საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100124008891114
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №814აპ-25 თბილისი ყ-ი ლ, 814აპ-25 4 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გაგნიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ლ. ყ-ს ბრალად დაედო:
1.1. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორ ეპიზოდად), რაც გამოიხატა შემდეგი გარემოებებით:
1.1.1.ლ. ყ-ი მეუღლესთან – ნ. ღ-ან – თანაცხოვრების პერიოდში, ვინაიდან უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მასზე, 2022 წლის ივნისის დასაწყისიდან ივლისის პირველ რიცხვებამდე, თ-ში, კ-ის ქუჩის №...-ში, ბინა №..-ში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად, კვირაში ერთხელ, არასრულწლოვანი შვილების – დ. ყ-ისა და ი. ყ-ის თანდასწრებით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ნ. ღ-ს. სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის შედეგად, ნ. ღ-მა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.
1.1.2. 2023 წლის ოქტომბრის ბოლოდან 2024 წლის 25 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, თ-ში, კ-ის ქუჩის №..-ში, ბინა №..-ში, ლ. ყ-ი, ვინაიდან უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მეუღლეზე, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების – დ. ყ-ისა და ი. ყ-ის თანდასწრებით, სისტემატურად, ორ კვირაში ერთხელ, სიტყვიერად შეურაცხყოფდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ნ. ღ-ს. სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის შედეგად, ნ. ღ-მა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.
2. მანვე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგი გარემოებებით:
2022 წლის ივლისის პირველ რიცხვებში, თ-ში, კ-ის ქუჩის №..-ში, ბინა №..-ში, ლ. ყ-მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მეუღლეზე, არასრულწლოვანი შვილის – ი. ყ-ის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა ნ. ღ-ზე; კერძოდ, ლ. ყ-მა ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში, რის შედეგადაც, ნ. ღ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. მანვე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის ივლისის პირველ რიცხვებში, თ-ში, კ-ის ქუჩის №.., ბინა №..-ში, ლ. ყ-ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მეუღლეზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ღ-ს. ნ. ღ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
4. მანვე, გენდერისა და რელიგიის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის 25 თებერვალს, დილით, თ-ში, კ-ის ქუჩის №..-ში, ბინა №..-ში, ლ. ყ-მა გენდერისა და რელიგიის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მესაკუთრული დამოკიდებულება გააჩნდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, ნ. ღ-ის მიმართ და მიაჩნდა, რომ როგორც მამაკაცს, უნდა გაეკონტროლებინა იგი და ნ. ღ-ს არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო განსხვავებული რელიგიის მიმდევარი, ფიზიკურად იძალადა მასზე, თავისი არასრულწლოვანი შვილის – ი. ყ-ის – თანდასწრებით; კერძოდ, ლ. ყ-მა ორივე ხელი მოუჭირა ყელზე, რის შედეგადაც, ნ. ღ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5. მანვე, გენდერისა და რელიგიის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის 25 თებერვალს, დილით, თ-ში, კ-ის ქუჩის №..-ში, ბინა №..-ში, ლ. ყ-ი, გენდერისა და რელიგიის ნიშნებით, შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მესაკუთრული დამოკიდებულება გააჩნდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, ნ. ღ-ის მიმართ და მიაჩნდა, რომ როგორც მამაკაცს, უნდა გაეკონტროლებინა იგი, ნ. ღ-ს კი არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო განსხვავებული რელიგიის მიმდევარი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, რის შედეგადაც, ნ. ღ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
6. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ნოემბრის განაჩენით:
ლ. ყ-ი, დაბადებული ... წლის ... აგვისტოს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივნისის დასაწყისიდან ივლისის პირველ რიცხვებამდე ფსიქოლოგიური ტანჯვის ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებაში;
ლ. ყ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ოქტომბრის ბოლოდან 2024 წლის 25 თებერვლის ჩათვლით ფსიქოლოგიური ტანჯვის ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებაში;
ლ. ყ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივლისის პირველი რიცხვების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
ლ. ყ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ლ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივლისის პირველი რიცხვების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 300 საათით;
ლ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 300 საათით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ყ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 300 საათით, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 2024 წლის 25 თებერვლიდან – 2024 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით (პატიმრობის ერთი დღის, რომელიც უდრის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთ საათს), საბოლოოდ, ლ. ყ-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.
ლ. ყ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენით, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გაგნიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. სასამართლომ დაადგინა, რომ:
8.1. ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა: ლ. ყ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ – ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერისა და რელიგიის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
8.2. ლ. ყ-ს, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებიდან, 2024 წლის 25 თებერვლისა და 2022 წლის ივლისის პირველი რიცხვების ძალადობის ეპიზოდიდან, ამოერიცხა რელიგიისა და გენდერის ნიშანი.
8.3. ლ. ყ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის ივლისის პირველ რიცხვებში, თ-ში, კ-ის ქუჩის №..-ში, ბინა №..-ში, ლ. ყ-მა, არასრულწლოვანი შვილის – ი. ყ-ის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – ნ. ღ-ზე; კერძოდ, ლ. ყ-მა ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში, რის შედეგადაც ნ. ღ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2024 წლის 25 თებერვალს, დილით, თ-ში, კ-ის ქუჩის №..-ში, ბინა №...-ში, ლ. ყ-მა, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე ნ. ღ-ზე, თავისი არასრულწლოვანი შვილის – ი. ყ-ის თანდასწრებით; კერძოდ, ლ. ყ-მა ორივე ხელი მოუჭირა ყელში, რის შედეგადაც ნ. ღ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
9. კასატორი – პროკურორი გიორგი გაგნიძე – ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას, ლ. ყ-ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილ მუხლებში სრული ფორმით და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, საპატიმრო დაწესებულებაში მოხდით; საკასაციო საჩივრის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, ნ. ღ-ის მდგომარეობა არ შეფასდა ფსიქოლოგიურ ტანჯვად, აღსანიშნავია, რომ ამავე დასკვნის მიხედვით, დაზარალებულის მდგომარეობა შეფასდა, როგორც გამოხატული ემოციური, ფსიქოლოგიური დაძაბულობა, დისკომფორტი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებითა და თავად დაზარალებულის, ასევე არასრულწოვან ი. ყ-ის მოწოდებული ინფორმაციით, ნ. ღ-ის მდგომარეობა უნდა შეფასდეს ფსიქოლოგიურ ტანჯვად. კასატორი აგრეთვე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელს და დაზარალებულის პოზიციის, დანაშაულთა ერთობლიობისა და დაზარალებულთა სიმრავლიდან გამომდინარე, ითხოვს მის გამკაცრებას.
10. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
11. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
12. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ ბრალდების მხარე, რომელიც ითხოვს ლ. ყ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ბრალდების შესახებ დადგენილებით წარდგენილ მუხლთა შესაბამისად.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლო განსახილველ საქმეში შეაფასებს ლ. ყ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლიანობას – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივნისის დასაწყისიდან ივლისის პირველ რიცხვებამდე ფსიქოლოგიური ტანჯვის ეპიზოდის), სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ოქტომბრის ბოლოდან 2024 წლის 25 თებერვლის ჩათვლით ფსიქოლოგიური ტანჯვის ეპიზოდის), სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივლისის პირველი რიცხვების ეპიზოდის), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 25 თებერვლის ეპიზოდის) ნაწილებში; აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით წარდგენილი ბრალდებებიდან, 2024 წლის 25 თებერვლისა და 2022 წლის ივლისის პირველი რიცხვების ძალადობის ეპიზოდებიდან (ესე იგი, რომელ მუხლებშიც ლ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ), რელიგიისა და გენდერის ნიშნის ამორიცხვას.
14. როგორც ბრალდების შესახებ დადგენილებით ირკვევა, ბრალდების მხარე ლ. ყ-ს ედავება 2022 წლის ივლისსა და 2024 წლის 25 თებერვალს, ნ. ღ-ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ნ. ღ-ის ჩვენებიდან კონკრეტულად არ ირკვევა, თუ რაში გამოიხატებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ხოლო თავად ბრალდებულმა ლ. ყ-მა უარყო მასზედ შერაცხული დანაშაულთა ჩადენის ფაქტი.
15. რაც შეეხება, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, მისი კვალიფიკაციისათვის სისტემატური შეურაცხყოფა უნდა იწვევდეს დაზარალებულის ტანჯვას. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, როგორც დაზარალებულის მიერ ტანჯვის განცდა, ასევე ის გარემოება, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო/უკავშირდებოდა სწორედ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალადშერაცხული ქმედებების ჩადენას.
16. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ნ. ღ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ:
16.1. 2022 წლის ივნისიდან, მასა და ლ-ს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთობა დაიძაბა. ლ-ი ეუბნებოდა, რომ სახლიდან წასვლასა და სხვაზე ქორწინებას აპირებდა. ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. შემდეგ ბოდიშს იხდიდა და გარკვეული დროის შემდეგ, იმავეს იმეორებდა. ერთხელ, სამსახურიდან რომ დაბრუნდა, ლ-მა ყუთები მიუტანა, უთხრა, თავისი ნივთები ჩაეწყო და იმასთან წაიყვანდა, ვისთან ერთადაც ლოცულობდა. უთხრა, რომ შვილებს ჩამოართმევდა. ნერვიულობის ნიადაგზე დიაბეტი დაემართა. ლ-ი მას სიტყვიერად შეურაცხყოფდა, ყელში მოუჭირა ხელი, რის გამოც, ტკივილი იგრძნო. შესაძლოა, ლ-ს ის დაეხრჩო. ეს ფაქტი შვილმა, ი-აც დაინახა. ამის გამო იძულებული გახდა, ბავშვებთან ერთად, დედასთან სოფელში წასულიყო. 2023 წლის თებერვალში, ის და ლ. ყ-ი განქორწინდნენ. ლ-ნი მას უკრძალავდა მშობლებსა და მორწმუნეებთან ურთიერთობას. თვითონ და ლ-იც პროტესტანტული რელიგიის მიმდევარია. ლ-ი თ-ში სალოცავად წასვლას უკრძალავდა. 2024 წლის 25 თებერვალს, ისევ ყელში ხელი მოუჭირა. ამის მიზეზი იყო ის, რომ 25 თებერვალს გ-ის ეკლესიაში მიდიოდა, ხოლო მოწმემ კი წაყოლაზე უარი უთხრა. ლ-ს არ უნდოდა, რომ მას სხვა ეკლესიაში ევლო და ამიტომ სთხოვდა გ-ში გაყოლას. ლ-ი გაღიზიანდა საწოლზე დააგდო და ყელში ხელი მოუჭირა, ეუბნებოდა, აქედან წადიო. ლ-მა მას უთხრა, ,,შენ არ იცი, რას გიზამო.“ როდესაც მისი მეუღლე ოთახიდან გავიდა მან ,,112-ში“ დარეკა.
17. არასრულწლოვანი მოწმის, ი. ყ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მამა თავიდან კარგად ექცეოდათ. ბოლო დროს მამამისი დედამისს ცუდად ეპყრობოდა, ეჩხუბებოდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. ეუბნებოდა, რომ მასთან ერთად ევლო ეკლესიაში და სხვა ეკლესიაში არ წასულიყო. 2023 წლის გაზაფხულზე, ამის გამო მამა დედამისს ეჩხუბა და ყელში მოუჭირა ხელი. იგივე მოხდა 2024 წლის თებერვალშიც. დაცვის შეკითხვაზე განმარტა, რომ მამა მას არ უკრძალავდა ეკლესიაში წასვლასა და ლოცვას. ეუბნებოდა, თუ გინდა, დედასთან ერთად წადი ეკლესიაშიო.
18. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ,,შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით ისე, რომ პირველი შეურაცხყოფისაგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას. ამასთან, სისტემატურმა შეურაცხყოფამ უნდა გამოიწვიოს დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს №1335აპ-24 გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში, ფსიქოლოგიური ტანჯვის განცდა არ დადასტურდა საქმეზე წარმოდგენილი სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; კერძოდ, აღნიშნული დასკვნით იკვეთება, რომ ნ. ღ-ის მდგომარეობა სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, არ ფასდება ფსიქოლოგიურ ტანჯვად. ამასთან, დამატებით გასათვალისწინებელია, რომ როგორც დაზარალებულის, ისე არასრულწლოვანი მოწმის ი. ყ-ის ჩვენებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ მტკიცდება, თუ კონკრეტულად დროის რა შუალედში/პერიოდულობით ჩაიდინა სისტემატური შეურაცხყოფა ლ. ყ-მა.
19. საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, აგრეთვე უტყუარად არ ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ან/და სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებს, კერძოდ:
19.1. მოწმე ნ. ჟ-ის ჩვენება, რომელიც, მართალია, ადასტურებს ლ. ყ-სა და ნ. ღ-ის შორის კამათის ხმის გაგების ფაქტს, თუმცა, აღნიშნავს, რომ იგი ვერ არჩევდა კონკრეტულ სიტყვებს. მანვე განაცხადა, რომ ყველაფერი ნ-ს მონაყოლით იცის; მოწმე მ. ღ-ის ჩვენება, რომელიც თავად არ შესწრებია ძალადობისა და მუქარის ფაქტებს და ინფორმაციას, ფლობს დაზარალებულისაგან; მოწმეების: ლ. ყ-ისა და გ. ნ-ის ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კანონიერება და ოქმთა სისწორე.
20. ამასთან, ბრალდებულმა ლ. ყ-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ მასა და მის მეუღლეს შორის ყველაფერი დაიწყო 2022 წლის იანვრის ბოლოს. მეუღლემ მოსთხოვა, ავტომანქანა, რომელსაც 14 წლის მანძილზე ფლობდა, გადაეფორმებინა დედამისისთვის. ამ მოთხოვნის შემდეგ მისმა მეუღლემ ბავშვები დედამისთან წაიყვანა და იქ ცხოვრობდა. ზეწოლის გამო, იძულებული გახდა, მეუღლის დედისთვის გადაეფორმებინა ავტომანქანა. ამის შემდეგ მეუღლემ ბინის გადაფორმება მოსთხოვა. უთხრა, თუ ბინას არ გადაუფორმებდა, განქორწინდებოდა და ბავშვებს თან წაიყვანდა. რაც გააკეთა კიდეც. განქორწინების შემდეგ, ის ყურადღებას მაინც აქცევდა მეუღლესა და შვილებს. მეუღლე როცა ავად იყო, ურეკავდა და ექიმთანაც დაჰყავდა. თ-ის ეკლესიაში წასვლა მეუღლეს რომ შესძლებოდა, თვითონ იკლებდა გ-ის ეკლესიაში წასასვლელ ფულს და მას აძლევდა. მის მეუღლეს ყოველ კვირა თ-ში წასასვლელად 100 ლარი სჭირდებოდა, რადგან ტაქსით მოძრაობდა. განქორწინების შემდეგ, როდესაც მისი მეუღლე უკან დაბრუნდა, მიიღო. 2024 წლის 25 თებერვალს, მეუღლემ უთხრა, რომ დედამისთან სახლში ტაქსით უნდა წასულიყო, მან უთხრა, რომ თავად წაიყვანდა, რაზეც უარი განუცხადა. მეუღლე ბავშვებს ეუბნებოდა, რომ გაჰყოლოდნენ, მაგრამ ბავშვებმა უარი უთხრეს. მისი შვილი, ს-მე, განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. იმ დღეს მისი მეუღლე ს-ეს გაუბრაზდა და ფიზიკურად შეეხო, ეს ვეღარ მოითმინა, მიუხედავად ამისა, მას მეუღლეზე არ უძალადია, ფიზიკურად არ შეხებია. არ იყო პირველი შემთხვევა, რომ მეუღლე ს-ს ფიზიკურად ეხებოდა. სწორედ ამიტომ არ დაკითხეს ს-მე, რომ ის სიმართლეს იტყოდა.
21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარის პრეტენზიები ლ. ყ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (სისტემატური შეურაცხყოფა ორ ეპიზოდად) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ორ ეპიზოდად) დამნაშავედ ცნობის შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული. ბრალდების მოცემულ ეპიზოდებში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი პირის მიმართ ზემოხსენებული მუხლებით პირის გამტყუნებისათვის (მოცემული მტკიცებულებების შინაარსი საფუძვლად დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივლისის პირველი რიცხვებისა და 2024 წლის 25 თებერვლის ეპიზოდებით) ლ. ყ-ის დამნაშავედ ცნობას, რასაც საკასაციო სასამართლოში სადავოდ არცერთი მხარე არ ხდის).
22. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ლ. ყ-ის მხრიდან ნ. ღ-ის მიმართ ძალადობრივი ქმედებების გენდერისა და რელიგიის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა. როგორც დაზარალებულ ნ. ღ-ის ჩვენებით ირკვევა, თვითონ და ლ-იც პროტესტანტული რელიგიის მიმდევარია. ლ. ყ-ი მას არ უკრძალავდა ზოგადად ეკლესიაში სიარულსა და ლოცვას; იგი სთხოვდა ერთად ევლოთ გ-ში მდებარე ეკლესიაში, თუმცა, ნ. ღ-ს სურდა ეკლესიაში თ-ში ევლო.
23. რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომელთა მიხედვითაც: „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7); ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II-13).
24. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დანაშაულთა ერთობლიობით (მსჯავრდებულად ცნობის ორი ეპიზოდი), ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის, მსჯავრდებულის პიროვნების, ნასამართლობის არქონის გათვალისწინებითა და დაკავებაში ყოფნის პერიოდის (2024 წლის 25 თებერვლიდან 2024 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით) გაანგარიშებით, ლ. ყ-ს საბოლოოდ სამართლიანი სასჯელი შეუფარდა. პროკურორს საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია რაიმე ისეთი სახის გარემოებაზე, რომელიც, შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი გამხდარიყო.
25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); სხვა საქმეში ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე მიუთითა: ,,იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა, ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად“ (Tortladze v. Georgia, ,,თორთლაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ N42371/08, 18/03/2021, §77).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გაგნიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ნ. სანდოძე