საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100125011054171
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1168აპ-25 თბილისი, ა-ი მ. 1168აპ-25 26 თებერვალი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე –
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. მ-ს, რ. ხ-სა და ჯ. ქ-ს, ასევე – ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის, თორნიკე გოგეშვილის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
მ. ა-ს ბრალად დაედო, რომ ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგი გარემოებით:
2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით, 00:50 საათზე, ბ-ში, ტ. ა-ს ქუჩის N...-ში მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი – ი. დ-ე, რომელიც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს უხსნიდა მიმდინარე საპროტესტო შეკრების დროს დაკავებული პირების დაკავების საფუძველს. ი. დ-ს სამსახურებრივი საქმიანობით გაღიზიანებული მ. ა-ი, შურისძიების მოტივით, თავს დაესხა ი. დ-ს, ძლიერად მოქაჩა ქურთუკზე, მისკენ მიატრიალა და სახეში დაარტყა ხელი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 აგვისტოს განაჩენით:
მ. ა-ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მ. ა-ი, დაბადებული ... წლის ... მაისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რომლის ვადა აეთვალა დაკავებიდან, 2025 წლის 12 იანვრიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ:
2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით, 00:50 საათზე, ბ-ში, ტ. ა-ს ქუჩის N...-ში მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით მყოფი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი – ი. დ-ე ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს უხსნიდა მიმდინარე საპროტესტო შეკრების დროს დაკავებული პირების დაკავების საფუძველს. ი. დ-ს სამსახურებრივი საქმიანობით გაღიზიანებულმა მ. ა-მა, საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ი. დ-ს ძლიერად მოქაჩა ქურთუკზე, მისკენ მიატრიალა და სახეში დაარტყა ხელი.
4. კასატორები – მსჯავრდებულ მ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები – მ. მ-ი, რ. ხ-ი და ჯ. ქ-ე – ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად – მ. ა-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანასა და კონკრეტული საოქმო განჩინებების კანონიერების საკითხის განხილვას;
4.1. დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლომ არ უპასუხა მათი სააპელაციო საჩივრის არცერთ არგუმენტს და ასევე, არ შეაფასა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი/გამოკვლეული მტკიცებულებები. სასამართლო არ მიუთითებს რომელიმე მოწმის ჩვენებაში მითითებულ მონაკვეთზე, რომლის საფუძველზეც გადაწყვიტა – მ. ა-ს დამნაშავედ ცნობის საკითხი. სააპელაციო სასამართლოს არ მიუქცევია ყურადღება, რომ მ. ა-ი არასოდეს გამოუკითხავს გამოძიებას და მან ჩვენება მხოლოდ სასამართლოს მისცა. შესაბამისად, ის ვერცერთ საპროცესო დოკუმენტში ვერ განაცხადებდა, რომ ეს დაზიანებები მიიღო დაკავებამდე. სააპელაციო სასამართლომ ვერ გაითვალისწინა, რომ გამოძიება უნდა წარმართულიყო სრულად და ყოველმხრივ, მათ შორის, უნდა დაედგინა, თუ სად და რა ვითარებაში დაზიანდა და, ამავდროულად, უნდა დაედგინა, თუ რატომ არ აღწერა ისინი ბ-ის დროებითი მოთავსების იზოლატორმა. სასამართლოს უნდა ემსჯელა, თუ რატომ არ მიაწოდა გამოძიებამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეყვანისას მ. ა-ს სხეულზე აღმოჩენილი მრავლობითი სისხლნაჟღენთების ამსახველი დოკუმენტაცია სამხარაულის ექსპერტიზას, რომელსაც უნდა ემსჯელა ამ დაზიანებათა ხარისხზე. ეს ადასტურებს, რომ მ. ა-ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება იყო ფორმალური ხასიათისა.
4.2. მ. ა-ს საჩივარი, უკანონო ადმინისტრაციული დაკავების შესახებ, განსახილველად გადაცემული ჰქონდა თავად პოლიციის იმ მოხელეს, რომლის უკანონო ქმედებასაც (სხვებთან ერთად) ასაჩივრებდა თავად მ. ა-ი, რომელთანაც ადვოკატები დაკავებისთანავე არ შეუშვეს. ისინი შენობის ჭიშკართან იდგნენ და ითხოვდნენ დაკავებულთან შეხვედრას.
4.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 3531-ე და არა სსკ-ის 353-ე მუხლის თვალსაზრისით; ხოლო ბრალდების რომელი მტკიცებულება ან მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის შემადგენლობას, სასამართლომ არ მიუთითა. ქმედების სსკ-ის 353-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის სასამართლომ უნდა დაადგინოს პოლიციელის კონკრეტული საქმიანობა ხელშეშლის მომენტში; ამავდროულად, უნდა დაადგინოს ამ საქმიანობის/ქცევის შეწყვეტის სურვილი და მიზანი. გასაჩივრებული განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ პოლიციელი მოწმეების ჩვენებას და სასამართლო არ მსჯელობს მათი სანდოობის საკონსტიტუციო სტანდარტსა და მის დაცულობაზე განსახილველ საქმეში. ქმედების სსკ-ის 353-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია, ბრალდებულმა ცხადად იცოდეს, რომ დაზარალებული ახორციელებს საპოლიციო ფუნქციას, რისი მნიშვნელობაც უნდა ესმოდეს, სურდეს მისი ხელშეშლა (შეწყვეტის მიზნით) და აღნიშნულს უნდა ჩადიოდეს ძალადობით.
4.4. ბრალდების მხარის ვიდეოში ჩანს, რომ მოწმე გ. ბ-ა არ აკავებს მ. ა-ს. ბრალდების ფორმულირებითა და, ფაქტობრივად, ახალი ბრალის წარდგენით, სასამართლომ მ. ა-ს არ მისცა საშუალება, თავი დაეცვა ახალი ბრალდებისგან. აღნიშნულით დაირღვა ბრალდებულის ფუნდამენტური უფლება.
4.5. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა დაცვის მხარის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტზე, რომ მ. ა-ს არ ჩაუდენია დანაშაული, არამედ მისი ქმედება, შესაძლოა, შეფასდეს მხოლოდ როგორც ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომა.
4.6. სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა, თუ რატომ აირჩია სასჯელის სახედ პატიმრობა მაშინ, როდესაც მსჯავრადწარდგენილი დანაშაული ითვალისწინებს ალტერნატიული სახის სასჯელებს (ჯარიმას და შინაპატიმრობას). მ. ა-ს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მხედველობის გაუარესება სასამართლოს არ შეუფასებია.
4.7. დაცვის მხარე აგრეთვე ასაჩივრებს 2025 წლის 18 მარტის, 2025 წლის 31 მარტისა და 2025 წლის 8 მაისის საოქმო განჩინებებს.
5. კასატორი – ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე თორნიკე გოგეშვილი – ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას, მ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას;
5.1. ბრალდების მხარის პოზიციით, აგრესიული და ძალადობრივი ქმედებით მ. ა-მა გამოხატა მისი უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება, უკმაყოფილება და გაღიზიანება პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის მიმართ, რაც პოლიციელზე თავდასხმაა და არა – მის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით. ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილ ვითარებაში, გონივრულობის ფარგლებში შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ მ. ა-მა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა. მ. ა-ს ქმედება აგრესიული და თავდასხმითია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.
8. მოცემულ შემთხვევაში, მ. ა-ს ბრალად ედება ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ქვედა ინსტანციის სასამართლომ გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე; აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციას ბრალდებისა და დაცვის მხარე არ ეთანხმება; ადვოკატები ითხოვენ მ. ა-ს სრულად გამართლებას, პროკურორი კი – ბრალადწარდგენილ მუხლში მ. ა-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
9. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, შეაფასებს დაზარალებულის ჩვენებას, ვინაიდან, ი. დ-ე წარმოადგენს პირს, რომლის მიმართაც ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება. ამავდროულად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს იგი განჩინებაში მიმოიხილავს მხოლოდ დანაშაულის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანი, ძირითადი ფაქტობრივი გარემოებების ჭრილში, ვინაიდან ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განაჩენებში მტკიცებულებები ფართოდ არის მიმოხილული. წარმოდგენილ საქმის მასალებს საკასაციო სასამართლო გაეცნო სრულად.
10. სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, ი. დ-ს, ჩვენების თანახმად:
10.1. იგი 2022 წლიდან მუშაობს შსს ბათუმის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მუშაობს 2014 წლიდან. ბ-ში საპროტესტო აქციები დაიწყო 2024 წლის 28 ნოემბერს. მათში ი. დ-ე, თანამშრომლებთან ერთად, აქციის წევრების უფლებების დაცვის, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აქტიურად იყო ჩართული. აქციები თავდაპირველად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. იყო კონკრეტული გადაცდომებიც, რომლებზეც პოლიცია სამართლებრივად რეაგირებდა. ძირითადად, აქციის წევრებისა და პოლიციის მხრიდან იყო ლოიალური, მეგობრული, კარგი დამოკიდებულება. მოწმის განმარტებით, აქციის მსვლელობისას, ყოფილა შელაპარაკება და კონფლიქტებიც აქციის მონაწილეებთან, თუმცა, არც მისი და არც პოლიციის სხვა თანამშრომლის მხრიდან, ეს არ გამხდარა აგრესიის საფუძველი. იყო აქციის მონაწილეებისადმი მოქალაქეთა აგრესიის შემთხვევები, რის გამოც, პოლიციელებს უწევდათ ჩარევა.
10.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენების მოცემული ნაწილით აშკარად იკვეთება, თუ როდიდან, რა ფორმით, რა მიზნით ჰქონდა მას კავშირი მიმდინარე აქციებთან; კერძოდ, ის რომ – მოწმე თანამშრომლებთან ერთად, დაწყების დღიდანვე, აქციის წევრების უფლებების დაცვის, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აქტიურად იყო ჩართული.
10.3. რაც შეეხება უშუალოდ მ. ა-ან დაკავშირებულ გარემოებებს, ი. დ-ს განმარტებით, მ-ს საქმიანობაზე მის დაკავებამდე, არანაირი წარმოდგენა არ ჰქონია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმიანობის ცოდნის შემთხვევაშიც, პოლიციის თანამშრომლები იმავე ზომებს არ მიიღებდნენ. ი. დ-ს ჩვენებით, 2024 წლის 11 იანვარს აქცია დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოსთან. მოწმე და მისი თანამშრომლები აქციის დაწყების წინ ადგილზე იყვნენ. მას სულ ჰქონდა კომუნიკაცია ორგანიზატორებსა და ჟურნალისტებთან, რადგან, მათივე უსაფრთხოების მიზნით, პოლიციას უნდა სცოდნოდა, აპირებდნენ თუ არა ისინი მსვლელობას და რა მიმართულებით. ორგანიზატორები ი. დ-ს ანგარიშს უწევდნენ და ატყობინებდნენ, რათა პოლიციაც შესაბამისად ორგანიზებულიყო. 11 იანვარს, აქციაზე მისულმა მოწმემ, დაწყებამდე, რამდენიმე მონაწილეს მეგობრულად ჰკითხა, იმ დღეს თუ ჰქონდათ დაგეგმილი რაიმე სახის მსვლელობა. ორგანიზატორებმა, რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ ეს ღონისძიებები ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მათ ინტერესებს, მაგრამ პასუხი არ გასცეს. ამის შემდეგ მოწმეს რამდენიმე წუთით მოუწია ადგილმდებარეობის შეცვლა. ეს არ ეხებოდა აქციას, სხვა სამსახურებრივი დავალება იყო. ამ მომენტში მას თანამშრომლებმა შეატყობინეს, რომ აქციის წევრებმა დაიწყეს მსვლელობა ქუჩებში. გადაინაცვლეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. თუმცა, სასამართლოს შენობასთან მისვლამდე, პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა ი. დ-ს მობილურით აუწყა, რომ აქციის მონაწილეები აგრესიულები იყვნენ პოლიციის თანამშრომლების მიმართ. მანვე თავის მოადგილეს, გ. ვ-ს, მიუთითა, რომ მაქსიმალურად დისტანცირებული ყოფილიყვნენ აქციის წევრებისაგან. ერთ-ერთი აქციის მონაწილე გოგონა მივიდა გ. ვ-სთან მიზანმიმართულად და დააკრა ზურგზე სტიკერი ლოზუნგით: „იფიცება საქართველო“, დაამატა რამდენიმე შეურაცხმყოფელი სიტყვაც: „თქვენ მონებო“, „რუსეთის შნირებო“, „ნაძირლებო“ და ა.შ.. პოლიციელებმა აღნიშნული ფაქტის გამო ეს გოგონა დააკავეს ადმინისტრაციული წესით. გარკვეული დროის შემდეგ აქციის წევრებმა გადაინაცვლეს პოლიციის შენობასთან, სადაც გაგრძელდა საპროტესტო აქცია. გათავისუფლების თაობაზე მოთხოვნას, ჰქონდა აგრესიული ფორმა. ის რეალობა, რომლის გამოც, პოლიციას დაკავების საფუძველი გააჩნდა, იყო გამოტოვებული და ამიტომ მოწმემ გადაწყვიტა, გასულიყო აქციის მონაწილეებთან, რათა მათთვის დაკავების საფუძველი განემარტა.
10.4. ერთ-ერთ მომენტში აქციის მონაწილემ მიზანმიმართულად (თუ ამის გამო აკავებთ ხალხსო) პოლიციელების თვალწინ დაიწყო სამართალდარღვევის ჩადენა, კერძოდ, სტიკერის დაკვრა დეპარტამენტის შესასვლელ შლაგბაუმთან. ი. დ-მ მოუწოდა, რომ არ გაეკრა იგი, რადგან არღვევდა 150-ე მუხლს. ამ ქალბატონმა მაინც დააკრა და დაასრულა სამართალდარღვევა, რაზეც მისი პასუხი იყო: „მაშინ გამომყევი“. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ი. დ-მ ეს ქალბატონი დააკავა, თუმცა არ დაუკავებია, მოუწოდა, გაჰყოლოდა და ეს ქალბატონიც გაჰყვა. მისი მიზანი იყო სამართალდარღვევაზე ოქმის შედგენა. მოწმის მიერ ქალბატონისათვის ოქმის შედგენისას რამდენიმე წუთში, მ. ა-ი დეპარტამენტში შეიყვანეს. პოლიციის გადაწყვეტილებითა და კეთილი ნებით, ყველა დაკავებული, გარდა პირველი გოგონასი, გათავისუფლდა პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან. მოწმემ განმარტა, რომ მისი ინტერესი არ იყო მ. ა-ს დაკავება; ეს ასე რომ ყოფილიყო, სხვა შემთხვევაში, არ გაათავისუფლებდნენ ხელწერილით.
10.5. ამ პირების გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში, პოლიციამ დააკავა ორი ნასვამი პირი – ძმები გ-ები. ი. დ-ე დაინტერესდა დაკავების მიზეზით, მას მოახსენეს, რომ გ-მ პოლიციელებს დედის მისამართით შეაგინა, განაცხადა, ,,ამათ როგორ უნდა დაემორჩილო,“ ეს ,,შნირები“ და ა.შ.. პოლიციას სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა. დაკავების შემდგომ აქციის წევრებმა მოითხოვეს დაკავების შესახებ განმარტება და ხელმძღვანელთან შეხვედრა. მოწმემ ჩათვალა, რომ მისი აქციის მონაწილეებთან გასვლითა და დალაპარაკებით სიტუაცია დაწყნარდებოდა. გასვლის მომენტშივე მ. ა-მა ჰკითხა, რატომ იყვნენ მისი ოჯახის წევრები დაკავებული. ი. დ-მ არ იცოდა, ვინ იყო მ-ს ოჯახის წევრი, ამიტომ ჰკითხა გვარი, მ-მ უპასუხა – ,,გ-ე გ. .“ მოწმემ მიუგო: ,,მთვრალი რომ არის და პოლიციელებს რომ აგინებს?!“ ამ კონკრეტულ მომენტში, მოწმემ მ. ა-ს სახეზე შეატყო აგრესია, აღელვება. მოწმის განმარტებით, ბრალდებულს აბსურდული მოთხოვნა ჰქონდა: ,,როდის ათავისუფლებ ჩემი ოჯახის წევრს.“ ამას ითხოვდა აგრესიულად. მოწმემ მიიჩნია, რომ იმ მომენტში მ. ა-თან საუბარს აზრი არ ჰქონდა; ამიტომ, აქციის სხვა მონაწილეებისაკენ დაიძრა. ამ დროს მოულოდნელად, პოლიციის ქურთუკზე მოქაჩა მ. ა-მა, უთხრა: – „მე რომ დამაკავეთ’’, – ამ მოქაჩვის დროს, ი. დ-მ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, რადგან ეს დამოკიდებულება არ დაუმსახურებია. მან, გაოცებულმა, შეხედა მ. ა-ს ხელს, აპირებდა მითითებას, რომ ასე არ მოქცეულიყო, მაგრამ შენიშვნა არ დასცალდა, მას ა-მა გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში. იმწამს, იქვე, იდგნენ ბ. ფ-ე და გ. ბ-ა, რომლებმაც დააკავეს მ. ა-ი. აქციის არაერთი მონაწილე მოწმესთან მიდიოდა იმის გასარკვევად, თუ რატომ ჩაიდინა მ. ა-მა ეს ქმედება. იყო ვარაუდიც, თითქოს მოწმემ მ. ა-ს შეურაცხყოფა მიაყენა და სწორედ ეს იყო მ-ს მხრიდან საპასუხო ქმედება. ფაქტი არის ძალიან მარტივი, რაც ასახულია ვიდეორგოლში. მოწმის განმარტებით, მ. ა-მა ერთხელ გაარტყა ხელი ი. დ-ს მარჯვენა სახის არეში. საკმაოდ ძლიერი იყო დარტყმა. თავდასხმის შემდეგ რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, რომ ი. დ-ს ლოყა და ყური გაუწითლდა. მოწმე დაინტერესდა, რა სჭირდა; სამუშაო კაბინეტში ასვლისას ჩაიხედა სარკეში და ნახა, რომ ჰქონდა სიწითლე. ფაქტს შეესწრო სამმართველოს დირექტორი, რომელიც უშუალოდ ი. დ-ან იდგა, ა. ა-ე, გ. ბ-ა, ბ. ფ-ე. მ. ა-ი მოწმეს აქციაზე შემთხვევის დღემდე რამდენიმე დღით ადრე ჰყავდა ნანახი. არასდროს შეუნიშნავს ან ბეიჯით, ან მიკროფონით, ან რაიმე ისეთი ნივთით, რომელიც მიანიშნებდა, რომ მ. ა-ი ჟურნალისტი იყო. მოწმის განმარტებით, ბრალდებულის აგრესია მის მიმართ ტონალობასა და სახის გამომეტყველებით გამოიხატებოდა.
10.6. ი. დ-მ აღნიშნა, რომ მ. ა-ს თავდასხმა უკავშირდებოდა მის სამსახურეობრივ საქმიანობას. დაკავებულთან მიმართებით, ეკითხებოდა, ეუბნებოდა, ,,მე რომ დამაკავეთ.“ მოწმის განმარტებით, ბრალდებულმა იცოდა, რომ ის იყო ხელმძღვანელი პირი. შესაბამისად, გ-ის ქმედებაზე მას სთხოვდა პასუხს. მოწმესთან, როგორც პიროვნებასთან, მ. ა-ს კავშირი არ ჰქონია, რომ მის მიმართ აგრესია ჰქონოდა.
10.7. ი. დ-მ აქციაზე მყოფი, შენიღბული პოლიციელების შესახებ განმარტა, რომ აღნიშნული პირების იდენტიფიცირება შესაძლებელია, რადგან ის, როგორც ხელმძღვანელი, ამ პირებს ყველას კარგად იცნობს და მათთან ერთად ატარებს დიდ დროს. ჰქონდათ შემთხვევები, როდესაც აქციის მონაწილეებს ადგილობრივი თანამშრომლების საცხოვრებელი სახლის მისამართი სცოდნიათ, მათ სადარბაზოებზე შეურაცხმყოფელი სიტყვები წაუწერიათ, მეუღლეები და შვილები კი შეურაცხუყვიათ. ამ ყველაფრის პრევენციის მიზნით, იკეთებდნენ ნიღბებს, რისი უფლებაც ჰქონდათ.
10.8. მოწმის პოზიციით, აღნიშნული ქმედების შემდეგ კანონი აუცილებლად უნდა აღსრულდეს. თუ მ. ა-ი სასამართლოს მისცემს საშუალებას, მის მიმართ ჰუმანური ზომები გამოიყენონ – საპროცესო შეთანხმება, თუ სხვა, –სასამართლოს გადასაწყვეტია და წინააღმდეგი არ იქნება.
11. ამდენად, დაზარალებულის ჩვენებით დგინდება, რომ:
- პოლიციის თანამშრომლები და, მათ შორის, ი. დ-ც, აქციის მონაწილეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ;
- მოწმე ცდილობდა, აქციის მონაწილეებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია, აქციაზე დაკავებული პირების დაკავების საფუძვლის შესახებ;
- ი. დ-ე პირდაპირ მიუთითებს, თუ რა პირობებში დაარტყა ხელი მ. ა-მა; ამასთან, რა სიტყვები უთხრა ქურთუკის მოქაჩვასა და დარტყმამდე;
- მოწმე მიუთითებს, უშუალოდ, სად დაარტყა მ. ა-მა და რა იგრძნო მან დარტყმის შემდეგ; ასევე, რა რეაქცია ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომლებმაც დარტყმის შემდგომ იგი მალევე ნახეს;
- მოწმის განმარტებით, ბრალდებულმა იცოდა, რომ ის იყო ხელმძღვანელი პირი; დაკავებულთან დაკავშირებით ეკითხებოდა, ეუბნებოდა, ,,მე რომ დამაკავეთ;“
- მოწმე არ ადასტურებს რაიმე პირადი სახის მოტივს ან ინტერესს მ. ა-ს მიმართ.
12. ამდენად, დაზარალებული შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს აყალიბებს ზუსტად, ქრონოლოგიურად და უშუალო ფორმით, რაც თავად იხილა და საკუთარ თავზე განიცადა.
13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 18 თებერვლის N... დასკვნის თანახმად, ი. დ-ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (12.01.25 წელს), გარეგნულად სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დასკვნის თანახმად, შესამოწმებლის გადმოცემით: 2025 წლის 12 იანვარს, ღამით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ქალბატონმა სახის არეში დაარტყა გაშლილი ხელი. შესამოწმებელი უჩივის სუსტ ტკივილს მარჯვენა ყურის ნიჟარის არეში.
14. როგორც დაზარალებულ ი. დ-ს ჩვენებით გამოიკვეთა, მან მიუთითა იმ პირებზე, რომლებიც იქვე, მასთან ახლოს, იმყოფებოდნენ შემთხვევის მომენტში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თუ რა მიუთითეს აღნიშნულმა პირებმა უშუალოდ სასამართლოში მოწმედ დაკითხვის დროს, კერძოდ:
15. მოწმე ბ. ფ-ს ჩვენების თანახმად, იგი, 18 წელია, მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო დაკავებულ პოზიციაზე – 2023 წლის იანვრიდან. როგორც მისთვის ცნობილი გახდა, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, რამდენიმე პირი დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით, აქციის მონაწილეების მხრიდან გამოითქვა უკმაყოფილება, აინტერესებდათ დაკავების მიზეზი. აღნიშნული ფაქტის გასარკვევად მოქალაქეებთან გავიდა ი. დ-ე. ასევე – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გ. ბ-ა. მ. ა-მა გააჩერა ი. დ-ე და ჰკითხა, თუ რატომ დააკავეს მისი ოჯახის წევრი, რაზეც ი. დ-მ მიუგო, რომ მან ჩაიდინა ადმინისტრაციული გადაცდომა, ნასვამი აგინებდა პოლიციელებს. ამის შემდეგ მ. ა-მა ი. დ-ს, რომელიც შებრუნებული მიდიოდა სხვა მოქალაქეებისკენ, მოჰკიდა ქურთუკზე ხელი, მოაბრუნა თავისკენ და მარცხენა ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ბ. ფ-მ და მისმა კოლეგამ იგი დააკავეს, შეიყვანეს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მ. ა-ს განემარტა უფლებები. გამომძიებელმა შეავსო დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და აღნიშნულის შემდეგ გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. მოწმე ბ. ფ-ს განმარტებით, უშუალოდ დაკავებისას არ განუმარტავს ბრალდებულისათვის მისი უფლება-მოვალეობები, ვინაიდან იყო ხალხმრავლობა, ხმაური და ფიზიკურად ვერაფერს განუმარტავდა. მხოლოდ შენობაში შეყვანის შემდეგ განუმარტა ბრალდებულს უფლებები.
15.1. ბ. ფ-ე და ი. დ-ე იდგნენ გვერდი-გვერდ, თითქმის ეხებოდნენ ერთმანეთს. მოწმისაგან ხელმარჯვნივ იდგა დაზარალებული, მის წინ კი – მ. ა-ი და ე. თ-ე. ი. დ-ს ეცვა პოლიციის ქურთუკი. მოწმის განმარტებით, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა იმ მომენტში, როდესაც ი. დ-მ მ. ა-ს განუმარტა მისი ოჯახის წევრის დაკავების საფუძველი.
15.2. მოწმემ დაზარალებული ნახა შემთხვევის მომენტიდან, დაახლოებით, 10-15 წუთში, ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე. ის იყო გაკვირვებული, არ იცოდა, თუ რის გამო დაარტყა ხელი. სახეზე, – აღენიშნებოდა სიწითლე. ასევე მარჯვენა ლოყასა და ყურზეც.
15.3. მოწმის განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო ნივთმტკიცების, ვიდეოფირის დათვალიერებაში, რომელზეც ასახულია მ. ა-ს მხრიდან პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი. ვინაიდან, მოწმე იყო დამკავებელი და ფაქტის უშუალოდ შემსწრე, აღწერა, თუ რა მოხდა და მიმართა დირექტორს. გამოძიების დაწყებაზე გადაწყვეტილება მიიღო პროკურატურამ.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ გ. ბ-ს ჩვენების თანახმად, მ. ა-ი მომხდარი შემთხვევის შემდეგ გაიცნო (როდესაც დააკავა). მოწმის განმარტებით, ბრალდებულის მიმართ პირადი ინტერესი არ გააჩნია. მოწმე დაკავებულ თანამდებობაზე 2024 წლის 29 იანვრიდან მუშაობს. შსს-ს ორგანოებში კი 1998 წლიდან. მოწმის განმარტებით, 2025 წლის 11 იანვარს, საღამოს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ჩანიშნული იყო აქცია. მოწმე იქ იმყოფებოდა თანამშრომლებთან ერთად.
16.1. გ. ბ-მ აღნიშნა, რომ მ. ა-ი აპროტესტებდა ორი პიროვნების დაკავებას და ითხოვდა ხელმძღვანელობასთან შეხვედრას. როდესაც პოლიციის დეპარტამენტის ჭიშკართან გამოვიდა პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ი. დ-ე, მას სთხოვდნენ, აეხსნა, თუ რატომ იყვნენ დაკავებული კონკრეტული პირები. ი. დ-მ განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ, იგინებოდნენ და იყვნენ ალკოჰოლით მთვრალი. ამის შემდეგ, ი-მ დააპირა შემობრუნება, გამოსვლა, ხოლო მ. ა-მა მას ქურთუკზე მოჰკიდა მარჯვენა ხელი, შემოატრიალა თავისკენ და ხელი დაარტყა სახის არეში. მ. ა-ი დააკავეს და შეიყვანეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში. დაზარალებულს შემთხვევის დღეს ეცვა პოლიციის ფორმის ქურთუკი. მოწმე თავდასხმისას იდგა ი. დ-ს გვერდით. მასაც ასევე ეცვა სამსახურის ფორმა.
16.2. მოწმის განმარტებით, მ. ა-ი, ფაქტობრივად, დააკავეს მან და ბ. ფ-მ. ოთახში შესვლისთანავე ბ. ფ-მ მ. ა-ს განუმარტა პირადი უფლებები, დაკავების მიზეზი და საფუძველი, ასევე მუხლი, რომ ის დაკავებული იყო სსკ-ის 3531-ე მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, მოწმემ კადრში ამოიცნო საკუთარი თავი და მიუთითა, რომ ის დ-ს უშუალოდ მარჯვნივ იდგა. მომხდარი ფაქტის შემდეგ, გ. ბ-ა, დაზარალებულ ი. დ-ს პოლიციის შენობაში მომხდარი ფაქტიდან, დაახლოებით, 10-15 წუთში შეხვდა. მას სახე ჰქონდა გაწითლებული, რაც შესამჩნევი იყო. ბ-მ მიუთითა დ-ს, რომ წითელი ჰქონდა ლოყა. დ-მ უპასუხა, რომ იცოდა ამის შესახებ.
16.3. მოწმე აქციის მსვლელობისას ნიღბით ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ნიღბის გაკეთება თავისივე გადაწყვეტილება იყო. ი. დ-ს ფიზიკურ შეურაცხყოფამდე, მ. ა-ი ითხოვდა ხელმძღვანელობასთან შეხვედრას. სწორედ ამ მიზნით გამოვიდა ი. დ-ე ხალხთან. მ. ა-ი და მის გვერდით მყოფი ე. თ-ე გამოხატავდნენ უკმაყოფილებას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი ახალგაზრდის შესახებ. ი. დ-ს უყვიროდნენ: „– რატომ დააკავეთ, მონებო?!“
17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა. ა-ს ჩვენების თანახმად, 2025 წლის 11 იანვარს იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა; ამ დროს აქცია დაანონსებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საიდანაც აქციის წევრებმა გადაინაცვლეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსს დააკრა სტიკერი – „იფიცება საქართველო.“ ამის შემდეგ, ეს პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გადაიყვანეს დეპარტამენტში. როდესაც აქციის მონაწილეებმა გაიგეს, რომ დაკავებული იმყოფებოდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, მსვლელობა გააგრძელეს ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით. აქციის მონაწილეები შეძახილებით – „მონებო“, „უკანონოდ დაატყვევეთ“, მოითხოვდნენ დაკავებული პირების გათავისუფლებას. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დღეს, აქციაზე იყვნენ ძმები გ-ები და არაფხიზელ მდგომარეობაში აგინებდნენ პოლიციელებს. ისინი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მ. ა-ი გამოთქვამდა უკმაყოფილებას. ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი, ი. დ-ე გამოვიდა და მათ გაესაუბრა. ამ დროს მოწმე ა. ა-ე გვერდით იდგა. საუბარი თითქოს უკვე დასრულებული იყო, მ. ა-მა ხელით მოქაჩა და გაარტყა სილა ლოყაზე, მარჯვენა მხარეს. ი. დ-ე უხსნიდა, რა მიზეზით იყვნენ ძმები გ-ბი დაკავებულნი, რომ მათი გამოშვება დღეს არ მოხდებოდა, ვინაიდან იყვნენ ნასვამები, იგინებოდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. ეს იყო მ. ა-სა და ი. დ-ს საუბრის შინაარსი. ხელის დარტყმის მომენტში ა. ა-ე იმყოფებოდა მოპირდაპირე მხარეს, საგუშაგოსთან. ის, როგორც მ. ა-ს, ასევე ი. დ-საც კარგად ხედავდა. ი. დ-ს ხელი მარჯვენა ლოყისა და ყურის არეში მოხვდა. ი. დ-ს შემთხვევის ფაქტის დღეს პოლიციის ფორმა ეცვა. ა. ა-ს ეცვა პოლიციის ჟილეტის მსგავსი ფორმა, რომელსაც ეწერა – ,,პოლიცია“. ი. დ-ე ა. ა-სთან ერთად გამოვიდა. სახეზე შეწითლება აღენიშნებოდა. ი. დ-ან ა. ა-ს პირადი კომუნიკაცია ჰქონდა ფაქტიდან 10-15 წუთის შემდეგ, ეზოში. ა. ა-ან ერთად იყო ბ. ფ-ე, რომელიც კადრებშიც ჩანს. იქ ასევე იყვნენ – ც. ქ-ი, გ. ბ-ა, ი. დ-ე. ა. ა-ს სახე დაფარული არ ჰქონია. ის 2 მეტრში იდგა შემთხვევის ადგილიდან.
18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ გ. ბ-ს ჩვენების თანახმად, მ. ა-ს იცნობს და მის მიმართ პირადი ინტერესი არ გააჩნია. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დღეს, ის გახლდათ შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. 11 იანვარს, აქციის წევრებმა განსაკუთრებული აგრესიით გადაინაცვლეს პოლიციის შენობასთან. უკვე 12 იანვარი იქნებოდა, მოწმემ დაინახა, რომ ი. დ-ე გავიდა თავის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად. მ. ა-მა ი. დ-ს ჰკითხა, თუ რასთან დაკავშირებით იყვნენ ძმები გ-ები დაკავებული, ი. დ-მ განუმარტა დაკავების საფუძვლის შესახებ და უკვე წამოსვლას აპირებდა. ამ დროს მოწმე გ. ბ-ა შემთხვევის ადგილიდან მაქსიმუმ 2 მეტრში იდგა, მან საუბარიც გაიგო და აღიქვამდა ყველაფერს. მ. ა-ი აგრესიული იყო. კომუნიკაციის დასრულების შემდგომ, მოტრიალებულ ი. დ-ს მ. ა-მა პოლიციის ფორმაზე მოქაჩა და ხელი დაარტყა სახის არეში. შემდეგ მ. ა-ი დააკავეს.
18.1. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დღეს ი. დ-ს ეცვა პოლიციის ფორმა. მოწმე გ. ბ-ს გვერდით იდგნენ: ა. ა-ე, ბ. ფ-ე, გ. ბ-ა და ი. დ-ე. სხვა ადამიანები მას არ ახსოვს.
19. ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებებში საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება ერთამანეთს და ისინი პირდაპირი ფორმით და უშუალოდ მიუთითებენ მ. ა-ს მიერ ი. დ-ის როგორც დარტყმის, ისე – ამ ქმედებამდე განვითარებულ მოვლენებსა და ფაქტს, რომ დ-ს ადგილზე ეცვა პოლიციის ქურთუკი.
20. მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, აღსანიშნავია, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი, რომლითაც იკვეთება, რომ ი. დ-ე აქციის მონაწილეებსა და, მათ შორის, მ. ა-აც ესაუბრება პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებული მოქალაქის შესახებ. კადრში ისმის ხმა ი. დ-სა, რომელიც ამბობს: „რო აგინა პოლიციელებს“. ამ დროს ი. დ-ე უშუალოდ მ. ა-ს ესაუბრება, კერძოდ, იგი მ. ა-ს დაკავებული პირის შესახებ ეუბნება: – „გ. გ-ე, მთვრალი, რო აგინა პოლიციელებს“. აღნიშნული სიტყვების შემდეგ, ი. დ-ე შემობრუნდა კამერისაკენ და აპირებდა გვერდზე გასვლას, რა დროსაც მ. ა-ი მარცხენა ხელით ჩაეჭიდა მას ქურთუკის მარცხენა მხარეს, მკვეთრად დაქაჩა თავისკენ, შემდეგ შეცვალა ხელი და უთხრა: „ – მე რო დამაკავეთ, მისმინე აგერ“ და მარცხენა ხელი, გაშლილი, დაარტყა ი. დ-ს მარჯვენა ლოყისა და ყურის მიდამოში. აღნიშნული ქმედების შემდეგ, ი. დ-მ მას შეხედა გაკვირვებულმა, გაუნძრევლად, მხოლოდ მიაპყრო მზერა მ. ა-ს ხელს, რომელიც მას ქურთუკში ჰქონდა ჩაჭიდებული. შემდეგ, იქ მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა მ. ა-ი შეიყვანეს შსს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის ეზოში.
21. როგორც უკვე აღინიშნა, ვიდეოჩანაწერში ასახული გარემოებები დადასტურებულია, როგორც თავად დაზარალებულ ი. დ-ს, ასევე – ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით, რომელთა მიხედვითაც, გარდა მ. ა-ის მიერ დანაშაულის ჩადენისა, ასევე დასტურდება ის გარემოებაც, რომ მის მიერ ი. დ-ის სახის არეში ხელის გარტყმამდე, მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის არ ყოფილა დაპირისპირება.
22. რაც შეეხება თავად მ. ა-ს პოზიციას, მან მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნა, რომ ეს არ იყო დაგეგმილი და გააზრებული ქცევა. ეს იყო იმპულსური რეაქცია შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ, უპასუხისმგებლო და ყეყეჩ კომუნიკაციაზე. ის არ იცნობდა არც ბ-სა და არც დ-ს. სილის გაწვნის მომენტში, მან ვერ აღიქვა, რომ ის დ-ე იყო. მ. ა-ის განმარტებით, მან იცოდა, რომ ი. დ-ე არ იყო აქციის მონაწილე; იყო თუ არა პასუხისმგებელი პირი, არ იცოდა, რადგან გარემოს ვერ აღიქვამდა სერიოზულად. მისთვის პოლიციელი არის პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანი, თუმცა ქცევით, მისთვის იგი არ აღიქმებოდა პოლიციელად. პირს, რომელსაც მასთან ჰქონდა აგდებული, დამცინავი, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი კომუნიკაცია, მას პოლიციელად ვერ აღიქვამდა. შემთხვევის ამსახველ ვიდეოში, რომელშიც ის ამბობს სიტყვებს – ,,მე, რომ დამაკავეთ“ – აქ მას სურდა ეთქვა, რომ გ. გ-ე აქციაზე მივიდა, მას შემდეგ, რაც ის დააკავეს, ამიტომ სიცრუე იყო, რომ ის იყო ნასვამი და აგინებდა პოლიციას; მაგრამ, მან შეწყვიტა საუბარი, რადგან, მიხვდა, რომ მის წინ არ იდგა ის ადამიანი, ვისთანაც უნდა ესაუბრა.
23. ამდენად, ი. დ-ის სახის არეში ხელის დარტყმის ფაქტს არ გამორიცხავს თავად მ. ა-ი.
24. მოწმე ე. თ-ს ჩვენების თანახმად, დ-ე მაშინ, როცა მ. დააკავეს სილის გაწვნის გამო, ამ დროს ღრიალითა და გინებით მიჰყვებოდა მ-ს პოლიციის ეზოში. მოწმის განმარტებით, ი. დ-ე და მ. ა-ი ერთმანეთს არ იცნობდნენ.
25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებათა ანალიზი (რომლებიც წარმოდგენილია საქმეში და მიმოხილულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს განაჩენებში) უტყუარად ადასტურებს მ. ა-ს მიერ დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის) ჩადენის ფაქტს, რაც გამორიცხავს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის სამართლებრივ შესაძლებლობას.
26. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ განაჩენი ეფუძნება მხოლოდ პოლიციელი მოწმეების ჩვენებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა, პირველყოვლისა, აღნიშნავს, რომ თავისთავად, ცალკე აღებული პოლიციელის სტატუსი, იმთავითვე არ აქცევს ამ მტკიცებულებას საეჭვოდ და არასანდოდ. მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ყველა შემთხვევაში, ადეკვატურად უნდა შეფასდეს და შემოწმდეს, როგორც მისი თანმიმდევრულობა, ისე – შესაბამისობა ყველა სხვა წარმოდგენილ მტკიცებულებებთან.
27. საკასაციო პალატა თვითმხილველი მოწმე პოლიციელების ჩვენებების შეფასებისას ითვალისწინებს:
27.1. „მიუხედავად იმისა, რომ „პოლიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და არ არსებობს რაიმე a priori საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებას იმაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე, მაგალითად, სხვა პირებისას. თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს. მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-102). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ №408აპ-25 გადაწყვეტილებაში აღნიშნა: ,,მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც აღნიშნული მოწმეების სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა და გამოკვეთდა მათი მხრიდან მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის ცრუდ დასმენის/მხილების ან/და ისეთი სახის დაინტერესებას, რაც საეჭვოს გახდიდა მათი ჩვენებების სანდოობას; დაცვის მხარეს ჰქონდა სადავო მოწმეების დაკითხვის შესაძლებლობაც.“
28. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარეს მ. ა-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციის მოთხოვნის ნაწილში და სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების თაობაზე (საკასაციო პალატა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებით მიუთითებს, რომ მხარეებს, ქმედების გადაკვალიფიცირებასთან მიმართებით, საკუთარი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა მიეცათ, როგორც სააპელაციო, ისე – საკასაციო სასამართლოში).
29. საკასაციო სასამართლო მ. ა-ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური და სუბიექტური ნიშნების არსებობის დამადასტურებლად, დამატებით აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებსა და ადგილზე შექმნილ ვითარებას.
30. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისათვის. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიული ქმედებით – პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობით (საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით); აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისათვის მისი იძულებით, ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირ განზრახვას გულისხმობს; ხოლო დანაშაულის მიზანია, ხელი შეუშალოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ან პოლიციის მუშაკს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელს შეაწყვეტინოს თავისი საქმიანობა ამ მიმართებით, ან შეაცვლევინოს ეს საქმიანობა.
31. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით იკვეთება, ბათუმში, 2025 წლის 11 იანვარს, იმართებოდა საპროტესტო აქცია. მსვლელობა თავდაპირველად დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოსთან, შემდეგ გადაინაცვლა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან, სადაც ვითარება დაიძაბა აქციის რამდენიმე მონაწილის ადმინისტრაციული წესით დაკავების გამო. მონაწილეთა მხრიდან პოლიციელების მისამართით ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები, იყო შეხლა-შემოხლაც. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, რომელთა მიზანს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა წარმოადგენდა. პოლიციის თანამშრომლები და მათ შორის, ი. დ-ე, აქციის მონაწილეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ; ასევე აქციის მონაწილეებს აწვდიდნენ ინფორმაციას აქციაზე დაკავებული პირების დაკავების საფუძვლის შესახებ. ადგილზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა პოლიციელი თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პოლიციის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები რეალურად და ობიექტურად აღიქვამდნენ, რომ პერიმეტრზე შეკრებილი პოლიციის თანამშრომლები, რომელთა გამორჩევა ცალსახად იყო შესაძლებელი მათი უნიფორმის, განლაგებისა, მოწოდების, დაკავებულთა საფუძვლის ახსნის გამო, მოქმედებდნენ სამსახურებრივი სტატუსის ფარგლებში. გარდა ამისა, შემთხვევის დღეს პოლიციის თანამშრომლების მობილიზების ძირითადი მიზანი იყო წესრიგის დაცვა. ამდენად, მათი მოქმედება იყო კანონშესაბამისი და ემსახურებოდა ადამიანის უფლებების დაცვას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ აქციის მონაწილეები თავად მივიდნენ პოლიციის შენობასთან, მოახდინეს შენობის შესასვლელის ბლოკირება, რისი საპასუხო რეაქციაც იყო პოლიციის მუშაკების განლაგება, რამაც თავისთავად წარმოშვა მოქალაქეთა მხრიდან წესრიგის დაცვის ვალდებულება. ცალსახაა, რომ ასეთ ვითარებაში, ყველა მოქალაქემ იცის, რომ პოლიციის მოწოდება შესასრულებლად სავალდებულოა და ისიც, რომ ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის დადგება საპასუხო ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. როგორც აღინიშნა, თითქმის ყველა პოლიციელს ეცვა შესაბამისი ფორმა (ქურთუკი, მაისური, ან ეხურა ქუდი), მათ შორის, ი. დ-ს ეცვა ქურთუკი მარჯვენა მკლავზე წარწერით – ,,POLICE.“ საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნულ ვითარებაში, მ. ა-ს გააზრებული ჰქონდა, რომ ი. დ-ე იყო პოლიციის თანამშრომელი. ამასთან, წარმოდგენილი საქმის მასალებით არ იკვეთება მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის პირადი დაპირისპირების არსებობის ობიექტური ნიშნები.
32. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდასთან მიმართებით და მოცემულ კონტექსტში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებების შინაარსს, – საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, დამთავრებულად ითვლება ქმედების ჩადენისთანავე. მაშასადამე, ამ მუხლის შემადგენლობისათვის არ არის საჭირო ხელყოფილი იყოს დაზარალებულის ჯანმრთელობა.
33. ამდენად, საბოლოოდ, სასამართლომ მ. ამ-ს ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში გაითვალისწინა შემდეგი გარემოებების ერთობლიობა:
- დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის წარსულში არ ყოფილა დაპირისპირება და რაიმე სახის პირადი ინტერესი;
- ი. დ-ს ეცვა სამსახურებრივი ფორმა და იგი, სხვა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა;
- ი. დ-ე ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს უხსნიდა მიმდინარე საპროტესტო შეკრების დროს დაკავებული პირების დაკავების საფუძველს;
- აღნიშნული სამსახურებრივი საქმიანობით გაღიზიანებულმა მ. ა-მა შებრუნებულ ი. დ-ს მოქაჩა ქურთუკზე, მისკენ მიატრიალა და სახეში დაარტყა ხელი.
34. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ა-ს ქმედება მიმართული იყო პოლიციის თანამშრომლის მიმართ, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ქმედება გამოხატავდა დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის ერთ-ერთ ფორმას.
35. დაცვის მხარის ინიციატივით დაკითხული მოწმეების ჩვენებებსა და სხვა, წარმოდგენილ, მათ შორის, წერილობითი სახის მტკიცებულებებთან დაკავშირებით, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არცერთი მათგანი პირდაპირ და უშუალოდ არ მიუთითებს ფაქტზე, რომელიც მ. ა-ს უდანაშაულობას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დაადასტურებდა. ამ შემთხვევაში, წარმოდგენილი მოწმეები ფაქტობრივად გადმოსცემენ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს, ახასიათებენ მ. ა-ს პიროვნებას.
36. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). ის არგუმენტები, რომლებიც დაცვის მხარემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა, არ ქმნის მათი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველს, ისევე როგორც ბრალდების მხარის არგუმენტები, რომლებიც როგორც აღინიშნა, სამართლებრივად დაუსაბუთებლად შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას; აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა პრეტენზიები მ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
37. რაც შეეხება მ. ა-ის დანიშნულ სასჯელს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას, ვადით – ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა – თავისუფლების აღკვეთას, ვადით – ორიდან ხუთ წლამდე.
38. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზეც, რომელთა მიხედვითაც: „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7); ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II-13).
39. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ სასჯელის სახისა და ზომის შერჩევისას, გაითვალისწინა სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, კერძოდ:
39.1. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და საშიშროება, – რომ, მოცემულ შემთხვევაში, ჩადენილია მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომლის უშუალო დაცვის ობიექტია, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლის საქმიანობა, ასევე – მისი პირადი უსაფრთხოება;
39.2. ამასთან, დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია საჯარო სივრცეში, ხალხმრავალ ადგილას, რასაც მ. ა-ის ხელი არ შეუშლია.
39.3. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ სამართლიან და პროპორციულ საშუალებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მისაღწევად, წარმოადგენს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით და არა სხვა, ალტერნატიული სანქცია; განსახილველ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთას გააჩნია პრევენციული ხასიათი, მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად.
39.4. ამასთან, სასჯელის კონკრეტული ზომის შერჩევის დროს საქმეში გამოკვეთილმა გარემოებებმა განაპირობეს თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა მისი მინიმალური ოდენობით, კერძოდ, ფაქტებმა, რომ: მ. ა-ი არ არის ნასამართლევი, იგი არის ჟურნალისტი (შპს ,,გაზეთ ბ-ის“ დამფუძნებელი და დირექტორი), ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებული აქვს არაერთი, მათ შორის, საერთაშორისო ჯილდო; გასათვალისწინებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც (თვალთან დაკავშირებული დაავადება) და ფაქტი, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
40. საკასაციო სასამართლო სასჯელის ნაწილში აგრეთვე იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას და ამავდროულად, არ ეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტებს სანქციის განსაზღვრის დროს, სასამართლოს მხრიდან მ. ა-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუთვალისწინებლობის თაობაზე.
41. მ. ა-ის ფიზიკურ დაზიანებებთან მიმართებით, დაცვის მხარის საპასუხოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავად მ. ა-ს არ მიუთითებია, რომ დაზიანებები მიიღო სამართალდამცველებისაგან მისი დაკავებისას ან – მას შემდგომ.
41.1. 2025 წლის 12 იანვრის ოქმით (ესე იგი, მ. ა-ს დაკავების დღეს), სამედიცინო შემოწმების უფლების განმარტების შესახებ, დგინდება, რომ შსს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის, საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლის, თ. კ-ის მიერ, სისხლის სამართლის N.... საქმეზე, ბრალდებულ მ. ა-ს განემარტა, რომ მას, როგორც ბრალდებულს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე და 174-ე მუხლების თანახმად, უფლება აქვს, გაიაროს უფასო სამედიცინო შემოწმება და აღნიშნულთან დაკავშირებით, გააცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მისი უფლებები, რის შემდეგ, ბრალდებულმა მ. ა-მა განაცხადა, რომ არ აქვს სურვილი გაიაროს სამედიცინო შემოწმება და სამედიცინო შემოწმებაზე უარი განაცხადა. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერენ: თავად მ. ა-ი და აგრეთვე გამომძიებელი, თ. კ-ე. ოქმს თან არ ახლავს რაიმე სახის შენიშვნა.
41.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, 2025 წლის 18 თებერვლის N... დასკვნის თანახმად, მ. ა-ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (12.01.25 წელს), მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
41.3. სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის – გ. ჩ-ს, ჩვენების თანახმად, 2025 წლის 12 იანვარს, ექსპერტის წინაშე წარადგინეს მ. ა-ი, რომლის სხეულიც დათვალიერდა ვიზუალურად. შესამოწმებელი პირის, მ. ა-ს გადმოცემით, 2025 წლის 12 იანვარს, ღამით, შეხლა-შემოხლის დროს წააქციეს; ასევე უცნობმა პირმა მხრის არეში მოუჭირა ხელი. ზუსტად არ ახსოვს, ვინ იყო ეს პიროვნება. აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებას ესწრებოდა ადვოკატი – პ. დ-ე, ასევე შსს-ის თანამშრომელი – რ. ჯ-ი.
41.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ. დ-ს ჩვენების თანახმად, ბრალდებული მ. ა-ი 12 იანვარს მოთავსდა დროებითი მოთავსების იზოლატორში. შესახლების შემდგომ მას დაენიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, პროკურორის დადგენილებით, გამოიყვანეს იზოლატორიდან და წარედგინა შესაბამის დაწესებულებას. მოწმის განმარტებით, 12 იანვარს შესახლებიდან იზოლატორმა დააფიქსირა მ. ა-ს მდგომარეობა.
41.5. მოწმე მ. დ-ს განმარტებით, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შესახლებისას, მ. ა-ს აღმოაჩნდა დაზიანებები, თუმცა, ამის შესახებ მას პრეტენზია არავის მიმართ გამოუთქვამს, აღნიშნა, რომ პოლიციელებთან ურთიერთობისას არ მიუღია ეს დაზიანებები.
41.6. მ. ა-ს დაკავების შემდეგ, მის მიმართ უკანონოდ მოპყრობის ფაქტი საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება.
42. საქმის მასალებით არ იკვეთება აგრეთვე ფაქტი, რომ მ. ა-ი დაკავების შემდგომ ითხოვდა ადვოკატებთან შეხვედრას/კონსულტაციას, ან რომ მას ხელი არ მიუწვდებოდა ადვოკატზე. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი საქმის მასალების გაანალიზებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენის შემდეგ (2025 წლის 12 იანვარს), სხვა საპროცესო დოკუმენტები ადვოკატის მონაწილეობით არის შედგენილი (მათ შორის არის ერთ-ერთი – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც (დაიწყო: 12.01.2025, 15:24 საათზე), მ. ა-ს სამედიცინო ექსპერტიზას ესწრებოდა მისი ადვოკატი).
43. მოწმე ბ. ფ-მ აღნიშნა, რომ დაკავების, ასევე უფლებების განმარტების შემდეგ, ბრალდებულს არ გამოუთქვამს სურვილი, რომ დასწრებოდა ადვოკატი. მსგავსი რამ მას არ მოუთხოვია. ამასთან, მ. ა-ს ქმედება არ ითვალისწინებდა სავალდებულო დაცვას, მას თავისი ნება-სურვილით შეეძლო ადვოკატის აყვანა.
44. მოწმე თ. კ-ს ჩვენების თანახმად, მ. ა-ი ფაქტობრივად დააკავეს ბ. ფ-მ და გ. ბ-მ. მან კი დაკავების შემდეგ რამდენიმე ხანში უშუალოდ შეადგინა ოქმი, რომელშიც შეიყვანა ბრალდებულის მონაცემები, ასევე ის გარემოებები, რომლებიც ოქმშია მითითებული. შედგენისას თ. კ-სა და ფაქტობრივი დამკავებლების გარდა, მონაწილეობას იღებდა მართლწესრიგის ოფიცერი – ც. ჩ-ე. ვინაიდან, ჩადენილი დანაშაული არ ითვალისწინებდა სავალდებულო დაცვას, თ. კ-ს ძალისხმევა არ გამოუხატავს მისი მხრიდან ადვოკატის მოსაყვანად. ადვოკატის მოსვლის თაობაზე გამომძიებელს ხელმძღვანელმა აცნობა. მოწმის განმარტებით, ალბათ, ბრალდებულიც დაეთანხმება, რომ მას შემდეგ, რაც აცნობეს ადვოკატის ადგილზე მისვლის თაობაზე, დაუყოვნებლივ მიიღეს ზომები მის ასაყვანად. მ. ა-ს უფლებათა განმარტების შემდგომ არ მოუთხოვია ადვოკატის ყოლა, ხოლო როგორც კი შევიდა მოთხოვნა, იმწამსვე დაუშვეს ადვოკატებზე შენობაში შესვლის საშვი.
45. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ დაცვის მხარის არგუმენტების ძირითად ნაწილს სააპელაციო სასამართლომ ამომწურავი პასუხები გასცა. საკასაციო სასამართლოს აგრეთვე სამართლებრივად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული საოქმო განჩინებები და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად კანონშესაბამისია.
46. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); სხვა საქმეში ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე მიუთითა: ,,იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა, ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად“ (Tortladze v. Georgia, ,,თორთლაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ N42371/08, 18/03/2021, §77).
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. მ-ს, რ. ხ-სა და ჯ. ქ-ის და ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის – თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე