საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100125011301062
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №994აპ-25 ქ. თბილისი
გ-ი დ, 994აპ-25 8 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მანანა თანდაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 31 ივლისის განაჩენით:
1.1. დ. გ-ი, - დაბადებული ... წლის ... სექტემბერს- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი.
1.2. გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განჩინებით დ. გ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - 10000 ლარი და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა - 10000 ლარი სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. გ-მა ჩაიდინა დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. შპს ,,ჯ-ი“ (ს.ნ. ....) 18.06.2018 წლიდან რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და ფაქტობრივად საქმიანობს მისამართზე - ლ-ის რაიონი. საზოგადოების დირექტორი და დამფუძნებელი, 100% წილის მფლობელობით, არის დ. გ-ი (პირადი №...). საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გზებისა და ავტობანების მშენებლობა. შპს ,,ჯ-ის“ დირექტორმა დ. გ-მა, სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, განზრახ თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით, ამავე დეპარტამენტის 2021 წლის 23 დეკემბრის №40434 ბრძანებითა და 2021 წლის 24 დეკემბრის №006-983 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე (01.01.2018- 01.03.2021 წლების შესამოწმებელი დროის პერიოდში), შპს ,,ჯ-ს“ ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა ჯამში 222612,75 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 125186 ლარი, ჯარიმა 70652 ლარი და საურავი 26774.75 ლარი. ხსენებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, დ. გ-მა საჩივარი წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურში. შედეგად, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 6 თებერვლის საგადასახადო მოთხოვნა N006-33, რომლის თანახმად, შპს ,,ჯ-ის“ მიმართ განხორციელდა დარიცხული თანხის კორექტირება და საბოლოოდ, კომპანიას ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 208674,54 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 103972 ლარი, ჯარიმა 60045 ლარი, საურავი 44657,54 ლარი. 2023 წლის 6 თებერვლის N006-33 საგადასახადო მოთხოვნა დ. გ-მა გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რაზეც დავების საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო 05.04.2023 წელს N7326 ბრძანებით და შპს ,,ჯ-ის“ დირექტორის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 17.04.2023 წელს, რაც შემდგომში არ გაუსაჩივრებია. დღეის მდგომარეობით ამოწურულია შპს ,,ჯ-ის“ დაკისრებული დიდი ოდენობით საგადასახადო ვალდებულების თაობაზე გამოცემული გადაწყვეტილებების გასაჩივრების სამართლებრივი შესაძლებლობა და გასულია გადასახადის გადახდის კანონით დადგენილი ვადები. დ. გ-ს დარიცხული ძირითადი თანხა არ გადაუხდია, ხოლო საწარმოსთან საგადასახადო შეთანხმება არ გაფორმებულა. ზემოაღნიშნული ქმედებით, შპს ,,ჯ-ის“ დირექტორმა დ. გ-მა განზრახ თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადის - 103972 ლარის გადახდას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 31 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მანანა თანდაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულ დ. გ-ის შეფარდებული სასჯელის დამძიმების კუთხით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: თავად დ. გ-ის აღიარებითი ჩვენება, მოწმეების - გ. მ-ას, ჯ. ხ-ის, ნ. მ-ის, მ. ლ-ის, დაზარალებულის წარმომადგენლის - ნ. ბ-ის, გამოკითხვის ოქმები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტები, ამავე დეპარტამენტის 2021 წლის 23 დეკემბრის N40434 ბრძანება და 2021 წლის 24 დეკემბრის N006-983 საგადასახადო მოთხოვნა, N006-33 საგადასახადო მოთხოვნა, დათვალიერების ოქმები, წერილობითი დოკუმენტაცია, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ დ. გ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, რასაც არც კასატორი ხდის სადავოდ.
7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი მანანა თანდაშვილი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ დ. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებას.
8. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), N21447/11, N35839/11, 27/02/2020, §66).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე - შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მსჯავრდებულ დ. გ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე პროკურორ მანანა თანდაშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, რისი მხედველობაში მიღებითაც, მას შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა (საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე), კერძოდ: დ. გ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, პირველადაა სამართალში, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი; დ. გ-ი მზაობას გამოთქვამს ზიანის ანაზღაურებაზე, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით (მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ 2026 წლის 6 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულმა დ. გ-მა სს ,,თ-ში“ გადაიხადა 1100 ლარი).
12. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ არ შეიძლება კანონმდებლის ჩანაწერის უგულებელყოფა განსახილველი დანაშაულისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმის დაწესებასთან დაკავშირებით, რაც იმთავითვე გულისხმობს, რომ შესაბამისი ზოგადსავალდებულო ელემენტების გათვალისწინებით, აღნიშნული სახის ქმედებისათვის შესაძლებელია, დამნაშავისათვის შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენდეს ჯარიმაც.
13. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის პოზიციას იმის შესახებ, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის და ეს გარემოება გამოყენებული იქნეს მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დამძიმების კუთხით, რადგან სასჯელის მკაცრი ზომის გამოყენების მიზანშეწონილობის დაფუძნება ზიანის ანაზღაურების კრიტერიუმზე სცილდება სასჯელის მიზნებს.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მანანა თანდაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე