საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.04.2026
საქმის ნომერი
2კ-65აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100124010497402

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №65აპ-26 ქ. თბილისი

მ. დ. 65აპ-26 20 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. მ–ის, – პირადი ნომერი ......, – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2024 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, თ–ში, წ–ს ქუჩის N...-ში კონფლიქტის დროს, დ. მ–მა ფეხების თავის არეში მრავალჯერ დარტყმით ჩ–ს რესპუბლიკის მოქალაქე ჟ. ი–ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. ჟ. ი–ი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და გაუწიეს მკურნალობა. 2024 წლის 8 ნოემბერს ჟ. ი–სი გადაიყვანეს შპს „……..ის“ პაციენტის დროებითი მოვლისა და მომსახურების საექიმო სამსახურში, სადაც იგი მიღებული დაზიანებების გამო 2024 წლის 27 ნოემბერს გარდაიცვალა.

1.1.1. აღნიშნული ქმედებით დ. მ–მა ჩაიდინა – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ივლისის განაჩენით დ. მ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით განესაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 8 თვე;

2.1. დ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2025 წლის 15 ოქტომბრიდან.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ივლისის განაჩენში აღმოიფხვრა დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობა და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა: ,,დ. მ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 15 ოქტომბრიდან”.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა დ. მ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა. კასატორი ითხოვს დ. მ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.

5.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ დ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. კ–მა. დაცვის მხარემ მოითხოვა პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა/გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს, ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ.

7.1. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება და არა – დ. მ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა.

8. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

9. გასაჩივრებული განაჩენით, დ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ერთადერთი სახის ძირითადი სასჯელი მინიმალური ხანგრძლივობით, რომლის ნაწილი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.

9.1. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ: მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო მართლმსაჯულების განხორციელებას; მისი მისწრაფება აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი და სასჯელის სახედ დ. მ–ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სასჯელის მინიმალური ხანგრძლივობა.

10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა, არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის N1218აპ-24 განაჩენი).

11. კასატორი, სასჯელის დამძიმების დასაბუთებისათვის უთითებს დ. მ–ის პიროვნულ მახასიათებლებზე, ,,მთვრალ მდგომარეობაში“ დანაშაულის ჩადენაზე, დანაშაულის ჩადენის ხერხზე (სახის არეში მრავალჯერ ფეხის დარტყმა, მათ შორის, დაზარალებულის წაქცევის შემდეგ, როდესაც დაზარალებულს არ შეეძლო თავდაცვა), ზიანის არ ანაზღაურებაზე და დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციაზე (გააჩნია პრეტენზია).

11.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელის გამკაცრებისთვის მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებელზე მითითება დაუსაბუთებელია (კასატორი უთითებს მხოლოდ დ. მ–ის კანონსაწინააღმდეგო ქცევასა და მის მიერ განხორციელებულ ქმედებაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არის მისი მსჯავრდების საფუძველი; არ უთითებს კონკრეტულად რომელი გარემოებების/მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი).

11.2. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის/სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2010 წლის 7 ივნისის №1019აპ-09, 2022 წლის 2 მაისის №295აპ-22 და 2022 წლის 17 მაისის №354აპ-22, ასევე – 2014 წლის 26 დეკემბრის №390აპ-14 განაჩენი). „დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გამარტივებული წესით“ (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 და 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21 განჩინებები).

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ვინაიდან თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).

13. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა, ხოლო განაჩენი უკანონოდ ითვლება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2026 წლის 26 იანვრის N 987აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N680აპ-25, 2025 წლის 2 ოქტომბრის N 401აპ-25).

13.1. ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრება.

14. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ სანქციას.

15. წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

16. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).

17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე, დ. მ–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე