საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.03.2026
საქმის ნომერი
2კ-1036აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100123007306380

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1036აპ-25 ქ. თბილისი

შ მ. 1036აპ-25 4 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, – მ. შ–ს, პირადი ნომერი: ........, – ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

მ. შ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 10 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, ..-ე ქუჩაზე, N..-ში მდებარე შ– ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენის საფუძველზე, ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევმა მ. შ–მა, მიწის ნაკვეთის შეძენასთან დაკავშირებული კონფლიქტისას, სახისა და სხეულის არეში მუშტის დარტყმებით, ფიზიკურად იძალადა თავისი მამის - ა. შ–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

მ. შ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 8 აპრილს, დილით, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, ..-ე ქუჩაზე, N..-ში მდებარე შ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, მ. შ–ი, სიტყვებით - „როდესაც სახლში დავბრუნდები, გცემ“, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავის მამას - ა. შ–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბრის განაჩენით:

2.1. მ. შ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. მ. შ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.3. გამართლებულ მ. შ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ. შ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ მ. შ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო. ს–მა, რომელმაც მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მარნეულის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 27 თებერვლის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენში აღმოიფხვრა უზუსტობა, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში შევიდა შესწორება და ნაცვლად მარნეულის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბრის განაჩენისა მიეთითა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბრის განაჩენი.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი სახიაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. შ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებულ მ. შ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში.

8. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის შეტყობინება და 2023 წლის 8 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი) საკმარისია მ. შ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ვინაიდან,10. დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (შვილი) – მ. შ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

10.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა/,,შეეძლოს მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების ჭეშმარიტებისა და სანდოობის შემოწმება, მისი თანდასწრებით მათი ზეპირი გამოკითხვის გზით, მოწმის მიერ ჩვენების მიცემის დროს ან საქმის წარმოების რომელიმე შემდგომ ეტაპზე“ (mutatis mutandis Okropiridze v. Georgia, nos. 43627/16, 71667/16, par. 81 (iv), ECtHR, 7/09/2023).

11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს N......... შეტყობინების შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით და კვლავაც აღნიშნავს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2024 წლის 25 აპრილის 86აპ-24 და 2024 წლის 20 მარტის N1317აპ-23 განჩინება).

11.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2023 წლის 8 აპრილის N...... შეტყობინების თანახმად, მ. შ–მა ა. შ–ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2023 წლის 8 აპრილს, ბრალდების მხარე კი მ. შ–ს ფიზიკური ძალადობის ჩადენას ედავება 2023 წლის 10 მარტს. ამასთან, შეტყობინებაში არაფერია ნათქვამი 2023 წლის 8 აპრილის მუქარის ფაქტზე.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ არ შეიძლება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ, ორივე შემთხვევაში, ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი, რის გამოც, მსჯავრდების მიზნებისთვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ უნდა იქნეს განხილული დამოუკიდებელ მტკიცებულებად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2023 წლის 30 მაისის N158აპ-23 და 2023 წლის 2 ოქტომბრის N496აპ-23).

12.1. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის დამოუკიდებელ მტკიცებულებად გამოყენების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის 561აპ-15 განაჩენის საფუძველზე, ვინაიდან მითითებული გადაწყვეტილებით საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი დამოუკიდებელ მტკიცებულებად შეფასდა იმ პირობებში, როდესაც მოხდა შემთხვევის ვითარების აღდგენა და არა დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში კი მართალია საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისა და შედეგების აღწერაში მითითებულია ვითარების აღდგენაზე, თუმცა ცალსახაა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მოწმე ა. შ–ისაგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად (იხ. ტ. 1, ს.ფ. 23-30).

13. №......... შემაკავებელ ორდერსა და მისი ოქმთან (რომლის თანახმად, ა. შ–ს 2023 წლის 10 მარტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა შვილმა - მ. შ–მა, რა დროსაც ა. შ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, 2023 წლის 8 აპრილს მ. შ–ი მამამისს - ა. შ–ს დაემუქრა ცემით) მიმართებით, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მართალია, შემაკავებელი ორდერი უთითებს გამართლებულზე, როგორც დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყაროც არის დაზარალებული, რომელმაც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის N661აპ-25 განჩინება).

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხული მოწმეები: კ. შ–ა და მ. შ–ა არ ადასტურებენ მ. შ–ის მიერ ა. შ–ის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტების ჩადენას, კერძოდ:

14.1. მოწმე კ. შ–მ მიუთითა, რომ 2023 წლის 10 მარტს, მ. შ–ი თავის შვილთან ერთად, დილით ადრე წავიდა ფ–ში მანქანის ჩამოსაყვანად და 11 მარტს ღამით დაბრუნდა. მ–სა და მამამისს შორის კონფლიქტს არ შესწრებია. არ შესწრებია არც მ–ს მხრიდან მამის მიმართ მუქარას. მოწმის განმარტებით, ა. შ–ი თვითონ არის პრობლემური, ბევრს სვამს.

14.2. მოწმე მ. შ–ს ჩვენების მიხედვით კი, მამამისმა უჩივლა მის ძმას. მათ თითქოს იჩხუბეს, თუმცა თვითონ იქ არ ყოფილა და არაფერი დაუნახავს. როგორც იცის, მისი ძმა იმ დღეს იქ საერთოდ არ იყო, ფ–ში იყო მანქანის ჩამოსაყვანად.

15. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება მ. შ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ.: Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე მ. შ–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე