საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100125011608556
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №27აპ-26 ქ. თბილისი
ა-ი რ, 27აპ-26 17 ივნისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით:
1.1. რ. ა-ი, - დაბადებული ... წლის 16 სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (2025 წლის 28 აპრილის ეპიზოდი) და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2025 წლის 29 აპრილიდან.
1.2. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ა-მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2025 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 21:25 საათზე, თ-ში, რ. ა-ი გადაადგილდებოდა ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილით, სარეგისტრაციო ნომრით ..., ფ. მ-ის გამზირზე, მ. მ-ის ქუჩის მხრიდან დ. თ-ის ქუჩის მიმართულებით, მეორე სამოძრაო ზოლში, კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით, დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარით. რ. ა-ი ფ. მ-ს გამზირზე არ დაემორჩილა შუქნიშნის წითელი ფერის სიგნალს, ასევე, ფ. მ-ის გამზირისა და ი. პ-ის ქუჩის გადაკვეთასთან კვლავ არ დაემორჩილა შუქნიშნის წითელი ფერის სიგნალს, ორივე შუქნიშანზე გაიარა შეუჩერებლად, რის გამოც დაეჯახა ქვეითთა გადასასვლელზე, მისგან მარჯვნიდან მარცხნივ მოძრავ ქვეითს - გ. მ-ს. იგი გზას კვეთდა ქვეითთათვის ნებადამრთველ მწვანე ფერის სიგნალზე და გავლილი ჰქონდა, დაახლოებით, 12 მეტრი მანძილი. აღნიშნულით რ. ა-მა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. რ. ა-ის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებით, მიუხედავად ჯეროვანი სამედიცინო დახმარებისა, გ. მ-ი შეჯახებიდან რამდენიმე საათში, 2025 წლის 29 აპრილს, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა რ. ა-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ფ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: რ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით 4 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება და სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის პირობით ჩათვლა. ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 6 თვით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ რ. ა-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ცნობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სატრანსპორტო-ტექნიკური ექსერტიზის N... დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N.... დასკვნით, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N.... დასკვნით, ნივთმტკიცებებითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ რ. ა-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან.
8. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებლად იმიქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
10. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ – შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება.
11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ რ. ა-ის სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და იგი სამართლიანია.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რომლის საფუძველზეც რ. ა-ი მსჯავრდებულია, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე, აგრეთვე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას 3 წლამდე ვადით. მითითებული სანქციის ფარგლებში მსჯავრდებულს განესაზღვრა სასჯელის ზომა - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა 2 წლით. შესაბამისად, დანიშნული სასჯელი არც კანონით დადგენილ ფარგლებს სცდება და არც ისეთი სიმკაცრით ხასიათდება, რომელიც აშკარა შეუსაბამობაზე მიუთითებდა.
13. დაცვის მხარის მითითებას, რომ სასამართლოებმა არასაკმარისად გაითვალისწინეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები - დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და მისი პიროვნება (წარსულში ნასამართლობის არქონა და დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან შერიგების გულწრფელი მცდელობა), საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება, რადგან სააპელაციო სასამართლომ განაჩენში პირდაპირ მიუთითა, რომ რ. ა-მა აღიარა ჩადენილი დანაშაული და უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, თუმცა ამ გარემოებებთან ერთად, შეაფასა ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე და დამდგარი მძიმე შედეგი - ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (მსჯავრდებულმა უხეშად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და არ შეაჩერა მანქანა წითელი ფერის შუქნიშანზე, არ მიიღო სათანადო ზომები სიჩქარის შესამცირებლად და ვერ აირიდა ქვეითთან შეჯახება, რომელიც გზას კვეთდა ქვეითთათვის ნებადამრთველ მწვანე ფერის სიგნალზე და გავლილი ჰქონდა გარკვეული მანძილი. ამასთან მან არ აღმოუჩინა სათანადო მორალური მხარდაჭერა დაზარალებულ მხარეს და აქვთ პრეტენზია), რის გამოც, პირობითი მსჯავრის ან დამატებითი საშეღავათო წესის გამოყენება მიზანშეუწონლად მიიჩნია, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება და იზიარებს. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს დაზარალებულის მხარესთან შერიგებისა და ზიანის ანაზღაურებისკენ მიმართული მცდელობების შესახებ, აღნიშნული გარემოებები შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასჯელის ინდივიდუალიზაციისას, თუმცა არ წარმოადგენს პირობითი მსჯავრის ან სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის სავალდებულო საფუძველს.
14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ფ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე