საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.04.2026
საქმის ნომერი
2კ-973აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100124010511174

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №973აპ-25 ქ. თბილისი

მ-ი დ, 973აპ-25 30 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 23 მაისის განაჩენით:

1.1. დ. მ-ი, - დაბადებული ... წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ,,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და 4 წლით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.

1.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 12 ოქტომბრიდან.

1.4. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და 4 წლით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. მ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2024 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი, მთვრალი დ. მ-ი, ურთიერთშელაპარაკებისას, თანნაქონი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს - ა. მ-ს, კერძოდ, დანის დემონსტრირებით წაიწია მისკენ და უთხრა, რომ გამოჭრიდა ყელს და მოკლავდა, რა დროსაც ა. მ-ი შეშინებული გაიქცა ეზოს გარეთ. იმის გამო, რომ დ. მ-ი იყო აგრესიული არასრულწლოვანი შვილის მიმართ, ა. მ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ დ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და დ. მ-ის გამართლება.

4.1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ დ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და, საქმეში არსებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე (დაზარალებულ ა. მ-ის, მოწმეების - ჯ. ხ-ის, გ. ბ-ის, ა. დ-ის, მ. კ-ის, ნ. ქ-ის, ნ. ჭ-ისა და სხვათა ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, „112-ის“ სამსახურში გაკეთებული შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, №... შემაკავებელი ორდერი და საქმეში არსებული სხვა მასალები), ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას დ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ,,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.

7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა სრულებით საკმარისია დ. მ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად. სახეზეა არა მხოლოდ დანაშაულთა ფაქტობრივად განხორციელების დასტური, არამედ ის ობიექტური ნიშნები, რომლებიც განსახილველ დანაშაულს ახასიათებს, კერძოდ, შიშის განცდა. დაზარალებულმა ა. მ-მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის დ. მ-ის შვილი. ცხოვრობს მ-ის რაიონის სოფელ წ-ში დედასთან - ნ. ძ-ან, დედმამიშვილებსა და მამასთან - დ. მ-ან ერთად. მამა რამდენიმე თვის წინ გამოვიდა ციხიდან. ზოგადად იგი არის კონფლიქტური, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთვრალია. 2024 წლის 12 ოქტომბერს იმყოფებოდა სოფელ წ-ში დილიდან, მეგობრებთან ერთად. როცა დაბრუნდა, დ. მ-ი იყო სახლში ძლიერ მთვრალი. დანახვისთანავე უთხრა „სად ეგდე, შენი დედა …“. მას ხმა არ გაუცია, რადგან არ უნდოდა აყოლა, უფრო მეტად რომ არ გაბრაზებულიყო. იგი გავიდა ეზოში, დ. მ-ი გაჰყვა გარეთ, სახლის ეზოში, ყვიროდა ხმამაღლა: „სად ეგდე, სად დაეთრევი“ და დაუწყო დედის მისამართით გინება. იგი ისევ არ სცემდა ხმას, ბოლოს უთხრა, რომ ძმაკაცებთან ერთად იყო გარეთ. ამის შემდეგ დაუწყო ლანძღვა, ეუბნებოდა, რომ იყო ქუჩის ძაღლი, აგინებდა დედის მისამართით, უთხრა - ნახე, თუ ყელი არ გამოგჭრა ახლა, მოგკლაო და შევარდა შიგნით. ამ დროს მან დაინახა, რომ დ. მ-მა სახლიდან გამოიტანა სამზარეულოს ხისტარიანი დანა და მიუშვირა, დაახლოებით, 10 მეტრის მოშორებიდან და უთხრა, მოდი აქ, ყელი უნდა გამოგჭრაო. მას მუქარასა და დანის დანახვაზე ძალიან შეეშინდა. იგი ფიქრობდა, რომ დ. მ-ი მართლა მივარდებოდა და მოკლავდა. ამასობაში მამა წამოვიდა მისკენ, რა დროსაც უკვე იფიქრა, რომ ყელს გამოსჭრიდა, რაზეც განიცადა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში. აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, ეს ყველაფერი ხდებოდა წამიერად, ამ დროს დედამისი - ნ. ძ-ი გამოვარდა სახლიდან. როდესაც მან დაინახა, დ-ს ხელში დანა ეჭირა და ა-ნ მიიწევდა მუქარით, რომ მოკლავდა და ყელს გამოსჭრიდა, ნ-ამ დაიწყო ყვირილი ხმამაღლა, ეცა ხელში და დ-ოს დააგდებინა დანა. ა-ი გაიქცა გარეთ და მას შემდეგ რა მოხდა მისთვის უცნობია. ძალიან შეეშინდა, გაქცევა უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან შიშისგან ფეხებში ძალა წაერთვა. სახლიდან გაქცეულმა შემდეგ დარეკა 112-ში და შეატყობინა მომხდარის შესახებ. ამდენად, დაზარალებული, გარდა იმისა, რომ ამხელს დ. მ-ს მისდამი მუქარისთვის, აღნიშნავს, რომ შიშის გამო გაქცევასაც ვერ ახერხებდა, რადგან ფეხებში ძალა წაერთვა.

8. საგულისხმოა, რომ არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ა. მ-მა გამოძიების ეტაპზე ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებში, კერძოდ, 2024 წლის 12 ოქტომბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ჩვენებაში მითითებულ გარემოებებთან ერთად, ასევე მიუთითა იმ ადგილზე, საიდანაც დ. მ-ი დაემუქრა მოკვლით და სადაც თავად იდგა. ამის შემდეგ მალევე გამოვიდა დედამისი - ნ. ძ-ი და დ-ოს ხელიდან დააგდებინა დანა, ხოლო ა-ი გაიქცა.

9. „112-ის“ სამსახურში შეტყობინების აუდიოჩანაწერის მიხედვით, შეტყობინების ინიციატორმა ოპერატორს შეატყობინა, რომ მ-ის რაიონის სოფელ წ-ნში მამა, დ. მ-ი, ემუქრება დანით, კლავს. დააზუსტა, რომ მამა სახლში მივიდა, იყო მთვრალი და ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. ა. მ-მა ოპერატორს სთხოვა დროული რეაგირება. მანვე აღნიშნა, რომ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ახლახანს. ოპერატორის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, დ. მ-ს აქვს თუ არა იარაღი, შეტყობინების ინიციატორმა მიუგო, რომ იარაღი არ აქვს, დანა აქვს, დანით ემუქრება.

10. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული გამამატყუნებელი განაჩენის მსგავსად, მიუთითებს განსახილველი დანაშაულისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ობიექტურ ნიშანზე - დაზარალებულში მუქარის დროს შიშის განცდაზე და აღნიშნავს, რომ იგი უტყუარად დადასტურებულია როგორც სუბიექტური თვალსაზრისით, რადგან დაზარალებული უშუალოდ და ხაზგასმით მიუთითებს ამის შესახებ თავის ჩვენებაში, ასევე, დაძლეულია ობიექტური ტესტიც, ვინაიდან ა. მ-ის შეტყობინების შინაარსიც საკმარისად გადმოსცემს არასრულწლოვნის ემოციურ მდგომარეობას მამის მუქარის შემდეგ. ამასთან, ნათელია, რომ დანის დემონსტრირებით ყელის გამოჭრის მუქარა ობიექტურად გამოიწვევს შიშის შეგრძნებას.

11. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულ დ. მ-ის მეუღლემ - ნ. ძ-მა და დედამ - ე. პ-მა უარი განაცხადეს სასამართლოში თავიანთი ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, თუმცა ამ საფუძვლით შემავსებელი მტკიცებულების ძალა ვერ დაეკარგება ნ. ძ-ის მონაწილეობით ჩატარებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს სოფელ წ-ში. მოწმის მითითებით, მივიდნენ სახლის წინ აივანზე, სადაც დგას ერთი ხის მაგიდა, რომლის ზედაპირზე დევს ერთი ცალი ბასრპირიანი წვეტიანი დანა, რომელზეც მან განმარტა, რომ აღნიშნული დანით დ. მ-ი ემუქრებოდა შვილს - ა. მ-ს; მან ასევე მიუთითა ადგილზე, საიდანაც დ. მ-ი ემუქრებოდა შვილს სიცოცხლის მოსპობით დანის დემონსტრირებით. აღნიშნულ მოწმესთან ასევე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მან მიუთითა ადგილზე, სადაც დანით ხელში მეუღლე - დ. მ-ი მოკვლით დაემუქრა მის შვილს - ა. მ-ს, რა დროსაც მან მეუღლეს ხელიდან გააგდებინა დანა. თავის მხრივ, დ. მ-ის მხრიდან შვილის მიმართ ფსიქოლოგიურად ძალადობის ფაქტი დასტურდება მოწმე ე. პ-ის „112-ში“ შეტყობინების შინაარსით, რომელიც ასევე, გამოკვლეულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე. ამ მოწმეთა ჩვენებებს ამყარებს საქმეზე გამოცემული №... შემაკავებელი ორდერის შინაარსი, სადაც მოძალადედ მითითებულია დ. მ-ი, ხოლო მსხვერპლად დასახელებულია ა. მ-ი. მასში აღნიშნულია, რომ დ. მ-ი ფსიქოლოგიურად ძალადობდა შვილის მიმართ.

12. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - ჯ. ხ-მა, გ. ბ-მ, ა. დ-მა, მ. კ-მა, ა. ბ-მა და ა. ბ-მა, ასევე, ექსპერტებმა - დ. კ-მ, ტ. ტ-მა, 112-ის სპეციალისტმა - ნ. ქ-მ და სოციალურმა მუშაკმა - ნ. ჭ-მ.

13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეძლო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობის წარმოდგენა, რომელთა ანალიზი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ადასტურებს დ. მ-ის მხრიდან შვილზე დამუქრებას.

14. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის. დასაშვებობის შესახებ მსჯავრდებულის ადვოკატის მოტივებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე - სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და, ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რომელიც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.

15. სააპელაციო სასამართლომ დ. მ-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენის საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა.

16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე: Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე