დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802226012278666
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№4I-26 ქ. თბილისი
ა-ნი რ, 4I-26 2 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ. ა-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
1.1. 2025 წლის 29 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. ა-ნი.
1.2. 2025 წლის პირველ ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით რ. ა-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
1.3. 2025 წლის 6 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო რ. ა-ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
1.4. 2025 წლის 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით რ. ა-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2026 წლის 29 მარტამდე.
1.5. ამჟამად რ. ა-ნი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
2. თურქეთის რესპუბლიკაში რ. ა-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2.1. 2025 წლის 21 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის მე-6 აღმასრულებელი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რ. ა-ის თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,a” და ,,b” ქვეპუნქტებით (შეიარაღებული ძარცვა, ჩადენილი გზის გადაკეტვით) და იმავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,b” ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ძალადობით, მოტყუებით ან მუქარით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის 2018 წლის 3 ივლისს და 2024 წლის 23 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და რ. ა-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. 2025 წლის 10 ოქტომბერს ბაქირქოის მთავარმა პროკურატურამ გასცა რ. ა-ის დაკავების ბრძანება.
2.3. 2025 წლის 17 იანვრიდან რ. ა-ნი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
3. ფაქტები:
3.1. 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2016 წლის 20 დეკემბერს, ყოფილი თანამშრომლის სამსახურიდან წასვლისა და სხვა ადგილას დასაქმების ფაქტით განაწყენებულმა რ. ა-მა ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე, რის შემდგომაც ცივი იარაღის მუქარით, თანამზრახველებთან ერთად, დაზარალებულს ხელი მოაწერინა 5000 თურქული ლირის ოდენობის თამასუქზე.
3.2. 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2023 წლის 12 აპრილს რ. ა-მა დაზარალებულს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და იძალადა მასზე, რის შემდგომაც დაზარალებული დატოვა კონკრეტულ ადგილას.
4. 2026 წლის 9 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი რ. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 11 თებერვლის განჩინებით:
5.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,a” და ,,b” ქვეპუნქტებით (შეიარაღებული ძარცვა, ჩადენილი გზის გადაკეტვით) და იმავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე 3 ნაწილის ,,b” ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ძალადობით, მოტყუებით ან მუქარით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის 2018 წლის 3 ივლისსა და 2024 წლის 23 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენებით დანიშნული სასჯელების შეკრების თაობაზე 2025 წლის 21 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის მე-6 აღმასრულებელი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 11 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ექსტრადიციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
6.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, რ. ა-ის თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვა დასრულებული არ არის. ამასთან, არსებობს მომეტებული რისკი, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანური მოპყრობასა და მის მიმართ დაცული არ იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლება.
7. ადვოკატის საკასაციო საჩივარზე 2026 წლის 1 მარტს საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა რ. ა-ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 11 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვება.
7.1. პოზიციაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ რ. ა-ნი თურქეთის რესპუბლიკაში დაექვემდებარა რაიმე ნიშნით დევნას ან რომ მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, რ. ა-ნი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ანდა დევნის რისკი. რ. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. 2025 წლის 29 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. ა-ნი. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე - საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა რ. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:
5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რათა დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება:
1) მოცემული დანაშაული, როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შეეხება რამდენიმე დანაშაულს, რომლებიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით და რომელთაგან ზოგიერთი ვერ აკმაყოფილებს სასჯელის ზომის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას.
5.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის მე-18-მე-19 პუნქტებში აღწერილი ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით, რომლებითაც პირი მსჯავრდებულია; ამასთან, დაკმაყოფილებულია მინიმალური სასჯელის წესი.
5.3. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის მე-18-მე-19 პუნქტებში აღწერილი ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.4. ამრიგად, მოცემული შუამდგომლობის მე-18-მე-19 პუნქტებში აღწერილი ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:
6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ რ. ა-ნი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პიროვნება არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:
7.1. წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადჰყოფს, რომ რ. ა-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა/უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც გამოკვეთდა იმ გარემოებას, რომ თურქეთის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, იარსებებს ასეთი დარღვევის საფრთხე.
7.2. წარმოდგენილი მასალების თანახმად, რ. ა-ნი ესწრებოდა საქმეთა არსებით განხილვას, სასამართლოებს მისცა ჩვენებები მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების თანდასწრებით და უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებებით. ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მოუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა.
7.3. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
8. ხანდაზმულობის ვადა:
8.1. შუამდგომლობაში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდების დროს და 10 წელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდების დროს.
8.2. მძიმე კატეგორიის დანაშაულთან მიმართებით განაჩენი გამოტანილ იქნა 2018 წელს, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის - 2024 წელს. აღნიშნულიც ცხადყოფს, რომ წინამდებარე შემთხვევაში განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული.
8.3. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით.
8.4. ამდენად, რ. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მოთხოვნებს.
9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:
9.1. სტატუსი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ რ. ა-ნი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პიროვნება არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დასრულებულია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რ. ა-ის საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განხილულ იქნა დაჩქარებული წესით. 2025 წლის 15 დეკემბერს რ. ა-ს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ისე დამატებითი დაცვის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება N8 პენიტენციურ დაწესებულებას ჩაბარდა 2025 წლის 26 დეკემბერს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“ ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ 56-ე მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: „არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში.“
თავის მხრივ, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.
9.2. ამნისტია:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“
ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი კუმულაციურად მოითხოვს ორი წინაპირობის (საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ამნისტირება და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება) არსებობას, რაც განსახილველ საქმეში არ არის დაცული, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
9.3. შეწყალება:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“
წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.
10. პრინციპი ,,Non bis in idem“:
10.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
10.2. რ. ა-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.
11. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:
11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი.
11.2. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“
11.3. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
11.4. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).
11.5. განსახილველი საქმის საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, საფუძვლიანად მიუთითებდეს, რომ რ. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება. ადვოკატი მოცემულ პოზიციას აყალიბებს მხოლოდ ზოგადი სახის ფორმულირებით და მას აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე, უტყუარი სახის მასალა სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
11.6. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურამ რ. ა-ის შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com). რ. ა-ის უფლებების დარღვევის ანდა დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში.
12. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:
12.1. რაც შეეხება განსახილველი ექსტრადიციის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევებში გახდეს.
12.2. ამასთან, საგამონაკლისო გარემოებამ ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს (იხ. საქმე: „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (“King v. The United Kingdom”), N9742/07, 26/01/2010, §29). ამ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ იმ დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათის, სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროებისა და დამდგარი ზიანის გათვალისწინებით, რომლებისთვისაც მოითხოვება რ. ა-ის ექსტრადიცია, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზანი იმთავითვე გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩაურევლობის ინტერესს, ასეთი ჩარევა რომც ხორციელდებოდეს.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 11 თებერვლის განჩინება კანონიერია, რის გამოც, მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 11 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ნ. სანდოძე