საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1084აპ-25 თბილისი
ა-ა ო., 1084აპ-25 21აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ო. ა-ას ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისთვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· ო. ა-ამ 22.12.2024 წელს, ღამის საათებში, ქ. ზ-ში, კ. თ-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, შელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შერაცხყოფა მიაყენა მამას – ა- ა-ას, კერძოდ, გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა სახეში, რის შედეგადაც, ა- ა-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 23.12.2004 წელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სს №-- საქმეზე გასცა განჩინება ნომრით – --, რომლის თანახმადაც, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს გამომძიებელს ნება დაერთო, განჩინების საფუძველზე, ო. ა-ასგან აეღო სისხლის ნიმუში.
· 24.12.2024 წელს ზ-ის რაიონის სოფ. ჭ-ში მდებარე ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ ო. ა-ას გააცნეს და გადასცეს განჩინება, თუმცა მის შესრულებაზე უარი განაცხადა. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა მან ქ. ქ-ი, ხ-ას ქუჩის №--ში მდებარე ქუთაისის №- პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 ივნისის განაჩენით ო. ა-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მარიამ ქორიძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ო. ა-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №883აპ-24, №1030აპ-24, №1273აპ-24, №511აპ-21).
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უკანონო განაჩენი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ო. ა-ას ბრალეულობა. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, დაასკვნა, რომ ო. ა-ას მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი.
9. დაზარალებულმა ა- ა-ამ (ბრალდებულის მამა) სასამართლოს უარი განუცხადა ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, მან არ დაადასტურა მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და ამ ძალადობით – ტკივილის განცდის ფაქტი.
10. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2024 წლის 27 დეკემბრის №- დასკვნით, 23.12.2024 წელს, 14:19-14:25 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ა- ა-ას სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
11. ამდენად, სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია თუნდაც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ო. ა-ას მხრიდან მამის მიმართ ძალადობას. საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეები ძალადობის თვითმხილველები არ ყოფილან. ისინი გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, ასეთ მოწმეთა ჩვენებები ირიბია. იმის გამო, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები (მათ შორის – შემაკავებელი ორდერი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი) ემყარება მხოლოდ ერთი წყაროდან – დაზარალებულ ა- ა-ასაგან – მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ვერ გადამოწმდა თავად პირველწყაროსთან, ნაკლებია აღნიშნული მტკიცებულებების სარწმუნოობის ხარისხიც და მტკიცებულებითი წონაც. შესაბამისად, ო. ა-ა სწორად გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
12. რაც შეეხება ო. ა-ას ბრალდებას საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – მოწმე მ. პ-ას განმარტებით, მუშაობს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში; 22.12.2024 წელს შევიდა ა- ა-ას შეტყობინება შვილის მიერ მის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე და დაიწყო გამოძიება შესაბამისი მუხლით. გამომძიებლის მიერ იმავე დღეს გამოკითხულმა დაზარალებულმა მიუთითა, რომ შვილმა – ო. ა-ამ – მასზე იძალადა; ასევე მიუთითა ძალადობის მიზეზებსა და დეტალებზე. ა. ა-ა აღნიშნავდა, რომ მისი შვილი იყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ამ ინფორმაციის საფუძველზე, ო. ა-ას შესთავაზეს ნარკოლოგიური შემოწმება და სისხლის ნიმუშის გაცემა, რაზეც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სისხლის ნიმუშის ასაღებად ნებართვის გაცემაზე. გაიცა განჩინება ნიმუშის აღებაზე, რაც წარედგინა ო. ა-ას დროებითი მოთავსების იზოლატორში, ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭ-ში, თუმცა მან ისევ უარი განაცხადა, რის გამოც, ასევე შედგა შესაბამისი ოქმი. მოგვიანებით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ, ქ. ქ-ში, №- საპყრობილეში მას, ადვოკატთან ერთად, ისევ წარედგინა განჩინება და შესთავაზეს მისი შესრულება, თუმცა კვლავ უარი განაცხადა და შედგა ოქმი. ო. ა-ა აცხადებდა, რომ ნემსისა ეშინოდა და, ნიმუშის აღებას, ციხეში ყოფნა ერჩია. იძულების ზომები ვერ გამოიყენეს; კრიმინალურმა დეპარტამენტმა შეატყობინა, რომ მათ კომპეტენციაში არ შედის ნიმუშის აღება, საპყრობილის ექთანი აცხადებდა, რომ, განჩინების მიუხედავად, ნიმუშის აღება შეეძლო მხოლოდ ო. ა-ას თანხმობის შემთხვევაში. შესაბამისად, სისხლის ნიმუშის მიღების სხვა მექანიზმი არ არსებობდა.
13. საქმეში წარმოდგენილია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2024 წლის 23 დეკემბრის №- განჩინება საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ო. ა-ასგან სისხლის ნიმუშის აღებას. განჩინების შესრულება დაევალა საქართველოს შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს გამომძიებელს. მასში მითითებულია, რომ „საპროცესო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა, რა დროსაც საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გათვალისწინებული უნდა იქნეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით დადგენილი სტანდარტი“. განჩინების შესრულების ვადად განისაზღვრა 30 დღე.
14. 24.12.2024 წლის ოქმში სისხლის ნიმუშის აღებაზე უარის თქმის შესახებ მითითებულია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულს გადაეცა განჩინება ნიმუშის აღების თაობაზე, თუმცა მან უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე და შესაბამის ოქმს ხელი არ მოაწერა.
15. 19.01.2025 წლის ოქმი ე. რ-ესთან სატელეფონო გასაუბრების შესახებ ადასტურებს, რომ 19.01.2024 წელს გამომძიებელი მ. პ-ა ტელეფონით ესაუბრა №- პენიტენციური დაწესებულების მთავარ ექიმს – ე. რ-ეს – სასამართლო განჩინების აღსრულების შესახებ და მიიღო განმარტება, რომ სისხლის ნიმუშის ასაღებად სპეციალისტს გამოყოფს მხოლოდ მაშინ, თუ ბრალდებული განაცხადებს თანხმობას; იძულებით ნიმუშს ვერ აუღებენ.
16. 20.01.2025 წლის ოქმით სისხლის ნიმუშის აღებაზე უარის თქმის შესახებ დადასტურებულია, რომ ო. ა-ა ადვოკატის თანდასწრებით პირადად გაეცნო განჩინებას და სისხლის ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადა. ოქმი დადასტურებულია გამომძიებლის და ადვოკატის ხელმოწერით. ბრალდებულმა ოქმის ხელმოწერაზე განაცხადა უარი.
17. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ---ის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 06.02.2025 წლის №-- მომართვით საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კომპეტენციაში არ შედის სისხლის ნიმუშის აღება, რის გამოც, გამომძიებელს უარი ეთქვა შესაბამისი ექსპერტის გამოყოფაზე.
18. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით ისჯება განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მართლმსაჯულების ინტერესი სამართალშეფარდების პროცესის რეალიზაციის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის საგანს კი წარმოადგენს სასამართლოს განაჩენი, განჩინება ან სხვა გადაწყვეტილება.
19. საქართველოს სსსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, ნიმუშის აღება ტარდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე. შესაბამისად, დასაშვებია ბრალდებულის სხეულიდან ინფორმაციის მოპოვება იძულებით მაშინაც, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია, იძულების პროპორციული ზომის გამოყენების გზით, საქართველოს სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში ნიმუშის აღება არ უკავშირდებოდა ძლიერი ტკივილის მიყენებას და ნებადართული იყო სასამართლოს განჩინებით.
20. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ელი ნაწილის სუბიექტი არ არის ო. ა-ა, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს განჩინების თანახმად, მისი შესრულება სავსებით კანონიერად დაევალა გამომძიებელს, რის გამოც, გადაწყვეტილების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი იყო გამომძიებელი და არა – ო. ა-ა. ამავე განჩინებით გათვალისწინებული იყო, წინააღმდეგობის შემთხვევაში, პროპორციული ძალის გამოყენების შესაძლებლობა, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილისა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გამომძიებელმა გამოიყენა პროპორციული ძალა და, მიუხედავად ამისა, ვერ მოხერხდა ო. ა-ასაგან სისხლის ნიმუშის აღება. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ო. ა-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (მაგალითისათვის, იხ. სუსგ№ №511აპ-21, №703აპ-22, №1337აპ-23, №1038აპ-22).
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი – გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
22. სასამართლო უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა რომელიმე მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ დაადასტურებდა ო. ა-ას მიერ მისთვის ბრალადწარდგენილ ქმედებათა ჩადენას. სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ო. ა-ას დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“– გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და იგი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
23. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
24. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რომელიც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
26. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე