საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100125011670264
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№168აპ-26 ქ. თბილისი
ა–ი ა., 168აპ-26 5 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ა–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის (2 ეპიზოდი); ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. ა. ა–მა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის შესაბამისად, ითვლებოდა ნასამართლევ პირად, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში, მის საცხოვრებელ სახლში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, უზღუდავდა რა სხვა პირებთან კომუნიკაციას, ყელის არეში ხელის ძლიერად მოჭერით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – ჰ. ა–ს, მათივე არასრულწლოვანი შვილების – ლ. ა–ის, ა. ა–ის, ლ. ა–ისა და ნ. ა–ის თანდასწრებით. ა. ა–ის ფიზიკური ძალადობის შედეგად, ჰ. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. ა. ა–მა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის შესაბამისად, ითვლებოდა ნასამართლევ პირად, 2025 წლის 4 ივნისს, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში, მის საცხოვრებელ სახლში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, უზღუდავდა რა სხვა პირებთან კომუნიკაციას, სახის არეში ხელის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლე ჰ. ა–ს, მათივე არასრულწლოვანი შვილების – ლ. ა–ის, ა. ა–ის, ლ. ა–ის და ნ. ა–ის, თანდასწრებით. ა. ა–ის ფიზიკური ძალადობის შედეგად, ჰ. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. ა. ა–მა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის შესაბამისად, ითვლებოდა ნასამართლევ პირად, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, 2025 წლის 4 ივნისსა და 2025 წლის 8 ივნისს, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში, მის საცხოვრებელ სახლში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლე ჰ. ა–თან ოჯახური კონფლიქტების დროს, რომელსაც მის საკუთრებად მიიჩნევდა და უზღუდავდა სხვა პირებთან კომუნიკაციას, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ამ უკანასკნელს. კერძოდ, ა. ა–ი მეუღლეს – ჰ. ა–ს ეუბნებოდა, რომ მასზე ძალადობის შესახებ არავისთვის ეთქვა, თორემ აუცილებლად მოკლავდა. ა. ა–ის მუქარა ჰ. ა–მა აღიქვა რეალურად, გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში და იძულებული გახდა, დახმარებისათვის სამართალდამცავი ორგანოსათვის მიემართა.
2. ა. ა–ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა (2 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით.
3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ა. ა–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2024 წლის ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2025 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი ორჯონიკიძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ა. ა–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა (2 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი ორჯონიკიძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ა. ა–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა (2 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რამეთუ, ოჯახური დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით – დანაშაულის შესახებ დაზარალებულის შეტყობინებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრ „112-დან“ გამოთხოვილი აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით, სამედიცინო ექსპერტზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაზე დაზარალებულის შენიშვნით, მოწმეების: ს. ა–ს, ა. ა–ს, ი. ა–სა და ს. ა–ს ჩვენებებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენითა და სხვა სამხილებით – გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. ა–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენა.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელია, რამეთუ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადგინდა ა. ა–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულმა ჰ. ა–მა და მოწმეებმა – ლ. და ლ. ა–ებმა, სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები მათი ოჯახის წევრის წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია, დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებული ინფორმაცია, დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; სხვა მტკიცებულებებიდან კი, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში – მოწმეების: ს. ა–ს, ა. ა–ს, ი. ა–სა და ს. ა–ს, ჩვენებები, ა. ა–ისათვის ბრალადშერაცხილ კონკრეტულ ქმედებებთან მიმართებით – ირიბია, ალკოტესტით შემოწმების ოქმი და ა. ა–ის მიმართ წარსულში არსებული გამამტყუნებელი განაჩენი – არაფრისმთქმელი, ხოლო დანაშაულის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრ „112-ში“ შეტყობინება კი, გამომდინარე იქიდან, რომ დაზარალებული ჰ. ა–ი სასამართლოში არ დაკითხულა, მათ შორის, სადავო შეტყობინების ნამდვილობასთან დაკავშირებით, ვერ ქმნის პირის მსჯავრდებისათვის აუცილებელი მტკიცებულებების უტყუარ და საკმარის ერთობლიობას.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე