საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.03.2026
საქმის ნომერი
2კ-956აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100125011208484

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №956აპ-25 ქ. თბილისი

ყ. თ. 956აპ-25 25 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ყ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ქ. თ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: თ. ყ–ს, – პირადი ნომერი ..........., – ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ე.ი. განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით.

თ. ყ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 23:25 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, განზრახ მოკვლის მიზნით, თ. ყ–მა თავისა და ტანის არეში საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა მეუღლეს - გ. ნ–ეს, რომელიც მძიმე დამწვრობებით გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მიღებული დაზიანებებისგან 2024 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 მაისის განაჩენით:

2.1. თ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის "თ", "კ" და "მ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა;

2.2. თ. ყ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2024 წლის 14 ნოემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ. ყ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ქ. თ–ემ. აპელანტმა მოითხოვა თ. ყ–ის მსჯავრდებიდან საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების (დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) ამორიცხვა და სასჯელის შემსუბუქება.

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია კიკალიამ და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ. ყ–მა და მისმა ინტერესების დაცველმა ადვოკატმა ქ. თ–ემ. კასატორები ითხოვენ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების (დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) ამორიცხვას და დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

5.1. ბრალდების მხარე შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი დაცვის მხარე ითხოვს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების (დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) ამორიცხვას და სასჯელის შემსუბუქებას.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მით უფრო არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი სახის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 21 ივლისის N594აპ-22 განჩინება). საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რა რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულებების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 16 აგვისტოს N225აპ-24 განჩინება).

9. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეების - მ. გ–ს, გ. ყ–ს, გ. ბ–ს, ე. ყ–ს, თ. ყ–ის, მ. ც–ს, ე. ყ–ს, თ. ქ–ს, დ. ყ–ს, ს. გ–ს, გ. ს–ს, თ. ა–ს, ქ. თ–სა და სხვათა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, გ. ნ–ის მკურნალობის ამსახველი სრული სამედიცინო დოკუმენტაციით, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №.......... დასკვნით, ჰისტოლოგიური ექსპერტიზის №........ დასკვნით, ნავთობროდუქტების ექსპერტიზის №........ დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) დასტურდება თ. ყ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

10. სასჯელის შემსუბუქების შესახებ კასატორის მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლი სასჯელად ადგენს თავისუფლების აღკვეთას ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

11. თ. ყ–ის აღიარებასთან და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობასთან ერთად სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ვითარება (დანაშაულის ჩადენა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით), მოტივი, ხერხი (დაზარალებულისათვის თავისა და ტანის არეში საწვავის შესხმა და ცეცხლის წაკიდება) ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, მართლსაწინააღმდეგო შედეგი (მიღებული დაზიანებებისაგან – მძიმე დამწვრობები – დაზარალებულის გარდაცვალება), მსჯავრდებულის პიროვნება (იყო აგრესიული და კონფლიქტური) და თ. ყ–ს შეუფარდა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 721-ე მუხლს (სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვა) და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლს (სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით). ასევე – სახელმწიფოს ვალდებულებას, მიიღოს შესაბამისი ზომები საზოგადოების ძალადობრივი დანაშაულისაგან დასაცავად და სერიოზული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენების უფლებას (იხ.mutatis mutandis – T. v. the United Kingdom, no. 24724/94, par. 97, ECtHR, 16/12/1999; V. v. The United Kingdom, no. 24888/94 par. 98, ECtHR, 16/12/1999; Vinter and others v. The United Kingdom, no. 66069/09, 130/10 and 3896/10, par. 108, ECtHR, 9/07/2013), როდესაც, უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელი არის de jure ან de facto შემცირებადი (იხ. Kafkaris v. Cyprus, no. 21906/04, par. 98, ECtHR, 12/02/2008).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. ყ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ქ. თ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე