საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.04.2026
საქმის ნომერი
2კ-1159აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100124010683203

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1159აპ-25 ქ. თბილისი

ჯ–ე შ.,1159აპ-25 28 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ჯ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით შ. ჯ–ეს ბრალად დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თ–ში, ნ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარედ, ავტომანქანა ,,Chevrolet“, სახელმწიფო ნომრით – ...., რომელსაც მართავდა შ. ჯ–ე, დაეჯახა ქვეითს, მ. ლ–ეს. მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო შ. ჯ–ის მხრიდან ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებების გამო, 2024 წლის 21 ნოემბერს მ. ლ–ე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 5 ივნისის განაჩენით შ. ჯ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

შ. ჯ–ეს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

მსჯავრდებულ შ. ჯ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან − 2024 წლის 21 ნოემბრიდან.

გაუქმდა შ. ჯ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე − პატიმრობა.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემცირების კუთხით, კერძოდ, სასჯელის სრულად პირობითად ჩათვლა, ან დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემცირების კუთხით, კერძოდ, სასჯელის სრულად პირობითად ჩათვლას, ან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელებას, მსჯავრდებულის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ შ. ჯ–ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან.

9. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ – შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება.

12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ შ. ჯ–ისათვის სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და იგი სამართლიანია.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რომლის საფუძველზეც შ. ჯ–ე მსჯავრდებულია, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე, აგრეთვე − თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას 3 წლამდე ვადით. მითითებული სანქციის ფარგლებში მსჯავრდებულს განესაზღვრა სასჯელის მინიმალური ზომა − 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა 2 წლით. შესაბამისად, დანიშნული სასჯელი არც კანონით დადგენილ ფარგლებს სცდება და არც ისეთი სიმკაცრით ხასიათდება, რომელიც აშკარა შეუსაბამობაზე მიუთითებდა.

14. დაცვის მხარის მითითებას, რომ სასამართლოებმა არასაკმარისად გაითვალისწინეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები − დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და მისი პიროვნება (წარსულში ნასამართლობის არ ქონა და დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან შერიგების გულწრფელი მცდელობა), საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება, რადგან სააპელაციო სასამართლომ განაჩენში პირდაპირ მიუთითა, რომ შ. ჯ–ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული და უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, თუმცა ამ გარემოებებთან ერთად, შეაფასა ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე და დამდგარი მძიმე შედეგი − ადამიანის სიცოცხლის მოსპობა − რის გამოც, პირობითი მსჯავრის ან დამატებითი საშეღავათო წესის გამოყენება მიზანშეუწონლად მიიჩნია, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება და იზიარებს. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს დაზარალებულის მხარესთან შერიგებისა და ზიანის ანაზღაურებისკენ მიმართული მცდელობების შესახებ, აღნიშნული გარემოებები შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასჯელის ინდივიდუალიზაციისას, თუმცა არ წარმოადგენს პირობითი მსჯავრის ან სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის სავალდებულო საფუძველს.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ შ. ჯ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე