საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100125010867751
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1103აპ-25 ქ. თბილისი
ჯ–ა გ., 1103აპ-25 16 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ვაჟა თოდუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ჯ–ას ბრალად ედება: ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
გ. ჯ–ას მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü გ. ჯ–ამ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, 1895 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიანი ,,ნაგანის“ კონსტრუქციის რევოლვერი, რომელიც არის ცეცხლსასროლი იარაღი და ვარგისია სროლისათვის. ასევე შვიდი ცალი ქარხნული წესით დამზადებული 7,62-მმ კალიბრიანი ვაზნა განკუთვნილი 7,62-მმ კალიბრიანი ,,ნაგანის“ კონსტრუქციის რევოლვერებისათვის, მათ შორის − ზემოაღნიშნული რევოლვერისათვის და სხვა. შვიდივე ვაზნა წარმოადგენს საბრძოლო მასალას და ვარგისია გამოსაყენებლად. გ. ჯ–ა აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალებს მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა, რაც 2024 წლის 21 დეკემბერს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. თ–ში, .... ქუჩის N..-ში, მე-.. სართულზე, N.. ოთახში ჩატარებული გ. ჯ–ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
ü გ. ჯ–ამ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი (ფუძე)“ რაოდენობით − 20,0668 გრამი, რასაც უკანონოდ ინახავდა და, რაც 2024 წლის 21 დეკემბერს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ქ. თ–ში, .... ქუჩის N..-ში, მე-.. სართულზე, N.. ოთახში ჩატარებული გ. ჯ–ას პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 სექტემბრის განაჩენით გ. ჯ–ა, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში;
გაუქმდა გ. ჯ–ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
გამართლებულ გ. ჯ–ას განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ვაჟა თოდუამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გ. ჯ–ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ვაჟა თოდუამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. ჯ–ას დამნაშავედ ცნობას მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები; მოწმე პოლიციელთა თანმიმდევრული და დეტალური ჩვენებები არსებით ნაწილში თანხვედრილია როგორც ერთმანეთთან, ისე − საპროცესო მოქმედებათა ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებთან; გამართლებულის პირადი ჩხრეკა და საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკა ჩატარებულია კანონის სრული დაცვით და მათი სისწორე დადასტურებულია მონაწილე პოლიციელთა ხელმოწერებით; გარდა ამისა, არსებობდა მოსამართლის განჩინება პირადი ჩხრეკის თაობაზე, ხოლო ოთახის ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე; საგამოძიებო მოქმედებების პროცესში ვიდეოჩანაწერების არარსებობა ობიექტურად აიხსნება გ. ჯ–ას მიერ წინააღმდეგობის გაწევით; მოწმე პოლიციელთა ჩვენებები კი, გამყარებულია ისეთი ნეიტრალური მტკიცებულებით, როგორიცაა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა; ამდენად, მითითებული მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებდა უტყუარობის სტანდარტს.
6. გამართლებულ გ. ჯ–ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. გ–ი საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ვაჟა თოდუას მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა. ბრალდების მხარის შეფასებით, სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა სრულიად საკმარისია გ. ჯ–ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა გ. ჯ–ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, წარმოიშვა გონივრული ეჭვი გ. ჯ–ას ბრალეულობასთან მიმართებით, რაც, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა ის მოტივები და მიუთითა იმ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
11. სააპელაციო პალატამ, პირველ რიგში, ხაზი გაუსვა, რომ მოწმე პოლიციელთა ჩვენებები მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე, იმთავითვე არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს არც საეჭვო კატეგორიის მტკიცებულებად და არც, პირიქით – ავტომატურად სარწმუნოდ და საკმარისად. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იზიარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მოწმე პოლიციელთა ჩვენებების თანმიმდევრულობის, დამაჯერებლობისა და სანდოობის შესახებ, მაგრამ, ამავე დროს, პალატამ ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან და გასათვალისწინებელ გარემოებაზე, კერძოდ: იმ შემთხვევაში, როდესაც გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს და საქმეში არ მოიპოვება სხვა ნეიტრალური მტკიცებულება, სასამართლო ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილით შეაფასოს, პოლიციელთა ჩვენებები დამოუკიდებლად ქმნის თუ არა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელ მტკიცებულებით − გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
12. ამ კონტექსტში სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად გაიზიარა ის სამართლებრივი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, გამოიყენოს ყველა კანონიერი და გონივრულად შესაძლებელი საშუალება ჩხრეკის, ამოღებისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებათა სანდოობის გასამყარებლად. როდესაც არსებობს ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების რეალური შესაძლებლობა, სამართალდამცავ ორგანოს სწორედ მისი მოპოვება მოეთხოვება; ხოლო როცა ასეთი შესაძლებლობა არ გამოიყენება, ეს გარემოება ამცირებს ბრალდების მხარის პოზიციის დამაჯერებლობას. სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ, შესაძლოა, ყველა შემთხვევაში ობიექტურად ვერ ხერხდებოდეს საგამოძიებო მოქმედებების სრულად ვიდეოფიქსაცია ან მასში ნეიტრალური მოწმის მონაწილეობა, მაგრამ მაინც აუცილებელია დადგინდეს, მიიღო თუ არა გამოძიებამ გონივრული ზომები ასეთი მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
13. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებები და საქმის ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება გამოძიებას არამხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც შეეძლო. თავად პოლიციელთა ჩვენებებით დგინდება, რომ უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდა პოლიციის ხუთი თანამშრომელი; მათგან ორი პირი ოთახის გარე პერიმეტრს აკონტროლებდა, ხოლო სამი − პირადად მონაწილეობდა გ. ჯ–ას პირად და საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკებში; მოწმე პოლიციელთა განმარტებით, გ. ჯ–ამ მათ წინააღმდეგობა გაუწია და ამ მიზეზით ვერ მოახერხეს ვიდეოგადაღება, თუმცა გამართლებულის თავდაპირველი წინააღმდეგობის შემდეგ, მათივე ჩვენებებით დგინდება, რომ გ. ჯ–ას უკვე შეზღუდული ჰქონდა მოქმედების შესაძლებლობა, რადგან იგი შებოჭეს; მისი შებოჭვის შემდგომ ჩატარდა პირადი ჩხრეკა, დაკავება, საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკა, ნივთების ამოღება და დალუქვა. ასეთ ვითარებაში კი, სულ მცირე, შესაძლებელი იყო, რომ პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს ეწარმოებინა ვიდეოგადაღება იმ ეტაპიდან მაინც, როდესაც გ. ჯ–ას ქმედება უკვე კონტროლს დაექვემდებარა; აგრეთვე შესაძლებელი იყო ნივთმტკიცებების აღმოჩენის, ამოღებისა და დალუქვის ცალკეული − თუნდაც მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენის, ამოღებისა და დალუქვის პროცესის ვიდეოფიქსაცია, რაც ცალსახად გაამყარებდა ბრალდების მხარის პოზიციას.
14. სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ ამ შესაძლებლობების გამოუყენებლობა, ვერ გამართლდება მხოლოდ გ. ჯ–ას მხრიდან წინააღმდეგობაზე ზოგადი მითითებით, მით უფრო მაშინ, როდესაც გამოძიებას ჰქონდა როგორც საკმარისი ადამიანური რესურსი, ისე − დროითი შესაძლებლობა, საგამოძიებო მოქმედებების თუნდაც ნაწილობრივი ვიდეოფიქსაციისათვის. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების შეუძლებლობაზე აპელირება, ვერ იქნება მიჩნეული დამაჯერებლად, რადგან გამოძიებას რეალურად ჰქონდა თუნდაც საგამოძიებო მოქმედებების პროცესის ნაწილობრივი ფიქსაციის შესაძლებლობა.
15. აღნიშნულ ფაქტთან ერთად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზეც, რომ გამოძიებამ არ უზრუნველყო საგამოძიებო მოქმედებების პროცესზე ნეიტრალური მოწმის დასწრება და, აგრეთვე, შენობის მე-.. სართულზე განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების დათვალიერება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის რეალური შესაძლებლობა ასევე არსებობდა და მითითებული სართულიდან, გამოძიებამ ამოიღო კიდეც ე.წ. ,,დივიარ” მოწყობილობა.
16. თავის მხრივ, დაცვის მხარე სადავოდ ხდიდა სწორედ 2024 წლის 21 დეკემბერს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებას, მიუთითებდა ფართომასშტაბიან საპოლიციო ოპერაციაზე, ადგილზე მრავალი სამართალდამცავის ყოფნასა და ამ უკანასკნელთა მიერ როგორც ოჯახის წევრების, ისე – ნეიტრალური პირის საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრების უფლების მიუცემლობაზე. დაცვის მხარის მოწმეთა განმარტებით, შენობის მე-.. სართულის შესასვლელი, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, პოლიციის თანამშრომლებს საერთოდ დაკეტილი ჰქონდათ, იმ მიზნით, რომ სართულზე არავინ შესულიყო. ასეთ ვითარებაში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა შენობაში არსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლებზეც, შესაძლოა, ასახული ყოფილიყო უტყუარი ინფორმაცია ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და დაედასტურებინა ან გაებათილებინა დაცვის მხარის ვერსია. მიუხედავად ამისა, გამოძიებამ არც ეს მტკიცებულება წარმოადგინა.
17. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული ნეიტრალური გამამყარებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ცალკე შეფასებას საჭიროებს ის გარემოებაც, შეეძლო თუ არა მითითებულის შევსება ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით, გ. ჯ–ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან აღებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბრალდებულს. საკასაციო სასამართლო ამ შემთხვევაშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ, მართალია, ამგვარი ექსპერტიზის დასკვნა, თავისი ბუნებით, ზოგადად, შესაძლოა, წარმოადგენდეს ნეიტრალურ და სანდო მტკიცებულებას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმ საკვლევი ობიექტის წარმოშობისა და მოპოვების სანდოობასთან დაკავშირებით, რომელზეც შესაბამისი გენეტიკური პროფილი გამოვლინდა. მით უფრო, რომ დაცვის მხარე სწორედ ამ გარემოებას ხდიდა სადავოდ და საეჭვოდ მიიჩნევდა გენეტიკური პროფილის მოპოვების კანონიერებას. შესაბამისად, მაშინ, როდესაც საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და სანდოობა არ არის განმტკიცებული ნეიტრალური მტკიცებულებებით, მხოლოდ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ვერ შეიძენს დამოუკიდებელ მტკიცებულებით ძალას.
18. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მიდგომა, რომლის თანახმად, იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი ნეიტრალური მტკიცებულება და ბრალდების მხარემ არ მიიღო სათანადო ზომები ვიდეოკამერების ჩანაწერების მოსაპოვებლად, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ვერ შეფასდება პირის ბრალეულობის დამადასტურებელ ნეიტრალურ მტკიცებულებად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N733აპ-23, პუნქტი 17).
19. ამრიგად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილ მოწმე პოლიციელთა ჩვენებების მიუხედავად, ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო ნეიტრალური და, ამასთან, ობიექტურად ხელმისაწვდომი მტკიცებულებების მოპოვება, კერძოდ, გამოძიებამ არ გადაიღო საგამოძიებო მოქმედებები, აღნიშნულ პროცესზე დასასწრებად არ მიუწვევია ნეიტრალური მოწმეები და არ გამოუკვლევია შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოჩანაწერები, რაც საგამოძიებო მოქმედებათა სანდოობას ერთმნიშვნელოვნად გაამყარებდა. ასეთ პირობებში კი, მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები არ არის საკმარისი გ. ჯ–ას ბრალეულობის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასადგენად.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ვაჟა თოდუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე