საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100125011664582
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №121აპ-26 28 აპრილი, 2026 წელი
პ–ი ლ., 121აპ-26 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 დეკემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის – ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ლ. პ–ი, – დაბადებული 19.., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარი.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. პ–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. ლ. პ–ი, როგორც ინდივიდუალური მეწარმე „ლ. პ–ი“ (ს.კ. ..........), – სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლად რეგისტრირებულია 07.10.2011 წლიდან. საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სამშენებლო საქმიანობა.
2.2. 2020 წელს ლ. პ–მა გაიმარჯვა დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 3 ტენდერში. აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება შეადგენდა – 282789,66 ლარს.
2.3. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 სექტემბრის №......... ბრძანებით განისაზღვრა ინდივიდუალური მეწარმე „ლ. პ–ის“ სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან – 2023 წლის 1 აგვისტომდე პერიოდი. შემოწმების შედეგად ინდივიდუალურ მეწარმე „ლ. პ–ს“ ბიუჯეტის მიმართ დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ – 216907 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი – 146311 ლარი, ხოლო ჯარიმა – 70596 ლარი. ძირითადი გადასახადი დაერიცხა დ.ღ.გ.-ს და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, კერძოდ, დღგ – 83980 ლარი, საშემოსავლო გადასახადი – 62331 ლარი. საგადასახადო შემოწმების შედეგად, გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა არ უწარმოებია, შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტების დადგენა. გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, სახელდობრ, სწორად და დროულად არ იყო აღრიცხული შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, არ იყო აღრიცხული ყველა ოპერაცია, რის გამოც, შეუძლებელი იყო კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. გადამხდელმა სრულად არ წარადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია და განმარტებები, შესაბამისად, მეწარმის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებზე, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლისა და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, შეძენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები სრულად ჩაითვალა სხვა პირებისთვის მომსახურების გაწევისთვის გამოყენებულად, ვინაიდან მეწარმემ არ წარადგინა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შესახებ ნაშთი, ჩაითვალა, რომ ასეთი ნაშთი არ არსებობდა და მეწარმეს სასაქონლო მატერიალური ფასეულობები სრულად ჰქონდა გამოყენებული მომსახურების მიწოდებისას. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეულ მომსახურებაში გამოყენებული მასალების ღირებულება, ხარჯთაღრიცხვების მიხედვით, შეადგენდა – 87198 ლარს, 2 პირისთვის მიწოდებული მასალის ღირებულება განისაზღვრა – 38 858 ლარით, შესაბამისად, სხვა პირებისთვის მომსახურების გაწევისთვის გამოყენებული მასალის ღირებულება განისაზღვრა – 337067 ლარით. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების საფუძველზე, გაწეული მომსახურების ღირებულებაში მასალის წილი შეადგენდა 52,46%-ს, შესაბამისად, სხვა პირებისთვის გაწეული მომსახურების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა აღნიშნული პროპორციით (337067/0,5246). მიღებულმა თანხამ, დღგ-ს გამოკლებით, შეადგინა – 544478 ლარი, რაც განისაზღვრა, როგორც ინდივიდუალური მეწარმე „ლ. პ–ის“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება. აქედან გამომდინარე, აღნიშნული თანხა დაიბეგრა დღგ-თი 2020, 2021, 2022 წლების დეკემბრის თვისა და 2023 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდებში. აღნიშნული მეთოდით განსზღვრული თანხა ასევე ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, კერძოდ, 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე (ვინაიდან საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა ხდება სრულ წელზე, ამ შემთხვევაში, შესამოწმებელ პერიოდში არ მოექცა 2023 წელი), შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით დაიბეგრება – 510136 ლარი. აღნიშნული საფუძვლით, მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში – 102027 ლარი, ხოლო დღგ-ს ნაწილში – 98006 ლარი, რაც შემდგომ, მეწარმის მიერ დაშვებული შეცდომებიდან გამომდინარე, შემცირდა და, საბოლოოდ, მეწარმეს ძირითად გადასახადად დაერიცხა – 146311 ლარი.
2.4. აუდიტის დეპარტამენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მათ შორის, №..... საგადასახადო მოთხოვნა, მეწარმეს ჩაჰბარდა 2024 წლის 18 მარტს, საჯაროდ გავრცელების გზით, ხოლო შემოწმების აქტის გაცნობა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განხორციელდა – 2024 წლის 16 აპრილს. ლ. პ–ის მიერ აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტი და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში კი, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2.5. ლ. პ–ის ქმედებით სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ მიადგა – 146311 ლარის ქონებრივი ზიანი, „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული არ ყოფილა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა და მისი გადახდის ვალდებულება არ შეჩერებულა კანონის საფუძველზე.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – თინათინ სტურუამ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, ლ. პ–ის მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მისი თავისუფლების აღკვეთით შეცვლას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა – ზვიად ფხაკაძემ, რომელიც ითხოვს ლ. პ–ის მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და თავისუფლების აღკვეთით შეცვლას, რამეთუ მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი უსამართლოა და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებით. სასჯელი მსჯავრდებულისათვის ჩადენილი დანაშაულის გაანალიზების ეფექტურ ბერკეტს უნდა წარმოადგენდეს და, იმავდროულად, უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული, რაც გულისხმობს მის გამოყენებას ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც, მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. მოსამართლე, როგორც კონკრეტული სასჯელის სახის, ასევე – მისი ზომის შერჩევისას, ხელმძღვანელობს იმპერატიულად გაწერილი სამართლებრივი ნორმებითა და განსახილველი საქმის ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებებით. მართალია, ლ. პ–მა აღიარა დანაშაულის ჩადენის ფაქტი, უდავოდ გახადა მტკიცებულებები, თუმცა ზიანი არ აუნაზღაურებია და არ გადაუხდია დიდი ოდენობით გადასახდელი – 146311 ლარი. სახელმწიფოს ლ. პ–ის ქმედებით მიადგა ზიანი, მსჯავრდებულმა ნახა ქონებრივი სარგებელი, გადასახდელები კი არ გადაიხადა. ამ ვითარებაში მსჯავრდებულის მიმართ 4000-ლარიანი ჯარიმის გამოყენება არის მსუბუქი სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. ბრალდების მხარის მიერ სადავო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
10. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარა ჩადენილი დანაშაული და უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ლ. პ–ს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი სასჯელი – ჯარიმის სახით, რომლის გამკაცრებისა და თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა, მოცემულ შემთხვევაში, პროკურორის საკასაციო საჩივრის კვალდაკვალ, არ არის დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია პროკურორის მითითებას ზიანის აუნაზღაურებლობასთან დაკავშირებით, რაზეც აპელირებს იგი საკასაციო საჩივარშიც და მართებულად მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის – ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე