საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100124009485669
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1074აპ-25 ქ. თბილისი
ჩ–ა გ., 1074აპ-25 16 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლ– თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჩ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ჩ–ამ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის 5 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ლ. ბ–ი მივიდა დედის − ი. ბ–ის საცხოვრებელ სახლში, მისამართზე ქ. თ–ში, ა–ს N..-ში, რის შემდგომაც, ეზოდან ზემოხსენებული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გავიდა და მეზობლად მცხოვრები გ. ჩ–ას ოჯახის მისამართით გინება დაიწყო. მალევე, გ. ჩ–ა სახლში დაბრუნდა. მან შენიშნა, თუ როგორ იგინებოდა ლ. ბ–ი, რის გამოც, შელაპარაკდნენ. ამ დროს გ. ჩ–ამ განიზრახა მისი მოკვლა და თანნაქონი დანა რამდენჯერმე დაარტყა ლ. ბ–ს. თავდაპირველად დანა დაარტყა კისრის მიდამოში, მარჯვენა წინა გვერდითა ზედაპირსა და, ასევე – კისრის უკანა ზედაპირზე მე-7 მალის განივი მორჩის დონეზე, კისრის კუნთების დაზიანებით, შემდგომ კი − მუცლის მარცხენა ფერდის მიდამოში და ისე, რომ დანა ჭრილობიდან სრულად არ ამოიღო, მეორე ჭრილობაც მიაყენა. კერძოდ, მუცლის მარცხენა ფერდის მიდამოში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუში კუჭის კედლის დაზიანებით, ასევე − ბადექონის დაზიანებითა და გულ-მკერდის მარცხენა ნეკნის მოტეხილობით, რის შემდგომაც გ. ჩ–ა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ლ. ბ–ი, დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად, გადაურჩა სიკვდილს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 იანვრის განაჩენით გ. ჩ–ა, − დაბადებული .... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ჩ–ას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2024 წლის 6 მაისიდან.
გაუქმდა გ. ჩ–ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ჩ–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ს–მა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ. ჩ–ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ალტერნატივის სახით, დაცვის მხარემ მოითხოვა გ. ჩ–ას ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ჩ–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ს–მა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილით შეცვლას, კერძოდ, გ. ჩ–ას ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე, შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები; განაჩენი ემყარება ე.წ. თვითმხილველ მოწმეთა მიკერძოებულ, ურთიერთშეუსაბამო და ცრუ ჩვენებებს; დაზარალებული უარყოფს გ. ჩ–ას მიერ მისი დაჭრის ფაქტს, რაც სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა; გამომძიებელმა გააყალბა დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელსაც, თითქოსდა ადვოკატი ესწრებოდა; ასევე გაყალბებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიც; სინამდვილეში სწორედ დაზარალებული დაესხა თავს გ. ჩ–ას, ხოლო მსჯავრდებული მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში; გამოძიებამ დამალა სხვა პირის მონაწილეობა დანაშაულში; აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის პოზიციით, არ დგინდება მკვლელობის განზრახვის არსებობა და, შესაბამისად, ქმედება არ უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით; ამავე დროს, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი აშკარად მკაცრია.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ გ. ჩ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს–ის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ. ჩ–ამ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ:
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13).
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ვინაიდან მკვლელობა შედეგიანი დელიქტია, მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია საზიანო შედეგის დადგომა. ამდენად, თუ დამნაშავემ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა, ადგილი ექნება არა დამთავრებულ მკვლელობას, არამედ –მკვლელობის მცდელობას.
13. შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირდაპირი მოწმეების − ლ. ც–ისა (დაზარალებულ ლ. ბ–ის და) და ი. ბ–ის (დაზარალებული ლ. ბ–ის დედა) ჩვენებებით დგინდება, რომ 2024 წლის 5 მაისს, ღამის საათებში, დაახლოებით 01:00 საათზე, ლ. ბ–ი მივიდა ქ. თ–ში, ქ–ს ქუჩაზე მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში. იგი იყო ნასვამი და იგინებოდა. ამ დროს მას ცემის ანდა დაზიანების რაიმე კვალი არ ეტყობოდა. დაზარალებულმა მოიკითხა ისინი და გავიდა ეზოს გარეთ. ლ–ი კვლავ აგრძელებდა გინებას, რის გამოც, თავადაც გაჰყვნენ. იმ დროს, როდესაც სახლში შემოჰყავდათ, ლ–ს მიუახლოვდა გ. ჩ–ა, რომელმაც გრძელპირიანი დანა, დაზარალებულს თავდაპირველად ზურგის მხრიდან დაარტყა კისერში, ხოლო შემდეგ, როდესაც იგი მიტრიალდა, დანა კვლავ დაარტყა გვერდში, რის შედეგადაც, ლ–ი დაეცა და მოსდიოდა სისხლი. აღნიშნულის დანახვაზე ი. ბ–მა გ. ჩ–ას დაუყვირა: − „რას აკეთებ, სისხლისგან იცლებაო“, რის შემდეგაც, გ–მ შეწყვიტა დანის დარტყმა და უკან დაიხია, ხოლო ლ–ი შეიყვანეს სახლში, მისაღებ ოთახში.
14. ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებებს ასევე სრულად შეესაბამება და თანხვდენილია დანაშაულის თვითმხილველი მოწმეების, გ. ჩ–ასა და ლ. ბ–ის მეზობლების − ა. პ–სა და მ. პ–ს ჩვენებები, რომელთა თანახმად, დგინდება შემდეგი: ისინი უშუალოდ კონფლიქტის ადგილიდან მოშორებით (დაახლოებით, 5-6 მეტრში) იდგნენ. ღამის საათებში გ. ჩ–ას ხელში დანა არ დაუნახავთ, თუმცა ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ეკლესიიდან დაბრუნებულებმა, სახლის ჭიშკართან შენიშნეს მათ მეზობლად მცხოვრები და მათთვის კარგად ნაცნობი ლ. ბ–ი, რომელიც იყო ნასვამი, ყვიროდა და იგინებოდა. მასთან ერთად იდგნენ − ი. ბ–ი და ლ. ც–ი. გ. ჩ–ა მიუახლოვდა ლ. ბ–ს. ისინი ერთმანეთში შეკამათდნენ (გ–მაც გინებით უპასუხა), რა დროსაც, გ–მ რამდენჯერმე მოიქნია ხელი ლ. ბ–ის მიმართულებით. შემდეგ, გაიგონეს ი. ბ–ის ყვირილის ხმა: − „არ დაარტყა, სისხლი მოსდის“. გ. ჩ–ა გაჩერდა და ლ–ი შეიყვანეს სახლში. ა. პ–მა დამატებით განმარტა, რომ გ–სა და ლ–ის გარდა კონფლიქტში არავინ ჩარეულა.
15. ის გარემოება, რომ დაზარალებულმა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით დაზიანებები მიიღო სწორედ საცხოვრებელი სახლის ეზოს შესასვლელ ჭიშკართან დარტყმების შედეგად, მითითებულ მოწმეთა ჩვენებების გარდა, დასტურდება დაზარალებულის ჩვენებითაც, რომელმაც, მართალია, არ დაადასტურა გ. ჩ–ას მიერ დაჭრის ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ღამის საათებში, დანის დარტყმით დაზიანებები მიაყენეს, დედის − ი. ბ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოსთან.
16. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების − გ. მ–სა და ი. ც–ს ჩვენებებით ირკვევა, რომ აღნიშნულ ინციდენტამდე, 2024 წლის შუადღის საათებიდან დაახლოებით ღამის 00:00 საათამდე, მათთან სტუმრად იმყოფებოდა დაზარალებული, რომელსაც რაიმე დაზიანების კვალი არ ეტყობოდა და არც მათთან ყოფნის დროს მიუღია.
17. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა, რომ 2024 წლის 5 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ლ. ბ–ი, დაზიანებების გარეშე მივიდა ქ. თ–ში, ა–ის ქუჩის N..-ში მცხოვრებ დედასა და დასთან − ი. ბ–სა და ლ. ც–თან. შემდეგ იგი გავიდა ეზოს შემოსასვლელ ჭიშკართან, სადაც იგინებოდა. მითითებულის გამო, მეუღლესთან − ქ. დ–ეს, ა. პ–სა და მ. პ–თან ერთად დაბრუნებულ გ. ჩ–ას მასთან მოუვიდა შელაპარაკება, რა დროსაც გ–მ ლ–ს დანის გამოყენებით მიაყენა ჭრილობები კისრისა და მუცლის არეში. დაზარალებულისა და მოწმეების − ლ. ც–ისა და ი. ბ–ის ჩვენებებით ცალსახად დგინდება, რომ გ. ჩ–ამ დაზარალებულს დაარტყა „გრძელპირიანი დანა“, რაც ასევე თანხვდენილია ლ. ბ–ის სამედიცინო დოკუმენტაციასა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის სისწორეც დაადასტურა ექსპერტმა კ. ც–მა. მითითებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ლ. ბ–ს კისრისა და მუცლის მიდამოში აღენიშნებოდა დიდი ზომის, სიცოცხლისათვის სახიფათო შემავალი სისხლმდენი ჭრილობები, კერძოდ: მარცხენა ფერდის არეში შუა აქსილარულ ხაზზე ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა, მუცლის ღრუში შემავალი, ზომით, მიახლოებით 6,0-5,5 სმ, სისხლმდენი, ჭრილობაში გამოსულია დიდი ბადექონის ნაწილი; ორი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი, სისხლმდენი ჭრილობა კისრის მიდამოში, ზომებით − 4,0-3,0 სმ და 3,0-2,0 სმ. ლ. ბ–ს 2024 წლის 5 მაისს დაესვა დიაგნოზი: ღია ჭრილობების შეუღლების სხვა ვარიანტები, რომლებიც მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოს ნეკნის მოტეხილობას. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხს.
18. სამედიცინო დოკუმენტაციითა და ქირურგ ი. ა–ის ჩვენების თანახმად, აგრეთვე დადგენილია, რომ ლ. ბ–ი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში მიიყვანა 2024 წლის 5 მაისს, 01:46 საათზე, კისრისა და მუცლის არეში შემავალი სისხლმდენი ჭრილობებით, რომლებიც მიყენებული იყო ბასრი საგნით.
19. დაცვის მხარე აპელირებს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილზე, რომ მან არ დაადასტურა გ. ჩ–ას მიერ დაჭრის ფაქტი, თუმცა საქმეში არსებობს სხვა არაერთი პირდაპირი, ობიექტური და ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ლ. ბ–ის ნათქვამს ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს. ამასთან, თვითონ დაზარალებულიც თავის ჩვენებაში ადასტურებს, რომ დაჭრის მომენტში მისი აღქმა შეზღუდული იყო და გონებაც დაკარგა, კერძოდ, მან განმარტა, რომ შემთხვევის დროს „ძალიან მთვრალი“ არ ყოფილა, „მაგარი ნასვამი“ იყო, უშუალოდ დაჭრის მომენტში გონება დაკარგა („გაითიშა“) და თავიდან ვერ გაიხსენა ვინ იყო თავდამსხმელი. მაგრამ შემდეგ აღიდგინა იმ პირის სახე, ვინც დაჭრა. იგი ასევე არ ასახელებს, უცნობ პირთან კონფლიქტისა და დაჭრის მიზეზს. ამ ფონზე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაზარალებულის არადამაჯერებელი ჩვენება და უპირატესობა მართებულად მიანიჭა შემთხვევის უშუალო თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებს. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ გამოძიებამ დამალა დანაშაულში სხვა პირის − ლ. ბ–ის შესაძლო მონაწილეობა და მოწმეთა ნაწილმა იგი განზრახ არ დაასახელა, რაც ასევე არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და ეწინააღმდეგება წარმოდგენილ მტკიცებულებებს. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ვერ უთითებს რაიმე უტყუარ მტკიცებულებაზე, რომელიც უშუალოდ დააკავშირებდა სხვა კონკრეტულ პირს ლ. ბ–ისთვის მიყენებულ დაზიანებებთან ან გააქარწყლებდა შემთხვევის უშუალო თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებს.
20. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევების გარეშე; დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სამართალდამცველთა დაინტერესებას მტკიცებულებათა ხელოვნურად შექმნის გზით გ. ჩ–ას დასასჯელად და რაც გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებისა და დასაბუთებულობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა.
21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ თითქოს, გ. ჩ–ას ქმედებაში ლ. ბ–ის მოკვლის განზრახვა არ იკვეთება და მისი ქმედება უნდა შეფასდეს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებად. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზითა და ურთიერთშეჯერებით ცალსახად დგინდება, რომ გ. ჩ–ა მოქმედებდა სწორედ დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის განზრახვით, ხოლო ქმედების დაუმთავრებლობა განპირობებული იყო არა მისი ნებაყოფლობითი უარით, არამედ ობიექტური გარემოებებით, სახელდობრ:
22. მოცემულ შემთხვევაში, მკვლელობის განზრახვა დასტურდება უპირველესად, დანაშაულის ჩადენის ხერხითა და საშუალებით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ჩ–ამ დაზარალებულს თანნაქონი დანის მაგვარი საგნით, რამდენჯერმე მიაყენა დაზიანება, თავდაპირველად − კისრის მიდამოში, შემდეგ კი − მუცლის მარცხენა ფერდის არეში. დაზიანებები არ ყოფილა ზედაპირული ან შემთხვევითი ხასიათის: მუცლის არეში მიყენებული ჭრილობა იყო შემავალი, სიცოცხლისათვის სახიფათო, კუჭის კედლისა და ბადექონის დაზიანებით; კისრის მიდამოში კი დაფიქსირდა ორი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა. დაზარალებული სიკვდილს მხოლოდ დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ დაზიანებები ერთობლივად, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს მიეკუთვნებოდა. ქირურგმა ი. ა–მა განმარტა, რომ მუცლის კედლის ჭრილობა იყო დიდი ზომის, შემავალი მუცლის ღრუში; ჭრილობაში გამოსული იყო ბადექონის ნაწილი; დაზიანებული იყო კუჭი; აღნიშნული ფაქტი მეტყველებს არა ერთჯერად, სპონტანურ და შეზღუდულ ზემოქმედებაზე, არამედ – მიზანმიმართულ, ინტენსიურ და დამაზიანებელ ქმედებაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მკვლელობის განზრახვის დასადგენად გადამწყვეტია არა მხოლოდ დანაშაულის იარაღის ხასიათი, არამედ − დაზიანებათა ლოკალიზაციაც. კისერი და მუცლის ღრუ ადამიანის სხეულის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უბნებს განეკუთვნება. სწორედ ამ ადგილებში დანის არაერთგზის, ღრმა და შემავალი დარტყმების მიყენება, თანაც ისეთი ძალით, რომ გამოიწვიოს კუჭის კედლის დაზიანება, ბადექონის გამოსვლა და მძიმე ჰემორაგიული მდგომარეობა, თავისი ბუნებით, მიმართულია არა უბრალოდ ტკივილის, არამედ სიცოცხლის მოსპობის შედეგისკენ.
24. ამავე დროს, საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების − ი. ბ–ისა და ლ. ც–ის ჩვენებებზე, რომ გ. ჩ–ამ დანა დაზარალებულს თავდაპირველად ზურგის მხრიდან, კისერში ჩაარტყა, ხოლო შემდგომ, მუცელში. ეს გარემოებაც ცალსახად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, თითქოს მსჯავრდებულის ქმედება თავდაცვითი, არაზუსტი ან შემთხვევითი რეაქციის შედეგი იყო. პირიქით, დარტყმების თანმიმდევრობა ცხადყოფს ქმედების გაგრძელებას და შედეგის მიღწევისაკენ მიმართულ ნებას. ნეიტრალურმა მოწმეებმა − მ. და ა. პ–ებმა − მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დანის დანახვა ვერ შეძლეს, დაადასტურეს გ–სა და ლ–ის უშუალო დაპირისპირება, გ. ჩ–ას მხრიდან ხელის მრავალჯერადი მოქნევა და ი–ა/ლ–ს ყვირილი: − „არ დაარტყა, სისხლი სდის“, რის შემდეგაც, ბრალდებული შეჩერდა და უკან დაიხია. მითითებულ ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებებიც სრულად ადასტურებს გ. ჩ–ას თავდასხმით ქმედებას, და არა – პირიქით, აუცილებელი მოგერიების ფაქტს.
25. მკვლელობის განზრახვის შეფასებისას, ასევე მნიშვნელოვანია ქმედების შეწყვეტის მიზეზიც. სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ გ. ჩ–ას ქმედების შეწყვეტა განპირობებული იყო დაზარალებულის დედის მოწოდებით. ამასთან, გადამწყვეტია ის ფაქტორი, რომ ქმედება შეწყდა მას შემდეგ, რაც სასიცოცხლო ზონებში უკვე მიყენებული იყო მრავალჯერადი, მძიმე ხარისხის, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები. შესაბამისად, შედეგი არ დადგა მხოლოდ ობიექტური მიზეზების − სხვა პირთა ჩარევისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების − შედეგად.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აუცილებელი მოგერიება გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას ხელმყოფის დაზიანებას საკუთარი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, ხოლო აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.
27. ამდენად, მოცემულ საქმეში ასეთი წინაპირობა არ დადგენილა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გ. ჩ–აზე მოხდა ისეთი რეალური, უშუალო და იმ მასშტაბის მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა, რომლის მოსაგერიებლადაც საჭირო და სამართლებრივად გამართლებული იქნებოდა დანის გამოყენება კისრისა და მუცლის არეში. დაზარალებულის სიმთვრალე და გინება, თუნდაც დადასტურებულად ჩაითვალოს, ავტომატურად არ წარმოშობს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას იმ ინტენსივობის ძალის გამოყენებისთვის, რომელიც გამოიხატა სასიცოცხლო ორგანოებში ღრმა და შემავალი ჭრილობების მიყენებით.
28. ამავე დროს, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ შემთხვევის არც ერთი თვითმხილველი მოწმე არ ადასტურებს გ. ჩ–ას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს. პირიქით, ი. ბ–ისა და ლ. ც–ის ჩვენებებით, გ. ჩ–ამ თავად ამოიღო გრძელპირიანი დანა და თავდაპირველად კისერში, შემდეგ კი გვერდში დაარტყა დაზარალებულს. არც ა. და მ. პ–ებს, რომლებიც ნეიტრალური მოწმეები არიან, არ მიუთითებიათ ლ. ბ–ის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის ფაქტი, ან რომ დაზარალებულს ხელში რაიმე საგანი ეჭირა; მათ მხოლოდ გ. ჩ–ას მხრიდან ხელის მრავალჯერადი მოძრაობა დაინახეს და დაზარალებულის სისხლდენაზე, ლ–ის ოჯახის წევრების რეაგირების ხმა გაიგონეს. შესაბამისად, საქმეში არ არსებობს ობიექტური მტკიცებულება, რომელიც გ. ჩ–ას თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნისა და თავდასხმის მოგერიების რეალურ საჭიროებას დაადასტურებდა.
29. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეში დადგენილია არა თავდაცვითი ქმედება, რომელიც აშკარად გასცდა მოგერიების ფარგლებს, არამედ − მსჯავრდებულის მხრიდან თავდასხმითი, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული ქცევა. სწორედ ამიტომ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ დეტალური დამატებითი მსჯელობა აღარ იყო საჭირო, რადგან გ. ჩ–ას ქმედების სამართლებრივი შეფასება უკვე გამოკვეთილად მიუთითებდა განზრახ მკვლელობის მცდელობას.
30. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ჩ–ას კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს.
31. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ ნათლად მიუთითა იმ მოტივებზეც, რომელთა საფუძველზეც, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, როგორც კვალიფიკაციის, ისე − სასჯელის ნაწილით უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს.
32. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
34. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ჩ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე