საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.04.2026
საქმის ნომერი
2კ-1155აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 210100121004962377

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1155აპ-25 ქ. თბილისი

ა–ი მ., 1155აპ-25 28 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ა–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ქ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ა–მა ჩაიდინა:

· ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

· ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);

მ. ა–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2021 წლის 26 ივნისს, ღამის საათებში, დ–ს მუნიციპალიტეტში, .... ვ–ზე მდებარე ე.წ. „ნ–ბის“ ტერიტორიაზე, დ. ხ–ის კუთვნილი 2.236 ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, მ. ა–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დ. ხ–ის დათესილ და მისსავე კუთვნილ მარცვლეულს (ქერს), რითაც დაზარალებულს მიადგა − 5 850 (ხუთი ათას რვაას ორმოცდაათი) ლარის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ü 2021 წლის 26 ივნისს, ღამის საათებში, დ–ს მუნიციპალიტეტში, .... ვ–ზე მდებარე ე.წ. „ნ–ბის“ ტერიტორიაზე, ე. გ–ს ნაქირავები 10 ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, მ. ა–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ე. გ–ს დათესილ და მისსავე კუთვნილ მარცვლეულს (ქერს), რითაც მას მიადგა − 19 500 (ცხრამეტი ათას ხუთასი) ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

ü 2021 წლის 2 ივლისს, დღის საათებში, დ–ს რაიონში მდებარე ე.წ. „....–ს მ....ში“ მდებარე ე. გ–ს ნაქირავები 43 ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, მ. ა–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ე. გ–ს დათესილ და მისსავე კუთვნილ მარცვლეულს (ხორბალს), რითაც ე. გ–ს მიადგა − 104 000 (ასოთხი ათასი) ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 აპრილის განაჩენით მ. ა–ი, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ორი ეპიზოდი).

გამართლებული მ. ა–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მ. ა–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განაჩენით: სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 აპრილის განაჩენი მ. ა–ის მიმართ;

მ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მ. ა–ი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;

მ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2021 წლის 26 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

მ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2021 წლის 2 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 2 ივლისის ეპიზოდისათვის) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 26 ივნისის ეპიზოდისათვის) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ა–ს მოსახდელად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

მ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის აეთვალა განაჩენის გამოცხადების მომენტიდან − 2025 წლის 17 ნოემბრიდან;

მ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა 2021 წლის 3 ივლისიდან 2021 წლის 31 აგვისტოს, ასევე − 2021 წლის 27 ოქტომბრიდან 2022 წლის 21 აპრილისა და 2024 წლის 12 მარტიდან 2024 წლის 10 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდები;

,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მ. ა–ს მოსახდელი სასჯელი შეუმცირდა 75 დღით;

მხედველობაში იქნა მიღებული, რომ მ. ა–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა, გაუქმებულია;

განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ყადაღა უნდა მოეხსნას შესაბამისი განჩინების საფუძველზე დაყადაღებულ დ. კ–ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ა–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ქ–ამ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, დაუსაბუთებლად უარყო კომბაინერის შეცდომის ვერსია; ვარაუდზე ააგო დასკვნა ღამის საათებში მოსავლის აღების მიზეზზე, არასაკმარისი მტკიცებულებებით დაადგინა მიჯნისა და ნაკვეთების გარჩევადობის საკითხი, არასწორად შეაფასა დაცვის მოწმეების ჩვენებები, დაუსაბუთებლად გაიზიარა 15 სმ-იანი ნათესის ინტერვალთან დაკავშირებული ბრალდების ვერსია და, საბოლოოდ, დაადგინა უკანონო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენი.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ მ. ა–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ქ–ას მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ მ. ა–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ; კერძოდ:

10. დაზარალებულ დ. ხ–ის ეპიზოდში დაცვის მხარის ვერსიის მიხედვით, 2021 წლის 26 ივნისს მისი კუთვნილი ნაკვეთიდან ქერის აღება ქურდობა კი არა, კომბაინერის შეცდომა იყო, რომ თითქოსდა, კომბაინის ოპერატორი, ღამის საათებში შეცდა და მოსავლის აღებისას მომიჯნავე ნაკვეთზე გადავიდა. მაგრამ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა მეტყველებს სრულიად საპირისპიროზე, კერძოდ:

11. დ. ხ–ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ეს მიწა 2000 წლიდან იჯარით ჰქონდათ აღებული მამის სახელზე და მას ოჯახი, კერძოდ ის და მისი ძმა ი. ხ–ე, ერთობლივად ამუშავებდნენ. თავდაპირველად მიწას საძოვრად იყენებდნენ, ხოლო ბოლო 6-7 წლის განმავლობაში მარცვლეული მოჰყავდათ. 2021 წლის 27 ივნისს მან აღმოაჩინა, რომ მისი ნაკვეთის ნაწილზე მოსავალი უკვე აღებული იყო, რამაც 5 850 ლარის ზიანი გამოიწვია.

12. შემთხვევის ადგილის 2021 წლის 27 ივნისის დათვალიერების ოქმში იდენტიფიცირებულია მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით − 52.27.31.090, როგორც დ. ხ–ის ნაკვეთი, რომელშიც დათესილი იყო ქერი, ხოლო შუა ნაწილში მოსავალი იყო აღებული.

13. დაზარალებულ დ. ხ–ის ჩვენებას სრულად შეესაბამება ი. ხ–ის ჩვენება. მანაც დაადასტურა, რომ ეს მიწა 25-წლიანი იჯარით ჰქონდათ აღებული და დ–თან ერთად ამუშავებდა. მათ ნაკვეთსა და მომიჯნავე ნაკვეთს შორის მიჯნა ჩანდა, ხოლო მათი ნათესი და მომიჯნავე ნაკვეთის ნათესი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა: მათი ნათესი იყო ერთ მიმართულებაზე, ხოლო ე. გ–ს მხარეს – სხვა მიმართულებით. ი. ხ–ემ განმარტა, რომ 26 ივნისის ღამით, 10 საათის შემდეგ, როდესაც გზად გაიარა, ე. გ–ს ნაკვეთში დაინახა კომბაინი, რომელიც უკვე შესული იყო დაახლოებით 200 მეტრში, ხოლო მეორე დღეს დ–მა შეატყობინა, რომ მათი ნაკვეთის შუაგულიდანაც იყო მოსავალი აღებული.

14. სააპელაციო პალატამ დაცვის მხარის ვერსია კომბაინერის შეცდომის შესახებ არ გაიზიარა, ვინაიდან დ. ხ–ე, ი. ხ–ე, ვ. ბ–ი და სხვა მოწმეები უთითებენ, რომ ნაკვეთები ერთმანეთისგან გამიჯნული იყო, კერძოდ, ნაკვეთებს შორის მიჯნა ქვებით იყო გაყოფილი. ამასთან, დ. ხ–ის ნაკვეთი და მომიჯნავე ნაკვეთი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა არა მარტო მიჯნის ნიშნებით, არამედ − ნათესის მიმართულებითაც.

15. შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2021 წლის 27 ივნისის ოქმით დგინდება, რომ ს. შ–ს/ე. გ–ს მხარის ნაკვეთში კომბაინი მოძრაობდა ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით და პირიქით, ხოლო დ. ხ–ის ნაკვეთში − აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და პირიქით. ამდენად, თუკი კომბაინერი უბრალოდ შეცდომით გადავიდოდა გვერდით ნაკვეთზე და ვერ შეამჩნევდა მიჯნას, ის ჩვეულებრივ გააგრძელებდა იმავე ტრაექტორიით მოძრაობას, რომლითაც წინა ნაკვეთში მუშაობდა, მაგრამ როგორც კი კომბაინი გადავიდა დ. ხ–ის ნაკვეთზე, მან მოსავლის აღების მიმართულება შეცვალა და მოერგო უკვე ახალი ნაკვეთის ნათესის ხაზს. აღნიშნული ცალსახად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ახალი, დამოუკიდებელი ნაკვეთი მისივე სპეციფიკის გათვალისწინებით, შეგნებულად დამუშავდა. სწორედ ამიტომ დაასკვნა სააპელაციო პალატამ, რომ კომბაინერისთვის ცხადი, რომ იგი ერთიან ფართობში კი არა, ორ სხვადასხვაგვარად დამუშავებულ ნაკვეთზე მუშაობდა.

16. ამასთან, მ. ა–ი, ერთი მხრივ, თვითონვე განმარტავს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინა და კომბაინერს საზღვრები სპეციალურად აჩვენა, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ასეთი სიფრთხილე მართლაც გამოიჩინა, მაშინ კიდევ უფრო გაუგებარია, შემთხვევით როგორ უნდა გადასულიყო კომბაინერი მეზობელი ნაკვეთის 2 ჰექტარზე მეტ ფართობზე. გარდა ამისა, კომბაინერი ვ. ზ–ი უთითებს, რომ მ. ა–ი ადგილზე იყო და პროცესს უშუალოდ აკონტროლებდა. ასეთ პირობებში, თუნდაც დავუშვათ, რომ კომბაინერი შეცდა, დამკვეთს ეს აუცილებლად უნდა შეემჩნია და იგი უნდა შეეჩერებინა. 2.236 ჰექტარზე მოსავლის აღება წამიერი გადაცდომა არ არის, აღნიშნულს დიდი დრო სჭირდება.

17. მოსავლის აღებისას მ. ა–ის ადგილზე ყოფნის, უშუალო მონაწილეობისა და ხელმძღვანელობის ფაქტს, ადასტურებს არა მხოლოდ მოწმე ვ. ზ–ი, არამედ − სატვირთო ავტომანქანების მძღოლებიც. მითითებულ მტკიცებულებათა ჯაჭვი, ცხადად აჩვენებს, რომ მ. ა–ი მთლიანი პროცესის ორგანიზატორი თავად იყო, თვითონ ეძებდა კომბაინერს, ტრანსპორტს, პირადად მიუთითებდა ადგილს, საიდანაც უნდა აეღოთ მოსავალი. მიჰყავდა სატვირთო ავტომანქანის მძღოლები, იღებდა მოსავლის რეალიზაციის გადაწყვეტილებას და უშუალოდ იხდიდა თანხებს. ასეთი ქცევა კი დამატებით გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, თითქოსდა კომბაინერმა შემთხვევით გადაკვეთა მომიჯნავე ნაკვეთი.

18. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დ. ხ–ის ნაკვეთიდან ქერის მოსავლის აღება ვერ შეფასდება კომბაინერის დაუდევარ შეცდომად, არამედ − მ. ა–ის ქმედებაში გამოკვეთილია სხვისი მოსავლის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი ქურდობა.

19. რაც შეეხება 2021 წლის 26 ივნისსა და 2021 წლის 2 ივლისს ე. გ–ს ნაქირავები მიწის ნაკვეთიდან მოსავლის აღების ბრალდების ეპიზოდებს, დაცვის მხარე არ უარყოფს, რომ მ. ა–მა „ნ–ის“ ტერიტორიიდან, 10 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთიდან 2021 წლის 26 ივნისს მართლაც აიღო ქერის მოსავალი, ხოლო იმავე წლის 2 ივლისს ხორბლის მოსავალი 43 ჰა ნაკვეთიდან, მაგრამ, კასატორის ვერსიით, სადავო ნაკვეთები მ. ა–მა თავად დაამუშავა, თვითონვე დათესა, შეწამლა და ამიტომ მოსავალიც მასვე უნდა აეღო. სწორედ ეს ვერსია გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხოლო სააპელაციო პალატამ უარყო, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

20. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ე. გ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ იგი მრავალი წელია დ–ს რაიონში ეწეოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, ჰქონდა რამდენიმე ნაკვეთი, ნაწილი საკუთრებაში და ნაწილი ნაქირავები. კონკრეტულად სადავო ნაკვეთებიდან 43 ჰა ნაკვეთზე დათესილი ჰქონდა ხორბალი და 10 ჰა-ში – ქერი. მოწმემ ასევე ისაუბრა მიწის დამუშავების, პესტიციდების შეტანის, შეწამვლის, მოსალოდნელი მოსავლიანობის, ფასებისა და ზარალის შესახებ. დაზარალებულმა კატეგორიულად განმარტა, რომ მას არავისთვის მიუცია საკუთარი მოსავლის აღების უფლება, მასთან ამ ნაკვეთებზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს და მოსავალი მის მიერ ჩადებული რესურსის შედეგი იყო.

21. დაზარალებულ ე. გ–ს ჩვენებას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები:

22. მოწმე შმაგი ჯინაშვილის ჩვენება. მოწმე განმარტავს, რომ იგი განკარგავდა სადავო მიწის ნაკვეთებს. მან 43 ჰექტარი და 32 ჰექტარი (საიდანაც 10 ჰა ფართობზე მოსულ ქერის მარცვლეულს დაეუფლა მ. ა–ი) მიწის ნაკვეთები მიაქირავა ე. გ–ს. ე. გ–სთან შეთანხმებული ჰქონდა იჯარის ნატურით ან ფულით გადახდის პირობა. მოწმის ჩვენებით, 2020-2021 წლებში ორივე ნაკვეთს სწორედ ე. გ– და ს. შ– ამუშავებდნენ. შ. ჯ–ი ასევე უთითებს, რომ პერიოდულად თვითონაც ეხმარებოდა ს. შ–ს მუშების მოძიებაში.

23. მოწმე ს. შ–ს ჩვენება, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ იგი ე. გ–ს ნდობით აღჭურვილი პირია და მითითებულ ნაკვეთებზე უშუალოდ კურირებდა აგრო-სამუშაოებს. მოწმე განმარტავს, რომ 2020 წლის აგვისტოში სადავო ნაკვეთი დაჩეხეს და ოქტომბრიდან დაიწყეს თესვა: 43 ჰექტრიანზე – ხორბალი, 32 ჰექტრიანზე – ქერი. სათესლე მასალას იღებდნენ ნ. ა–ის საწყობიდან. სატვირთო მანქანის მძღოლები იყვნენ − კ. კ–ი და ნ. მ–ი. თესვაში მონაწილეობდნენ მუშები − ი. ფა–ი, დ. ჭ–ი და დ. დ–ი. იანვარში შეწამლეს, ხოლო მარტ-აპრილში შეიტანეს სასუქი და შემდეგ ჰერბიციდები. სამუშაოების დაწყებამდე ნაკვეთები დაუმუშავებელი იყო, ადრე დათესილი არ ყოფილა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოები პირველი იყო ამ ნაკვეთებზე.

24. მოწმე მ. მ–ის ჩვენება, რომელიც განმარტავს, რომ 2020 წელს ე. გ–მ დაჩეხა, დათესა და სასუქი შეიტანა ნაკვეთებში, მათ შორის კონკრეტულად სადავო − 43 ჰექტარსა და 32 ჰექტარში. მათი მუშაობის შემდეგ, შესრულდა მთელი სასოფლო-სამეურნეო ციკლი. მ. მექუდიშვილმა ასევე აღწერა ე. გ–ს კუთვნილი ტექნიკა – ი–დან ჩამოტანილი პნევმატური სათესი, რომელიც თესავს 15 სანტიმეტრიანი დაშორებით, რაც საქართველოში გავრცელებული ჩვეულებრივი სათესებისგან განსხვავდება.

25. იმავე ფაქტობრივი გარემოებებს ადასტურებენ მოწმეები − ი. ა–ი, შ. ბ–ე, კ. კ–ი, ნ. მ–ი, ი. ფ–ი და სხვები. მათი ნაწილი საუბრობს თესლის მიწოდებაზე, ნაწილი − სასუქის შეტანაზე, ნაწილი − წყლისა და ჰერბიციდის შეტანაზე, ნაწილი − ტექნიკის, ნაწილების ან საწყობის მომსახურებაზე. ამ მოწმეების ჩვენებები ერთმანეთთან თანხვდენილია ისეთ დეტალებშიც კი, როგორიცაა: რომელი ნაკვეთი სად მდებარეობდა; რომელში იყო დათესილი ქერი და რომელში ხორბალი; ვინ მიიტანა თესლი; ვინ ყრიდა სათესში; რა რაოდენობის სასუქი შეიტანეს თითო ჰექტარზე და ა.შ.

26. ძალზე მნიშვნელოვანია სადავო მიწის ნაკვეთების მომიჯნავე ნაკვეთების მფლობელთა ჩვენებებიც. მაგალითად, დ. ხ–ე ამბობს, რომ მის მომიჯნავედ მდებარე ნაკვეთი ეროვნებით ე..... ე. გ–ს ჰქონდა ნაქირავები შ. ჯ–საგან და ამ ნაკვეთზე ე....ის დავალებით, სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ს. შ–. ანალოგიურად, ი. ხ–ეც აღწერს, რომ მის მეზობლად მდებარეობდა ე. გ–ს ნაკვეთი, რომლის წარმომადგენელი ს. შ– იყო. ი. ნ–ც ადასტურეს, რომ მისი ნაკვეთის ზემოთ იყო ეროვნებით ე....ის, დაახლოებით, 43 ჰა ნაკვეთი, რომელსაც, რამდენიმე წელია, ამუშავებდნენ და ამ პროცესს ს. შ– უძღვებოდა.

27. შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2021 წლის 27 ივნისის ოქმით დგინდება, რომ დ. ხ–ის ნაკვეთის გვერდით მდებარეობდა მეორე ნაკვეთი, №........., რომელიც ე. გ–ს მფლობელობაში იყო და რომლის წარმომადგენელიც ს. შ. იყო. ამავე დათვალიერებით გაზომეს, რომ ამ ნაკვეთიდან 10.644 ჰექტრიდან აღებული იყო ქერის მოსავალი. ორივე ნაკვეთზე ერთი და იმავე ტექნიკის მოძრაობის კვალი იკითხებოდა.

28. შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2021 წლის 8 ივლისის ოქმით დადგინდა, რომ ე. გ–ს ნაკვეთში დათესილი ქერის რიგებს შორის მანძილი იყო 15 სანტიმეტრი. შემდეგ ცალკე დათვალიერდა ე. გ–ს კუთვნილი სათესი, და ამ დათვალიერებით ირკვევა, რომ სწორედ ეს აპარატი თესავდა მარცვალს 15 – სანტიმეტრიანი ინტერვალით.

29. შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2021 წლის 3 ივლისის ოქმით დგინდება, რომ

ე. გ–ს და თარჯიმან ა. გ–ს მონაწილეობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი – სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი წარმოადგენს 43 ჰექტარს.

30. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით დადგენილია შემდეგი: 2021 წლის 1 ივლისს, ტ. ტ–მა მიუთითა ადგილი, სადაც 26 ივნისს, ღამით მისი სატვირთო ავტომანქანა ქერით დაიტვირთა; 2021 წლის 1 ივლისს, ვ. ზ–მა მიუთითა ადგილი, სადაც 26 ივნისს ღამით მ. ა–ის მითითებით კომბაინით აიღო მოსავალი; 2021 წლის 4 ივლისს, გ. ი–მა მიუთითა ადგილი, სადაც მ. ა–ის მითითებით, ორი კომბაინი იღებდა მოსავალს.

31. აღნიშნული მტკიცებულებების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დაცვის მხარის ვერსია, თითქოსდა ორივე მხარე ერთსა და იმავე ნაკვეთებზე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ასრულებდა აგრო-სამუშაოებს, არ დასტურდება, რადგან მიწის დაჩეხვა, მოხვნა, დათესვა, სასუქის შეტანა და შეწამვლა ისეთი ხასიათის სამუშაოებია, რომლებიც ვერ დარჩება შეუმჩნეველი იმ პირისთვის, ვინც იმავე ნაკვეთზე თავადაც აპირებს ანალოგიური სამუშაოს შესრულებას. დაჩეხილი მიწა აშკარად შესამჩნევია, მოხნული მიწა განსხვავდება მოუხნავისაგან, დათესილ მიწაზე ჩანს სათესის კვალი, შეწამლული ან სასუქ შეტანილი მიწა ასევე ვიზუალურად შესამჩნევია. ამდენად, მითითებული გარემოებების დანახვა არა მხოლოდ გამოცდილ ფერმერს, არამედ – ამ სფეროსთვის უცხო ადამიანსაც არ გაუჭირდებოდა, მით უმეტეს – პირებს, რომლებიც წლებია სოფლის მეურნეობას ეწევიან.

32. ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ როდესაც ისინი კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად მიდიოდნენ, მანამდე ნაკვეთზე შესაბამისი სამუშაო არ იყო ჩატარებული. მაგალითად, თესვის მონაწილე მოწმეები ამბობენ, რომ მათ მისვლამდე მიწა დათესილი არ იყო; სასუქის შეტანის მონაწილეები ამბობენ, რომ მანამდე სასუქი არ იყო შეტანილი; ჰერბიციდის შემტანები ამბობენ, რომ ნაკვეთი მანამდე შეწამლული არ იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის ვერსია, თითქოს მ. ა–მა უკვე დამოუკიდებლად ჩაატარა ყველა ეს სამუშაო, პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ მითითებულ მოწმეთა ერთნაირ ჩვენებებს.

33. კასატორის კიდევ ერთ პრეტენზიასთან დაკავშირებით, თითქოს სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ ამ ნაწილშიც ამომწურავი პასუხი გასცა. ერთი მხრივ, ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სადავო ნაკვეთებზე ჩატარებულ ყველა ეტაპობრივ აგრარულ სამუშაოებში – დაჩეხვაში, თესვაში, სასუქის შეტანაში, ჰერბიციდებით დამუშავებაში, სათესლე მასალისა და სასუქის ტრანსპორტირებაში. ამასთან, სააპელაციო პალატამ კონკრეტულად განმარტა, რომ დაცვის მხარის მოწმეების ნაწილი საერთოდ არ ადასტურებდა სწორედ ამ სადავო ნაკვეთების დამუშავებას, ნაწილი კი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა მ. ა–თან და მათი ჩვენებები თავად მსჯავრდებულის განმარტებებსაც ეწინააღმდეგებოდა, მათ შორის, სასუქისა და შეწამვლის საკითხებზე.

34. რაც შეეხება დაცვის მხარის ვერსიას, რომ მ. ა–ი თესვისას იყენებდა ე. გ–ს მიერ სპეციალურად შეძენილი სათესი აპარატის მაგვარად გადაკეთებულ სხვა აპარატს, რომელიც ასევე 15 სმ-იანი ინტერვალით თესავდა, აღნიშნული მოსაზრება დაუსაბუთებელია, კერძოდ: საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. გ–ს კუთვნილი პნევმატური სათესი სწორედ 15 სმ-იანი დაშორებით თესავდა, ამავე ინტერვალით ნათესი დაფიქსირდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებითაც, ხოლო დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი სარწმუნო მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მ. ა–ი ნამდვილად იყენებდა განსხვავებული ტექნიკის გადაკეთებულ ვარიანტს, რომელსაც ზუსტად ანალოგიური შედეგი ჰქონდა.

35. დაცვის მხარის კიდევ ერთ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთები სახელმწიფო საკუთრებაში იყო, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქურდობის შემადგენლობისათვის გადამწყვეტია არა ის ფაქტორი, თუ, საჯარო რეესტრის მიხედვით, კონკრეტულად, ვისი საკუთრება იყო მიწის ნაკვეთები, არამედ ის, გარემოება, რომ სადავო მოსავალი მსჯავრდებულს არ ეკუთვნოდა, იგი სხვის მიერ იყო მოყვანილი და მიუხედავად ამისა, მ. ა–ი მას მაინც დაეუფლა. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ თუნდაც მიწა სახელმწიფოს საკუთრებაში ყოფილიყო აღრიცხული ან მისი გაქირავების სქემა სხვა სამართლებრივ კითხვებს ბადებდეს, აღნიშნული ვერ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ამ მიწაზე მოყვანილი მოსავალი ეკუთვნოდა ე. გ–ს, ანუ იმ პირს, ვინც შესაბამისი რესურსი, შრომა და ტექნიკა გაიღო მის მოსაყვანად.

36. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

38. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ა–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ქ–ას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე