საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №918აპ-25 10 თებერვალი, 2026 წელი
ბ–ი ხ., №918აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 სექტემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ხ. ბ–ს - ბრალად ედებოდა მოწმისადმი მიმართვა, ცრუ ჩვენების მიცემისათვის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 372-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. ხ. ბ–ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2024 წლის 28 თებერვალს, ა–ში, მ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ა–ს №.. საჯარო სკოლაში, ხ. ბ–ი შეხვდა არასრულწლოვან ძმიშვილებს – გ. და დ. ჩ–ებს, რომლებსაც მოსთხოვა, მამის – ი. ჩ–ის – სისხლის სამართლის საქმეზე არ მიეცათ მისი მამხილებელი ჩვენება, კერძოდ, გ.. ჩ–ს უთხრა, რომ, თუ იმავე ჩვენებას გაიმეორებდა სასამართლოში, რაც გამოძიებას მისცა, მამას დაიჭერდნენ და მისი ბრალი იქნებოდა, ხოლო დ. ჩ-ს უთხრა, რომ სასამართლოში სიმართლე არ მოეყოლა და ეთქვა, რომ რა ინფორმაციაც გამოძიებას მიაწოდა, მოელანდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენით, ხ. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ხ. ბ–ის ბრალეულობას.
2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თამუნა მურჯიკნელმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ხ. ბ–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
2.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, ხ. ბ–ის ადვოკატმა – ნ. დ–ემ – შესაგებლით მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 სექტემბრის განაჩენით, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი – თამუნა მურჯიკნელი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ასევე – ხ. ბ–ისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ხ. ბ–ის მიერ ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.
3.3. პროკურორის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, ხ. ბ–ის ადვოკატმა – ნ. დ–ემ – შესაგებლით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. ბრალდების დადგენილების თანახმად, ხ. ბ–ს ბრალად ედება გ. და დ. ჩ–ებზე ზემოქმედება, რათა მათ სასამართლოში მამის წინააღმდეგ არ მიეცათ მამხილებელი ჩვენება. პროკურორმა ბრალდების დასადასტურებლად წარადგინა დაზარალებულთა ჩვენებები. კერძოდ, დ. ჩ-ის ჩვენების მიხედვით, 2024 წლის 28 თებერვალს მას სკოლაში მიაკითხა ხ. ბ–მა და სთხოვა, რომ სასამართლოში ეთქვა თითქოს მათი მშობლების ჩხუბი მოელანდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მამას დააკავებდნენ. დ. ჩ–მა აღნიშნული ფაქტი დედას უამბო. რაც შეეხება გ. ჩ–ს, მან დაადასტურა, რომ 2024 წლის 28 თებერვალს ხ. ბ–ი სკოლაში ნამდვილად ნახა, თუმცა უარყო, თითქოს მას ცრუ ჩვენების მიცემა სთხოვა. მეტიც, სასამართლოში დაკითხვისას მან უარყო გამოძიებაში მიცემული ჩვენებების ნამდვილობა და განმარტა, რომ დედა – გ. ჯ–ე – აძლევდა მითითებებს, რა ფორმით მიეცა ჩვენება. დედამ დაარიგა, რომ ეთქვა თითქოს ხ. ბ–მა სთხოვა ცრუ ჩვენების მიცემა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად დედას დააკავებდნენ.
4.4. ამგვარად, დაზარალებულებიდან მხოლოდ დ. ჩ-მა დაადასტურა ხ. ბ–ისთვის წარდგენილი ბრალდების სისწორე. მართალია, ამ უკანასკნელმა ხ. ბ–თან საუბრის შესახებ უამბო დედასაც, თუმცა წარდგენილი ბრალდების უტყუარად დადასტურების კონტექსტში, გ. ჯ–ს ჩვენება ირიბია და მისი გამოყენებაც, პირის ბრალეულობის საკითხზე მცდარი აღქმის შექმნის საფრთხის გამო, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52). ასევე, ირიბია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები – ი. ჩ–სა და ნ. თ–ს ჩვენებები, რადგან არც აღნიშნული პირები ყოფილან ფაქტის უშუალო თვითმხილველები.
4.5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 41).
4.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოს შეუძლია დაეთანხმოს ქვედა ინსტანციის დასაბუთებას მისი განმეორების გარეშე, რაც არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2). „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ხ. ბ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 სექტემბრის განაჩენი ხ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.9. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე