საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100122006070405
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №884აპ-25 26 იანვარი, 2026 წელი
ტ–ი ო., №884აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოსსისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ტ–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ო. ტ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 5 მაისის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ო. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რისთვისაც საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით.
სასჯელის მოხდის პერიოდში, 2022 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 10:40 საათზე, ქ.თ–ში, გ–ს მე-.. მ/რაიონი, მე-..კილომეტრზე მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულების მესამე სარეჟიმო კორპუსის N... საკანში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ო. ტ–მა, რომელიც გასამართლებული იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ამავე სარეჟიმო კორპუსის „..“ ფლიგელზე სამორიგეო ოთახში ყოფნისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს მ. ბ–ეს – ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგად მ. ბ–ემ მიიღო დაზიანება მარცხნივ ქვედა ყბის მიდამოში სისხლნაჟღენთის სახით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 აპრილის განაჩენით, ო. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო. ტ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ო. ტ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2025 წლის 28 აპრილიდან.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. ტ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. მ–მა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2025 წლის 14 აგვისტოს, მსჯავრდებულმა ო. ტ–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ–მა საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორთა პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან საქმეზე სრულყოფილად არ გამოკვლეულა მტკიცებულებები. სასამართლო დაეყრდნო ვიდეოჩანაწერის იმ ნაწილს, რომელიც მას წარუდგინა ბრალდების მხარემ. სასამართლოში წარდგენილი ვიდეოჩანაწერის მცირე ნაწილი დათვალიერდა. სააპელაციო სასამართლო არ დაინტერესებულა, თუ რა ხდებოდა აღნიშნულ მონაკვეთში ასახულ ფაქტებამდე, ან რა მოხდა მას შემდგომ. შესაბამისად, მტკიცებულების არასრული გამოკვლევით სასამართლომ ო. ტ–ის მიმართ დაარღვია კანონი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ო. ტ–ი არ ცნობს თავს დამნაშავედ და საქმეში არ მოიპოვება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულ ო. ტ–ის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო, არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ო. ტ–ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
5.3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ო. ტ–ის მსჯავრდების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.
5.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, ო. ტ–ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის წარსულში ნასამართლობის ფაქტი და ის გარემოება, რომ იგი განაჩენით დანიშნულ სასჯელს იხდიდა პენიტენციურ დაწესებულებაში.
5.5. საკასაციო საჩივარი ო. ტ–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ეყრდნობა დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარემ სრულყოფილად არ გამოიკვლია ვიდეოჩანაწერი და მხოლოდ ის მონაკვეთები მიუთითა, რაც მისთვის იყო ხელსაყრელი. ვიდეოჩანაწერების გამოკვლევისას არ ჩანდა ის გარემოება, თუ რა ხდებოდა აღნიშნულ მონაკვეთში ასახულ ფაქტებამდე, ან რა მოხდა მას შემდგომ. დაცვის მხარის პოზიციით ო. ტ–ის მიერ განხორციელებულ ქმედებაში არ არის დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნები, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს.
5.6. საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ო. ტ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნას ო. ტ–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.7. დაზარალებულ მ. ბ–ის ჩვენება სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას და თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ: დაზარალებულის განმარტებით, 2022 წლის 1 ივნისს, დილის საათებში, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა №.. პენიტენციურ დაწესებულებაში, მორიგეობის ჩაბარებისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ ო. ტ–ს ერთი თვით აკრძალული ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია. გ. მ–მა გააღო №... საკნის კარი და გამოიყვანა ო. ტ–ი, რომელმაც უთხრა, რომ სურდა სატელეფონო ზარის განხორციელება. განუმარტა, რომ მას აკრძალული ჰქონდა ტელეფონით სარგებლობა და ვერ დარეკავდა. ამ დროს შევიდნენ თანამშრომლები – გ. გ–ი და დ. ქ–ა, რომლებმაც წინა დღეს სატელეფონო კომუნიკაცია აუკრძალეს ო. ტ–ს და კვლავ განუმარტეს რომ აკრძალული ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია, რაზეც ო. ტ–მა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო აკრძალვის შესახებ, თუმცა არ აინტერესებდა, რადგან აკრძალვებს თავად აწესებდა და უნდა დაერეკა. წინააღმდეგობის გამო, მან გადაწყვიტა ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩაეყენებინა და აიღო ტელეფონი, სწორედ ამ დროს შემოაბრუნა ო. ტ–მა და ხელი ძლიერად გაარტყა სახეში, მარჯვენა მხარეს. დარტყმის შედეგად განიცადა ტკივილი. ო. ტ–ი მისმა კოლეგებმა შებოჭეს და სამორიგეოში ჩაიყვანეს. თავად გარეგნული დაზიანებაც აღენიშნებოდა, ტუჩის არე ჰქონდა შეშუპებული.
5.8. დაზარალებულის ჩვენება დადასტურებულია ფაქტის თვითმხილველი მოწმეების – გ. მ–ის, გ. გ–ის, ვ. ჩ–ის, დ. ქ–ასა და მ. ჯ–ის ჩვენებებით. მოწმეებმა დეტალურად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერეს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები. სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც მოწმეთა ჩვენებების სანდოობას დააყენებდა ეჭვქვეშ.
5.9. ყურადსაღებია, რომ დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით განმარტებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია, როგორც სამედიცინო ექსპერტიზის №…… დასკვნით, ასევე ისეთი უტყუარი მტკიცებულებით, როგორიცაა ვიდეომასალის დათვალიერების შესახებ ოქმი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი. ვიდეომასალის დათვალიერების ოქმით დგინდება ო. ტ–ის მიერ მ. ბ–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების – ხელის დარტყმის ფაქტი. ასევე აღწერილია მოქმედებები, კერძოდ, ო. ტ–ის მცდელობა ესარგებლა ტელეფონით და დაზარალებულისა და გ. გ–ის მიერ ო. ტ–ისათვის ტელეფონის ყურმილის ხელიდან წართმევისა და სამორიგეო ოთახიდან გაყვანის ფაქტი.
5.10. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად კი, მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. ამდენად, სწორედ მხარე მოიპოვებს მტკიცებულებებს და განსაზღვრავს რა არის მნიშვნელოვანი მისი პოზიციის დასადასტურებლად. მტკიცებულებათა მოპოვება მთლიანად მხარეზეა დამოკიდებული.
5.11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე (მათ შორის ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას) დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა თანაბარ პირობებში გამოეკვლია იგი, ასევე დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი.
5.12. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მათში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, დაცვის მხარეს არგუმენტებული და ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რომელიც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ მიუთითებს.
5.13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. ტ–ის ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.
5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.16. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ო. ტ–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე