საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100125011141412
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1150აპ-25 18 მარტი, 2026 წელი
პ–ვ ს., №1150აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს– (S.) პ–ი (P–V) (დაბადებული: ....წ., რ–ს მოქალაქე) და ე– (E.) კ–ი (K–V) (დაბადებული: ..... წ., რ–ს მოქალაქე) ცნობილ იქნენ ბრალდებულებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
„ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 525-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციას, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით შემოწმებასა და რეგულირებას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას.
დასახელებული ორგანული კანონის 525-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესები დგინდება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის N94/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრულია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესები.
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობად განსაზღვრულია 5 000 ლარი.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მეწარმის რეგისტრაცია სავალდებულოა. მეწარმის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო რეგისტრაციას, ისე საგადასახადო რეგისტრაციას.
ე– კ–ი და ს– პ–ი, 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის 22 იანვრამდე პერიოდში, ბათუმში ფიროსმანის ქუჩა N9 ბინა 2-ში მდებარე, იჯარით აღებულ ფართში ერთობლივად/ურთიერთშეთახმებით ახორციელებდნენ ვირტუალური აქტივის მომსახურებას (ვალუტის/ფულის კრიპტოვალუტაში გადაცვლის საქმიანობას), მეწარმე სუბიექტად/გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის და სათანადო მოსაკრებლის გადახდის გარეშე.
ე– კ–ის და ს– პ–ის დასახელებულ საქმიანობას თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, მათი ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები და რამაც სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის (სახელმწიფოსათვის) 5 000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განაჩენით, ე– კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით.
ს– პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან მურვანიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ე– კ–ისა და ს– პ–ისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო დამატებით სასჯელად ქონების (ამოღებული კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები) და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხის ჩამოერთვა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 11 ნოემბერს აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან მურვანიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, თავისუფლების აღკვეთის სახით, ასევე, დამატებით სასჯელად ქონების (კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები) და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხის ჩამოერთვა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელები არის ზედმეტად მსუბუქი, მათთვის დანიშნული სასჯელი უნდა იყოს ისეთი სახის, რაც დაკავშირებულია მათი თავისუფალი ნების მაქსიმალურ შეზღუდვასთან, რათა მოხდეს მათი შემდგომი რესოციალიზაცია. ასევე მათ დამატებით სასჯელად უნდა ჩამოერთვათ ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ: კერძოდ, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და ფულადი თანხა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ე. კ–ისა და ს. პ–ისათვის განსაზღვრული სასჯელები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (ე. კ–მა და ს. პ–მა ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც აღიარეს და მოინანიეს, უდავოდ გახადეს მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყვეს საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არიან ნასამართლევი და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით მსჯავრდებულებს კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ე. კ–ისა და ს. პ–ისათვის განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულების პიროვნებას).
5.5. რაც შეეხება, კასატორის მოთხოვნას ე. კ–ისა და ს. პ–ისათვის დამატებით სასჯელად ქონების (კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და ფულადი თანხა) სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევას – პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი თავისი მოთხოვნის დასაბუთებისთვის უთითებს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლზე, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა სასამართლოს მიერ ყველა განზრახი დანაშაულისათვის, ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევის საჭიროება სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. განსახილველ შემთხვევაში კასატორი უთითებს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლზე, თუმცა არ ასაბუთებს (მათ შორის – არ უთითებს რაიმე მტკიცებულებაზე) ამ მუხლით დადგენილი ქონების ჩამორთმევის კუმულაციური წინაპირობებიდან ერთ-ერთის – ჩამორთმევის მიზნის – საფუძვლიანობას. კასატორის აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის N92აპ-19 და 2023 წლის 3 თებერვლის N937აპ-22 განჩინებები).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძე