საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 26.03.2026
საქმის ნომერი
2კ-1129აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100124008641732

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე N1129აპ-25 26 მარტი, 2026 წელი

თ–ე რ., №1129აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. თ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ხ–ისა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის დავით ხუციშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. თ–ე (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 188-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 7 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით დროის პერიოდში, თ–ში, .......ის გამზირზე, ე.წ. „მ.....ს“ ეზოში მდებარე ავტოსახელოსნოში, რ. თ–ემ, გ. ჭ–ის კუთვნილი „........“ მარკის ავტომობილში (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: .........) ძრავის და მასთან დაკავშირებული ნაწილების არასათანადო დამონტაჟების შედეგად გაუფრთხილებლობით გაანადგურა ზემოაღნიშნული ავტომობილი, რამაც დაზარალებულისათვის 9000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 მაისის განაჩენით, რ. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ – მსჯავრდებულ რ. თ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. ხ–ემ და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2.3. განაჩენი, ასევე გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიანა ონიანმა და მოითხოვა რ. თ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განაჩენით, დაცვის და ბრალდების მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 1 დეკემბერს, ბრალდების მხარემ – თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხუციშვილმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რ. თ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.

3.3. 2025 წლის 17 დეკემბერს, დაცვის მხარემ – მსჯავრდებულ რ. თ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. ხ–ემ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, საკასაციო საჩივარი კი, სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კრიტერიუმებს. სისხლის სამართლის საქმეზე არ არსებობს მტკიცებულება, რაც მიუთითებს რ. თ–ის მიერ დანაშაულის ჩადენას. მანქანისათვის ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზის დასადგენად საჭირო იყო დამატებითი ექსპერტიზის (მათ შორის ძრავის დაშლა) ჩატარება, რაც ბრალდების მხარემ არ უზრუნველყო. ამასთან, საქმის განმხილველმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ განმარტა, რომ მას არ ჰქონდა ცოდნა მანქანების სტრუქტურასა და სისტემაზე, მან საქმის განხილვის დროს ასევე ვერ უზრუნველყო შეჯიბრებითი მოდელის დაცვა, რაც წარმოადგენს არსებით დარღვევას. იმ ვითარებაში კი, როდესაც შეუძლებლია დადგინდეს, რომელმა ნავთობპროდუქტმა საიდან გაჟონა დანაშაულის ჩადენაზე საუბარი უსაფუძვლოა. შესაბამისად, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობის წარმოდგენა, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

4.2. ბრალდების მხარის პოზიციით, სასამართლომ რ. თ–ეს დაუნიშნა მსჯავრდებულის პიროვნებისა და დამდგარი შედეგისათვის შეუსაბამო სასჯელი, რაც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რისი გათვალისწინებითაც მას უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, ისინი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, განსახილველი საქმე არ მოიცავს იმგვარ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორთა საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარში, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009).

5.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ. თ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.

5.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. თ–ის მსჯავრდების შესახებ და მიუთითებს, რომ დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით, 2023 წლის 8 ივლისის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, 2023 წლის 19 ივლისის სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის №....., ,,,,, დასკვნითა და ექსპერტ დ. ხ–ს ჩვენებით, 2023 წლის 14 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის №...... დასკვნით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეული ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად დგინდება რ. თ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცება არ გამომდინარეობს სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტებით.

5.6. უპირველეს ყოვლისა საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებაა არაა, რომ რ. თ–ემ შეაკეთა გ. ჭ–ის ავტომანქანა, კერძოდ, დაამონტაჟა გ. ჭ–ის მიერ დ. ბ–ისგან შეძენილი მეორადი ძრავი. სადავო არ არის ისიც, რომ ავტომანქანას გაუჩნდა ცეცხლი და დაიწვა. თუმცა დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი, თუ საიდან გაჟონა ნავთობპროდუქტმა და რა იყო მიზეზი.

5.7. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად კი, საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მხედველობაში მიღებით, უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის №....., ,,, დასკვნა და ექსპერტ დ. ხ–ის ჩვენება, რომლის თანახმად, ,,,,-ის მარკის, ,,, სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანაში ხანძრის გაჩენის კერა მდებარეობს ძრავის განყოფილების უკანა მხარეს, შუა ნაწილში, საიდანაც საწვავის, წვადი მასალისა და ჟანგბადის გარემოს არსებობის პირობებში ხანძარი გავრცელდა ძრავის განყოფილებასა და სალონში. ,,,-ის მარკის, ,,,, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრის მქონე ავტომანქანაში ხანძრის გაჩენის მიზეზს წარმოადგენს გამოჟონილი საწვავის კონტაქტი ცხელ ზედაპირთან. ავტომანქანაზე აფეთქებით გამოწვეული დეფორმაციის ნიშნები არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ნამწვის ნიმუშებზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციების კვალი. ექსპერტმა დ. ხ–მა კი განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საწვავის ან საწვავ-საპოხის გაჟონვის შედეგად გაჩნდა ხანძარი. იგი ან მანამდე უნდა ყოფილიყო გაჟონილი, ან არასწორი მონტაჟის გამო უნდა აალებულიყო ავტომანქანა. აალება დამოკიდებულია ზედაპირის გაცხელებაზე და გაჟონილი საწვავის რაოდენობაზე. შესაძლებელია ხელოსანმა დროის მოკლე პერიოდში ვერ შეამჩნიოს საწვავის გაჟონვა, რადგან ახალი დაწყებული იყოს გაჟონვის პროცესი. თუ გასაკეთებლად მიყვანამდე გაჟონილი იქნებოდა საწვავი ან ზეთი, ხელოსანი ნახავდა გაკეთების პროცესში. ნავთობ პროდუქტი შეიძლება გაჟონილიყო იმ შემთხვევაში, თუ საწვავის ავზიდან ძრავთან შეერთების ადგილას მილს ცუდი კონტაქტი ჰქონდა - დაჭერილი არ იყო კარგად, ან ხამუთი არ ჰქონდა მოჭერილი. ასევე ძველი/გახვრეტილი მილის შემთხვევაშიც შეიძლება გაჟონოს საწვავმა. საწვავმა შეიძლება გაჟონოს აგრეთვე კარტერიდან ან ძრავის სარქველიდან. მოწმის ჩვენებით, ხანძრის შემდეგ შეუძლებელია იმის დადგენა, ნაწილი დაზიანებული იყო თუ არა. ავტომობილიდან ბენზინმა გაჟონა თუ სითხემ, მისი განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ზეთი დამზადებულია ნავთობპროდუქტების ბაზაზე. ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია იმის დადგენა, რაღაც ნაწილი კარგად იყო დამონტაჟებული თუ არა. ექსპერტმა ელექტროობის მიზეზით ხანძრის გაჩენა ან შეგნებულად ვინმეს მიერ მანქანის დაწვა გამორიცხა.

5.8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, სპეციალური ცოდნის – ექსპერტთა გარეშე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, სწორად გაგება და აღქმა. რისი გათვალისწინებითაც სასამართლო მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას, როგორც წესი, მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა სპეციალური ცოდნის მქონე პირთა მიერ გაცემულ დასკვნებსა და მათ მიერ გაკეთებულ განმარტებებს.

5.9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად კი, მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება. საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. ამდენად, სწორედ მხარე მოიპოვებს მტკიცებულებებს და განსაზღვრავს რა არის მნიშვნელოვანი მისი პოზიციის დასადასტურებლად. მტკიცებულებათა მოპოვება მთლიანად მხარეზეა დამოკიდებული. შესასაბამისად, დაცვის მხარის მითითება, რომ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა დამატებითი ექსპერტიზა უსაფუძვლოა.

5.10. ამასთან, საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა თანაბარ პირობებში გამოეკვლია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მათ შორის დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი.

5.11. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარის მოთხოვნას და დანიშნული სასჯელის დამძიმებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რ. თ–ეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. თ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ხ–ისა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის დავით ხუციშვილის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე