იყო. შ. კ-ის მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია.

5.17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებითაც ირკვევა, რომ: 1. გ. თ-ის აღენიშნებოდა ნაფლეთი ჭრილობა იდაყვის სახსრის მედიალურად და ლატერალურად. გამოკვლევითა და ოპერაციული ჩარევით კი დადგინდა იდაყვის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობა. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით; 2. ქ. ქ-ის მარცხენა ბარძაყის ქვემო მესამედის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა გამჭოლი ჭრილობა, რომელიც მიემართებოდა ზემოდან ქვემოთ, გარედან შიგნით და უკან მედიალურ ზედაპირზე, სადაც აღინიშნებოდა მეორე (გამავალი) ჭრილობა. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით; 3. გ. ჯ-ს აღენიშნებოდა ნაფლეთი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის სახსრის მედიალურად და ლატერალურად. მარცხენა წინამხრის უკანა და წინა ზედაპირებზე აღენიშნებოდა ჭრილობები. მარჯვენა ბარძაყის წინა ლატერალურ ზედაპირზე აღენიშნებოდა ჭრილობა და უკან მედიალურად ნაფლეთი ჭრილობა. გამოკვლევით და ოპერაციული ჩარევით კი დადგინდა მარჯვენა იდაყვის ძვლის პროქსიმალური წილის და მხრის ძვლის დისტალური ნაწილის მსხვრევადი მოტეხილობები. დაზიანება მარჯვენა იდაყვის ძვლის პროქსიმალური ნაწილის და მხრის ძვლის დისტალური ნაწილის მსხვრევადი მოტეხილობების სახით მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დაზიანება მარცხენა წინამხრის არეში არსებული ჭრილობის სახით (გამჭოლი ჭრილობა) მიყენებულია ცეცხლსასროლი არაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანება მარჯვენა ბარძაყის წინა ლატერალურ ზედაპირზე არსებული ჭრილობის სახით (გამჭოლი ჭრილობა) მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

5.18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას, კერძოდ: მსჯავრდებულსა და დაზარალებულთა შორის არსებულ მანძილს, რომელიც, ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ ახლო იყო. ასევე, გასროლის შემდეგ დაჭრილ დაზარალებულთა მდგომარეობას, რომლებიც მიყენებული ჭრილობების გამო წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ მსჯავრდებულს. შესაბამისად, მათი მხრიდან თავდამსხმელისათვის რაიმე დაბრკოლების შექმნა არ იკვეთება. ამასთან, საგულისხმოა, რომ საწყის ეტაპზე, გასროლების მომენტში, მსჯავრდებული თავისუფლად მოქმედებდა და შემთხვევის ადგილზე მყოფ პირთაგან წინააღმდეგობას არავინ უწევდა. აღნიშნული გარემოება თავად დაზარალებულთა ჩვენებებითაც დასტურდება, რომლებმაც განმარტეს, რომ შ. კ-ს რომ სდომოდა მათი მოკვლა, მოკლავდა – ხელს არაფერი უშლიდა. ამდენად, მსჯავრდებულს ვერაფერი აღუდგებოდა წინ, დაზარალებულთათვის სხეულის ისეთ ნაწილში მიეყენებინა ცეცხლნასროლი ჭრილობები, რომლებიც მისთვის სასურველ სასიკვდილო შედეგს (ამგვარი განზრახვის არსებობის შემთხვევაში) გარანტირებულად და იმავდროულად, მყისიერად გამოიღებდა. საგულისხმოა, რომ მართალია, ზოგიერთი მოწმის ჩვენების თანახმად, ქ. ქ-ის, გ. თ-ისა და გ. ჯ-ის დაჭრის შემდეგ, შ. კ-მა კვლავ გაისროლა იარაღიდან და გასროლის ხმა იარაღის წართმევის მომენტშიც გაისმა, თუმცა, მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება გასროლის მიმართულება და მიზნობრიობა, აგრეთვე, დამიზნებით ისროდა თუ არა მსჯავრდებული. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ იკვეთება მსჯავრდებულის გარდა, შემთხვევის ადგილას მყოფ სხვა პირთა ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღება. შესაბამისად, შ. კ-ს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით შეეძლო, შემთხვევის ადგილას მყოფ პირთა ნების იმგვარად დათრგუნვა, რომ ადვილად გადაელახა ნებისმიერი წინააღმდეგობა და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, არავისთვის მიეცა მისთვის იარაღის წართმევის შესაძლებლობა. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არ დასტურდება იმგვარი წინაღობის არსებობა, რაც მსჯავრდებულს ხელს შეუშლიდა მკვლელობის განზრახვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სისრულეში მოყვანაში. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს მსჯავრდებულს ქცევას, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მისი მხრიდან მუქარას ან იმგვარი ფრაზების წარმოთქმას, რაც მკვლელობის განზრახვას წარმოაჩენდა, ადგილი არ ჰქონია.

5.19. ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისათვის, თანაბრად მნიშვნელოვანია ქმედების, როგორც ობიექტური, ისე – სუბიექტური შემადგენლობის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დადგენა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების, აგრეთვე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების გაანალიზების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების – იარაღიდან გასროლის რაოდენობის, გასროლის ხასიათის, მსჯავრდებულსა და დაზარალებულთა შორის არსებული მანძილის, დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს მსჯავრდებულის ქცევის, დაზარალებულთათვის მიყენებული დაზიანებების ლოკალიზაციისა და სიმძიმის, მსჯავრდებულსა და დაზარალებულებს შორის არსებული ურთიერთობის – გათვალისწინებით, გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება შ. კ-ის მხრიდან შემთხვევის ადგილზე მყოფ პირთა მკვლელობის განზრახვა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სამართლიანად გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

5.20. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ლევან თევზაძე