საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100124009946224
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1064აპ-25 ქ. თბილისი
ლ–ე დ., 1064აპ-25 29 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ლ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების − გ. ძ–ისა და ი. კ–ის, ასევე, თბილისის პროკურატურის პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. ლ–ეს ბრალად ედება:
ü განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
ü განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
ü დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა (ორი ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
დ. ლ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü დ. ლ–ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ასევე, უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საერთო რაოდენობით − 3,6971 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ალფა-პვპ(α-PVP)-ს“. კერძოდ, 2024 წლის 14 ივლისს, დილის საათებში, ქ. თ–ში, ...... ქ-ის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული დ. ლ–ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს 18 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ (α-PVP)“, წონით − 3,0314 გრამი;
ü 2024 წლის 14 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, ქ. თ–ში, გ–ს ტბასთან, ....ს ქ-ის №..-ის მიმდებარე ტერიტორიასა და ქ. თ–ში, .... ქუჩის №..-ის მიმდებარედ, დ. ლ–ე უკანონოდ ინახავდა 4 ცალად დაფასოებულ, საერთო რაოდენობით − 0,6657 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ალფა-პვპ (α-PVP)-ს“;
ü 2024 წლის 14 ივლისს, დილის საათებში, ქ. თ–ში, ...... ქ-ის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ლ–ე, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ ინახავდა 18 ცალად დაფასოებულ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 3,0314 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ალფა-პვპ (α-PVP)-ს“, რაც ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკის შედეგად;
ü 2024 წლის 14 ივლისს, ქ. თ–ში, გ–ს ტბასთან, .... ქ. №..-ის მიმდებარედ, დ. ლ–ემ, შემდგომი გასაღების მიზნით, განათავსა 2 ცალად დაფასოებული, დიდი ოდენობით, საერთო რაოდენობით − 0,3606 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ (α-PVP)“, რათა შექმნილიყო სხვა პირების მიერ მითითებულ ლოკაციაზე დატოვებული ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის საფუძველი. დ. ლ–ემ ნარკოტიკული საშუალების გასაღება ვერ შეძლო, რადგან იგი დააკავეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა, ხოლო ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამავე ადგილიდან გამოძიების ფარგლებში ამოიღეს 2024 წლის 14 ივლისს, დღის მეორე ნახევარში.
ü 2024 წლის 14 ივლისს, ქ. თ–ში, .... ქუჩის №..-ის მიმდებარედ, დ. ლ–ემ შემდგომი გასაღების მიზნით, განათავსა 2 ცალად დაფასოებული, დიდი ოდენობით, საერთო რაოდენობით − 0,3051 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ (α-PVP)“, რათა შექმნილიყო სხვა პირების მიერ მითითებულ ლოკაციაზე დატოვებული ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის საფუძველი. დ. ლ–ემ ნარკოტიკული საშუალების გასაღება ვერ შეძლო, რადგან იგი დააკავეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა, ხოლო ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამავე ადგილიდან გამოძიების ფარგლებში ამოიღეს 2024 წლის 14 ივლისს, დღის მეორე ნახევარში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენით დ. ლ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ორ ეპიზოდად წარდგენილი ბრალდება, გაუერთიანდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას.
დ. ლ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ლ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
დ. ლ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.
დ. ლ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 14 ივლისიდან.
დ. ლ–ეს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით – ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ბრალდების, ასევე – დაცვის მხარემ.
ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დ. ლ–ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხილ ბრალდებაში, ხოლო 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის ნაწილით, კერძოდ, დ. ლ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 18, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ ყულჯანიშვილისა და მსჯავრდებულ დ. ლ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ძ–ისა და ი. კ–ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
დ. ლ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
დ. ლ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
დ. ლ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 18, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ლ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
დ. ლ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
დ. ლ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 14 ივლისიდან.
დ. ლ–ეს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით – ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ასევე − დაცვის მხარემ.
ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს დ. ლ–ის გამართლებას ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადების ნაწილში, ხოლო 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, შემდეგი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა; დ. ლ–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას ოქმში არ არის ასახული პოლიციის დამხმარე ეკიპაჟის მონაწილეობის ფაქტი, დაკავებისას ბრალდებულს უფლებები არ განუმარტეს; სასამართლომ კრიტიკული შეფასების გარეშე გაიზიარა ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაინტერესებული და მიკერძოებული პირები არიან; არ არსებობს საკმარისი, ობიექტური და პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ დ. ლ–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება შემდგომი გასაღებისთვის იყო გამზადებული; მსჯავრდებული იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, მუსიკოსი, იგი ხშირად გადაადგილდებოდა და პირადი მოხმარებისთვის მარაგს აგროვებდა; ამასთან, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ დ. ლ–ისთვის განსაზღვრული 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, არის უსამართლოდ მკაცრი და შეუსაბამო მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით.
ü პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას კვალიფიკაციის ნაწილით, კერძოდ, დ. ლ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 18, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: პროკურორის პოზიციით, დ. ლ–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების 18 შეკვრის ფლობა უნდა შეფასებულიყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადებად, ხოლო ორ მისამართზე ნარკოტიკული საშუალებების განთავსება − გასაღების მცდელობის ორ დამოუკიდებელ ეპიზოდად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს როგორც დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ. ლ–ის მიმართ ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადების ნაწილით შერაცხილ ბრალდებაში გამართლების, ხოლო 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ისე − პროკურორის მოთხოვნას − მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ ბრალდების შესახებ დადგენილების კვალიფიკაციის მიხედვით, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დ. ლ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:
10. მოწმე ნ. კ–მა, შსს საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორმა, დეტალურად აღწერა დ. ლ–ის შეჩერების, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის გარემოებები. მისი ჩვენებით, დ. ლ–ემ თავადვე მიუთითა, რომ თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“; შემდგომ პირადი ჩხრეკისას წარმოადგინა 18 ცალად დაფასოებული, ვიზუალურად ერთგვაროვანი შეკვრა, რომლებიც მოთავსებული იყო მოყვითალო-მომწვანო მწებავი ლენტით გადახვეულ პაკეტში, შიგნით მოთავსებული მეტალის მაგნიტებითა და ნარკოტიკული საშუალებით; კითხვაზე, თუ რისთვის ჰქონდა ამ ოდენობის ნარკოტიკული საშუალება, დ. ლ–ემ განაცხადა, რომ იგი რეალიზების მიზნით, სხვადასხვა ადგილას ამაგრებდა მაგნიტის საშუალებით, ხოლო გასაღება ხდებოდა სოციალური ქსელის − ე.წ. ,,.....ის“ მეშვეობით და არა უშუალო კომუნიკაციით. ბრალდებულმა ასევე, განაცხადა, რომ ახლო ადგილებში, ფეხით გადასაადგილებელ მონაკვეთზე მას უკვე ჰქონდა დალაგებული იგივე შეფერილობის, დაფასოებისა და სახის ნარკოტიკული საშუალება. სწორედ აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, პირადი ჩხრეკის შედეგად 18 ცალი ნარკოტიკული საშუალების ამოღების შემდეგ, ნ. კ–მა დ. ლ–ეს დაუსვა შეკითხვა, თუ სად წაიღო დანარჩენი ნარკოტიკული საშუალება, რაც ისმის ჩხრეკის ამსახველ ვიდეოჩანაწერშიც. აღნიშნულის შემდგომ გამომძიებელმა ბრალდებულის მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც თავადაც მიიღო მონაწილეობა. ექსპერიმენტის დროს დ. ლ–ის მითითებით მივიდნენ ახლომდებარე მისამართებზე, სადაც მან დილის საათებში, მათ მიერ შეჩერებამდე და დაკავებამდე განათავსა ნარკოტიკული საშუალება. პირველად მივიდნენ ....–ს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჯერ ქვების ქვეშ, ხოლო შემდეგ სახლის კედელთან არსებულ რკინის მილზე და მრიცხველზე იყო მაგნიტით დამაგრებული ნარკოტიკული საშუალება. შემდეგ მივიდნენ ..... ქუჩაზე №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ორ ადგილას − რკინის ღობესა და მეტალის ბოძზე იყო მაგნიტის მეშვეობით მიმაგრებული ნარკოტიკული საშუალებები. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით ამოიღეს და დალუქეს. მოწმემ განმარტა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ვიზუალურად ერთმანეთის იდენტური იყო. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს დ. ლ–ე გაეცნო და შენიშვნები არ ჰქონია.
11. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს .......ს ... ... ოცეულის პატრულ-ინსპექტორ ნ. კ–მა, პატრულ-ინსპექტორ შ. ჯ–ის მონაწილეობით, 2024 წლის 14 ივლისს, 10:45 საათზე, ქ. თ–ში, .... ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დააკავა დ. ლ–ე იმ საფუძვლით, რომ მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას და მის ტანსაცმელში აღმოჩენილ იქნა დანაშაულის აშკარა კვალი. წინააღმდეგობის გაწევასა და რაიმე იძულებითი ზომის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, ჩატარდა 2024 წლის 14 ივლისს, 10:47 საათიდან 11:14 საათამდე დროის პერიოდში. დ. ლ–ის პირადი ჩხრეკის შედეგად, მისი ჯინსის ჟილეტის შიდა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს 18 ცალი მცირე ზომის პაკეტი, შიგნით არსებული მოთეთრო ფერის ფხვიერი მასითა და მცირე ზომის მეტალებით, რომლებიც შეიფუთა და დაილუქა ერთ პაკეტად. შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად. პაკეტებზე განათავსეს ხელმოწერები და დაისვა თარიღები. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული პაკეტები, რომელშიც არის მოთეთრო ფერის ფხვიერი მასა, გამჭვირვალე პოლიეთილენისაა, რომელიც გადახვეულია მოლურჯო ფერის მწებავი ლენტით, მათში ასევე მოთავსებულია მცირე ზომის მეტალები, სავარაუდოდ, მაგნიტი. ოქმში შეტანილი შენიშვნის თანახმად: − „რაიმე სახის შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ შემოსულა.“ ასევე, ოქმის ბოლოს დ. ლ–ის მიერ შესრულებული ხელნაწერით შეტანილია შენიშვნა: − „განმემარტა ჩემი უფლებები, წარმედგინა ჩემი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და გადმომეცა მისი ასლი“, რაც დადასტურებულია ბრალდებულის ხელმოწერით.
12. დაკავების შემდგომ დ. ლ–ე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც გამომძიებლის მისვლისას, ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო მოქმედების დროს, დ. ლ–ის მითითებით, მივიდნენ ახლომდებარე მისამართებზე, სადაც მან დილის საათებში, პოლიციელთა მიერ შეჩერება-დაკავებამდე, განათავსა ნარკოტიკული საშუალება.
13. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, თავდაპირველად მივიდნენ ....... ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჯერ ქვების ქვეშ, ხოლო შემდეგ − სახლის კედელთან არსებულ რკინის მილსა და მრიცხველზე მაგნიტით იყო დამაგრებული ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შემდეგ, ..... ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულისავე მითითებით, ორ ადგილას − რკინის ღობესა და მეტალის ბოძზე აღმოაჩინეს მაგნიტის მეშვეობით მიმაგრებული ნარკოტიკული საშუალებები. ორივე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ გამომძიებელი, პატრულ-ინსპექტორები და ექსპერტ-კრიმინალისტები; პაკეტები დაილუქა კანონით დადგენილი წესით; ოქმები ხელმოწერილია დ. ლ–ის მიერაც.
14. მოწმე ო. ც–ის, პატრულ-ინსპექტორის ჩვენება სრულად შეესაბამება მოწმე ნ. კ–ის ჩვენებას, ასევე − საგამოძიებო ექსპერიმენტის, დ. ლ–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებს, კერძოდ, მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი შემთხვევის ადგილზე მივიდა დამხმარე ეკიპაჟის სახით და უშუალოდ დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღია; მისი და მისი მეწყვილის ფუნქცია შემოიფარგლებოდა მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფით. ამავე დროს, მან უშუალოდ დაინახა, რომ დ. ლ–ემ თავად წარმოადგინა 18 შეკვრა, განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა მას და ჰქონდა გასაღების მიზნით. გამოძიებასთან თანამშრომლობის თანხმობის შემდეგ, დ–მა მიუთითა ის კონკრეტული ოთხი ადგილი, სადაც ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა დატოვებული. მოწმე ო. ც–ე, ნ. კ–ის ჩვენების იდენტურად აღწერს − საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობას, დ. ლ–ის მიერ მითითებულ ლოკაციებს, ნარკოტიკული საშუალებების შეფუთვის იდენტურობას, ამოღების პროცესში გამომძიებლისა და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობასა და ვიდეოჩაწერის არსებობას.
15. სსიპ ,,112-დან“ გამოთხოვილი სამხრე კამერის ვიდეოჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დ. ლ–ემ ადგილზე თავადვე წარმოადგინა ლენტებში გადახვეული ნარკოტიკული საშუალება. პატრულ-ინსპექტორი − შ. ჯ–ე მას ეუბნება, რომ ჯიბეებიდან ამოალაგოს, რაც აქვს. ამ დროს, დ. ლ–ე ჯიბიდან იღებს ლენტებში გადახვეულ ნარკოტიკულ საშუალებას, რაზეც პატრულ-ინსპექტორი ეკითხება, თუ რა არის იგი. დ. ლ–ე პასუხობს: – „ცეკა“, რომელზეც განმარტავს, რომ არის „ალფა-პვპ“. შემდეგ მას უტარებენ პირად ჩხრეკას, რა დროსაც იღებენ დ. ლ–ის ჯიბიდან ერთ ცალ ობიექტს. პატრულ-ინსპექტორი კიდევ ერთხელ ეკითხება, თუ რომელი ნარკოტიკული საშუალებებია, რაც წარმოადგინა. დ–ი პასუხობს, რომ მხოლოდ ,,ალფა-პვპ-ა“ და რომ თავადაც არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი. დ. ლ–ის მიერ წარმოდგენილ მოლურჯო ფერის წებოვან ლენტებში გადახვეულ შეკვრებს ითვლის პატრულ-ინსპექტორი, ჯამურად გამოვიდა 18 შეკვრა. შემდეგ შ. ჯ–ე დ. ლ–ეს ეკითხება: „18 ცალია და დანარჩენს რა უქენი? დაალაგე?!“, რაზეც დ–ი თავს უქნევს და პასუხობს, რომ დაალაგა. შ. ჯ–ე ეკითხება ლოკაციებზე. დ. ლ–ე პასუხობს, რომ იქვე, მიმდებარედ დააწყო.
16. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ დ. ლ–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ 18 პაკეტში მოთავსებული ნივთიერება შეიცავდა ,,ალფა-პვპ-ს“ − 3,0314 გრამი ოდენობით, ხოლო ორ სხვადასხვა მისამართზე განთავსებულ ოთხ პაკეტში მოთავსებული ნივთიერებები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ალფა-პვპ-ს“, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,6657 გრამს. ექსპერტმა დამატებით მიუთითა, რომ კვლევაზე წარდგენილი ობიექტები ერთმანეთის მსგავს პაკეტებად იყო დაფასოებული, წარმოდგენილი იყო დალუქული სახით და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.
17. დ. ლ–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას დაშვებული არსებითი საპროცესო დარღვევის შესახებ დაცვის მხარის პრეტენზია, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, შემდეგ გარემოებათა გამო: მოწმეები ნ. კ–ი და ო. ც–ე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, რომ დამხმარე ეკიპაჟის ფუნქცია შემოიფარგლებოდა უსაფრთხოების უზრუნველყოფით, ნ. თ–სა და ო. ც–ეს უშუალოდ დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამასთან, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში თავად დ. ლ–ის ხელნაწერითაა აღნიშნული, რომ უფლებები განემარტა და ოქმის ასლი გადაეცა, რაც ასევე დადასტურებულია მისი ხელმოწერით. ის გარემოება, რომ ვიდეოჩანაწერში უფლებების განმარტების პროცესი არ არის ასახული, თავისთავად არ ადასტურებს პროცესუალურ დარღვევას. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული დარღვევა საქმის მასალებით არ დგინდება.
18. რაც შეეხება დაცვის მხარის კიდევ ერთ მოსაზრებას, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დ. ლ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების კონკრეტულ ლოკაციებზე განთავსებას (ნარკოტიკული საშუალების ორ სხვადასხვა ადგილას განთავსების ნაწილი), საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული პრეტენზია ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შეიცავს თავად დ. ლ–ის მიერ უშუალოდ მიწოდებულ ინფორმაციასა და მითითებებს − ორ სხვადასხვა ადგილას, ქვის ქვეშ, მრიცხველის მეტალის მილზე, მეტალის ბოძსა და ღობის კუთხეზე განთავსებული პაკეტების შესახებ; ამოღების ოქმები და ფოტოსურათები ადასტურებს, რომ ნარკოტიკული საშუალებები სწორედ დ. ლ–ის მიერ მითითებული ადგილებიდან ამოიღეს; მოწმე პოლიციელებიც ანალოგიურად და თანმიმდევრულად აღწერენ ამავე პროცესს; ვიდეოჩანაწერში პოლიციელის კითხვაზე, თუ რა უქნა დანარჩენ შეკვრებს, დაალაგა?, ნათლად ისმის დ. ლ–ის პასუხი, რომ დანარჩენი შეკვრები „დაალაგა“. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სხვადასხვა მისამართებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების ამოღება მოხერხდა უშუალოდ დ. ლ–ის მითითების შედეგად, ხოლო მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, გადამოწმდა და დადასტურდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებით, მოწმეთა ჩვენებებითა და ვიდეოჩანაწერით.
19. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, დ. ლ–ის საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დ. ლ–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 18 შეკვრა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადების ნაწილით) დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის შემდეგ დასაბუთებას: მხოლოდ ის გარემოება, რომ დ. ლ–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 18 შეკვრა და ორ ლოკაციაზე ამოღებული ოთხი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ერთგვაროვნად იყო შეფუთული, თავისთავად არ ადასტურებს, რომ პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება განკუთვნილი იყო შემდგომი გასაღებისთვის, მესამე პირისთვის გადასაცემად ან დამატებით რომელიმე ლოკაციაზე განსათავსებლად. მოცემულ საქმეში სააპელაციო პალატამ აღნიშნული გარემოება შეაფასა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, რაც არ მიიჩნია საკმარისად იმ დასკვნისათვის, რომ პირადი ჩხრეკისას ამოღებული 18 შეკვრის ნაწილში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება.
20. ბრალდების მხარეს ასევე მიაჩნია, რომ ორ მისამართზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების ბრალდების ეპიზოდები, უნდა შეფასებულიყო მათი უკანონო გასაღების მცდელობად და არა – მომზადებად. საკასაციო სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკის გათვალისწინებით, ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დ. ლ–ემ ნარკოტიკული საშუალებების გარკვეულ ოდენობებად დაფასოებით და მათი კონკრეტულ ლოკაციებზე განთავსებით, მხოლოდ განზრახ შექმნა პირობები დანაშაულის ჩადენისათვის, რაც, სისხლის სამართლის კვალიფიკაციის თვალსაზრისით, წარმოადგენს დანაშაულის მომზადებას. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით, მესამე პირებთან კონტაქტს, თანხის ჩარიცხვის მოთხოვნას, ლოკაციის ფოტოსურათების გადაგზავნას ან სხვა მსგავს ქმედებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 10 ივნისის №1348აპ-24 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, §8).
21. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სასჯელთა ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ დ. ლ–ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
22. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივრებში არ უთითებენ.
23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ლ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების − გ. ძ–ისა და ი. კ–ის, ასევე, თბილისის პროკურატურის პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე