საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.03.2026
საქმის ნომერი
2კ-1125აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100124009941749

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1125აპ-25 30 მარტი, 2026 წელი

გ–ე მ., №1125აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზაზა ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. გ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,მ–ს“ ეპიზოდი)) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,კ–ს“, ,,.....ის“ და ,,.....“ ეპიზოდი)), საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,კ–ს“ ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით (მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,.... ....ს“ ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 21 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ....ს ქუჩა, კორპუსი №.., ბინა №..-ში მ. გ–მ მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 3,72343 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა (3,4-დიმეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) უკანონოდ გაასაღა კ. ხ–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კ. ხ–ის ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

1.3. 2023 წლის 21 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ...ის ქუჩა, კორპუსი №.., ბინა №..-ში მ. გ–მ მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 1,010156 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (ფუძე), 0,00041 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება .....ი (ლსდ) და 0,021 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება დმტ (დიმეტილტრიფტამინი) უკანონოდ გაასაღა კ. ხ–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კ. ხ–ის ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

1.4. 2023 წლის 21 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ...ის ქუჩა კორპუსი №.., ბინა №..-ში მ. გ–ემ მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 13,39012 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინი უკანონოდ გაასაღა კ. ხ–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კ. ხ–ის ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

1.5. 2023 წლის 21 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ...ის ქუჩა კორპუსი №.., ბინა №..-ში მ. გ–მ მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 24,8 გრამი ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას შემცვლელი, მწვანე ფერის გამომშრალი მცენარეული მასა უკანონოდ გაასაღა კ. ხ–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კ. ხ–ის ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,მ–ს“ ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,კ–ს“, ,,ლ–ს“ და ,,დ–ს“ ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,კეტამინის“ ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,...... ......ის“ ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ–ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ოქტომბრის „მ–ს“ ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,კ–ს“, ,,ლ–ს“ და „დ–ს“ ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2023 წლის 21 ოქტომბრის „კ–ს“ ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,........... ...........ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.2.1. 2023 წლის 21 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ....ს ქუჩა, კორპუსი №.., ბინა №..-ში მ. გ–ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 3,72343 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა (3,4-დიმეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კ. ხ–ის ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

2.2.2. 2023 წლის 21 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ....ის ქუჩა, კორპუსი №.., ბინა №..-ში მ. გ–ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 1,010156 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (ფუძე), 0,00041 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება .....ი (ლსდ) და 0,021 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება დმტ (დიმეტილტრიფტამინი), რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კ. ხ–ის ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

2.2.3. 2023 წლის 21 ოქტომბერს, ქ. თ–ში, .....ის ქუჩა კორპუსი №., ბინა №..-ში მ. გ–ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 13,39012 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინი, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კ. ხ–ის ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

2.2.4. 2023 წლის 21 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ...ის ქუჩა კორპუსი №.., ბინა №..-ში მ. გ–ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 24,8 გრამი ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას შემცვლელი, მწვანე ფერის გამომშრალი მცენარეული მასა, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კ. ხ–ის ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 აპრილის განაჩენით, მ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,–ს“ ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,კოკაინის“, ,,.....ის“ და ,,.....“ ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,კ–ს“ ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (2023 წლის 21 ოქტომბრის ......... ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით.

მ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ოქტომბრის „მ...ს“ ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,კ....ს“, ,,.....ის“ და ,,დ–ს“ ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,.....ს“ ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,.........“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,მ–ს“ ეპიზოდი) – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ოქტომბრის „.......ს“, ,,........ის“ და ,,.........ს“ ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,.........ს“ ეპიზოდი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,..............მასის“ ეპიზოდი) – ჯარიმა 2500 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მ. გ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მ. გ–ეს ჩამოერთვა შესაბამისი უფლებები.

2.4.. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა, ზაზა ქორიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მ. გ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი ყველა ეპიზოდით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ასევე გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მ. გ–ის უდანაშაულოდ ცნობა ბრალადწარდგენილი ყველა ეპიზოდით.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ნოემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების დ. ჯ–ს, ლ. ბ–სა და რ. მ–ს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 აპრილის განაჩენი გაუქმდა.

მ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,.....“ ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,კოკაინის“, ,,.....ის“ და ,,.....“ ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,კეტამინის“ ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,.........ის“ ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,.....“ ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,..........ს“, ,,.....ის“ და ,,.....“ ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2023 წლის 21 ოქტომბრის ,,კეტამინის“ ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2023 წლის 21 ოქტომბრის .......... ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით.

3.2. 2025 წლის 28 ნოემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ზაზა ქორიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ნოემბრის განაჩენის გაუქმება, მ. გ–ის დამნაშავედ ცნობა ყველა ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. დაცვის მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ მ. გ–ის ბრალეულობას ყველა ბრალადწარდგენილი ეპიზოდით, კერძოდ: კ. ხ–ის ჩვენებით, კ. ხ–ის ბინის ჩხრეკის ოქმით, მ. გ–ის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ოქმით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და კ. ხ–სა და მ. გ–ის ანგარიშებს შორის არსებული გადარიცხვებით, უტყუარად დადასტურდა, რომ სახეზეა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ყველა ნიშანი, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების მოპოვება შემდგომში მისი სხვა პირისათვის გადაცემის მიზნით, ნივთზე სრულფასოვანი მფლობელობა, საკუთარი შეხედულებისამბერ მისი განკარგვა და სხვა პირისათვის გადაცემა გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ. ამასთან, საგულისხმოა მ. გ–ის პიროვნება და მისი მიდრეკილება სამართალდარღვევისა და კრიმინალის ჩადენისკენ.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. გ–ის წარდგენილი ბარალდებებით სრულად გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც სასამართლოში უნდა წარმოადგინოს იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v. Austria, პუნქტი 15).

5.4. ბრალდების მხარე, საკასაციო საჩივარში მ. გ–ის მიმართ ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითებს, კ. ხ–ის ჩვენებაზე, რომელიც ამავე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მარიხუანას შეძენა/შენახვის ბრალდებითაა მსჯავრდებული. მ. გ–ის ბრალდება, ასევე ემყარება ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას. ამასთან, ბრალდების მხარე თავისი პოზიციის (მ. გ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მარიხუანას გასაღებების ეპიზოდები) დასასაბუთებლად, საკასაციო საჩივარში, მიუთითებს მ. გ–ესა და კ. ხ–ს შორის არსებულ ფულად გადარიცხვებზე.

5.5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს კ. ხ–ისა და მ. გ–ის მეგობრობის ფაქტი, ასევე მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. დაცვის მხარეს აღნიშნული სადავოდ სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე არ გაუხდია და უტყუარადაა დადასტურებული თავად მ. გ–ის ჩვენებით. სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს კ. ხ–ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მარიხუანას მ. გ–ისადმი კუთვნილება და მ. გ–ის მიერ აღნიშნულის კ. ხ–ზე გასაღების ფაქტები.

5.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თანაბრალდებულის ჩვენების გამოყენება შესაძლებელია, თუ იგი აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და გამყარებულია სხვა უტყუარი მტკიცებულებებით, რაც მისი სანდოობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის. ამასთან, თანაბრალდებულის ჩვენების გამოყენება, შეუთავსებელი არ არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან, მით უფრო, მაშინ როდესაც ეს ჩვენება დასტურდება სხვა მტკიცებულებებით და დაცვის მხარეს მიეცა გონივრული შესაძლებლობა ჯვარედინი დაკითხვის გზით შეემოწმებინა მისი სანდოობა (იხ. Brzuszczynski v. Poland, 2013 წლის 17 სექტემბერი, 23789/09, § 89).

5.7. სისხლის სამართლის პროცესში მხარეები აღჭურვილნი არიან შეჯიბრებითობის უფლებით, რა დროსაც დაცვის მხარე ბრალდების მხარესთან თანასწორად უფლებამოსილია მოიპოვოს და წარადგინოს სასამართლოში მისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება. ზემოაღნიშნული პრინციპის იმპერატიული მოთხოვნები დაირღვევა თუ არ იარსებებს რეალური შესაძლებლობა, ბრალდებულმა გავლენა მოახდინოს პროცესზე – მისი ხმა/პოზიცია მოსმენილი და შეპირისპირებული იყოს სხვა მტკიცებულებებთან. ამასთან, სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვევა, თუკი ბრალდებულს არ მიეცემა ეფექტური შესაძლებლობა, შეეწინააღმდეგოს სადავო მტკიცებულებების გამოყენებას მის წინააღმდეგ და გაასაჩივროს ის გარემოებები, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მისი მსჯავრდება საეჭვო მტკიცებულებების საფუძველზე.

5.8. ამდენად, დაცვის მხარე უფლებამოსილია, წარმოადგინოს მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლებიც დაეხმარება სასამართლოს კრიტიკულად შეაფასოს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და დაუპირისპიროს ისინი ერთმანეთს. განსახილველ შემთხვევაში, მ. გ–ის მიმართ არ წარმოდგენილა არცერთი პირდაპირი ხასიათის, ნეიტრალური მტკიცებულება. მართალია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დასტურდება მ. გ–ის შემხებლობა ნარკოტიკულ საშუალებებთან, თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მათი მოხმარების ფაქტს კ. ხ–თან ერთად არც თავად მ. გ–ე უარყოფს, თუმცა აღნიშნული მტკიცებულება მათი მ. გ–ისადმი კუთვნილების დამადასტურებლად არ არის საკმარისი და უტყუარი. თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობების არსებობისას კი, სასამართლომ ცხადად უნდა განმარტოს მიზეზები, რის გამოც იზიარებს ერთ მტკიცებულებას და გამორიცხავს მეორეს ან წარმოაჩინოს ის საფუძვლები, რის გამოც უარს აცხადებს თითოეული მათგანის გაზიარებაზე. როდესაც საქმე ეხება მოწმეთა მიკერძოებულობის საკითხს, რაზეც ბრალდების მხარე მიუთითებს მ. გ–ის ჩვენების არ გაზიარებასთან მიმართებით, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კ. ხ–ი თავადაა მსჯავრდებული ამ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მარიხუანას შეძენა/შენახვისთვის, ხოლო ყველა სხვა მტკიცებულება კი, რომელზეც ბრალდების მხარე მიუთითებს, არ წარმოადგენს მ. გ–ის მიმართ ბრალადწარდგენილი ქმედებების დამადასტურებელ მტკიცებულებას. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში არ წარმოუდგენია წონადი მტკიცებულება, რაც კონკურენტუნარიანი იქნებოდა და საეჭვოს გახდიდა მ. გ–ის ჩვენების სანდოობას. სწორედ ამგვარ სიტუაციებში მნიშვნელოვანია ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება და შეფასება ბრალდების მხარის პოზიციის გასამყარებლად და ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ არსებული ეჭვების გასაქარწყლებლად, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

5.9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს, სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც თავისი შინაარსით უკავშირდება მ. გ–ის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების განხორციელების ფაქტს საქმეში წარმოდგენილი არ არის. რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.10. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზაზა ქორიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე