საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100124009885477
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №16აპ-26 ქ. თბილისი
ჯ–ი ს., 16აპ-26 13 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. ჯ–ს ბრალად ედება:
· ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;
· ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა და ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
· ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
ს. ჯ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2024 წლის ივნისში, დილის საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, თავიანთ სახლში, ს. ჯ–მა მისთვის ფულის თხოვნის გამო, ხელის სხეულის არეში რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლე − ი. კ–აზე, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2023 წლის ივლისიდან − 2024 წლის 17 ივლისის ჩათვლით, ს. ჯ–ი სხვადასხვა მიზეზით, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით, ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლე − ი. კ–აზე. 2024 წლის 17 ივლისს, 21:00 საათიდან 22:00 საათამდე შუალედში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, თავიანთ სახლში, ს. ჯ–მა მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის, ა. ჯ–ის თანდასწრებით, იმის გამო, რომ ა. ჯ–ს მისცა შენიშვნა, შურისძიების მოტივით, ერთხელ, ტაფის ზურგის არეში დარტყმით, ფეხის მარჯვენა ფეხში დარტყმით და ორივე მკლავზე ხელების ძლიერად მოჭერით, რამდენიმე წუთში კი – კისერზე ხელის მოჭერისა და თავის რკინის წყლის რეზერვუარზე დარტყმით, ფიზიკურად იძალადა ი. კ–აზე. აღნიშნული ქმედებების შედეგად, ი. კ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ü 2024 წლის 17 ივლისს, 21:00 საათიდან − 22:00 საათამდე შუალედში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, თავიანთ სახლში, ს. ჯ–მა, იმის გამო, რომ მათ საერთო შვილს მისცა შენიშვნა, შურისძიების მოტივით, ჯერ ფიზიკურად იძალადა მეუღლე − ი. კ–აზე, შემდეგ კი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა, ი. კ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ს. ჯ–ი, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2024 წლის ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ს. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 17 ივლისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა − 400 (ოთხასი) საათით.
ს. ჯ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.
გაუქმდა ს. ჯ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − გირაო.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ს. ჯ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2024 წლის ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ს. ჯ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2024 წლის ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასრულად და არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდების გამამართლებელ ეპიზოდებში, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ ნაწილშიც, სრულიად საკმარისი იყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. სახელმწიფო ბრალმდებელი აგრეთვე მიუთითებს ოჯახში ძალადობის საქმეთა სპეციფიკაზე.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის მოთხოვნას მსჯავრდებულ ს. ჯ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2024 წლის ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებმაც განაპირობა ს. ჯ–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება მითითებულ ბრალდებებში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურდა ს. ჯ–ის მიერ 2024 წლის 17 ივლისს ი. კ–აზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ბრალდების ამ ნაწილში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს, რომ დაზარალებულის პოლიციის ორგანოში გამოცხადება, შემაკავებელი ორდერსა და მის ოქმში მიწოდებული ინფორმაცია, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (რომლითაც დადგენილია დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა) და სხვა მტკიცებულებები, ქმნიდა საკმარის საფუძველს ოჯახში ძალადობის შემადგენლობის დასადგენად.
10. ამავე დროს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ იგივე მტკიცებულებები არ იყო საკმარისი ბრალდების გამამართლებელ ეპიზოდებში იმ დასკვნისთვის, რომ ბრალდება დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, კერძოდ:
11. საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა – ი. კ–ამ (ს. ჯ–ის მეუღლე) და მოწმე ა. ჯ–მა (ს. ჯ–ის შვილი) პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცეს ახლო ნათესავის – ს. ჯ–ის წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამავე დროს, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გამართლებულის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევაც, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მან სასამართლოში არ დაადასტურა.
12. ამასთან, სააპელაციო პალატამ სრულად გაითვალისწინა, რომ ოჯახში ძალადობის საქმეებში მტკიცებულებების მოპოვება ხშირად რთულია, რადგან ძალადობა, უმეტეს შემთხვევაში, დახურულ სივრცეში ხდება, შემსწრე პირების გარეშე, თუმცა აღნიშნული გარემოება ვერ გადაწონის გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებით − გონივრულ ეჭვს მიღმა – სტანდარტს. ამდენად, დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიუცემლობა თავისთავად არ გამორიცხავს პირის მსჯავრდებას. ოჯახში ძალადობის საქმეებში სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს ყველა სხვა მტკიცებულება და შეამოწმოს, არის თუ არა ისინი საკმარისი ბრალდების დასადასტურებლად. გარდა ამისა, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დამნაშავემ პასუხისმგებლობა არ უნდა აირიდოს მარტოოდენ მსხვერპლის მიერ საჩივრის არქონის გამო. ასეთივეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა, ითვალისწინებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას (დაიცვას ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ადეკვატური სანქცია დააკისროს მოძალადეს) და მსჯელობს, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები საკმარისია თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
13. აღნიშნულზე დაყრდნობით, სასამართლო მიმოიხილავს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს: მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ არცერთი მათგანი გამამართლებელ ეპიზოდებში რომელიმე შემთხვევის უშუალო თვითმხილველები არ ყოფილან, კერძოდ, გამომძიებლის ჩვენება ადასტურებს მხოლოდ მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების წარმოების ფაქტს, ხოლო მოწმე ესმირა კურბანოვას სასამართლოში მიცემული ჩვენება, ასევე არ შეიცავს ისეთ პირდაპირ და უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებსაც შეუძლია დამოუკიდებლად დაადასტუროს ბრალდების სადავო ეპიზოდები; დანაშაულის შესახებ შეტყობინება, შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი კი არ შეიცავს დაწვრილებით და დეტალურ ინფორმაციას ბრალდების გამამართლებელ ეპიზოდებთან მიმართებით. ამდენად, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ არც დაზარალებული და არც სავარაუდო დანაშაულის შემსწრე მოწმე, სასამართლოში არ ადასტურებენ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მხოლოდ ეს მტკიცებულებები, არ არის საკმარისი, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად – გამამართლებელ ეპიზოდებში.
14. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე, მათ შორის – ოჯახური დანაშაულის საქმეებზე, დადგენილია ერთი სტანდარტი – ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.
15. ამდენად, სააპელაციო პალატამ სწორედ ამ მიდგომით იმსჯელა და მართებულად დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები არ იყო საკმარისი ბრალდების ყველა ეპიზოდის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასადასტურებლად. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი ერთობლიობა არსებობდა მხოლოდ 2024 წლის 17 ივლისის ფიზიკური ძალადობის ბრალდების ეპიზოდთან მიმართებით, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე