საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100124010420640
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1096აპ-25 ქ. თბილისი
მ-ი ნ, 1096აპ-25 9 ივნისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოგა კაკოჩაშვილისა და თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურორის მოადგილე გოჩა ქორაიას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ოქტომბერს, - ბრალად ედება ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის; გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი არაერთგზის (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2024 წლის 20 სექტემბერს, საღამოს საათებში, თ-ში, ე. ნ-ის ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი ნ. მ-ი, თ. ს-ის მიმართ ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში მუშტებისა და ფეხების ძლიერად დარტყმით, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მის კუთვნილ „სამსუნგ ა24“-ის ფირმის მობილურ ტელეფონსა და 700 ლარს. აღნიშნული ქმედებით თ. ს-ს მიადგა 1050 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2024 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 10:00 საათიდან 11:00 საათამდე დროის შუალედში, თ-ში, გ-ის ქუჩის №..-ის მოპირდაპირედ მდებარე „თ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ნ. მ-მა თ. ს-ს ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ფულის გადაცემა, რის შედეგადაც დაეუფლა მის კუთვნილ 200 ლარს.
· 2024 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ-ში, ს-ოს ტერიტორიაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ნ. მ-მა თ. ს-ეს ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ფულის გადაცემა, რის შედეგადაც დაეუფლა მის კუთვნილ 300 ლარს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 ივნისის განაჩენით:
2.1. ნ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. ნ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
2.3. ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.6. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.
2.7. ნ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 8 ოქტომბრიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ-მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტობრის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოგა კაკოჩაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, ნ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.
5.1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურორის მოადგილე გოჩა ქორაიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, ნ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება; ასევე საქმეს დაერთოს და დასაშვებად იქნეს ცნობილი შემდეგი მტკიცებულებები: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, თ. ს-ის გამოკითხვის ოქმები, დადგენილება თ. ს-ის ბრალდების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 ნოემბრის განაჩენი, მოწმის სახით დაიკითხოს თ. ს-ძე.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება 1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც გამყარებულია შესაბამის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით და რომლითაც დადგენილია ნ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენა - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და ნ. მ-ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არ დაკითხულა არცერთი პირდაპირი მოწმე და არ გამოკვლეულა არცერთი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ნ. მ-ის მიერ დაზარალებულ თ. ს-ის მობილური ტელეფონისა და ფულადი თანხის მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაუფლების, ასევე ფულადი თანხის გამოძალვის ფაქტებს (რასაც ედავება ბრალდების მხარე ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ნ. მ-ს), რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
9. დაზარალებულმა თ. ს-მ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაციის გარკვეული დეტალები, მან დაადასტურა მხოლოდ ნ. მ-ის მიერ მისი ცემისა და ტელეფონის დაუფლების ფაქტი, თუმცა უარყო ნ. მ-ის მხრიდან როგორც მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების, ასევე ფულადი თანხის გამოძალვის ფაქტები, კერძოდ, დაზარალებულის ჩვენებით დგინდება, რომ მობილური ტელეფონი მას უყიდა ნ. მ-მა; მანვე დაადასტურა, რომ ნ. მ-ს არ ჰქონია მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი - დაზარალებულის თ. ს-ის განმარტებით, მსჯავრდებული მასზე ეჭვიანობდა და აინტერესებდა მისი მიმოწერის ნახვა, იცოდა, რომ იგი მას ტელეფონს უკან დაუბრუნებდა; ტელეფონი მსჯავრდებულმა წაართვა, რადგან იგი სხვას სწერდა შეტყობინებას, შემთხვევის დღეს მას გადასაკიდებელი აბდა, ე.წ. „ბარსეტკა“ ეკეთა, რომელიც ფიზიკური კონტაქტისას მოსძვრა და გაიხსნა, ხოლო მობილური ტელეფონი მასშივე ედო; ამ დროს მსჯავრდებულმა ტელეფონი ამოიღო ჩანთიდან და წაიკითხა შეტყობინება, რა დროსაც თ. ს-ძე დ. ჯ-მა წამოიყვანა, ხოლო ნ. მ-ი იქ დარჩა; ტელეფონი მას მსჯავრდებულმა იმავე დღეს დაუბრუნა, კერძოდ, ყვავილებში ჩადებული მიუტანა ტაქსით. აგრეთვე, თ. ს-ის ჩვენების თანახმად დგინდება, რომ შემთხვევის დღეს ნ. მ-ს მისთვის ფულადი თანხა არ წაურთმევია, მიუხედავად იმისა, რომ ჩანთაში ჰქონდა 15 ლარი და იგი მას არ დამუქრებია.
10. ამდენად, დაზარალებულ თ. ს-ის ჩვენებით გამოირიცხა ნ. მ-ის მხრიდან მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, ხოლო მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არარსებობა კი თავისთავად გამორიცხავს ძარცვის ობიექტური და სუბიექტური ნიშნების არსებობას. რაც შეეხება გამოძალვის ფაქტებს, მოცემულ შემთხვევაშიც, დაზარალებულ თ. ს-ის ჩვენებით დგინდება, რომ ნ. მ-ს მისთვის ფულადი თანხა არასდროს გამოუძალავს, მათ შორის 2024 წლის 18 სექტემბერს ნ. მ-ის მხრიდან თანხის გამოძალვის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია; იგი თვითონ, თავისი ინიციატივით, აძლევდა ფულად თანხას მსჯავრდებულს. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ძარცვისა და გამოძალვის ნაწილში წარდგენილი ბრალდებების დასადასტურებლად ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, აღნიშნულ ეპიზოდებში არ არსებობს არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება ნ. მ-ის დამნაშავედ ცნობის თვალსაზრისით. მხოლოდ ის გარემოება, რომ ნ. მ-მა, როგორც ბრალდების მხარე უთითებს, შემთხვევის შემდეგ დაუბრუნა დაზარალებულს მობილური ტელეფონი, სთხოვდა შერიგებას და პოლიციიდან განცხადების გამოტანას, არ ადასტურებს იმას, რომ ნ. მ-ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თ. ს-ის მობილურ ტელეფონს; მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც, გარდა დაზარალებულის განმარტებებისა, ნ. მ-ის მიერ თ. ს-ის კუთვნილი მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებისა და შემდგომ დაბრუნების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ საქმეში არ წარმოდგენილა; ასევე, ისეთი მოცემულობის პირობებში, როდესაც დაზარალებული სრულიად სხვა გარემოებებზე მიუთითებს მობილური ტელეფონის წართმევასთან დაკავშირებით. დაზარალებულ თ. ს-ის ჩვენებით, არათუ არ დადასტურდა, საერთოდ გამოირიცხა ნ. მ-ის მიერ როგორც თანხის გამოძალვის, ასევე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მობილური ტელეფონის დაუფლების ფაქტები.
11. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულ თ. ს-ის ჩვენება ნ. მ-ის მხრიდან მის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის (ცემის) ფაქტთან დაკავშირებით (არ დაადასტურა მხოლოდ ძირს დაგდებისა და ფეხით ცემის ფაქტი), სრულადაა დადგენილი საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებით -სამედიცინო ბარათით, შემაკავებელი ორდერით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით.
12. რაც შეეხება მოწმეების - დ. ჯ-ისა და გ. გ-ის ჩვენებებს, ისინი, ასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მოწმე, მათ შორის გამომძიებლები - შ. ქ-ი, გ. ზ-ი და გ. მ-იძე არ არიან ფაქტის უშუალო თვითმხილველი; ისინი დაზარალებულისაგან ფლობენ მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ გარკვეულ ინფორმაციას (რაც თავად დაზარალებულმა უარყო პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას). შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი და ნივთიერ მტკიცებულებები, მათ შორის დაზარალებულ თ. ს-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო ბარათი და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №.. დასკვნა, ასევე შემაკავებელი ორდერი საფუძვლად ვერ დაედება და ვერ გახდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან ნ. მ-ის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების თვალსაზრისით თანხის გამოძალვისა და ძარცვის ფაქტებთან მიმართებით არასაკმარისია და უტყუარად ვერ ადასტურებს ნ. მ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას. როგორც სამედიცინო ბარათი და სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნა, ასევე შემაკავებელი ორდერი არ წარმოადგენს იმ დონის პირდაპირ მტკიცებულებას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს და ვერ გახდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. რაც შეეხება დაზარალებულის თ. ს-ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, მოცემულ შემთხვევაში ის ვერ იქნება მიჩნეული როგორც დამოუკიდებელი მტკიცებულება, ვინაიდან იგი განიხილება ერთი წყაროდან მომდინარე მტკიცებულებად და აღნიშნული მტკიცებულების ერთადერთ წყაროს წარმოადგენს დაზარალებული თ. ს-ძე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას სრულად არ დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული ინფორმაცია.
14. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორების - გოგა კაკოჩაშვილისა და გოჩა ქორაიას საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ნ. მ-ი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ. მ-მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოგა კაკოჩაშვილისა და თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურორის მოადგილე გოჩა ქორაიას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. მ-ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე