განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 25.02.2026
საქმის ნომერი
2კ-783აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №783აპ-25 25 თებერვალი, 2026 წელი

ს. გ., №783აპ-25 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძისა და მსჯავრდებულ გ. ს-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. შ-ის, აგრეთვე, ტ. კ-სა და ნ. თ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ს- ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ერთი პირის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ერთი პირის – ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2021 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 16:50 საათზე, ქ. თ…მიმდებარედ, გ. ს-მა, რომელიც მართავდა ავტომობილ „BMW-ს”, სახელმწიფო ნომრით: ---, საფრთხე შეუქმნა გ. ბ-ის მართვის ქვეშ მყოფ მოტოციკლ „კავასაკს”, სარეგისტრაციო ნომრით: ----, რომელიც მოცურდა და შეეჯახა ხეს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო გ. ს-ს მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა უგულვებელყოფით. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, გ. ბ-მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ხოლო მისმა მგზავრმა – გ. ო-მა – მძიმე (სიცოცხლისათვის სახიფათო) დაზიანება.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენით გ. ს- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, ხოლო დაცვის მხარემ – გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განაჩენით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, აგრეთვე, მსჯავრდებულ გ. ს-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ა. შ-მა, ტ. კ-ემ და ნ. თ-ამ. ბრალდების მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, ხოლო დაცვის მხარემ – გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. ადვოკატების – ტ. კ-სა და ნ. თ-ას განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სასამართლომ არ გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და დაეყრდნო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ დასკვნას, რომელიც არ არის უტყუარი, ექსპერტის დასკვნა და ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგო და ცალკეულ საკითხებთან მიმართებით არაზუსტია. ადვოკატის მტკიცებით, ექსპერტმა ისე გასცა დასკვნა, რომ არ გამოუყენებია შესაბამისი პროგრამა იმის დასადგენად, ავტომობილი და მოტოციკლი მოძრაობდნენ თუ არა ერთსა და იმავე ზოლში, მას აღნიშნული საკითხი უტყუარად არ დაუდგენია, მაშინ როდესაც დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ სატრანსპორტო საშუალებები ერთსა და იმავე ზოლში მოძრაობდნენ. ადვოკატი ა. შ-იც საკუთარ საკასაციო საჩივარს აფუძნებს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის კრიტიკას და მიიჩნევს, რომ სწორედ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არის მეცნიერულად დასაბუთებული, ემყარება მაღალ ტექნოლოგიურ სტანდარტებს, ექსპერტემბა კი სრულად და ამომწურავად ახსნეს მათ მიერ გაცემული დასკვნის გარშემო არსებული ყველა საკითხი. ადვოკატი დამატებით ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის მიერ სიჩქარის გადაჭარბებაზე, რაც, ასევე, დადგენილია მათ მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით.

4.2. ბრალდების მხარის განმარტებით, მსჯავრდებულისათვის დანიშნული არასაპატიმრო სასჯელი არის წამახალისებელი, არ იწვევს მსუსხავ ეფექტს მსჯავრდებულზე სამართლიანად ზემოქმედების თვალსაზრისით, ამასთან, არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და სახიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ხარისხსა და მოცულობას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი გ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას, კერძოდ:

5.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2021 წლის 25 აგვისტოს, გამომძიებლის მიერ დათვალიერდა თ-ი, მ----ს მარცხენა სანაპიროზე მდებარე რესტორან „თ---ის“ მიმდებარე ტერიტორია. შემთხვევის ადგილზე სავალი გზა არის ჰორიზონტალური პროფილის, რომელიც დაფარულია ასფალტის, მშრალი, უდეფექტო საფარით. გზა განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისათვის, გ. ც-ის ქუჩის მხრიდან ვ. ბ-----------ის სახელობის ხიდის მიმართულებით და პირიქით. ბ-----------ის ხიდის მიმართულებით სამოძრაო ზოლის სიგანე არის 8,5 მეტრი, ხოლო საპირისპირო სამოძრაო ზოლის სიგანე – 8,7 მეტრი. ც----ის ქუჩის მიმართულებით, მარჯვენა მხრიდან, გზას ეკვრის 3,0 მეტრი სიგანის ტროტუარი, რომლის მიღმაც მიედინება მდინარე მ-------ი. საპირისპირო მიმართულებით ტროტუარის სიგანე არის 3,6 მეტრი, სადაც განთავსებულია N--- ელექტრო განათების ბოძები. N--- ელ. განათების ბოძზე განთავსებულია საგზაო ნიშანი – „სიჩქარის შეზღუდვა 70 კმ/სთ სიჩქარემდე“. ტროტუარზე ასევე არის შეჯახების შედეგად დაზიანებული ხე. ტროტუარის მიღმა მდებარეობს რესტორანი „თ-ი“. N--- ელ. განათების ბოძიდან ბ--ის ხიდის მიმართულებით, 1,5 მეტრში, გზაზე, წაქცეულ მდგომარეობაში არის მოტოციკლი „კავასაკი“, სახელმწიფო ნომრით: ---, რომელის ერთი ნაწილი მიდებულია ბორდიურზე, ხოლო მეორე ნაწილი დაცილებულია 0,2 მეტრით. მისგან, იმავე მიმართულებით, 2,8 მეტრში და ბორდიურთან 0,3 მეტრის დაცილებით, აგდია საბურავი. ვ---ის ხიდის მიმართულებით, შემთხვევის ადგილამდე მარჯვენა მხარეს, გზის მიღმა განთავსებულია ა.გ. სადგური – „ვ-ი“, რომელსაც დამონტაჟებული აქვს ვიდეო სამეთვალყურეო კამერები (ოქმს ერთვის სქემა).

5.4. საქართველოს შსს-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2021 წლის 15 სექტემბრის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის -- დასკვნითა და ექსპერტ დ. ლ-ის ჩვენებით დგინდება, რომ ავტომობილს – „BMW 750LI“, სახ. N P--------, ავარიული დაზიანება არ აღენიშნება; მოტოციკლზე „KAWASAKI“, სახ. N C------, არსებული დაზიანებები, თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით, დამახასიათებელია რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. წარმოდგენილი ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. მოტოციკლის როგორც საჭით მართვის მექანიზმი, ისე – სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან, მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. ავტომობილისა და მოტოციკლის შეჯახების კუთხის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან მათზე ურთიერთკონტაქტის კვალი აღმოჩენილი ვერ იქნა.

5.5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 22 მარტის N-- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „ა----ის“ სტაციონარული პაციენტის N--- სამედიცინო ბარათისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ჩანაწერების თანახმად, მოქ. გ. ბ-ს, 2021 წლის 25 აგვისტოს, დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა. ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ცხვირის ღია ჭრილობა, თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა, მრავლობითი ტრავმები – დაუზუსტებელი, სკროტუმის და სათესლეს ღია ჭრილობა, მუცლის კედლის დაჟეჟილობა, ბოქვენის სიმფიზის ტრავმული გაგლეჯვა, მუცლის, ზურგის ქვედა ნაწილისა და მენჯის ზედაპირული ტრავმები – დაუზუსტებელი. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში ასევე მითითებულია სხეულზე ექსკორიაციები და ჰემატომები. დაზიანება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში ჭრილობების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო, მათი მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია. სხვა ყველა დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით.

5.6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 16 თებერვლის N-- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „ა---ის“ ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის N--- სამედიცინო ბარათის შესაბამისად, გ. ო-ს მიუმართავს აღნიშნული კლინიკისათვის 25.08.2021 წელს 17:15 საათზე (გაეწერა 28.09.2021წ. 16:00 საათზე), სადაც დაესვა დიაგნოზი: მრავლობითი ტრავმები – დაუზუსტებელი, ორმხრივ ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, გულმკერდის ღრუს სხვა დაზუსტებული ორგანოების ტრავმა, თავის ტვინის კეროვანი ტრავმა, ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, ბარძაყის ქვედა ბოლოს მოტეხილობა, ოთხთავა კუნთის და მყესის ტრავმა, ელენთის ტრავმა, ტეტანუსის ვაქცინა. გართულებები: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, სეპტიცემია დაუზუსტებელი, ანემია დაუზუსტებელი, ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, პნევმონია – დაუზუსტებელი, სხვა სახის დაზუსტებული კოაგულაციური დეფექტები. სისხლის თეთრი უჯრედების სხვა დაზუსტებული დაზიანებები, ჰიპოსპლენიზმი. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია კეფის ძვლის მარცხენა როკის ხაზოვანი მოტეხილობა ცდომის გარეშე, მრავლობითი ექსკორიაციები სხეულის სხვადასხვა არეში, მარცხენა თირკმლის სუბკაფსულარული ჰემატომა, მარჯვენა ტაბუხის ფოსოს ლატერალურ კიდესთან მცირე ზომის ძვლოვანი ფრაგმენტი. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

5.7. დაზარალებულ გ. ბ-ის ჩვენებით, 2021 წლის 25 აგვისტოს, დილით, კუთვნილი „კავასაკის“ ფირმის მოტოციკლით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, გადაადგილდებოდა თ-–ი. საჭესთან იჯდა თავად, ხოლო უკან – მისი მეგობარი გ. ო-ი. ორივეს ეხურა ჩაფხუტი. დაახლოებით, 15:00-16:00 საათზე, ბენზინგასამართ სადგურ „ვ--თან“ შეჩერებისა და მოხვევის შემდეგ, მდინარე „მ-ს“ მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა განაგრძეს, დაახლოებით, 70 კმ/სთ სიჩქარით, რა დროსაც, მათ გვერდით ჩაუარა შავი ფერის „BMW-ს“ მარკის ავტომობილმა. ავტომობილი მიდიოდა წინ, მოტოციკლი წამოეწია და მიჰყვებოდა უკან, მანქანის მარჯვენა საბურავის გასწვრივ, ხოლო ავტომობილის წინ მიდიოდა სატვირთო მანქანა. მოულოდნელად შავი ფერის „BMW-ს“ მარკის ავტომობილმა მკვეთრად მიმართა საჭე მარცხნიდან მარჯვნივ, რა დროსაც, სავარაუდოდ, არ ჰქონდა ჩართული მოხვევის ნიშანი. სახიფათო „ჩაჭრის“ მანევრის შესრულებისას, ვინაიდან მოტოციკლი იმყოფებოდა ავტომანქანის უკანა მარჯვენა საბურავთან მცირე მანძილში, გ. ბ-მა სცადა ავტომანქანაზე შეჯახებისაგან თავის არიდება და თავადაც მარჯვნივ მიმართა საჭე, რა დროსაც, მოტოციკლი მოცურდა, შეეჯახა ტროტუართან მდებარე ხეს, ხოლო გ. ბ-ი და გ. ო-ი დაეცნენ ტროტუარზე. დაზარალებულმა გ. ო-მა დაადასტურა გ. ბ-ის ჩვენება.

5.8. გ. ს-ს ჩვენებით, 2021 წლის 25 აგვისტოს, კუთვნილი „BMW-ს“ მარკის ავტომობილით, სამ მეგობართან ერთად, გადაადგილდებოდა მდინარე მ--ს მარცხენა სანაპიროზე, გზის მარცხენა ზოლში, დაშვებული 70 კმ/სთ სიჩქარით. მის წინ, დაახლოებით, იმავე სიჩქარით მოძრაობდა სატვირთო ავტომანქანა, რომელიც არ უქმნიდა დაბრკოლებას. მოძრაობისას მოესმა „განწირული ხმა“ (ხმა არ ეკუთვნოდა ადამიანს, თუმცა, ვერ გაიგო რით იყო ხმაური გამოწვეული ან საიდან მოდიოდა) და პოტენციური საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მიიღო ზოლის შეცვლისა და მარჯვნივ გადაჯგუფების გადაწყვეტილება. მანამდე, უკანა ხედვის სარკეში დაინახა, რომ დაახლოებით 5-6 მეტრში, მის უკან და ოდნავ მარჯვნივ მოძრაობდა მოტოციკლი (კიდევ უფრო შორს მოპედი), თუმცა ზოლის შეცვლის მომენტში, როდესაც გაიხედა მარჯვენა გვერდით სარკეში, მარჯვენა ზოლი თავისუფალი იყო და მოტოციკლი არ დაუნახავს. ბრალდებულის განმარტებით, გადაჯგუფებისას მოტოციკლი იმყოფებოდა მის სამოძრაო ზოლში, გვერდითა ზოლში კი შედარებით დაბალი სიჩქარით, დაახლოებით, 2-3-4 მეტრით უკან, მოდიოდა თეთრი ფურგონი. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ზოლს უსაფრთხოდ შეიცვლიდა და ფურგონს დაბრკოლებას არ შეუქმნიდა, იმავე სიჩქარით დაიწყო მარჯვნივ გადასვლა და როგორც შემდეგ ვიდეოჩანაწერში ნახა, მანევრი დაწყებული ჰქონია მოტოციკლსაც. ზოლის შეცვლით, ფურგონის წინ უნდა ჩამდგარიყო, ვინაიდან მათ შორის დისტანცია ამის შესაძლებლობას იძლეოდა. მანევრის დასრულებისა და მარჯვენა სამოძრაო ზოლში ჩადგომის მომენტში, ბრალდებულს მოესმა ხმა და აღმოჩნდა, რომ მოტოციკლი ხეს შეეჯახა, სარკეში დაინახა მოტოციკლის დამტვრევა. ბრალდებულის განმარტებით, თავად, ისევე როგორც მის წინ მიმავალი სატვირთო ავტომანქანა ერთნაირი, დაახლოებით, 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდნენ და შესაბამისად, წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას არანაირი დაბრკოლება არ შეუქმნია, აღნიშნული არ გამხდარა ზოლის შეცვლის მიზეზი.

5.9. შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერის თანახმად, 16:48:56 საათზე, საავტომობილო გზაზე, მარჯვნიდან, შედის მოტოციკლი, რომელზეც იმყოფება ორი პირი და აგრძელებს მოძრაობას. 16:48:59 საათზე, კადრში მარცხნიდან შემოდის ავტომობილი, რომელიც, მის წინ მიმავალ სატვირთო ავტომობილთან მიმართებით, მალევე ფარავს დისტანციას და აღმოჩნდება მის უკან, მცირე მანძილის დაშორებით. თავის მხრივ, მოტოციკლიც ეწევა ავტომობილს და ასევე მცირე დისტანციით, მიჰყვება უკან და მარჯვნივ (დაახლოებით, უკანა მარჯვენა საბურავის გასწვრივ). სწორედ ამ დროს, სატვირთოსთან მიახლოებისთანავე, ავტომობილი მარჯვნივ აკეთებს მკვეთრ მანევრს, რის შემდეგაც, ორივე სატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი და მოტოციკლი) გადის კადრიდან.

5.10. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ საქართველოს შსს-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2021 წლის 2 ნოემბრის N------ დასკვნას, რომლის თანახმად: მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ გ. ბ-ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება; მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ გ. ს-ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

5.11. დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტმა, მათ შორის, გამოიყენა შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა, რომლის თანახმად, დაახლოებით, 70 კმ/სთ სიჩქარით (მძღოლის განმარტებით) მოძრავი მოტოციკლი იმყოფება წარმოსახვით პირველ სამოძრაო ზოლში, წარმოსახვით მეორე სამოძრაო ზოლში, დაახლოებით, 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი (ავტომობილ „ბმვ-ს“ მძღოლის განმარტებით) ავტომობილ „ბმვ-ს“ მარჯვენა უკანა ნაწილთან, რა დროსაც, ავტომობილი „ბმვ“ გადაადგილებას იწყებს მარჯვნივ, რითაც საფრთხე ექმნება მოტოციკლის მძღოლს. თავის მხრივ, მოტოციკლის მძღოლი იწყებს მკვეთრად გადაადგილებას მარჯვნივ და მისი უკანა საბურავის სიახლოვეს წარმოიქმნება ბოლი, რაც მიუთითებს საბურავის შესაძლო დაბლოკვაზე, რაც, თავის მხრივ, მოტოციკლის კონსტრუქციიდან გამომდინარე, გამოიწვევდა მდგრადობის დაკარგვას.

5.12. ექსპერტმა თ. დ-ემ დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მასთან წარდგენილი მასალები სრულიად საკმარისი იყო ავტოტექნიკური ექსპერტიზის ჩასატარებლად. ავტომობილი „ბმვ“ მოძრაობდა სავალი ნაწილის მარცხენა ნაწილში, ხოლო მოტოციკლი მის უკან და მარჯვნივ. ისეთი კადრი, რომ მოტოციკლი უშუალოდ „ბმვ-ს“ უკან მოძრაობდეს, არ ყოფილა. ავტომობილის და მოტოციკლის მოძრაობის სიჩქარეები თავად მძღოლების განმარტებებიდან არის აღებული, ვინაიდან ვიდეოჩანაწერი აღნიშნულის შესაძლებლობას არ იძლევა. შესაბამისად, დასკვნაში მითითებული გარემოება, რომ ორივე სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარით, ემყარება მძღოლების ჩვენებებს. როდესაც სავალი ნაწილი წყვეტილი ზოლით არ არის გაყოფილი, მძღოლი თავად იღებს გადაწყვეტილებას სამოძრაო ზოლის დაყოფის შესახებ. ექსპერტმა განმარტა, რომ მძღოლის მხრიდან საფრთხის შემცველი მანევრის გაკეთება გამართლებულია მაშინ, როდესაც ამის უკიდურესი აუცილებლობა არსებობს, მაგრამ გასწრებისას ან მოხვევისას მანევრი, ყველა შემთხვევაში, უნდა იყოს უსაფრთხო. მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი მანევრით საფრთხეს არ უქმნის სხვას. კანონში პირდაპირი ჩანაწერი არ არის, თუმცა, რეკომენდაციებში მითითებულია რომ, როდესაც მძღოლს ესმის მოტოციკლის ხმა, მაქსიმალურად უნდა ეცადოს, დარჩეს სამოძრაო ზოლში და არ შეასრულოს მანევრი. როდესაც საუბრობს, რომ მოტოციკლი და ავტომობილი, ორივე მოძრაობდა 70კმ/სთ-ით, მხედველობაში აქვს საფრთხის წარმოქმნის, მძღოლის მხრიდან მანევრის დაწყების მომენტი. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელობა ჰქონდა საფრთხის წარმოქმნის მომენტში, თუ როგორ იყვნენ ისინი განლაგებული. საფრთხის წარმოქმნის მომენტამდე, თუ რომელი რა სიჩქარით მოძრაობდა, აბსოლუტურად უინტერესოა ავტოტექნიკური კვლევისთვის. მოწმის განმარტებით, ვიდეოჩანაწერი დეტალურად დაათვალიერა, როგორც ვიზუალურად, პროგრამულად, ისე – გადიდებით და შენელებული კადრით. რომელი პროგრამით იხელმძღვანელა, არ ახსოვს, დასკვნაშიც არ აქვს მითითებული. ექსპერტის განმარტებით, მისთვის ცნობილია ტრაექტორიის დამდგენი პროგრამების შესახებ და მიუთითა ერთ-ერთ მათგანზე („ვირთუალ ქრაში“), თუმცა, ეს პროგრამა არ გამოუყენებია, ვინაიდან ვიდეოჩანაწერის ხარისხი არ აძლევდა ამის საშუალებას. ექსპერტის ინტერესს ტრაექტორიის დადგენა არ წარმოადგენდა. მოცემულ შემთხვევაში, მთავარი იყო მომენტი საფრთხის წარმოქმნიდან შეჯახებამდე. ვიდეოკადრების გასუფთავების მიზანი იყო, რომ აეღო ორი წერტილი, რომელსაც ავტომობილი გაივლიდა გარკვეულ დროში და ამ დროს აიღებდა ვიდეოჩანაწერიდან. ამ ორი წერტილის აღების საშუალება არ მიეცა, ვინაიდან კამერა იღებდა მახვილი კუთხიდან. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ჩანაწერი დაამუშავა „ფოტოშოპით“. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის შედგენისას მთლიანად დაეყრდნობოდა ვიდეომასალას, მაშინ ექსპერტიზაში ჩართავდა ექსპერტ ჰაბიტოსკოპს. მან ვიდეოჩანაწერი გამოიყენა იმ ვიზუალიზაციისათვის, თუ რომელი სატრანსპორტო საშუალება რა მიმართულებით გადაადგილდებოდა. მისთის საინტერესო იყო ის მომენტი, როდესაც „ბმვ-მ“ დაიწყო მანევრი ანუ საფრთხის წარმოქმნის მომენტიდან შეჯახებამდე. აქედან გააკეთა დასკვნა.

5.13. ექსპერტმა ასევე განმარტა, გზის სიგანისა (8,5 მ) და იმის გათვალისწინებით, რომ გზა არ იყო დაყოფილი წყვეტილი ხაზებით, ავტომობილი და მოტოციკლი იმყოფებოდნენ ერთ სამოძრაო ზოლში. იმის დადგენა, თუ რომელ ზოლში მოძრაობდა – მნიშვნელოვანია, თუმცა მტკიცებით ფორმაში ამის თქმა იქნებოდა სუბიექტური. დასკვნის თანახმად, მოტოციკლი იმყოფებოდა ავტომობილის უკან და მარჯვნივ. მისი აზრით, თუ სავალ ნაწილს სუბიექტურად დავყოფთ წარმოსახვით სამოძრაო ზოლებად, მანქანა და მოტოციკლი მოძრაობენ სხვადასხვა ზოლში. იმ პირობებში, როდესაც ზოლები არ არის გამოყოფილი, დარღვევის დასადგენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა იმას, ვინ რომელ ზოლში იმყოფება, არამედ – სატრანსპორტო საშუალებების განლაგებას. მოწმის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სავალი ნაწილი ზოლებით არ არის დაყოფილი, როდესაც მძღოლი ერთი მხრიდან გადმოდის მეორე მხარეს, ვალდებულია დაიცვას მანევრი, რასაც ითვალისწინებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტი.

5.14. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორთა პოზიციას ექსპერტის ჩვენების, მათ შორის, კვლევისას გამოყენებულ პროგრამებთან დაკავშირებით, ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივი ხასიათის შესახებ, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ექსპერტის ჩვენება დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერს ჩატარებული კვლევის პროცესს, არ შეიცავს წინააღმდეგობას ან ბუნდოვანებას მტკიცების საგანში შემავალ, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით. ექსპერტმა თ. დ-ემ დეტალურად და ამომწურვად განმარტა მის მიერ ჩატარებული კვლევის პროცესი, მიუთითა კვლევისას გამოყენებულ მასალებზე, მათ შორის, ვიდეოჩანაწერზე, ისაუბრა მათი გამოყენების ფარგლებზე, მოცულობასა და მიზნობრიობაზე, მიუთითა გამოყენებული პროგრამის – „ფოტოშოპის“ შესახებ და განმარტა ტრაექტორიის დამდგენი პროგრამის გამოუყენებლობის მიზეზი. საგულისხმოა, რომ ექსპერტის დასკვნა და მისი ჩვენება ერთმნიშვნელოვანია ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებების სამოძრაო ზოლებთან მიმართებით. რაც შეეხება დასკვნის შედგენისას გამოყენებულ ლიტერატურას, ეს უკანასკნელი თავად დასკვნაშია მითითებული. შესაბამისად, არ იკვეთება გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ექსპერტ თ. დ-ის მიერ გაცემული დასკვნის სანდოობას. სააპელაციო სასამართლომ დეტალურად გაანალიზა კასატორთა არგუმენტები და დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებებს დასაბუთებული, ამომწურავი პასუხი გასცა. კასატორთა პოზიცია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის არამართებულობის შესახებ, საფუძველს მოკლბულია.

5.15. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2022 წლის 15 ივლისის N-- დასკვნას, ეს უკანასკნელი სრულიად საპიროსპიროს მეტყველებს, კერძოდ, დასკვნის თანახმად: მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი „ბმვ-ს“ (სახ. ნომრით: ----) მძღოლი, გ. ს-, ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება; მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შემთხვევაში მონაწილე მოტოციკლ „კავასაკის“ (სახ. ნომრით: ---) მძღოლის – გ. ბ-ის მოქმედება, ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

5.16. აღნიშნული ექსპერიზის დასკვნის კვლევითი ნაწილიც ემყარება საქმის მასალებს, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა გამოკითხვის ოქმებსა და შემთხვევის ამსახველ ვიდეომასალას. დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, უშუალოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ, როცა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეესრულებინა მარჯვნივ გადაჯგუფების მანევრი და დაიწყო აღნიშნული მანევრის შესრულება, ამ მომენტისათვის, მოტოციკლი იმყოფებოდა მის უკან იმავე, მეორე სამოძრაო ზოლში, შესაბამისად, მოცემულ საგზაო სიტუაციაში, ავტომობილი „ბმვ“ მოტოციკლის მძღოლისათვის წარმოადგენდა ლიდერ სატრანსპორტო საშუალებას. გარდა ამისა, ავტომობილის მძღოლს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებდა მანევრი შეესრულებინა უსაფრთხოდ, რაც შეასრულა კიდეც, ვინაიდან, როდესაც ავტომობილის მძღოლმა დაიწყო პირველ სამოძრაო ზოლში გადმოსვლა, იმ მომენტისათვის პირველ სამოძრაო ზოლში მოძრაობდა თეთრი ფერის მიკროავტობუსი, რომელსაც „ბმვ-ს“ მძღოლის მხრიდან შესასრულებელი მანევრით საფრთხე არ ექმნებოდა. რაც შეეხება მის უკან იმავე, მეორე სამოძრაო ზოლში მოძრავ მოტოციკლს, მის მიმართ ავტომობილ „ბმვ-ს“ მძღოლს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, ვინაიდან მოცემულ საგზაო სიტუაციაში, „ბმვ-ს“ მძღოლი, ფაქტობრივად, ვერც წარმოიდგენდა იმ ფაქტს, რომ მოტოციკლის მძღოლი ორ სატრანსპორტო საშუალებას შორის გავლით შეასრულებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელ მანევრს.

5.17. იმავდროულად, ხსენებული დასკვნის თანახმად, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი კამერის დაფარვის ზონაში შემოსვლისას მოძრაობს დაახლოებით იგივე სიჩქარით, რა სიჩქარითაც მოძრაობენ სხვა სატრანსპორტო საშუალებები, მოცემულ კონკრეტულ პირობებში – გზის მოცემული უბნისთვის და კონკრეტული საგზაო სიტუაციისათვის მიღებული სიჩქარით. რაც შეეხება მოტოციკლის მძღოლს, იგი კამერის დაფარვის ზონაში შემოდის ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიიდან, შედის მ---ს მარცხენა სანაპიროს სავალ ნაწილზე, იწყებს აჩქარებას, გადადის მეორე სამოძრაო ზოლში და მალევე უახლოვდება შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ბმვ-ს“. აღნიშნული მოქმედების შესრულება, ტექნიკური თვალსაზრისით, შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუ მოტოციკლის მძღოლი გადააჭარბებდა გზის მოცემული უბნისთვის დასაშვებ სიჩქარეს, სხვა შემთხვევაში, მოტოციკლი ვერ წამოეწეოდა ავტომობილს და მათ შორის საწყისი დისტანციის შემცირება, გზის მოცემული უბნისთვის დასაშვები სიჩქარით მოძრაობის პირობებში – შეუძლებელი იქნებოდა. თუ გავითვალისწინებთ აღნიშნულ გარემოებებს, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი უშუალოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, მოძრაობდა გზის მოცემული უბნისთვის და საგზაო სიტუაციისათვის შესაფერისი სიჩქარით, ხოლო შემთხვევაში მონაწილე მოტოციკლის მძღოლი კი – გაცილებით მაღალი სიჩქარით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი, ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეიძლებოდა განვითარებულიყო იმ პირობებში, როგორც ეს მოტოციკლის მძღოლისა და მისი მგზავრის გამოკითხვის ოქმებშია მოცემული. მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი, ტექნიკური თვალსაზრისით უნდა განვითარებულიყო იმ პირობებში, როგორც ეს შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ბმვ-ს“ მძღოლის გამოკითხვის ოქმშია მოცემული. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპეტებმა ლ. ა-ემ და დ. გ-მა.

5.18. ექსპერტ ლ. ა-ის ჩვენებით, მისი კვლევა შემოიფარგლა ვიდეოჩანაწერის შესწავლით. კვლევით დადგინდა, რომ პირველად მიმართულებას მარჯვნივ იცვლის ავტომობილი „ბმვ“, ხოლო შემდეგ, იგივე მიმართულებით, მის უკან მდგომი მოტოციკლი. მოტოციკლი ავტომობილს უკან, მარჯვენა კიდესათნ მიჰყვება. მოწმის განმარტებით, ვიდეოჩანაწერის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარეების დადგენა შეუძლებელი იყო.

5.19. ექსპერტ დ. გ-ის ჩვენებით, კომპლექსური კვლევა ჩატარდა სისხლის სამართლის საქმის მასალებისა და ვიდეოჩანაწერის საფუძველზე. ვიდეოჩანაწერზე ასახული სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებიდან და განლაგებიდან გამომდინარეც ჩანს, რომ მანქანა და მოტოციკლი გადაადგილდებოდნენ ერთ სამოძრაო ზოლში. მათი ერთ ზოლში ყოფნის ფაქტი დასტურდება ლ. ა-ის კვლევით და თავადაც მეცნიერულად გამოთვალა. მან არ გაიზიარა „ბმვ-ს“ მძღოლის, გ. ს-ს გამოკითხვის ოქმი იმ ნაწილში, რომ სარკეში გახედვისას მოტოციკლი დაინახა ძალიან ახლოს, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმს. ექსპერტმა საგზაო შემთხვევის განვითარების მექანიზმი ახსნა შემდეგნაირად: დაზარალებული მოძრაობდა 70კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით და მაღალი სიჩქარით მიუახლოვდა „ბმვ-ს“. პირველი „ბმვ-მ“ დაიწყო მარჯვნივ გადაჯგუფება, ამ მომენტში, მოტოციკლი იმყოფებოდა მის სამოძრაო ზოლში, მაგრამ ეს უკანასკნელი ჩქარა მიუახლოვდა ავტომობილს და თვითონაც უკვე განსაზღვრული ჰქონდა მარჯვნივ მანევრის გაკეთება, თუმცა, „ბმვ-მ“ დაასწრო. მათ შორის იყო მანძილი, რაც მოტოციკლის მძღოლს აძლევდა იმის საშუალებას, რომ შეეფასებინა სიტუაცია. ექსპერტის განმარტებით, გ. ს-ს მანევრის გამოყენების წესი არ დაურღვევია, ვინაიდან მისი მანევრი შეიძლება სახიფათო ყოფილიყო უკიდურეს მარჯვენა, პირველ ზოლში მოძრავი თეთრი ფერის „ფორდ ტრანზიტისთვის“, რომელიც მოძრაობდა ნელა და მის უკან. გ. ს- დარწმუნდა, რომ „ფორდ ტრანზიტს“ საფრთხეს არ უქმნიდა და დაიწყო მანევრის გაკეთება მარჯვნივ. მოტოციკლი კი ამ დროს იმყოფებოდა მის უკან და უნდა მიეცა მისთვის საშუალება, რომ მანევრი დაემთავრებინა. გ. ს- ვერ წარმოიდგენდა იმას, რომ დაზარალებულიც მარჯვნივ დაიწყებდა მანევრს და მათ შორის შევარდებოდა. მოწმემ მტკიცებით ფორმაში განაცხადა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი იყო მოტოციკლის გადაჭარბებული სიჩქარე, რაც დასტურდება ვიდეოჩანაწერით. მისი თქმით, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მოტოციკლს უფრო მაღალი სიჩქარე უნდა ჰქონოდა. არ არის გამორიცხული, მანქანას 50 კმ/სთ სიჩქარე ჰქონოდა და მოტოციკლს მასზე მეტი – 65 კმ/სთ სიჩქარე (ანუ ორივეს დასაშვებ 70 კმ/სთ-ზე ნაკლები), მაგრამ მთავარი ის არის, რომ ერთ ზოლში მიდიოდნენ და ერთ ზოლში რა სიჩქარითაც არ უნდა ემოძრავათ, უკან მიმავალი სატრანსპორტო საშუალება ვალდებული იყო, მანევრის დასრულების შესაძლებლობა მიეცა წინ მიმავალი მანქანისათვის. მოტოციკლს 65 კმ/სთ სიჩქარითაც რომ ემოძრავა, იგივე დარღვევა დადგინდებოდა, ვინაიდან მართალია, სიჩქარე იქნებოდა დასაშვები (70 კმ/სთ-ზე ნაკლები), მაგრამ კონკრეტული სიტუაციისათვის შეუსაბამო.

5.20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა მოტოციკლის მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბების დადგენილად მიჩნევასთან დაკავშირებით, ბუნდოვანია. კერძოდ, ექსპერტს არ ჩაუტარებია რაიმე სახის ტექნიკური გაანგარიშება სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარის დადგენის მიზნით, ექსპერტიზის დასკვნა არ სცემს პასუხს კითხვაზე, თუ რა დისტანციაზე იმყოფებოდნენ მოტოციკლი და ავტომობილი საწყის ეტაპზე. კერძოდ, მას შემდეგ, რაც კამერის დაფარვის ზონაში გამოჩნდა მოტოციკლი და ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიიდან დაიწყო მ--ს მარცხენა სანაპიროს სავალ ნაწილზე შესვლა, სწორედ ამ მომენტში, რა დისტანცია არსებობდა მასსა და ავტომობილ „ბმვ-ს“ შორის. ამ კითხვაზე პასუხის გაცემას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის დასადგენად, რამდენად დასჭირდებოდა მოტოციკლის მძღოლს სიჩქარის გადაჭარბება იმისათვის, რომ წამოსწეოდა ავტომობილს და შეემცირებინა მათ შორის არსებული საწყისი დისტანცია. ექსპერტი მოტოციკლის მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბებას საფუძვლად უდებს მხოლოდ იმ არგუმენტს, რომ მოტოციკლმა მასსა და ავტომობილს შორის საწყისი დისტანცია შეამცირა, მაშინ როდესაც, რამდენი იყო საწყისი დისტანცია, განსაზღვრული არ არის. ვიდეოჩანაწერის თანახმად, მას შემდეგ, რაც მოტოციკლი ჩნდება კამერის დაფარვის ზონაში და იწყებს გზის სავალ ნაწილზე შესვლას, იგი, თითქმის, თანაბარ სიბრტყეში იმყოფება ავტომობილ „ბმვ-სთან“. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნა მოტოციკლის მიერ სიჩქარის გადაჭარბების ან 70 კმ/სთ-ზე ნაკლები, მაგრამ ავტომობილთან შედარებით მეტი და კონკრეტული სიტუაციისათვის შეუსაბამო სიჩქარით მოძრაობის ნაწილში, არ არის უტყუარი. ამასთან, მისი გაზიარების შემთხვევაშიც კი, უტყუარად დადგენილი არ არის ინარჩუნებდა თუ არა მოტოციკლი იმავე სიჩქარეს უშუალოდ საფრთხის წარმოქმნის მომენტშიც. უფრო მეტიც, ამ ნაწილში ექსპერტის დასკვნა ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია, კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, ექსპერტი მოტოციკლის მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბებას საფუძვლად უდებს მხოლოდ იმ არგუმენტს, რომ მოტოციკლი წამოეწია ავტომობილს და შეამცირა საწყისი დისტანცია, ხოლო შემდეგ ასკვნის, რომ უშუალოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, მოტოციკლის მძღოლი მოძრაობდა გაცილებით მაღალი სიჩქარით. ექსპერტის მიერ მითითებული გარემოება, რომ, თითქოს, შემცირდა საწყისი დისტანცია, შესაძლებელია მიუთითებდეს საფრთხის შექმნის მომენტამდე მოტოციკლის მიერ სიჩქარის გადაჭარბებაზე (რაც, თავის მხრივ, როგორც უკვე აღინიშნა, სადავო და ბუნდოვანია), თუმცა, ეს გარემოება თავისთავად არ გულისხმობს მოტოციკლის მიერ გადაჭარბებული სიჩქარის შენარჩუნებას უშუალოდ საფრთხის წარმოქმნის მომენტში. ამასთან, სააპელაციო სასამართლო სწორად აღნიშნავს, რომ მოტოციკლის მიერ სიჩქარის გადაჭარბების ნაწილში დაცვის მხარის ექსპერტის ლოგიკით ხელმძღვანელობის შემთხვევაში, იმავეს თქმა შეიძლება ავტომობილის მძღოლზეც, რადგან იგი კამერის დაფარვის ზონაში შემოსვლისას, საკმაოდ მცირე დროში ფარავს მასსა და მის წინ მიმავალ სატვირთო ავტომანქანას შორის არსებულ მანძილს, რის შესახებაც ექსპერტი ყურადღებას არ ამახვილებს.

5.21. ამასთან, სააპელაციო სასამართლო სწორად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ექსპერტის მტკიცებას, თითქოს, ავტომობილსა და მოტოციკლს შორის საკმაო მანძილი არსებობდა იმისთვის, რომ ამ უკანასკნელს შეეფასებინა სიტუაცია. აღნიშნული, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება თავად ვიდეოჩანაწერს, სადაც ნათლად ჩანს მოტოციკლისა და ავტომობილის სიახლოვე, ხოლო, მეორე მხრივ, ეწინააღმდეგება გ. ს-ს მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, როდესაც მან უკანა ხედვის მარჯვენა სარკეში გაიხედა, მოტოციკლი მასთან ძალიან ახლოს იყო, რაც, თავის მხრივ, საფუძველს აცლის ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილს, სადაც მითითებულია, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი, ტექნიკური თვალსაზრისით, უნდა განვითარებულიყო იმ პირობებში, როგორც ეს შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ბმვ-ს“ მძღოლის გამოკითხვის ოქმშია მოცემული.

5.22. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებას, კერძოდ, მოძრაობდნენ თუ არა შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებები ერთსა და იმავე ზოლში, ექსპერტიზის დასკვნები ამ თვალსაზრისითაც ურთიერთსაწინააღმდეგოა, თუმცა, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ავალდებულებს, იმგვარად შეასრულოს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ზოლში მოძრაობს იგი. ერთი მხრივ, საქართველოს შსს-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2021 წლის 2 ნოემბრის N-- დასკვნითა და ექსპერტ თ. დ-ის ჩვენებით დამაჯერებლად დადგენილია, რომ მოტოციკლი იმყოფებოდა წარმოსახვით პირველ სამოძრაო ზოლში, წარმოსახვით მეორე სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილ „ბმვ-ს“ მარჯვენა უკანა ნაწილთან. მეორე მხრივ, ერთსა და იმავე ზოლში მოძრაობის შემთხვევაშიც კი, მძღოლი არ თავისუფლდება სათანადო სიფრთხილის გამოჩენისა და მანევრის წესის დაცვის ვალდებულებისაგან, მით უფრო, მოცემულ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების გათვალისწინებით. კერძოდ, ვიდეოჩანაწერის თანახმად, მოტოციკლი მოძრაობს ავტომობილის უკან და მარჯვნივ, რაც დადასტურებულია როგორც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, ისე – დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შემდგენი ექსპერტის – ლ. ა-ის ჩვენებით. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნას იმის შესახებ, რომ, თითქოს, მანევრის შესრულებისას ავტომობილ „ბმვ-ს“ მძღოლს მოტოციკლის მძღოლის მიმართ არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა. სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების გათვალისწინებით, ერთსა და იმავე ზოლში მოძრაობის შემთხვევაშიც კი, გ. ს- ვალდებული იყო, დაეცვა მანევრის წესი. ზემოაღნიშნული კანონის თანახმად, იგი მანევრის დაწყებამდე, უნდა დარწმუნებულიყო, რომ საფრთხეს არ შეუქმნიდა მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე – საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.

5.23. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. ს-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც, არ არსებობს დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

5.24. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

5.25. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.26. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.

5.27. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

5.28. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მისი საშიშროება, მოვალეობათა დარღვევის ზომა და ხასიათი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ს-ს შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი, მუხლის სანქციის შესაბამისი სასჯელი – ჯარიმა 10 000 ლარი, ხოლო დამატებით სასჯელად – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 წლით, რომელიც აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

5.29. იმავდროულად, გ. ს-ს მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ: ხსენებული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ხსენებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით კი – ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

5.30. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის თანახმად, მართალია, გ. ს-სათვის ძირითადი სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმაზე არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, თუმცა, დამატებით სასჯელად დანიშნულ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევაზე ზემოაღნიშნული კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს, კერძოდ: ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ არის დაზარალებულთა თანხმობა გ. ს-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების თაობაზე, მის მიმართ ვერ გავრცელდება აღნიშნული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება, თუმცა, ხსენებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა – 2 წლით უნდა შეუმცირდეს 1/6-ით და უნდა განესაზღვროს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 1 წლითა და 8 თვით.

5.31. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ გ. ს-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. შ-ის, აგრეთვე, ტ. კ-სა და ნ. თ-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. გ. ს- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 ლარი. მასვე, დამატებით სასჯელად 2 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 1 წლითა და 8 თვით;

5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. ს-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახთ შეტანილი თანხა;

6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:

მოტოციკლი „კავასაკი“, სახელმწიფო ნომრით: ---- და ავტომანქანა „BMW“, სახელმწიფო ნომრით: ---- (განთავსებულია საჯარიმო სადგომზე) – დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;

ვიდეოჩანაწერი ერთ ელექტრონულ დისკზე (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), აგრეთვე, გ. ბ-ისა და გ. ო-ის სამედიცინო დოკუმენტაცია ორ კონვერტად (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ლევან თევზაძე